ნანახია: 1029
საქართველოში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგი უნდა იყოს, ამას ყველა აღიარებს. ვარდების რევოლუციიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებები ძირეულად შეიცვალა. ეკონომიკის განვითარების ახალ ხედვაში სოფლის მეურნეობას მხოლოდ დეკლარირების დონეზე უკავია წამყვანი და პრიორიტეტული დარგის ადგილი. პრეზიდენტისა თუ მთავრობის სხვა წარმომადგენლებისგან ხშირად მოგვისმენია რამდენიმესაათიანი "მოხსენებები", თუ რამდენი რაღაც კეთდება სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებებიც დიდი ხალისით აშუქებენ, თუ როგორ ყვავის ქართული სოფლის მეურნეობა. მაგრამ "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" პრინციპი ყველა ქართველს ახსენდება, როცა ბაზარში შედის და ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის საძებრად ხშირად საათებს ხარჯავს. სოფლის მეურნეობის დარგში სახელისუფლებო პიარ-აქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალღა გაზაფხულზე იწყება. სწორედ გაზაფხულზე იწყება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების ბედზე ფიქრით დამძიმებული ხელისუფლება, სუბსიდირების ქართული ვარიანტის განხორციელებას იწყებს. 2009 წლამდე გლეხებს, ძირითადად, საწვავით ეხმარებოდნენ. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის გლეხები საგანგებოდ, მთელი ზამთრის განმავლობაში ემზადებიან, ბევრი ისევ მთავრობის ნაჩუქარი შეშით გამთბარ ბუხართან კომბლებსაც კი თლის და ასე ემზადება იმ აყალმალისთვის, რომელიც მთავრობის საჩუქრების განაწილებისას, გაზაფხულზე აუცილებლად იქნება. 2009 წელს ხელისუფლება ორიგინალურია, ამჯერად გლეხებს მინერალური სასუქებით ასაჩუქრებენ. აზოტის გვარჯილას, მთელი საქართველოს მასშტაბით, 939 925 კომლი მიიღებს, რაც რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს მიწის გამდიდრების საშუალებას მისცემს. ამ პროექტის განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთავის აზოტისგან სასუქის შესაძენად 25 მილიონამდე ლარი გამოყო, ამ თანხაში მისი ტრანსპორტირების ხარჯებიც შედის. სოფლად გვარჯილა რიგდება, დედაქალაქში სახელისუფლებო ტელევიზიები კი ისევ გვაჩვენებენ გახარებულ და ბედნიერ გლეხებს, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მადლობას უხდიან მთავრობას. ჩინოვნიკები კი დაღლილი სახით აკეთებენ კომენტარებს, თუ როგორ მძვინვარებს კრიზისი რუსეთში და როგორ გადარჩა ქართულ სოფლის მეურნეობაზე ზრუნვის პარარელურად, ჩვენი ქიმიური მრეწველობა. "სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთავის აზოტის ქარხნისგან 47 ათას ტონამდე გვარჯილა შეიძინა, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს. მეორეს მხრივ, კი პროექტი გლეხებსაც დაეხმარება, რადგან სოფლის მეურნეობის ნებისმიერი სავარგულისთვის საჭირო სასუქს უფასოდ მიიღებენ", - აცხადებს ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომლის ვინაობაც სატელევიზიო სიუჟეტში ვერ დავაფქსირეთ, რადგან დიდი წითელი თავსაბურავით იყო მოსილი, ირგვლივ კი მადლიერი გლეხების დიდი არმია ერტყა. აზოტის გვარჯილა უკვე დარიგდა ქვემო ქართლის რეგიონში და უახლოეს მომავალში მთელს საქართველოს მოიცავს. სატელევიზიო კამერები უკვე წავიდნენ ქვემო ქართლიდან. საინტერესოა, რას გრძნობენ ქვემოქართლელი გლეხები დღეს. ერთ-ერთ ბოლნისელ გლეხთან ამ სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას, უცნაური ფრაზა დავაფიქსირე, - "ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ". ჰოი, საოცრებავ, ვიღაც უკმაყოფილოა, ნუთუ ასეთები რევოლუციის შემდგომ საქართველოშიც არსებობენ?! საინტერესოა. დღეს ყველა ქართველისთვის ერთი ტომარა მინერალური სასუქი, 50 კილოგრამიან პროდუქტთან ასოცირდება. ყველა გლეხმა კარგად იცის, რომ მიწის გასამდიდრებლად 70-75% კონცენტრანტის შემცველობის სასუქი უნდა გამოიყენოს. გვარჯილას სასუქი სხვადასხვა სახის კომპონენტისგან შედგება, როგორიცაა გოგირდი, კალიუმი, თაბაშირი და ა.შ. ყველაზე მაღალი ხარისხის სასუქად კალიუმის მაღალი შემცველობის კონცენტრატი ითვლება. ეს ყველაფერი ყველა მეურნე გლეხმა კარგად იცის. მაგრამ, ეს გლეხები ხომ საბჭოთა დროინდელ სტანდარტებს არიან მიჩვეულები. საბჭოთა სტანდარტებით რუსეთი ცხოვრობს, რუსეთში კი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაბალი დონეა. საქართველო რუსეთს არ უნდა ჰგავდეს, როგორც ჩანს, ჩვენი სოფლის მეურნეობის მესვეურებმა სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელეს და სტანდარტები შეცვალეს. ამაზე ღიად არავინ საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ სამთავრობო პროგრამით დარიგებული მინერალური სასუქი, კალიუმის ნაცვლად თაბაშირს შეიცავს, 50-ის ნაცვლად 40 კილოგრამია და 75%-იანი კონცენტრატის ნაცვლად 35%-იანია. ეს ყველაფერი გლეხებისგან გავიგეთ, ირონია კი სატელევიზიო სიუჟეტებიდან მოდის. გლეხები ირონიის გარეშე საუბრობენ ქართული სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე, ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ ორმოცი ორმოცდაათზე მეტი არ არის, არც იმაში ეპარებათ ეჭვი, რომ ოცდათხუთმეტი სამოცდათხუთმეტზე ნაკლებია და ისიც კარგად იციან, რომ ერთჯერადი პიარ-აქციებით სოფლის მეურნეობა ფეხზე ვერ დადგება. იციან, რომ ამას გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა სჭირდება. მაგრამ უბრალო გლეხების კი არა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველ ჟურნალისტებსაც არ გვაქცევენ ყურადღებას. ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ამ სახელმწიფო სტრუქტურას დავუკავშირდით, პრესსამსახურის თანამშრომელმა გადმოგვცა, რომ მთელი სამინისტრო რეგიონებშია წასული სასუქის დასარიგებლად და თბილისში მხოლოდ მინისტრი იყო. "მინისტრი, სამწუხაროდ, ამ კითხვებზე ახლა ვერ გიპასუხებთ", - განგვიცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ორი სავარაუდო პასუხი მოვიფიქროთ კითხვაზე, - რატომ ვერ გაგვცემს მინისტრი კითხვებზე ახლა პასუხს? პირველი – მინისტრი დაკავებულია და, როგორც ჩანს, ფიქრობს, კიდევ რომელი სტანდარტი შეცვალოს; მეორე – მან უბრალოდ არ იცის, კალიუმის კონცენტრატი ჯობია თუ თაბაშირის.
ზურაბ კუკულაძე
|