"ნაჩუქარ ტრაქტორებს გამგებლები და ერთი-ორი ოჯახი იყენებს""დღეს საქართველოში დაახლოებით 5000 ტრაქტორია, რომელთაგანაც ნახევარი ძველია და, პრაქტიკულად, გაუმართავი. იმისათვის, რომ მოთხოვნილება მთლიანად დავფაროთ, 12 ათასი ტრაქტორი გვჭირდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში 1500 ტრაქტორი შემოვიყვანეთ, მაგრამ ახლა ვავალებ სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კიდევ 1500 ტრაქტორი შემოიყვანოს. 50 თვის განმავლობაში საქართველოში, მინიმუმ, 15-16 ათასი ტრაქტორი უნდა გვქონდეს, რათა სოფლის მეურნეობა უფრო ინტენსიური გახდეს. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ შემოსავალი გაიზარდოს და ოჯახებმა შვება იგრძნონ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თუმცა, როგორ უნდა იგრძნოს ხალხმა შვება, როცა გლეხს საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად მოუწევს იყიდოს გაძვირებული საწვავი, იქირაოს მუშები და ტრაქტორი. მიხეილ სააკაშვილი კი ამტკიცებდა, რომ 1500 ტრაქტორს როცა შემოიყვანენ, გაქირავების საფასური უფრო შემცირდება.
რეალობამ კი აჩვენა, რომ ამ გაზაფხულზეც, როგორც შარშან და იმის წინ იყო, გლეხი ისევ შიშველი ხელებით ეჭიდება გახრიოკებულ მიწას. კახეთის გზაზე, სოფელ ჩალაუბანში, სადაც ეს "სამთავრობო ტრაქტორები" პრეზიდენტის საჩუქარს წარმოადგენს, ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ მათთვის ესეც ფუფუნების საგანია და ხარჯი მოსავალზე მეტია.
"აი, აქედან რომ წახვალ, ცოტა ხანს გაჩერდი და იმ ტრაქტორების გუთანს დახედე – ჟანგით არის შეჭმული. გუთანზე ჟანგს რა უნდა, თუ მუშაობს, სარკესავით უნდა გაუდიოდეს ლაპლაპი. ჰექტარზე ასი ლარი მოგვეცით და მოგაქირავებთო! რომელ გლეხს უპოვეს ამდენი ფული? მარტო დახვნა ხომ არ არის, თესლი უნდა, კულტივაცია, მოწამვლა... რაღა გამოვიდა? ხარჯი მოსავალზე მეტია. ხელმისაწვდომია თუ არა ყველასთვის ეს ტრაქტორები, ადვილი მისახვედრია", - აცხადებს აღშფოთებული გლეხი.
სარგებლობენ თუ არა გლეხები პრეზიდენტის მიერ სოფლებისთვის ნაჩუქარი ტრაქტორებით, ამის თაობაზე კახეთის რამდენიმე სოფელში 240 გლეხი გამოიკითხა. პასუხები კი შემდეგნაირად ნაწილდება: გამოკითხულთა 87%-ს პრეზიდენტის მიერ სოფლებისთვის ნაჩუქარი ტრაქტორები არ გამოუყენებია და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეძენილი ტრაქტორებით უსარგებლია. 6%-მა აღნიშნა, რომ "სამთავრობო ტრაქტორები" უსარგებლია, 7%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. როგორც ვხედავთ, ტრაქტორების უფასოდ დარიგების ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ხალხი ჩივის და ამბობენ, რომ ტრაქტორს, რომელიც სოფელს უფასოდ მისცეს, იყენებენ გამგებლები და ერთი-ორი ოჯახი, ხალხს კი არაფერი ხვდება.
რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა გაახმაურა ახალი ინიციატივა, დაუმუშავებელ სახნავ-სათეს მიწებზე ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ "პრობლემის აქტივაციის თვალსაზრისით, დაგვიანებულიც არის. როდესაც ქვეყანაში 800 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწიდან ასი ათასზე მეტი არ მუშავდება, ეს საკითხი პრეზიდენტობის მეშვიდე წელს არ უნდა გახსენებოდა. საბაზრო ეკონომიკა ჯარიმაზე ადრე წახალისების პრაქტიკას იცნობს. როდესაც ქვეყნისთვის ბევრად პრიორიტეტულია საპროცესო გარიგებები, ვიდრე მიწა, მხოლოდ იქ შეიძლება ვისაუბროთ ჯარიმების ენით. რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს მიწები დამუშავებულიყო? სად ქრებიან ხოლმე არჩევნების დროს გამოჩენილი ტრაქტორები? ზოგადად, რატომ რცხვენია ხელისუფლებას, რომ სოფლის მეურნეობა იყოს პრიორიტეტული დარგი? სოფლის მეურნეობაში დაპირებული ვერანაირი 100 საწარმო ვერ ვიხილე, ისევე როგორც 100 საავადმყოფო, მხოლოდ პოლიციის შუშის შენობებს ვხედავთ".
მარიამ ბიბილაშვილი