”სამი წლის წინ ბოკერიამ სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილი ერების საქმედ შეაფასა და ახლა გახდა ის პრიორიტეტული?”- ბ-ნო ნოდარ, თქვენი აზრით, საქართველომ უნდა გააკეთოს თუ არა აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. არის მოსაზრება, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მცირე სახნავ-სათესი მიწა გააჩნია, რომ მარტო ხორბლის ადგილობრივი მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ, ხორბლის დათესვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგვიწევს. თქვენი შეფასებით, რა პოტენციალი გააჩნია საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგს? - საქართველოს სრული შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ მარცვლეულით უზრუნველყოფილი იყოს. ზოგიერთ მეცნიერს რა ეშლება იცით? სოფლის მეურნეობით უზრუნველყოფა ხორბალში გადაყვანილი, სადაც ხორცის, რძის, კვერცხის და ა.შ. მოხმარების რაოდენობაც მარცვალშია გადატანილი. შეიძლება ამ მხრივ მოთხოვნა სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ და მიზნადაც არ დავისახოთ, მაგრამ ავიღოთ სასურსათო ბალანსები და ვნახავთ, 2009 წლის მონაცემებით ადამიანის საკვებად დაახლოებით 660 ათასი ტონა ხორბალი გვაქვს მოხმარებული, ხოლო საქონლის მოხმარებისთვის 10 ათასი ტონა, თუმცა იყო დრო, როდესაც ამ მხრივ 200 ათასს ტონას მოვიხმარდით. სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენეული გათვლებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში უნდა ავსულიყავით 1,2-1,5 მილიონ ტონამდე. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია და ამას ნამდვილად არ სჭირდება გენმოდიფიცირებული თესლი და თუ გნებავთ ის, რაც ახლა შემოდის ქვეყანაში.
რა არის ამერიკული ხორბალი? ხორბლის სამშობლო საქართველოა და ამერიკული ხორბალი არის ქართული ხორბლის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ამერიკელებმა სელექციით გამოიყვანეს. ვერცერთი ამერიკული ხორბალი ქართულ ხორბალს ვერ შეედრება. საბჭოთა კავშირის პერიოდში, 25 წლის განმავლობაში, შესაბამისი დარგის ქართველი მეცნიერები ერთმანეთს ადარებდნენ ამერიკულ და ქართულ ხორბალს, როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ჯიშის ხორბალი მოდიოდა. პირველი სამი-ხუთი წელი ამერიკული ხორბალი მოსავლიანობით ქართულ ხორბალს სჯობია, მაგრამ საშუალოდ 25 წლის განმავლობაში ქართული ხორბალია გამარჯვებული. ანუ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 4-6 ტონა ქართული ხორბალი ერთ ჰექტარ მიწაზე მოვიყვანოთ, რომელიც თავისი ხარისხობრივი თვისებებით გაცილებით კარგია, ვიდრე სხვა. არითმეტიკა ყველამ კარგად ვიცით, აბა, გადავამრავლოთ 4-6 ტონა 200 ათას ჰექტარზე, ეს კი სრულიად საკმარისია საქართველოსთვის.
ის პრობლემა, რომელსაც საქართველოში ხატავენ აბსოლუტურად მიუღებელია. მაგალითად, XX საუკუნის 60-იან წლებში ჩვენ 500-750 ათასი ტონა ხორბალი მოგვყავდა და თითქმის უზრუნველყოფილები ვიყავით. ზოგიერთი მეცნიერი იმის თქმასაც კი კადრულობს - ქართული პური არ ცხვებაო, წებოვნება არ აქვსო. რა გამოდის, ჩვენს წინაპრებს ამერიკიდან ჩამოჰქონდათ პური?
საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ძალიან ადვილად ტყუვდება. ჩვენმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა გვითხრა, აღარც მეღორეობა გვინდა, აღარც მექათმეობა, აღარც მეძროხეობა, აგერ ცხვრის გაყიდვაც დავიწყეთ და ბაყაყი მოვაშენოთო. თუმცა, ხშირად ის, რაც მომგებიანია, მისაღები არაა.
- როგორ უნდა დავამტკიცოთ ქართულ ბაზარზე, რომ ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულს ხარისხით ბევრად აღემატება?- ეს სერიოზული საკითხია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ხელისუფლება ეუბნება, არ გაქვთ უფლება იცოდეთ, რას ჭამთ და სვამთო. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ 2015 წლამდე ხარისხის კონტროლი არ გექნებათო. ჩვენ კი ამას ვიტანთ. ხარისხის ინფრასტრუქტურის გარეშე სახელმწიფო ვერ ვიქნებით და ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნილი გაანადგურა. გარდა ამისა, კიდეც დაგვცინიან, მაგალითად, გამოდის ვიღაც და გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის კონტროლის სამსახური იწყებს ხორცპროდუქტების შემოწმებას, ოღონდ შედეგებზე დამნაშავე არ დაისჯება, თქვენც არ გეტყვით რომელი კომპანია შევამოწმეთ და რა შედეგები მივიღეთო. შესაძლოა ესა თუ ის ნივთიერება ადამიანისთვის სასიკვდილო იყოს, მაგრამ ამის შესახებ მომხმარებელმა არ იცის. ხარისხის კონტროლი როცა გვექნება, ეს პრობლემაც აღარ დადგება დღის წესრიგში.
ერთხელ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში მიმიწვიეს. მევენახეობის დარგის მეცნიერები მეკითხებოდნენ, რა ეშველება ქართულ მევენახეობას. გამიკვირდა, რატომ მეკითხებოდნენ მე ამას. მაშინ ვუთხარი მათ, რომ ქართულ მევენახეობას ხარისხის კონტროლის ჩატარებაც კი ეყოფადა. ქართული ღვინის ბოთლში ყურძნის წვენის გარდა თუ არაფერი ჩამოისხმება, შეიძლება მეორე დღესვე ღვინის ქარხნის დირექტორები მუხლებზე დაუდგნენ გლეხებს და შეეხვეწონ, მიჰყიდონ მათ ღვინო. დღეს გენიალური რქაწითელი მოჰყავს ქართველ გლეხს და ქარხნის დირექტორი მას ეუბნება, 25 თეთრს მოგცემ, თუ არადა საერთოდ არ ვიყიდი. იცით, რატომ ხდება ასე? დღეს ღვინოს არ სჭირდება ყურძენი, რადგან ღვინოს ყურძნის გარდა ყველაფერს უშვებიან. თორემ, როგორ უნდა ხდებოდეს ის, რომ საქართველოში რა რაოდენობის ყურძენსაც მოვიწევთ, ორჯერ მეტს თვითონ ვსვამთ და ექსპორტზეც გაგვაქვს?
ეს პრობლემა აღმოიფხვრება მაშინ, როდესაც ქვეყანაში თითოეული პროდუქტი შემოწმდება და სერტიფიცირებული გახდება. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის კონტროლი რთულია და საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ერთია ჩვენთვის გაკეთებული ანალიზი და მეორეა ევროპელისა და ამერიკელისთვის. ამერიკელმა რომ მიიღო შენი დასკვნა, როგორც რეალობა, შენი ლაბორატორია უნდა იყოს გაკვლევადი, ანუ შენი ლაბორატორიის დასკვნას უნდა ჰქონდეს IშO სერთიფიკატი და ევროპაშიც და ამერიკაშიც მას წონა უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ გაუკეთებელი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანა მას პრიორიტეტად დასახავს. ევროკავშირის ძალიან დიდი სურვილია ასეთი ლაბორატორიები ყველა ქვეყანაში იყოს, რადგან შენს ქვეყანაში თუ ჩამოვა ევროპელი მილიონერი, მან უნდა იცოდეს რას ჭამს, მან უნდა იცოდეს, რომ ესა თუ ის პროდუქტი არ მოწამლავს, გენს არ შეუცვლის და ა.შ. მათ უნდათ თუ არა, მაინც უწევთ ჩამოსვლა. ევროკავშირი სწორედ ამიტომ დაგვეხმარება, ეს გაკეთებადია.
- საქართველოს აქვს პოტენციალი და თქვენი აზრით, რატომ მოხდა ის, რომ ნათესი ფართობები შემცირდა, მეცხოველეობას ნაკლებად ეწევიან და რატომ ვერ გაუწია ჩვენმა პროდუქტმა იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენცია? - ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას მთავრობის სხდომებზეც მიწვევდნენ. მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ გულუამ დააყენა საკითხი, რომ საქართველოში უნდა ავკრძალოთ თურქული კარტოფილის შემოტანა. მე, როგორც მაკროეკონომისტი, ვეწინააღმდეგები მონეტარისტული ძალის მიერ ჩარევას ეკონომიკაში. ვკითხე ბ-ონ ბაკურს, რატომ უნდა აგვეკრძალა კარტოფილის იმპორტი. მან მიპასუხა, იმდენად იაფი კარტოფილი შემოდის, რომ ახალციხეში, თიანეთში არარენტაბელური ხდება კარტოფილის წარმოება და მთელ დარგს დავკარგავთო. ჩემი პასუხი იყო, თურქეთში საწვავი გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვენთან, სათესლე მასალა ორივე ქვეყანას ჰოლანდიიდან შემოგვაქვს, ანუ ერთ ფასს ვიხდით, მუშახელი თურქეთში უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთან, ხარჯებს ტრანსპორტირებც ემატება, 12% საბაჟო გვაქვს, რატომღაა თურქული კარტოფილი უფრო იაფი? მან მიპასუხა, რომ თურქეთში პესტიციდებით გაჟღენთილი პროდუქტი მოჰყავთო. თუმცა ამის აკრძალვა რაღა საჭირო იყო, ისედაც აკრძალული იყო ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების შემოტანა და სანეპიდ სამსახური საბაჟოზე იდგა, იმიტომ რომ არ შემოუშვას უხარისხო პროდუქტი. ეს კარტოფილის აკრძალვა არაა, ეს კარტოფილის სახელის ქვეშ რომ მომწამლავი ნივთიერებაა, იმის შემოტანა არ შეიძლება, რადგან ჩვენ კარტოფილს ვყიდულობთ და არა საწამლავს.
გაგახსენებთ, 3-4 წლის წინ ბოკერია გამოვიდა და სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილი ერების საქმედ შეაფასა, იქვე განაცხადა, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა და ახლა გახდა ჩვენი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული?
სოფლის მეურნეობის ინტენსიური წარმოებისას ჩვენ პირველი ხუთი წელი მუშახელი დაგვაკლდება. მაგრამ ინტესიფიკაციის პირობებში თანდათანობით მივალთ იქამდე, რომ 7-10% იქნება დასაქმებული სოფლის მეურნეობაში და ეს საკმარისი იქნება 10 მილიონი ქართველის გამოკვებისთვის.
- სოფლის მეურნეობაში რა უფრო მნიშვნელოვანია, მეცხოველეობა თუ მარცვლეულის წარმოება?- ეს ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ მარცვლეული არ გექნება მეცხოველეობაც არ გექნება, იმიტომ რომ მეცხოველეობა მარტო ბალახზე არ არსებობს, მითუმეტეს ინტენსიური მეცხოველეობა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პური თუ არ გაქვს, არა ხარ სახელმწიფო. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ როგორც მთა, ასევე ბარი და წყალი.
- სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა საბანკო სისტემიდან ფინანსური რესურსების მოძიებაა. ასევე პრობლემაა დაზღვევის თემა. თქვენ, როგორც ფინანსისტს, როგორ წარმოგიდგენიათ დაზღვევასთან ურთიერთობის მოგვარება და შემდეგ საბანკო სისტემასთან?- ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული. საქართველოში სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადების ინტერესი ბანკებს არ გაუჩნდებათ, თუ არ იქნება დაზღვევის სრულყოფილი მექანიზმი, რადგან ძალიან რისკიანი ზონა ვართ. დაზღვევის სრულყოფილი მექანიზმი საქართველოში არ იქნება, თუ მასში სახელმწიფო პოზიტიურად არ ჩაერია და რატომ. სამწუხაროდ, ქართველი გლეხი ძალიან რთულად მივა იქამდე, რომ ფული უნდა გადაიხადოს იმაში, რომ მოსავალი დააზღვიოს. კახეთში ოთხ წელიწადში ერთია ძალიან კარგი მოსავალი, ორი არაუშავს და ერთი ყოველთვის ფუჭდება. გლეხს უნდა უნდოდეს, რომ რაღაც თანხა გადაიხადოს და ნოლზე არასოდეს არ დარჩება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა და პირველი ხუთი წელი მან უნდა დაუზღვიოს გლეხს მოსავალი, რათა გლეხმა ნახოს, რომ დაესეტყვება მოსავალი და იმდენივეს მიიღებს, რამდენსაც არდასეტყვის შემთხვევაში მიიღებდა, მაშინვე მიხვდება, რომ ამისთვის გადახდა ღირს.
- სადაზღვევო სექტორს რა რესურსი აქვს? როგორც ვიცი, არსებობს ასევე გადაზღვევის სისტემები, რომ აგვიხსნათ ეს საკითხი? - საქართველოში ქართული დაზღვევა მარტო სოფლის მეურნეობაზე თუ იმუშავებს, ის გაკოტრდება, რადგან ჩვენთან მაღალი რისკია. ჩვენ როცა ეს საკითხი დავსვით, ეს იყო პრაქტიკულად "ლოიდსის~ გადაზღვევა და მხოლოდ ამ გზით შეიძლება სიარული. თუმცა შესაძლებელია საქართველოში სხვადასხვა სფეროს დაზღვევებმა აითვისოს ეს სექტორი. როდესაც კომპანია ხედავს, რომ ავტომანქანების დაზღვევა 100%-ით მომგებიანია, რისკს არ გაწევს და, ვთქვათ, არ გარისკავს სხვა სფეროში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში ფინანსური რესურსის ჩადებას. თუმცა, თუ პირველ ეტაპზე სახელმწიფოც ჩაერთვება, კომპანიები მიხვდებიან, რომ ამ სექტორში არის მოგება და ბაზარს არ დატოვებენ. საკმარისია, რეალური კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ, რომ ახალი პროდუქტების გამოტანით სადაზღვევო კომპანიები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. დღეს კი ყველაფერი მონოპოლიზებულია და ბაზარი გაყოფილი აქვთ.
ესაუბრა თეონა ჭიტაძე