ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას
(საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 168 )საგადასახადო კოდექსში არსებულ ამ ფორმულირებას ხშირად იყენებენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ სოფლის მეურნეობას სერიოზული ხელშეწყობა აქვს საქართველოში ლიბერალური გადასახადების თვალსაზრისით.
თუმცა, საქმე სულ სხვაგვარადაა და ეს პუნქტი თითქმის არავითარ ფუნქციას არ ასრულებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შევეცდებით ავხსნათ:
პუნქტში მითითებულია, რომ გათავისუფლებულია მხოლოდ ”სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება~, ანუ ის ფერმერი, რომელსაც მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რეალიზაციის დროს არ იხდის დღგ-ს, მაგრამ თუ ვინმემ ამ ფერმერისგან შეიძინა საქონელი და შემდეგ თვითონ მოახდინა რეალიზაცია, აუცილებლად უნდა გადაიხადოს დღგ.
ანუ თუ უშუალოდ ფერმერი არ ახორციელებს რეალიზაციას საბოლოო მომხმარებელზე, დღგ სახელმწიფო ბიუჯეტში მაინც შედის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია არანაირად არ არის გათავისუფლებული ამ გადასახადისგან.
როგორც საერთაშორისო პრაქტიკა და თეორია გვეუბნება, თუ თვითონ ფერმერი დაიწყებს პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვას, იგი ვერც მის მეურნეობას განავითარებს და ვერც რეალიზაცია გამოუვა კარგად.
ეს არის ის, რაც ხდება დღეს საქართველოში ცუდი კანონმდებლობის გამო, კერძოდ, წვრილი გლეხები ან წვრილი გადამყიდველები, რომელთაც საგადასახადო ადმინისტრირების სიმძიმე არ აწუხებთ, ყოველგვარი აღრიცხვის, სურსათის უვნებლობის და სხვა ნორმების დარღვევით ახორციელებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, ქვეყანაში კი პრაქტიკულად არ არსებობენ შუალედური კომპანიები მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეგროვებას, მომხმარებლისთვის სასურველი სასაქონლო სახის მიცემას, უვნებლობის კონტროლს და ხარისხიან დისტრიბუციას.
ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი არის არაკონკურენტული მდგომარეობა იმპორტიორებთან შედარებით, რადგან თუ ვინმემ გადაწყვიტა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეგროვება, გადამუშავება და დისტრიბუცია, იგი იგივენაირად იხდის 18%-იან დღგ-ს, როგორც ნებისმიერი იმპორტი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციას არანაირი საგადასახადო შეღავათი არ გააჩნია.
ასევე, საყურადღებოა საგადასახადო კოდექსის იმავე პუნქტში არსებული მეორე ფორმულირება: `სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან~.
ანუ აღნიშნული პუნქტის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლებულია მხოლოდ პირველადი პროდუქცია ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე. მაგალითად:
1. თუ ფერმერი ან გლეხი აწარმოებს საქონლის რძეს, იგი დღგ-ს არ იხდის, მაგრამ თუ ამ რძისგან დაამზადა მაწონი (ან ყველი) და გაყიდა, მაშინ დღგ უნდა გადაიხადოს;
2. თუ ზრდის ქათამს ან გოჭს ან ღორს და ა.შ. და ყიდის ცოცხლად, დღგ-სგან გათავისუფლებულია, ხოლო თუ დაკლა და ისე გაყიდა, მაშინ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას;
3. თუ ყიდის ყურძენს, გათავისუფლებულია, მაგრამ თუ დაწურა და ღვინის სახით გაყიდის, მაშინ იხდის დღგ-ს.
წვრილი გლეხები აქ დაცული არიან გადასახადის გადახდისგან, სანამ წლის განმავლობაში არ ასცდებიან 100 000 ლარიან ბრუნვას, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება ისევ ის, რომ ხელშეწყობა არ აქვთ მსხვილ ფერმერებს და იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ გამსხვილება სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეგროვების, გადამუშავების, შენახვის და დისტრიბუციის ბიზნესში. ასეთი კომპანიების გარეშე კი სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება.
გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის `ძ” პუნქტში ვხვდებით ასეთ ჩანაწერსაც, რომ დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისულებულია ”საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი”.
ექსპერტთა განმარტებით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი შეღავათები სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდ წვლილს ვერ შეიტანს, რადგან იმპორტირებულ პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე გადაყიდვა იბეგრება, რადგან იმპორტია გათავისუფლბული და არა ადგილობრივი გაყიდვა.
საქართველოში რამდენად ლიბერალურია გადასახადები და საგადასახადო კოდექსში გაწერილი შეღავათები რამდენად ხელშემწყობია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუდიტორი ირაკლი შავიშვილი გვესაუბრება:
”პესტიციდები და შხამქიმიკატები საქართველოში იწარმოება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ იწარმოება იგი და იმპორტისგან განსხვავებით გათავისუფლებული არაა დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ბევრ სხვაობას მაინც არ იძლევა, რადგან იმპორტი დღგ-სგან იმ შემთხვევაშია გათავისუფლებული, თუ სუბიექტს იგი საკუთარი მოხმარებისთვის მოაქვს. მაგრამ იგი თუ ზემოთ აღნიშნულ იმპორტირებულ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე გადაყიდის აუცილებლად დაიბეგრება, რადგან იმპორტია გათავისუფლბული და არა ადგილობრივი გაყიდვა. ამიტომ ამით კონკურენცია იმპორტსა და ექსპორტს შორის არ ირღვევა. შეღავათად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ იმპორტის დროს დამატებითი ქეში არ სჭირდება.
შეღავათს რომ ვუწესებთ მხოლოდ სოფლის მეურნეობას, რითი ჯობია სოფლის იგი ფეხსაცმლის წარმოებას ან საპარიკმახეროს გამართვას? ალბათ, ჯობია, მაგრამ თუ შეღავათებზე ვისაუბრებთ, საგადასახადო კოდექსში შეღავათები ძალიან ცოტა უნდა იყოს და ამასთანავე გადასახადებიც ძალიან მცირე.
ამიხსნას ვინმემ, დღგ-საგან ტექნოლოგიების პირველადი მიწოდება რატომ არ უნდა იყოს გათავისუფლებული? თუ ვითვალისწინებთ ამ კატეგორიის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, მაშინ გლეხს ნუ დაბეგრავ მაღალი გადასახადით, თუმცა გადასახადი აუცილებლად უნდა გადაიხადოს.
სოფლის მეურნეობას ექვსი წლის წინ შეღავათები დაუწესეს, მე მაშინაც ვთქვი, რომ ხუთ ჰექტრამდე მიწების გადასახადებისგან გათავისუფლება არ გამოიწვევდა კარგ შედეგს, იმიტომ რომ არავითარ ზარალს პრაქტიკულად მიწის მეპატრონე არ იღებს, თუ ის არ ამუშავებს ამ მიწას. მერე მეორე, გლეხისთვის შემდგომში ძალიან ძნელი ასახსნელი იქნება, რატომ უნდა შემოვიღოთ ახლა გადასახადი ხუთ ჰექტარ მიწაზე, თუ გუშინ არ იყო ეს გადასახადი. ამიტომ, არა მგონია, ეს სწორი იყოს, არადა, ამ დროს მიწა არის ყველზე მნიშვნელოვანი აქტივი, იმიტომ რომ პრაქტიკულად სიცოცხლე ღმერთთან ერთად მიწისგან მოდის. ამით არის ის განსაკუთრებული აქტივი და თუ ამ აქტივს უფასოს გავხდით, განადგურდება უბრალოდ.
ახლა ხუთ ჰექტარზე შეღავათების ხელახლა შემოღება დიდ პრობლემებს წარმოშობს, იგივე ხელისუფლებისთვის. საქართველოში მიწა კაპიტალი არაა, გლეხმა მხოლოდ ერთ ჰექტარზე არ უნდა მოიყვანოს მოსავალი, იმისთვის, რომ მასაც ეყოს და ნამეტიც დარჩეს გასაყიდი. ამ ერთ ჰექტარის დამუშავებაში არც კრედიტს მისცემს მას ვინმე და უქმადაც გაცდება მიწა. ვინც მიწის ნაკვეთისგან შემოსავალს ვერ ღებულობს, მან ეს მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდოს და იყიდოს იმან, ვისაც იგი აინტერესებს, ითვისებს სოფლის მეურნეობას, შეუძლია პროდუქციის წარმოება და შეუძლია რაღაც ინოვაციების გაკეთება.
ამ ფორმით გლეხებმა 200 ჰექტარი მიწა უნდა შეკრიბონ, რომელიც იქცევა კაპიტალად. 200 ჰექტარ მიწაში ყველა ბანკი მოგცემთ კრედიტს. ამას აკეთებდა ზუსტად ილია ჭავჭავაძე თავის საადგილმამულო ბანკში. გლეხებს ეუბნებოდა, ერთად შეკრიბეთ და დააგირავეთ თქვენი მიწები, რათა მოგცეთ კრედიტი. როცა გლეხები ფულს ვერ აბრუნებდნენ, იგი მიწებს ყიდიდა და ყიდდა იმ ხალხზე, ვინც ამ მიწას მოუვლიდა. ასე რომ, ნუ გავხდებით ილია ჭავჭავაძეზე დიდი ქართველები, ვერ გავხდებით და იმიტომ”, - საუბრობს ირაკლი შავიშვილი.
რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს სახელმწიფომ საგადასახადო კოდექსში ამ პრობლემის გადასაჭრელად?
1. გაათავისუფლოს დღგ-სგან არა მხოლოდ `სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება~, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება (მიუხედავად იმისა, ვინ არის მიმწოდებელი), ამასთან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი დაბეგროს ჩვეულებრივ, როგორც დღეს არის. ამ ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტი პროდუქციის იმპორტიდან მიიღებს იგივე თანხებს დღგ-ს სახით, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ხელს შეუწყობს შუამავალი რგოლების განვითარებას. ეს, თავის მხრივ, განავითარებს წვრილსა და საშუალო დონის ფერმერებს.
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე დაადგინოს გაცილებით ნაკლები დღგ-ს განაკვეთი, ისევე, როგორც ეს არის მსოფლიოს უმეტეს განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში, თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში ასეთი ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტის შემოსავლების კლებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტიდან.
3. სოფლის მეურნეობის დარგს მიკუთვნებულ საქმიანობის სახეებს საგადასახადო მიზნებისთვის გაუთანაბროს სხვა გადამამუშავებელი მრეწველობის საქმიანობის სახეები, როგორიცაა მაგალითად: რძის გადამუშავება (მაწონი, ყველი და ა.შ.), დაკლული ცხოველი და ფრინველი და ა.შ.
თეონა ჭიტაძე