DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > ხვნა-თესვა მინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყება

ხვნა-თესვა მინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყება


12 მარტი 2010. : merabi
მერე რა რომ გაზაფხული დადგა

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, სოფლად სასოფლო-სამეურნეო ფუსფუსიც იწყება. თუმცა, ხორბალი და სხვა ზოგიერთი მცენარეული კულტურა, ჯერ კიდევ ზამთარში ითესება. დღეისათვის საქართველოში საერთო მიწების, დაახლოებით, 250 ათასი ჰექტარი ითესება, რაც ადრინდელ მაჩვენებელთან შედარებით, ძალიან მცირეა. რეალურად სათესი მიწების დამუშავება გამესამედდა. სტატისტიკის მონაცემებით, ერთწლიანი საშემოდგომო ნათესი ფართობი 2008 წელს 45,0 ჰა. იყო, 2009 წელს კი ეს მონაცემები 44,8 ჰექტარია. ერთწლიანი კულტურის საგაზაფხულო ნათესები 2008 წელს 234,3 ჰექტარი იყო, 2009 წელს კი 203,0 ჰექტარი. ექსპერტების განცხადებით, წელს უფრო ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწები მუშავდება, რადგან გლეხებს, რომელთა შემოსავალიც უშუალოდ მიწის დამუშავებაზე და მოსავლის მიღებაზეა დამოკიდებული, არ გააჩნიათ სახსრები მნიშვნელოვანი მიწის ფართობების დასამუშავებლად. წინა წლებისგან განსხვავებით სახელმწიფოს მხრიდან წელს სოფლის მეურნეობაში არანაირი სუბსიდირება არ იგეგმება. დღეისათვის გლეხებს ტექნიკის უქონლობის გამო სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება უგვიანდებათ. ტექნიკის ხელმიუწვდომობას ის გლეხებიც ჩივიან, სადაც პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორები დაარიგეს. გლეხების განცხადებით, ტრაქტორები მხოლოდ მსხვილი ფერმერებისთვის და რაიონის ჩინოვნიკებისთვისაა ხელმისაწვდომი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დღეისათვის საქართველოში ჩამოყვანილია 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მანქანები. ახალ ტექნიკას განკარგავს შპს "მექანიზატორი", რომელსაც პირველ ეტაპზე ხუთი რეგიონული ოფისი - შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ექნება. ჩამოყვანილი ტექნიკა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ფერმერისთვის და გადანაწილდება რეგიონებში. შპს "მექანიზატორის" მოვალეობები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა (ფერმერთა) ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციები გაწევა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და ტექნიკის შეკეთებაა. ცხადია, რომ გლეხები ამ ტრაქტორებით სარგებლობას მაღალი ფასის გამო ვერ შეძლებენ. ტექნიკა მსხვილი ფერმერებისთვისაა გათვალისწინებული. გლეხებს ერთი ტრაქტორის შესაძენად რამდენიმე წლის მოსავლისგან მიღებული შემოსავალიც კი არ ყოფნით. გლეხების პრობლემა ისიცაა, რომ წინასწარ არ იციან, გაიყიდება თუ არა მათი პროდუქტი. გლეხებს საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებაში დიზელის ფასის გაძვირებაც უშლის ხელს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ წელს ადგილობრივი პროდუქტი კიდევ უფრო შემცირდება.
თებერვლის დასაწყისში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ერთ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებას აპირებდა: "დაუმუშავებელ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, სახელმწიფო დაამუშავებდა", თუმცა მინისტრს მაშინ ამ განცხადების გაკეთებაში უამინდობამ შეუშალა ხელი, რადგან წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ხვნის პროცესის მონახულება ვერ შეძლო, სადაც განცხადებასაც გააკეთებდა. მაშინ სოფლის მეურნეობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ჩადუნელის განცხადებით, მინისტრი ამ ინიციატივას უახლოეს დღეებში, კარგად ჩამოყალიბების შემდეგ გააჟღერებდა, თუმცა მას შემდეგ უკვე ერთი თვე გავიდა და დღეს ისევ გვპირდებიან, რომ ბაკურ კვეზერელი ამის შესახებ უახლოეს დღეებში განაცხადებს. ჯერჯერობით კი ისევ "საიდუმლოდ" რჩება, დაამუშავებს თუ არა სახელმწიფო მიწებს. ამასობაში კი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გვიანდება. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, სახელმწიფოს მხრიდან მიწების დამუშავების შესახებ. უმჯობესია იქნება გლეხებს და ფერმერებს გაუწიონ დახმარება იმ ხარჯით, რაც სახელმწიფომ მიწების დამუშავებაში უნდა გაიღოს. მათი აზრით, გაუგებარია ის ფაქტიც, თუ სად წაიღებს სახელმწიფო მიღებულ მოსავალს. ამ გაუგებრობებს, ალბათ, პასუხები მხოლოდ მაშინ გაეცემა, როცა მინისტრი კეთილ ნებას მოიღებს. მანმადე კი ჩვენს სოფლებში, სადაც დიზელის ფასზე და ტრაქტორზე გლეხებს ხელი არ მიუწვდებათ, ჯერ ისევ ძველი, მამა-პაპური ტრადიციების შესაბამისად, გუთანში შებმული ხარებითა და ცხენებით ხნავენ მიწას.

ადა ექიზაშვილი