ქართული სოფელი გასაჭირშია. უჭირს ქართველ გლეხკაცს. მარჩენალი მიწა კი სათანადო ყურადღებასა და მოვლას ითხოვს. სოფლად მაცხოვრებელი ადამიანები მიწას ისევ მამაპაპური მეთოდებით ამუშავებენ, რადგან ასერიგად გაპიარებული ტრაქტორები მათ თვალითაც არ უნახავთ. აბა, სუბსიდირებასა და სხვა ტიპის დახმარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. აჩეხილი ვაზი (თავისი ნებით თუ ხელისუფლების დავალებით) და სხვა ამდაგვარი შემთხვევები კი უკვე ჩვენი ყოველდღიური რეალობაა.
სოფლის მეურნეობაში არსებული უმძიმესი პრობლემების შესახებ გაზეთ ‘ბ&ფ"-ს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დავით ბედია ესაუბრა, - ‘დღეს სოფლის მეურნეობის ყველა სფეროში, მემცენარეობის, მესაქონლეობის თუ სხვა დარგებში, ურთულესი მდგომარეობაა. სოფლის მეურნეობის ამ მდგომარეობამდე მიყვანა თავდაპირველად მიწების არასწორი პრივატიზება იყო. მიწები ყველამ მიიღო და ჩვენ საამაყოდ გვაქვს დღეს, რომ მოსახლეობის 53% სასოფლო-სამეურნეო მიწათმოქმედებითაა დაკავებული. სინამდვილეში კი ამის შედეგი ისაა, რომ დღეს მიწების უმრავლესობა დაუმუშავებელია. ებრაელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: ‘ერი, რომელიც მიწას არ ამუშავებს, ის მას არ ჰფლობს".
დღეს საქართველოს ნებისმიერ რაიონსა და რეგიონში მიწის ფართობის უმრავლესობა მოუვლელია. სახელმწიფო დამუშავებული მიწების მწვავე დეფიციტს განიცდის, რაც ძალიან დიდი ზარალია. ჩვენი ქვეყნის სახნავი მიწები დაუმუშავებელი მრავალი მიზეზების გამოა. პირველ რიგში, მექანიზაციის დაბალი დონის გამო, რომელიც საქართველოში საკმაოდ მაღალი იყო. ქვეყანაში ამჟამად დაახლოებით 5 ათასი ამორტიზირებული და ვადაგასული ტექნიკაა დარჩენილი. პრეზიდენტის პროგრამით შემოსული ტექნიკა სოფლის მეურნეობისთვის საკმარისი არაა. მოსავლის მისაღებად ტექნიკური საშუალებები, მარცვლოვანი კულტურის თესლი და სარწყავის სისტემის არსებობაა საჭირო. ეს ყველაფერი კი დღეს აბსოლიტურად მომსპარია. ჩვენ გვინდა, რომ მაღალი მოსავლიანობა გვქონდეს. მოსავლიანობა არ გვექნება, თუ მცენარემ საჭირო საკვები ნივთიერებები არ მიიღო და ნიადაგი არ დამუშავდა. ჩვენთან დღეს სახნავი მიწები პრიმიტიული და ისევ კომუნისტების დროინდელი ტექნიკით მუშავდება, მაშინ, როცა უამრავი ტექნოლოგიური პროცესია შესასრულებელი. მიწის მაღალ დონეზე დამუშავების საშუალება გლეხს და ფერმერს დღეს არ აქვს. მათ რიგში დოგმა უწევთ, რომ ვიღაცამ მიწა მოუხნას. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვის-ცენტრის შექმნას ითავლისწინებს, საკმარისი არაა. სერვის-ცენტრში ყველა მომსახურება უნდა იყოს, როგორც ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების, ასევე რემონტის და ა.შ. ასეთი სერვისული ცენტრი კი დღეს ჩვენთან არ არის. 30 ათასი ტრაქტორის ფონზე 200 და 300 ტრაქტორის შემოტანა სოფლის მეურნეობის საქმიანობაში არ ჩანს. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ტექნიკის უკმარისობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სანამ ჩვენც არ განვავითარებთ ტექნიკას მაღალ დონეზე, სოფლის მეურნეობაში ვერაფერს ვერ მივაღწევთ. კარგ მოსავალს ვერ მივიღებთ, თუ მცენარე რასაც მოითხოვს, იმ პირობებს არ შევუქმენით."
სოფელში სარწყავი არხების მოუწესრიგებლობის გამო გლეხებს მარცვლოვანი კულტურის მოყვანა უჭირთ. მათ სარწყავი წყლის არ ქონის გამო არაერთხელ დაუჩივლიათ. სახელმწიფომ ზოგიერთ რეგიონში ამ პრობლემის მოგვარება უკვე დაიწყო. თუმცა სანამ ეს პროექტი ქვეყნის მასშტაბით დამთავრდება, მანამადე ზოგიერთ რეგიონში გლეხებს მიწები, უწყლობის გამო, ისევ დასამუშავებელი რჩებათ.
"ჩვენ წყლის რესურსების მიხედვით მსოფლიოს 12 უძლიერეს ქვეყანაში შევდივართ. სირცხვილია, რომ სარწყავი სისტემები არ გვაქვს და მცენარეულ კულტურას ვერ ვრწყავთ. მაშინ, როცა კომუნისტების პერიოდში 450 ათას ჰექტარს ვრწყავდით. ჩვენ ისეთი ბაღები გვქონდა, ოაზისებს ჰგავდა, მაგრამ დღეს უდაბნოდაა ქცეული. ქართველებმა ჩვენი სოფლის მეურნეობა ჩვენივე ხელით მოვსპეთ.", - ამბობს დავით ბედია, რომელიც სოფლის მეურნეობის პრობლემატურ საკითხებზე საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ‘ჩვენთან მარცვლოვანი კულტურა ისევ ძველია და კარგ მოსავალს არ იძლევა. აუცილებელია სათესლე კულტურა განვითარდეს და ამას მაქსიმალურად სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა შეუწყოს ხელი.
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამორტიზირებული ვაზის გაჩეხვას ითვალისწინებდა სწორი იქნება, თუ პოლიტიკურ ხასიათს არ მიიღებს. კონკრეტულად, რატომ იჩეხება ეს ვაზი და რატომ აძლევენ ამაში კომპენსაციას გლეხებს გასაგები იქნება, თუ ისევ ვაზით განაშენიანდება ეს მიწები. ვაზის ამოძირკვა და სხვა კულტურის გაშენება კი მიუღებელია."
დავით ბედია აცხადებს, რომ ‘სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფომ სწორი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რადგან დღეს სოფლის მეურნეობის არცერთი სტრუქტურა გამართული არ არის. სახელმწიფოს მიერ დარიგებული ტომარა გვარჯილა და 20-30 ტრაქტორი სოფლის მეურნეობას ვერ უშველის. მსოფლიოში ნავიგაციური სისტემით ხდება ნიადაგის გამოკვლევა და ისე მუშავდება. ჩვენთან კი ისევე, როგორც აგროქიმიური სამსახური, სოფლის მეურნეობის მრავალი სხვა ფუნქციაც მოშლილია.
ქვეყანაში ჯიშიანი პირუტყვის გამრავლების პრობლემაც დგას. დღეს საქართველოში ფერმა თითქმის აღარ არსებობს. მაშინ როცა, ჩვენთან საქონლის ხელოვნურად გასამრავლებელი სპეციალური სადგურები იყო. მთავრობის თქმით, ქართველმა სპეციალისტებმა ეს საქმე არ იციან და ამის შესასწავლად, მათთვის სპეციალისტებს საზღვარგარეთიდან იწვევენ.
ქვეყანაში სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები აბსოლიტურად დაკნინებულია. ფაქტიურად შექმნილი მოისპო და დღეს ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ".
თუ რა ნაბიჯების გადადგმაა სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სწორად განვითარებისთვის ამის თაობაზე დავით ბედიას მოსაზრება შემდეგნაირია: ‘პირველ რიგში, ორგანიზაციული საკითხები უნდა მოგვარდეს. თუ სოფელს სახელმწიფომ ხელი არ შეუწყო, ინდივიდუალურად ვერც გლეხი და ვერც ფერმერი მიწას ვერ მოუვლის. აუცილებელია შეღავათიანი კრედიტების გაცემა, რაც ყველა ქვეყანაში ხდება. უნდა მოხდეს ტექნიკური გადაიარაღება, მაგრამ არა ფერის და სილამაზის მიხედვით. ტექნიკა აუცილებლად მაღალი დონის უნდა იყოს, ასევე აუცილებელია სათესლე კულტურის განვითარება. დღეს სოფლის მეურნეობაში გასაკეთებელი, იმდენი რამაა, რომ ჩამოთვლა რთულია.
სოფლის მეურნეობის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მიდგომა, როგორც დღეს ხდება, არ შეიძლება. მიწამ გლეხს შემოსავალი თუ არ მისცა, ის მიწის ქირას ვერ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი მაინცდამაინც დიდი არაა. ეს კი ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც დღეს სოფლად მიწები დაუმუშავებელია.
ერთ-ერთი მწვავე პრობლემა სოფლის მეურნეობაში კადრების მოუმზადებლობაა. სოფლის მეურნეობაში მექანიზატორი 25 წელიწადი იქნება არ მომზადებულა. ახალგაზრდობა არ ცდილობს, რომ ტექნიკაზე იმუშაოს. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემა. საქართველოში კომუნისტების დროს მილიარდობით ღირებულების მოსავალს ვაწარმოებდით, ასევე ვაუმჯობესებდით მიწებს, დასამუშავებლად ახალ მიწებს ვითვისებდით, საძოვრებზე გზებს ვაკეთებდით და ა.შ ახლა კი ჩვენი მიწის 40%-ზე მეტი ეროზირებულია და მიწები გასაუმჯობესებელია. მიწას მოვლა სჭირდება."
ადა ექიზაშვილი