ნანახია: 1100
გთავაზობთ, ინტერვიუს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრთან, ბაკურ კვეზერელთან. ბატონი ბაკური თავმდაბლობით გამოირჩევა და უარს ინტერვიუზე არასდროს გვეუბნება. თუმცა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს სოფელს და სოფლის მეურნეობას რა ეშველება, ამაზე არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, მთავრობა მიეშველა ამ დღეებში და ვენახების აჩეხვის პროგრამა განაახლა. ამჯერად ჰექტარზე 1000 ლარს იძლევიან. თუ ეს პროგრამა წარმატებით განვითარდა და ბოლომდე იქნა მიღწეული, შემდეგი ორდენი, რომელსაც კვეზერელი მიიღებს შაჰ-აბას I სახელობის იქნება. - ბატონო ბაკურ, თქვენ ღირსების ორდენი რთველის წარმატებით ჩატარებისთვის დაიმსახურეთ. რას ნიშნავს რთველის წარმატებით ჩატარება, არსებობს თუ არა სტატისტიკა, რამდენი ყურძენი მოვიდა 2009 წელს კახეთში და რამდენი ჩაბარდა ღვინის ქარხნებში? - რთველის წარმატებულობის მთავარი ინდიკატორი ქართველი მევენახეა, რომელიც წლევანდელი რთველით კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ რთველი კახეთსა და რაჭაში დიდი ხანია დასრულდა, ლეჩხუმში ყურძნის კრეფა რამდენიმე დღეა დამთავრდა. - რთველის სუბსიდირების ფარგლებში, მევენახეებს ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე გარკვეული თანხა გადაეცემათ, რა თანხა დარიგდა კახელ მოსახლეობაში და რატომ არ მუშაობს იგივე სუბსიდირების პროგრამა საქართველოს სხვა რეგიონებში? - ვაუჩერის განაღდების ვადა 31 ნოემბრამდეა და შესაბამისად, ამ თარიღისთვის გვეცოდინება ზუსტი ციფრები. ფინანსური დახმარება ვრცელდება ყველა რეგიონზე, სადაც არის მევენახეობა. - იმერეთის რეგიონში ეს პროგრამა ნამდვილად არ მუშაობს. რაც თქვენ ბრძანეთ, სიახლეა. "ბ&ფ" გენდობათ, მაგრამ ამ ინფორმაციას, მაინც გადავამოწმებთ. რთველის სუბსიდირების ფარგლებში კიდევ ერთი პროგრამა არსებობს – კერძო - კომპანიებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ სახელმწიფოს იაფი კრედიტით, რომლის მიზნობრიობა, ქარხნებში არსებული ღვინის სპირტად გადამუშავება და მისი ექსპორტია. 2008 წელს ამ მიმართულებით 6 მილიონი ლარი გამოიყო. რამდენი დაიხარჯა 2009 წელს ამ მიმართულებით, რომელმა კომპანიებმა აიღეს ამ მიზნით სესხი და რამდენის გამოყოფა იგეგმება 2010 წლის ბიუჯეტში? - ეს პროგრამა იყო რთველისთვის მზადების დროს და უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მეღვინეებისთვის, ვისაც რამდენიმე წლის ჩაწოლილი ღვინო ჰქონდა. ჯამში, 3000 ტონა ღვინო გამოიხადა. - არსებობს ეჭვი, რომ 2008 წელს კომპანიებმა - "რუჯი" და "გუგული" სესხი არამიზნობრივად გამოიყენეს. ეჭვებს სპირიტს ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკაც აძლიერებს - ექსპორტირებული სპირტი იმპორტირებულს ძალიან ცოტათი აღემატება. არსებობს თუ არა სტატისტიკა, რამდენი ღვინო შეისყიდეს ამ კომპანიებმა ღვინის ქარხნებიდან, რამდენი სპირტი აწარმოეს და რამდენი გაიტანეს ექსპორტზე? - ეს ეჭვი ნამდვილად უსაფუძვლოა, რადგან საუბარია აქციზურ პროდუქციაზე, რომელიც მკაცრად აღირიცხება, ხოლო საბრენდე სპირტების წარმოება მრავალწლიანი პროცესია და ერთი წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. -ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%-ზე მეტი, ამ სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-მდე იქმნება, რას იტყვით ამ სტატისტიკასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ეს მდგომარეობა, ნებისმიერ სიტუაციაში შეფასდეს წარმატებად და თქვენ რომ პრეზიდენტი იყოთ, მისცემდით თუ არა ღირსების ორდენს მინისტრს, რომლის სფეროშიც ასეთი სტატისტიკაა? (პასუხებს ამ საკითხზე მინისტრმა თავი აარიდა) რამდენია სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტი და რა არის ამ სფეროს პრიორიტეტები მომავალ წელს? ჯერ კიდევ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ვიმყოფებით, ამიტომ ზუსტ ციფრებზე ლაპარაკი გამიჭირდება. არ დასრულებულა მოლაპარაკებები დონორებთან, რომლებიც სოფლის მეურნეობას აფინანსებენ.
ესაუბრა ადა ექიზაშვილი
|