
საქართველოში სოფლის მეურეობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, რაზეც ამ სექტორის მთლიან შიდა პროდუქტში წილის კლებაც მიანიშნებს. თუ 2003 წელს სოფლის მეურნეობა საქართველოს მშპ-ს 30%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 8-10%-ის დონემდეა შემცირებული. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში წლების მიხედვით მცირდება. 2005 წელს მან 10,6% შეადგინა; 2007 წელს 7,8%; 2008 წელს 6,7%; ხოლო 2009 წელს 6,0%.
წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას მოკლებული სოფლის მეურნეობის სექტორი რატომღაც ხელისუფლებას 2011 წელს გაახსენდა და ის ქვეყნის სტრატეგიულ დარგად გამოაცხადა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე, ხელისუფლების ახალ ინიციატივებსა და ამ სფეროს პერსპექტივებზე `ბ&ფ~-მა კომენტარი ჯუმბერ პატიაშვილს სთხოვა.
"საქართველო მიწათმოქმედთა ქვეყანაა. მიუხედავად რთული ისტორიისა, საუკუნეების მანძილზე ქართველი გლეხკაცი ახერხებდა სოფლის მეურნეობისთვის ყურადღება მიექცია. საქართველო გეოგრაფიულად მართლაც საოცარი ქვეყანაა. მსოფლიოს მასშტაბით არსებული ხორბლის სახეობების და ჯიშების 2/3 ქართულ მიწაზე ქართველმა გლეხმა მოიყვანა.
მსოფლიოში არსებობს ყურძნის 1600 ჯიში და ჰიბრიდი, მათგან 600 არის ქართული, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში საუკუნეების მანძილზე ვაზისადმი დამოკიდებულება იყო სხვაგვარი. ეს იყო რაღაც ჩვენი, ქართული. ცალკე თემაა ხორბალი თუ ვაზი. ვეთანხმები ილიასეულ განსაზღვრებას, რომ იქ, სადაც ხილი და ვაზი მოდის, საჭიროა მათი წარმოება, ხოლო ხორბალს რუსეთიდან შემოვიტანთო, ამბობდა ილია. საქართველოსთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ყურძენი და ვენახი. დღეს ჩვენ მრავლად გვყავს "კეთილისმსურველები”, ის ექსპერტები, რომლებსაც სრულიად არ აინტერესებთ საქართველოს ხვალინდელი დღე. მათ აინტერესებთ მხოლოდ რესურსი, ნედლეული, ის ტერიტორია, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სახით. ამიტომ, იმ ქართულ ჯიშებს, რომლებიც საჭიროა შევუნახოთ და ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იამაყოს, სამწუხაროდ, დღეს თანდათანობით ვკარგავთ.
დანაშაული იყო, როცა ხელისუფლებამ "ქინძმარაულის" ჩამოსხმაზე ექსკლუზივი მოლდოვას მისცა. ეს არის იშვიათი შემთხვევა, როცა ქვეყანა აწარმოებს პროდუქციას და ექსკლუზივს აძლევს სხვას. ორასი ათას დოლარად მისცეს ნება ორასი ათასი დეკალირტის წარმოებაზე, მათ კი ფალსიფიცირება გააკეთეს მილიონ ნახევარი დეკალიტრის. მთელი რუსეთის და უკრაინის ბაზარზე არსებული `ქინძმარაული~ იყო მოლდოვაში წარმოებული. არც ქართველებმა დააყოვნეს და ფალსიფიცირებაშიც ვივაჟკაცეთ. ამიტომ მრავალი გადაწყვეტილება, მათ შორის პროდუქციის აკრძალვისა, სწორი იყო. სამარცხვინოა, როცა სოლნცევაში ღვინო `ხვანჭკარას~ ჩამოასხამენ. საქართველოშიც დიდი რაოდენობით ღვინო გადაიღვარა ფალსიფიცირების გამო. ეს იყო დანაშაული. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დარტყმა როგორც ეკონომიკაზე, ასევე საზოგადოების ცნობიერებაზე.
საქართველოში ასევე გვხვდება ვაშლის უნიკალური ჯიშები, ისევე როგორც ვაზის. მსოფლიოს სელექციონერები ყოველთვის ცდილობდნენ ენახათ და გარკვეულიყვნენ ამ ჯიშებში და მათი პროდუქციის ერთ-ერთ კომპონენტად გამოეყენებინათ, ამას, სხვათაშორის, არც მალავდნენ.
რაც შეეხება წარმოებას, ახლა საუბარია სიმინდზე, რომ მის ექსპორტირებას მოვახდენთ. საქართველოს მოსახლეობას თუ ავიღებთ და ჩავთვლით, რომ 5 მილიონი ვართ, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, მაშინ ჩვენ 900 ათასი – ერთი მილიონი ტონა სიმინდი დაგვჭირდება, და კიდევ მეცხოველეობისთვის და მეფრინველეობისთვის. 1988 წელს საქართველოში იყო რეკორდული მოსავალი. წარმოებულ იქნა 840 ათასი ტონა მარცვალი, მაგრამ საკმარისი ესეც არ იყო, მოსახლეობის მოხმარებისთვის, მეცხოველეობისთვის და მეფრინველეობისთვის. იმ წელს წარმოებულ იქნა დაახლოებით მილიარდი კვერცხი, 35 ათასი ქათმის ხორცი და სხვა. სწორედ ამას სჭირდებოდა ეს ნედლეული. მარცვლის წარმოება კი იყო რეკორდული, მაგრამ რეალურად საკმარისი არა. ამიტომ კითხვა, თუ რა უნდა ვაწარმოოთ, კვლავ აქტუალურია. საერთოდ სიმინდი სულ სამასი წელია რაც შემოვიდა ჩვენთან. მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო და დიდი სელექციური წარმატება პაპალაშვილის მრავალტაროიანი და მრავალღეროვანი სიმინდი. არ არსებობს სხვა მისი მსგავსი მსოფლიოში და ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში იყო ცნობილი. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უცხოეთში უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ საკუთარი ჰიბრიდებიც გვაქვს. მაგალითად, ენგური, მცხეთა. არის ჯიშები, რომლებიც ამ სამი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა და რომლებთანაც შეხება არ შეიძლება, ანუ არ შეიძლება, რომ, სადაც ეს ჯიშები ითესება, იმ ტერიტორიაზე მოხდეს ჰიბრიდული ჯიშების დათესვა, რადგან ამ შემთხვევაში ეს ჯიშები იკარგება.
ის ცნობილი ფირმა, რომელიც დღეს ჩვენ ჰიბრიდულ ჯიშებს გვაწვდის, `პიონერი”, ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია. იგი ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას. მაგრამ საქართველოს მეცნიერთა მაშინდელმა კავშირმა იუგოსლავებთან და ფრანგებთან დაამყარა ურთიერთობა. დღეს კი საქართველოს სახით "პიონერმა" ნახა გასაღების ბაზარი. ამასთან, თუ წელს შემოიტანეს ოცი თუ ორმოცი ათასი ტონა სიმინდის თესლი და გლეხს მიყიდეს 17 ლარად კილოგრამი, გვეუბნებიან, ეს შეღავათიაო, მაგრამ რეალურად დღეს ჩვენ მათ ორჯერ უფრო მეტს ვუხდით, ვიდრე უკრაინა, ეს კი შეღავათი არ არის. ფირმა "პიონერი" ძალიან ძლიერი სელექციური ჯგუფია და ჩვენ მათთვის, რა თქმა უნდა, ვართ ბაზარი, რადგან სიმინდის თესლი ჩვენ მომავალ წელსაც დაგვჭირდება. წელს ერთი გლეხი მიიღებს კარგ მოსავალს, სხვა მოსავალს საერთოდ ვერ მიიღებს. ის კი, ვინც მიიღებს, მომავალ წელს ისევ მოუნდება დათესოს ეს ჰიბრიდი და მოუწევს ამ კომპანიის საქონლის კვლავ შეძენა, რადგან ეს არის ჰიბრიდი და მისი თესლი მეორე წელს გამოუსადეგარია".
მოამზადა რინა კრიხელმა