ნანახია: 1307
ტურისტული სეზონის ჩავარდნის შემდეგ აჭარას ციტრუსის მოსავალმაც უმტყუნა
შემოდგომა იწურება და საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღებაც მთავრდება. აჭარაში, სადაც მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმნის პლანტაციების ძირითადი ნაწილია თავმოყრილი, ციტრუსის უჩვეულოდ ცოტა მოსავალია. არადა იქაურებისთვის მანდარინის დაბინავება ერთგვარი დღესასწაულია,. აჭარლებიAიმასაც ხუმრობენ, ციტრუსის მფლობელებს დაბადების დღე ციტრუსის გაყიდვისას აქვთო. გასულ წელს აჭარაში უჩვეულოდ ბევრი ციტრუსი მოვიდა. ქვეყანაში დაკრეფილი 135 ათასი ტონა მანდარინის 80% სწორედ ამ რეგიონში დაიკრიფა. წელს კი მხოლოდ 50 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. შარშან ყველაზე სერიოზული პრობლემა მოსავლის გასაღება იყო. თავდაპირველად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მანდარინის ძირითადი ნაწილი საქართველოს მეგობარ ქვეყნებში უკრაინაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში გაიყიდებოდა, გასულ წელლს რამდენიმე გადამამუშავებელი ქარხანაც გაიხსნა, თუმცა შარშან ციტრუსის დაბინავებით არავინ დარჩენილა კმაყოფილი. სხვა პრობლემა დგას წელს, ნაზიკო გირკელიძეს ქობულეთში ციტრუსის მეურნეობა აქვს, - "წინა წლებში თუ 10 ტონა მანდარინს ვკრეფდი, წელს 2 ტონა მაქვს. ასეთი მცირე რაოდენობა დიდი ხანია არ გვქონია. წელს საერთოდ ყველაფრის მოსავალი ძალიან ცოტა იყო". მოსავლის სიმცირე გადამამუშვებელ კომპანიებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ზოგიერთი მათგანი წელს არც აპირებს პროდუქციის მიღებას. ციტრუსის დაბინავებას აჭარის მთავრობასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც კურირებს. როგორც ამ სტრუქტურაში აცხადებენ, ციტრუსის მიმღები ფაბრიკა-ქარხნები დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება. "სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან ციტრუსს მიიღებს ხელვაჩაურის რაიონში შპს "ნარინჯი ", ბათუმში შპს "ციტრო" და ქობულეთში "დორუქ ნათ ენდ ფუდ კომპანი". ჯერჯერობით გაურკვეველია, ციტრუსს მიიღებს თუ არა შპს "ქართული პროდუქტი". აღსანიშნავია ისიც, რომ ციტრუსის სიმცირემ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას ფაბრიკა-ქარხნების მეპატრონეებს, მოსახლეობის უმეტესობა უნდობლად უყურებს გადამამუშავებელ კომპანიებს და ციტრუსის კერძო ადამიანებზე გაყიდვას ამჯობინებენ", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარში. ამ განცხადებას ადგილობრივებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ციტრუსის გადამამუშავებელ კომპანიებთან ურთიერთობა საკმაოდ ძნელია. `ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია იმ პიროვნებას მივყიდოთ მანდარინი, ვინც პირდაპირ ოჯახიდან წაიღებს ციტრუსს. ქარხნებში ხშირად აქვთ პრეტენზიები, ისინი მხოლოდ საუკეთესო მანდარინს იბარებენ, გარდა ამისა, ქარხანაში საქონლის მიტანას საკმაოდ დიდი ხარჯები სჭირდება", - ამბობს ციტრუსის მეურნეობის მფლობელი ნუგზარ ჯინჭარაძე. წელს მანდარინის ფასი 50-იდან 80 თეთრამდე მერყეობს. ამ ფასს ემატება 10 თეთრი, რომელსაც სახელმწიფო მწარმოებელს ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე გამოუყოფს. ამისთვის 2008 წლის ბიუჯეტში 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. მოსახლეობის აზრით, იმ ფონზე, როცა ციტრუსის მოსავალი წინა წლებთან შედარებით განახევრებულია, 10 თეთრიანი სუბსიდია ძალიან ცოტაა, "მოსავალი თითქმის არ გვაქვს და 10 თეთრით დახმარება ძალიან ცოტაა. თან რატომ უნდა აძლევდნენ ამ თანხას მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლების ფაბრიკა-ქარხნებში აბარებენ მოსავალს? რა მოხდება, რომ ყველას დაგვეხმარონ? ომის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ, მანდარინის იმედზე ვიყავით და ამანაც არ გაგვიმართლა", - აცხადებს ქობულეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ჯემალ ბაუჟაძე. ერთი სიტყვით, აჭარლებს სხვა რეგიონის მოსახლეობის მსგავსი პრობლემები აქვთ. ბოლო დროს აპრობირებული სუბსიდირება რეალურ შეღავათს არავის აძლევს. სოფლის მეურნეობის დარგში სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკაა გასატარებელი, მხოლოდ შექმნილ სიტუაციაზე რეაგირება საკმარისი არ არის.
სალომე ცეცხლაძე
|