2005 წელს რუსეთის მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა ქართულ ღვინოეზე მონიტორინგი აწარმოა და გამოაქვეყნა დასკვნა, რომ მის სინჯებში აღმოჩენილ იქნა მძიმე ლითონები და პესტიციდები და ქართული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ამის შემდეგ რუსეთმა ჩაკეტა საბაზრო საზღვრები და ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა. ეს კი ძალიან მძიმე დარტყმა იყო ქართული ღვინის კომპანიებისთვის, რომელთაც საექსპორტო პროდუქციის უდიდესი ნაწილი მეზობელ ქვეყანაში გაჰქონდათ. რა თქმა უნდა, რუსეთის გადაწყვეტილება სუფთა პოლიტიკური ხასიათისა იყო. სწორედ ამიტომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა.
რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ დღის წესრიგში ალტერნატიული ბაზრის მოძიების საკითხი დადგა. ქართული ღვინისთვის ალტერნატიული ბაზარი ყველაზე უპრიანი პოსტსაბჭოთა, ამერიკის, ევროკავშირისა და აზიის ქვეყნების ბაზარია. ქართული ღვინის კომპანიებს ყველაზე მეტი ურთიერთობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან აქვთ. ამის ნათელი მაგალითია უკრაინა, რომელიც დღესდღეობით ლიდერია იმ ქვეყანათა შორის, სადაც ქართული პროდუქციის გაყიდვა ხდება. ექსპორტირებული ღვინის 55% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. მიუხედავად იმ კრიზისული მდგომარეობისა, რომელიც ახლა უკრაინაშია, იგი საქართველოსთვის მაინც რჩება ლიდერად ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყანათა შორის. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკრაინული ღვინის კომპანიები, პრეტენზიებს გამოთქვამენ ჩვენი ქვეყნის ღვინოების წამყვანი პოზიციების გამო. ისინი ვერ უწევენ ძლიერ კონკურენციას ქართულ პროდუქციას და მთავრობისაგან ითხოვენ დახმარებას, მიზეზად კი 2004 წელს საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასახელებენ, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოდან უკრაინაში და პირიქით, ღვინისა და ღვინის მასალების შეტანას დაბეგვრის გარეშე ითვალისწინებს. "სამტრესტის" მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ დეკემბერსა და იანვარში ექსპორტმა 24 ქვეყანაში 967 ათასამდე ბოთლი შეადგინა და პროდუქციის ნახევარი უკრაინაზე მოვიდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ქართული ღვინის კომპანიები შედარებით ადვილად ახერხებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრების ათვისებას.
ქართული კომპანიები უფრო მეტ და სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობისას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ქართული ღვინის ექსპორტირება ლატვიაში, გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ბელგიაში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში ხდება, მაგრამ ეს ქვეყნები ვერ დომინირებენ საექსპორტო ბაზარზე. ამის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი კი, სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანასა და საქართველოს შორის ფაქტობრივად არ არსებული სავაჭრო ურთიერთობებია. გარდა ამისა, ქართული ღვინოები ვერ უწევენ კონკურენციას ისეთი ძლიერი ქვეყნის ღვინოებს როგორიცაა იტალია და საფრანგეთი. მათ პროდუქციას დიდი ხანია აქვთ ათვისებული ევროპის ბაზრები და დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ.
ქართული ღვინის კომპანიები ანალოგიურ წინააღმდეგობებს აწყდებიან ამერიკის კონტინენტზეც. გარდა ამისა, ასეთ მანძილზე ღვინის ტრანსპორტირება ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს და სავარაუდოა, რომ ისეთი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, როგორიც ამერიკაშია, ქართულ კომპანიებს გაუჭირდებათ დახარჯული თანხის ამოღება. აქედან გამომდინარე, ღვინის ექსპორტი ამ ქვეყანაში არ იქნება მომგებიანი. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, ქართულ კომპანიათაგან არიან ისეთებიც, რომლებიც ამერიკასთან ღვინის ექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგალითად ღვინის კომპანია "ალავერდი", რომელსაც საკუთარი პროდუქცია ამერიკაში გააქვს.
კიდევ ერთი ალტერნატიული ბაზარი ქართული ღვინისთვის აზიის ქვეყნებია. აქ შედარებით ნაკლებ წინააღმდეგობებს აწყდება ქართული პროდუქცია. ამის ნათელი მაგალითია ყაზახეთი, რომელიც მეორე ადგილზეა ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყანათა შორის. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აქვს ასევე იაპონიასა და კორეასთან. ჩვენთან საუბარში კომპანია "ალავერდის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ისინი აპირებენ ჩინეთის, აზიის წამყვანი სახელმწიფოს, ბაზრის ათვისებას.
თაკო ზედელაშვილი