ტყითსარგებლობის სამეწარმეო-საექსპორტო ბიზნესის სიღრმისეულმა შესწავლამ და ამ სფეროში არსებული ნეგატიური მოვლენების ადეკვატურმა შეფასებამ სრული სიცხადით გამოაშკარავა, რომ ხე-ტყის რესურსების უკანონოდ მოპოვებისა და ამ მოპარული ხე-ტყის ნედლეულიდან არალეგალურად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ერთ-ერთ ძირითად ხელშემწყობ ფაქტორად განისაზღვრება ის გარემოება, რომ საქართველოში ტყითსარგებლობის კომპლექსში დღეისთვის მოუწესრიგებელია ხე-ტყის პროდუქციის კანონიერი წარმომავლობის დადგენისა და შემოწმება-კონტროლის სისტემა.
საქმე იმაშია, რომ საქართველოში ტყითსარგებლობის სამრეწველო კომპლექსში 1992 წლიდან გაუქმებულია და აღარ მოქმედებს ხე-ტყის პროდუქციის წარმოებაზე დამტკიცებული ხე-ტყის ნედლეულისა და მერქნული მასალების მოძველებული ხარჯვის ნორმატივები. აუცილებელ საჭიროებას მოითხოვს ხე-ტყის პროდუქციის წარმოებაზე ახალი ტექნიკურად დასაბუთებული ხე-ტყის ნედლეულისა და მერქნული მასალების ხარჯვის ნორმატივების შემუშავება და მისი დროულად მოქმედებაში მოყვანა. ადვილი წარმოსადგენია, თუ ამ სიტუაციას, როგორ მორგებულად გამოიყენებენ თავიანთ სასარგებლოდ და სახელმწიფოს საზიანოდ ე.წ არაკეთილსინდისიერი "ფხიანი" მეწარმე-ექსპორტიორები.
ხე-ტყის რესურსების უკანონოდ მოპოვებისა და მისი უკანონო რეალიზაციის ესკალაციაში ლომის წილი მიუძღვის შეშის ფენომენს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ტყით დახუნძლულ ქვეყანაში ისეთი სტრატეგიით წარიმართება ტყითსარგებლობის ეროვნული პოლიტიკა, რომ შეძლებული კერძო ადგილობრივი ფირმები და უცხოელი ინვესტორები ამ ათიათასობით კუბომეტრი შესყიდული შეშის მერქნიდან დიდი წარმატებით და მაღალი რენტაბელობით აწარმოებენ საექსპორტოდ განკუთვნილი დახერხილი მასალისა და სხვადასხვა ნომენკლატურის ხის ნაწარმის დამზადებას. ამავე დროს, ტყის რეგიონებში მცხოვრები გაღატაკებული სოფლის მოსახლეობა, ფაქტიურად სათბობი შეშის გარეშე რჩება, რაც, ბუნებრივია, სოფლის მოსახლეობის აგრესიას იწვევს. "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”- მთავარ პრიორიტეტად ჰქონდა გამოცხადებული ხელისუფლებას, მაგრამ ტყითსარგებლობის ასეთი არაადეკვატური პოლიტიკის წარმართვით, ასე მარტივად არ ჩანს სოფლის მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის პერსპექტივა.
საქართველოში ტყის დაცვისა და ხე-ტყის რესურსების უკანონოდ სარგებლობის "იდუმალი” პრობლემატიკის მთელი დრამატიზმი იმაში მდგომარეობს, რომ გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს დღემდე არ გააჩნიათ არავითარი მონაცემი, რომელიც საორიენტაციოდ მაინც განსაზღვრავს საქართველოში უკანონოდ ტყითსარგებლობის საერთო მასშტაბებსა და სახელმწიფოსადმი მიყენებული ეკონომიკური ზარალისა და ეკოლოგიური ზიანის დონეს. ასევე გაურკვეველია მთავრობისთვის, თუ რა ეკონომიკური სარგებლობა მოაქვს გაზრდილი ხე-ტყის პროდუქციის ექსპორტს, ფაქტიური ფისკალური შემოსავლებისა და ტყის "შავი ბიზნესით" მიყენებული ზარალის ურთიერთდაბალანსების გათვალისწინებით.
სატყეო დეპარტამენტის მონაცემებით, მრგვალი სამასალე ხე-ტყის (მორის) საერთო ლეგიტიმური რესურსი შეადგენდა 358,61 ათას კუბომეტრს. "საქსტატის" მონაცემებით, 2006-2007-2008 წლებში წარმოებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სასაქონლო ნომენკლატურის 651,1 ათასი კუბურიმეტრის ხე-ტყის პროდუქცია (20,6მლნ. ავეჯის გარდა), მათ შორის ხე-ტყის საექსპორტო პროდუქცია შეადგენდა 401,6 ათ. კუბმ-ს, ანუ მთლიანად წარმოებული პროდუქციის 61,7%-ს, ხოლო შიდაბაზრის მოხმარების პროდუქცია შეადგენდა 249,5 ათ, კუბმ-ს, ანუ მთლიანი პროდუქციის 38,3%-ს. ამრიგად, ამ არალეგალური მონაცემებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ 2006-2007-2008 წლების პერიოდში ჩვენი ელიტური ტყის "ბიზნესილუზიონისტებს" თავისი ულტრანოვატორული ტექნოლოგიებისა და უღრანი ტყის რიგი საკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით, 1 კუბომეტრ ხე-ტყის პროდუქციის დამზადებაზე გაუხარჯავთ 0,55 კუბომეტრი მრგვალი სამასალე ხე-ტყის ნედლეული.
ახლა გავიანგარიშოთ წარმოებული 651,1 ათ. კუბომეტრი ხე-ტყის პროდუქციაზე რა მინიმალური რაოდენობის მრგვალი სამასალე ხე-ტყის ნედლეული უნდა გახარჯულიყო, ტექნიკურად დასაბუთებული ხარჯვის ნორმატივების გათვალისწინებით. მოგახსენებთ, რომ 1 კუბომეტრი ჩამოგანული ფიცრის დამზადებაზე მრგვალი სამასალე ხე-ტყის ნედლეულის ხარჯვის ნორმა შეადგენს 1,45-1,55 კუბომეტრს, 1 კუბომეტრი საავეჯე და სამშენებლო დეტალების დამზადებაზე ნედლეულის ხარჯვის ნორმა შეადგენს 1,9-2,3 კუბომეტრს, საპარკეტე ფრიზის დამზადებაზე 2,4-2,6 კუბომეტრს; 1 კუბომეტრი პარკეტის დამზადებაზე 3,2-3,8 კუბომეტრი.
ახლა ობიექტურად გავთალოთ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის სამასალე ნედლეულის (მორის) ღირებულება და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსადმი მიყენებული ზარალის დონე: 1 კუბომეტრი წიფლისა და წიწვოვანი შერეული ჯიშის მორის მინიმალური ზღვრული საბაზრო ფასი შეადგენდა 63,2 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე, უკანონოდ მოპოვებული 520,4 ათ კუბომეტრი შერეული ჯიშის მრგვალი სამასალე მორის ღირებულება შეადგენდა მიმუმ 32,9 მლნ აშშ დოლარს, რაც სახელმწიფოს "სუფთა” ზარალს წარმოადგენს. ამრიგად, სამი წლის განმავლობაში ყოველი 1 კუბომეტრ ხე-ტყის პროდუქციის წარმოებაზე სახელმწიფოს ზარალი საშუალოდ შეადგენს მინიმუმ 50,5 დოლარს. აქედან გამომდინარე, რაოდენობრივი პროდუქციის გათვალისწინებით, საექსპორტო პროდუქციის (61,7%) წარმოებაზე სახელმწიფოს სუფთა ზარალი შეადგენს მინიმუმ 20,3 მლნ დოლარს, ხოლო შიდამოხმარების ბაზრის პროდუქციის (38,3%) წარმოებაზე – 12,6 მლნ დოლარს.
ამ პარადოქსულ კალეიდოსკოპშო ადვილად შეიმჩნევა ის კურიოზული ფაქტიც, რომ მრგვალი სამასალე ხე-ტყის ლეგიტიმური რესურსი 358,6 ათ. კუბომეტრი, არ ჰყოფნის მარტო 401,6 ათასი კუბომეტრი ხე-ტყის საექსპორტო პროდუქციის დამზადებას. სამწუხაროდ, მსგავსი პარადოქსებით არ მთავრდება ხე-ტყის საექსპორტო პროდუქციასთან დაკავშირებული კორუფციული უხეშკანონდამრღვევი ქმედებათა ფართომასშტაბიანი პროცესები.
"ამ აღვირახსნილ განუკითხაობას და ე.წ დაკანონებულ უწესრიგობას არ მოეღება ბოლო, სანამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა (საბაჟო სამსახურის) სამინისტროები სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად არ შეიმუშავებენ ეროვნული უნიკალური ტყის ფონდის დაცვისა და ხე-ტყის პროდუქციის უკანონო ექსპორტის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის გაძლიერების კოორდინირებულ კომპლექსურ ღონისძიებებს", - განაცხადა შპს "საქტყემრეწვის" თავმჯდომარემ, ხის დამამუშავებელი მრეწველობის ლიცენზირებულმა ექსპერტმა შოთა ჯაოშვილმა.
ასეთია, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეროვნული უნიკალური ტყეების ხე-ტყის რესურსების "რენტაბელური” გამოყენების და ტყითსარგებლობის სამრეწველო-საექსპორტო ინდუსტრიის მზარდი ტემპით განვითარების რეალური სურათი. გულდასაწყვეტია, საქართველოს უნიკალური ტყეების განადგურების აშკარად გამოკვეთილ პროცესებს ვერავინ ვერ "ხედავს". ასევე ვერ "ამჩნევენ" ტყის გამეჩხერებულ კორომებს, ტყის დეგრადირებულ მასივებს, ნიადაგის ეროზიის, მეწყერების, ღვარცოფების და დატბორვების გახშირებულ პროცესებს, რომელიც ეკონომიკური ზიანის გარდა, რეალურ საფრთხეს უქმნის ეროვნული ტყეების ბიომრავალფეროვნებისა და სახელმწიფოს ბიოსფეროს მდგრადობის შენარჩუნებას, რაც საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასია. რღვევის პროცესები კი უკვე კარგახანია დაწყებულია.
მარიამ ბიბილაშვილი