ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ხარისხიანობასა და კონტროლზე ზრუნვა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ სულ უფრო აქტუალური და მასშტაბური ხდება. ქართველი არაკეთილსინდისიერი მეწარმეების ,,მხილება" ამა თუ იმ უხარისხო და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის გასაღებაში კიდევ უფრო გახშირდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბიოკოდექსი", საქართველოს სამომხმარებლო ფედერაცია და ქართველ მეწარმეთა ჯგუფი აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესებში.
გთავაზობთ ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბიოკოდექსის" დირექტორთან გიორგი ბარამიძესთან.
საქართველოს სასრუსათო ბაზარი სავალალო მდგომარეობაშია
,,ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთ საკითხს ემსახურება _ ის სავალალო მდგომარეობა, რაც ბაზარზე არსებობს და აქედან გამოსვლის გზები. ვიმსჯელეთ, მივიღეთ რეზოლუცია, სადაც ზუსტი გამოსავლის გზებზეა საუბარი _ როგორ უნდა იმუშაონ ლაბორატორიებმა, მეწარმეებმა და ა. შ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, რომ ,,ბიოკოდექსი" არავითარ შემთხვევაში არ იქნება ლოიალური არაკეთილსინდისიერი მეწარმეებისადმი. ჩვენ საქმიანობას ვიწყებთ არამარტო იმით, რომ სერთიფიკატები გავცეთ ხარისხიან პროდუქციაზე, არამედ მუდმივად ვიმუშავებთ იმაზე, რომ მომხმარებელს იმ უხარისხო პროდუქტზე მივაწოდოთ ინფორმაცია, რასაც ჩვენ ამოვიღებთ და ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებსაც გადავცემთ. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ საწარმოებსაც კი ვერ მივაგენით ფიზიკურად, თუ სად იყვნენ ისინი განლაგებულები, ზოგი, ალბათ, სახლში აწარმოებს კარაქს. ჩვენ გამოვიკვლიეთ ყავა, მაიონეზი და კარაქი. ახლა უკვე პურისა და ხორცპროდუქტების შემოწმება დავიწყეთ და ამ შედეგებსაც მალე გავაცნობთ ხალხს.
სახელმწიფო ბაზარს ვერ აკონტროლებს
საკანონმდებლო ბაზაში ბევრი ცვლილებაა შესატანი. მზად ვართ სახელმწიფოს შევთავაზოთ ის, რაც ,,ბიოკოდექსს" აქვს მომზადებული. არ დაგიმალავთ, რომ მათგანაცაა ნიშნები იმისა, რომ ამ საკითხებზე ერთობლივად ვიმუშაოთ და გარკვეულ შედეგებსაც მივიღებთ. სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ამ ყველაფერს და მისი კონტროლი კორუფციულ მომენტში გადადის. რადგან, სახელმწიფოს არ აქვს თავისი მაღალი დონის ლაბორატორიები, არ აქვს საშუალება იქირაოს ექსპერტები, ან უცხოური ლაბორატორიები და კომპანიები. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ელემენტარულად დელეგირება უნდა მოახდინოს იმ ცალკეული საკითხებისა გარკვეულ არასამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებზე, რომელთაც ხელეწიფებათ აქტიურად იმუშაონ ამაზე. ჩვენი მთავარი მიდგომა ის არის, რომ რაც არ კეთდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ გავაკეთოთ.
მეწარმეები საკუთარ უხარისხო პროდუქციას არ მიირთმევენ
გვაქვს სასწრაფოს მონაცემები, რომ მხოლოდ იანვრის თვეში 255 გამოძახება ჰქონდა სასწრაფოს და აქედან 155 ადამიანი სურსათის მოწამვლით იყო ჰოსპიტალიზებული, თანაც იანვრის თვე პიკური არ არის, ასეთი უფრო ზაფხულის თვეებია. სავალალო მონაცემები გვაქვს პოლიკლინიკებიდან, საავადმყოფოებიდან, ბევრია, ვინც თვითმკურნალობას მიმართა. ეს ციფრი გაოცმაგდება, თუ რეალურად არ მივხედავთ ამ პრობლემას.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგულისხმოს ვინმემ, რომ ,,ბიოკოდექსი" მაკონტროლებლადაა მოვლენილი, ეს კეთილსინდისიერი მეწარმეებისთვის ხელშემწყობი ორგანოა. დღეს სიტყვა მეწარმეც ბევრმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა გააუბრალოა. ერთხელ ერთმა ასეთმა მეწარმემ ისიც კი აღიარა, რომ თავის პროდუქციას საკუთარ ოჯახს არ აჭმევდა.
ლიბერალურმა პოლიტიკამ არ გაამართლა
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო, როდესაც სახელმწიფომ ლიბერალური პოლიტიკა ჩამოაყალიბა ამ სფეროში, მაგრამ ასეთ პოლიტიკას თავისი ჩარჩოები და თავისი დრო აქვს, გარკვეულ მომენტში, როდესაც საშუალო და დიდი ბიზნესი ყალიბდება და ლიბერალიზმი მას ხელს უწყობს, თუ რაღაც პერიოდში მისი რეგულირება არ მოხდა, მაშინ ეს დათვური სამსახური გამოდის იგივე კეთილსინდისიერი მეწარმეებისთვის. ასეთ დროს ლიბერალიზმის კომპონენტს არაკეთილსინდისიერი ადამიანები იყენებენ და უკვე რეალური კონკურენცია კი არ ხდება, არამედ უხარისხო, კარგად შეფუთული მავნე პროდუქციის შესაღება მყიდველზე.
ხარისხის კონტროლის ქართული მოდელი
სხვადასხვა მოდელი არსებობს, მაგალითად ამერიკაში - VDI, ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც გარკვეული სახელმწიფო სეგმენტითაა დაკავებული, მაგრამ მას მთლიანობაში კერძო სტრუქტურები ემსახურება. ის კერძო ლაბორატორიებს, კერძო ექსპერტების და კერძო იურიდიული კომპანიების დასკვნებს ეყრდნობა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურად მიმდინარეობს. ჩვენთან ეს ყველაფერი არ არის. სხვა მოწყობაა, მაგალითად, გერმანიაში, იაპონიაში, ამერიკულ მოდელს ჰგავს ფრანგულიც. ყველგან სხვადასხვა მიდგომაა, ჩვენთან რაიმეს პირდაპირ გადმოტანა არ შეიძლება, იმიტომ, რომ სხვა კოდექსი გვაქვს. ის, რასაც ‘ბიოკოდექსი" აკეთებს, ფაქტიურად ქართულ საზოგადოებასთანაა ადაპტირებული და იმასთან, რაც აქ არის საჭირო.
საქართველოშიც არის ძალიან თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კარგი ლაბორატორიები და მათ გადამზადებული პროფესიონალებიც ჰყავთ. სხვა საკითხია, რამდენად შეუძლიათ მათ ყველა კვლევის ჩატარება, ამასთან, აუცილებელია ექსპერტის დასკვნა, საბოლოოდ ისაა პასუხისმგებელი ყველაფერზე და აი, ამ სეგმენტში ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს საქართველოში, სამწუხაროდ, დღეს მათი უმეტესობა უმუშევარია. ამიტომ, ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი და ასამდე ქართველი ექსპერტიც გვყავს, დანარჩენი კი უცხოელი, სულ 350. ,,ბიოკოდექსი" მეხუთე თვეა არსებობს და ჩამოყალიბდა იმისათვის, რომ შემსრულებლის ფუნქცია აგვეღო და იმედია, ამ კარგ საქმეს წარმატებულად გავუძღვებით."
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ 2008 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით დგებუაძე განმარტავს, რომ 2009 წლის განმავლობაში მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, ამ სამსახურის მიერ სასამართლოებში 535 შუამდგომლობა იყო წარდგენილი, მეწარმის შემოწმებაზე კი _ 514 ბრძანება. სამსახურის მიერ მიღებულ იქნა 79 გადაწყვეტილება სურსათის ბაზარზე აკრძალვის შესახებ; 3 გადაწყვეტილება მავნებელი სურსათის განადგურების თაობაზე; 6 შემთხვევაში მეწარმის საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადაეცა; სასამართლოების მიერ დაჯარიმებულ იქნა 9 მეწარმე; დანარჩენ შემთხვევებზე ეროვნული სამსახურის მიერ მეწარმეები წერილობით იქნენ გაფრთხილებული.
ივერი ახალბედაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი:
,,საქართველოს კანონში სურსათისა და ხარისხის უვნებლობის შესახებ 2010 წლის 1 იანვრამდე გადავადებულია კონტროლი, მაგრამ დარჩენილია ხარისხის ინსპექტირება. მეწარმეებისთვის გარკვეული ვადაა მიცემული იმისათვის, რომ მათ ამ პერიოდში არსებული კანონის შესაბამისად იმ წესებისა და რეგლამენტების დაცვა უზრუნველყონ, რასაც კანონი ითვალისწინებს. მას, ვინც ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და ხარისხს, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხი მოეთხოვება. მანამდე კი, სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური პერიოდულად აკონტროლებს, ხდება საწარმოდან შესყიდეული პროდუქციის ლაბორატორიული ექსპერტიზა და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არ კონტროლდება."
როგორც ირკვევა, სურსათის უვნებლობაზე სხვადასხვა ორგანიზაციები და სახელმწიფო, ასე თუ ისე ზრუნავს, და მეტნაკლებად ,,აკონტროლებს" ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მდგომარეობა მაინც სავალალოა, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები კვლავაც ახერხებენ მომხმარებლის მოტყუებას და მათი ჯანმრთელობის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
თამთა დადეშელი