ნანახია: 8194
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 3 ნოემბრიდან ტყის სოკოს რეალიზაცია აკრძალა, რაც ბოლო პერიოდში მოსახლეობის სოკოთი მოწამვლის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა. დღეს საქართველოში სოკოს წარმოება არც თუ ისე გავრცელებულია და ჩვენს ბაზარზე ძირითადად ტყის, მცირე რაოდენობით ადგილობრივი წარმოების და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ქამა სოკო გვხვდება. ადგილობრივი წარმოების მხოლოდ "კალმახა" სოკო არსებობს. რომლის მოყვანა ქამა სოკოსგან განსხვავებით, უფრო იოლია. სოკოს მოყვანით დაკავებული მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ სოკოს სადღეისოდ გასაღების ბაზარი საკმაოდ დიდი აქვს, თუმცა ქამა სოკოს მოყვანა ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომ ძირითადად "კალმახა" სოკოს წარმოებით არიან დაკავებულნი. მეწარმეები ყიდულობენ ეკოლოგიურად სუფთად დამზადებულ სოკოს თესლს და შემდეგ სტერილურ ბამბაზე ან ხმელ ხეზე თესავენ. სოკოს აღმოცენებამდე სპეციალური კლიმატ კონტროლი სჭირდება, რათა მოსავლიანი იყოს. თესლით მოყვანილი სოკო ყოველთვის უსაფრთხოა და ტყის სოკოსგან განსხვავებით, არ წამლავს ორგანისმს. ტყის სოკო სხვადასხვა სახის არსებობს და თუ ადამიანი კარგად არაა გათვითცნობიერებული სოკოს ჯიშებსა და ამ სფეროში, ერთმა შხამიანმა სოკომ ხარშვის დროს შესაძლებელია ყველა სოკო მოწამლოს, რასაც ხშირად სავალალო შედეგი მოყვება. Aმეწარმეები თვლიან, რომ ბაზარზე ტყის სოკოს გაყიდვის აკრძალვა სამართლიანია. რადგან ბაზარში არ არსებობს არანაირი სოკოს პროდუქტის შემოწმების საშუალება, რომელიც მის ვარგისიანობას განსაზღვრას. მთლიანი პასუხისმგებლობა სოკოს დამკრეფს ეკისრება. ეს კი იმის გარანტიას არ იძლევა, რომ მოწამვლისგან დაცული ვიქნებით. Mმეწარმეების მიერ მოყვანილი სოკო კი ყოველთვის უსაფრთხოა, რადგან ისინი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობენ. "ბანკები და ფინანსები" სოკოს წარმოებისა და ბაზრის შესახებ კავკასიის მესოკოვეთა ასოციაციის პრეზიდენტ გიორგი ფორჩხიძეს ესაუბრა, - " საქართველოში სულ რამდენიმე მცირე მეწარმეა სოკოს ბიზნესში ჩართული. ჩვენს ქვეყანაში სოკოს ბიზნესი ნელა ვითარდება. Mმეწარმეები სოკოს თურქეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან შემოსული თესლით აწარმოებენ. სოკოს თესლი საქართველოშიც იწარმოება და მასზე მოთხოვნა დიდია, რადგან შემოსულთან შედარებით, უფრო იაფია. თუმცა მცირე რაოდენობის გამო ვერ აკმაყოფილებს მეწარმეებს. გემოვნებით ქართული სოკო ყოველთვის უკეთესია, ვიდრე შემოტანილი. თუმცა კონკურენციას ვერ უწევს შემოტანილს, რადგან ჩვენთან ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. Mმეწარმეებს ძირითადად "კალმახა" სოკო მოჰყავთ, რომელიც ქამასთან შედარებით წარმოების მხრივ უფრო იაფი, მომგებიანი და ფართო მიხმარებისაა. ქამა სოკოს 70-80% ჩვენს ბაზარში ირანიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდანაა შემოტანილი. ადგილობრივი წარმოების ქამა სოკო უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტირებული. დღეს "კალმახა" სოკოს ფასი 4 ლარია, იმპორტირებული ქამა კი 8 ლარი ღირს. კერძო პირისგან წარმოებული სოკო ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთაა და გასაღების ბაზარიც უფრო ფართო აქვს. ტყის სოკო მართალია ძალიან გემრიელია, მაგრამ ამავე დროს საშიში, რადგან შხამიანი და ჩვეულებრივი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათი ერთმანეთისგან გარჩევა კი არც თუ ისე ადვილია. მაგალითად, რესტორნები ტყის სოკოს არ ყიდულობენ, რადგან გარანტირებული არ არის ხარისხი. სამწუხაროდ, დღეს არანაირი სტრუქტურა არ არსებობს საქართველოში, რომ სოკოს ხარისხი გააკონტროლოს ამიტომ ყოველ წელს ხშირია ადამიანების მოწამვლის ფაქტები. ერთადერთი რაც დღეს კარგი გაკეთდა ისაა, რომ ტყის სოკოს გაყიდვა აიკრძალა. ამით მოსახლეობა შედარებით დაცული იქნება."
ადა ექიზაშვილი
|