ნანახია: 878
კახეთში ვენახის გაჩეხვასთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა. ეს პროცესი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ერთი ჰექტარი ვენახის გაჩეხვისთვის გლეხებს სახელმწიფომ 2000 ლარის გადახდა აღუთქვა. ვაზი ქართველისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოსავლის მოყვანა და მისი გამოყენება. ბუნებრივია, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილ ვაზის გაჩეხვის პროცესს ბევრი განმოეხმაურა. ამ იდეის ავტორები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ეს პოლიტიკა ქართული სოფლის მეურნეობის გასავითარებლად ტარდებოდა, იგეგმებოდა ვაზის უფრო მაღალშემოსავლიანი კულტურებით ჩანაცვლება. ამ მოვლენამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობისას, ბაკურ კვეზერელი ღიად აცხადებდა, რომ გლეხებს შეუძლიათ უფრო რენტაბელური კულტურების მოშენება. რენტაბელური არ არის ის ცნება, რომელიც ვაზთან დამოკიდებულებაში უნდა გამოიყენო, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრობ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებების შინაარსი ძირეულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ეს თემა თავის საშობაო ეპისტოლეში წამოწია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პროცესი არ შეჩერებულა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვაზის ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაზე უარი მაინც არ თქვა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ "საინფორმაციო სააგენტო კომერსანტს" განუცხადა, ინიციატივა არარენტაბელური ვაზის ჩანაცვლების შესახებ, თავად გლეხებისგან წამოვიდა და სახელმწიფომ გადაწყვიტა ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს. "პატრიარქის ნათქვამს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სექტორი მძიმე დღეშია და არ შეუძლია თავად მოაგვაროს პრობლემები. იმის თქმა, რომ მთავრობა ხელს უწყობს ვაზის გაჩეხვას, სიმართლე არაა," – აცხადებს ცინცაძე. დღესდღეობით გაჩეხილი ვაზის ტერიტორიაზე სხვა კულტურების გაშენების საკითხი აღარ არის აქტუალური, თუმცა, ვენახის გაჩეხვის პროექტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. კახეთში დაბალი ხარისხის ვაზის ჯიში, შესაძლოა, მაღალი ხარისხის ვაზმა ჩაანაცვლოს. მაღალი და დაბალი ხარისხის ვაზის ცნების ხელისუფლებისეული გაგება მართლაც საინტერესოა. დაბალი ხარისხის ვაზში შედარებით ძველ ნარგავებს გულისხმობენ. ამ პროექტს რეგიონის ხელისუფლება გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ამუშავებს. ემ პროგრამა კახეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ითვალისწინებს. ამ პროგრამის თანახმად, შესაძლებელია ვაზის შედარებით დაბალხარისხიანი ნარგავები, მაღალხარისხიანი ჯიშებით შეიცვალოს. გაეროს განვითარების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის ანალიტიკოსის სოფო ჭიჭინაძის განცხადებით, აქ საუბარი არ არის ვენახების გაჩეხვასა და სხვა კულტურებით მათ ჩანაცვლებაზე. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ვაზის გაჩეხვის პროგრამა, ვენახის გადარჩენის ერთადერთ გზად წარმოგვიჩინეს. თუმცა, ამ მოვლენაში რამდენიმე მომენტი მაინც უნდა დავაფიქსიროთ. იმ ტერიტორიებზე, სადაც ვენახები გაიჩეხა, ადრე რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოჰყავდათ, ახალი ნარგავები კი, ძირითადად, ქინძმარაულის ჯისისაა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქინძმარაულის ჯიშის ყურძნიდან მაღალი ხარისხისა და გემოვნების ღვინის დასამზადებლად სხვა ჯიშის ყურძნის შერევაა აუცილებელი, ანუ საჭიროა სხვა კულტურის, საფერავის მოყვანაც. რქაწითელის ჯიშის ყურძენი კი სხვა ჯიშების შერევას არ საჭიროებს. ამ ისტორიაში პიკანტურ მომენტზე თვითონ ადგილობრივები ამახვილებენ ყურადღებას. გლეხები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ღვინის მწარმოებელი ამ ტერიტორიაზე ქინძმარაულის ჯიშის ყურძნისგან ღვინის დამზადებით არის დაინტერესებული. ადგილობრივები შიშობენ, რომ მალე მათ თავიანთ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების გაყიდვას აიძულებენ.
ადა ექიზაშვილი
|