”ჩვენ გვაძლევენ საშუალებას საქართველოში ვიყიდოთ 80 ათასი ჰექტარი მიწა”სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციის ჩადების საკითხი კვლავაც აქტუალურია.
ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ სამხრეთ აფრიკის აგრარულ კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ბურები საქართველოს აგარარულ სექტორში ინვესტიციებს განახორციელებენ. მემორანდუმის სრული ტექსტი დღემდე კონფიდენციალურია. ცნობილია მხოლოდ, რომ საქართველოს მთავრობა ბურებს აფრიკიდან ევროპაში ბიზნესის გადმოტანას სთავაზობს. ბური ფერმერების პირველი დელეგაცია საქართველოს გასული წლის სექტემბერში ეწვია. შეხვედრები ჰქონდათ პრეზიდენტთან, რამდენიმე მინისტრთან და ასევე პირველ ლედისთან, სანდრა რულოვსთან. აფრიკელების კიდევ ერთი ჯგუფი 13 იანვარს ჩამოვიდა.
”აქ საუბარია სამხრეთ აფრიკაში წარმატებულ ჰოლანდიური, ბრიტანული და ფრანგული წარმოშობის ფერმერებზე. მათ შეუძლიათ შექმნან უამრავი სამუშაო ადგილი საქართველოში. შექმნან ეკონომიკის საკმაოდ დიდი სეგმენტი, რომელიც ძალიან წაადგება ჩვენს ბიუჯეტს. ეს ადამიანები თავიანთი ფერმერული ბიზნესებისთვის ეძებენ დივერსიფიკაციის გზებს. ეძებენ უფრო ახლო ადგილებს ევროპულ და აზიურ ბაზრებთან და კარგი იქნებოდა, თუ ისინი გადმოიტანენ თავიან მეურნეობებს საქართველოში”, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია.
მესამე თვეა რამდენიმე ბური ფერმერი, ბენი ვან ზილის მეთაურობით, უკვე საქართველოში ცხოვრობს. ვან ზილი სამხრეთ აფრიკის აგრარული კავშირის გენერალური მენეჯერია.
სამხრეთ აფრიკული პრესის ცნობით, დღეისათვის სამოცამდე ბურ ფერმერს აქვს გადაწყვეტილი გადმოსახლდეს საქართველოში ან სამხრეთ აფრიკიდან მართოს აქ საკუთარი ბიზნესი. ჯერჯერობით, საქართველოს პასპორტი მხოლოდ ერთ ბურს - უილიამ სტერნბერგ დე კლერკს აქვს, რომელიც ბოლნისში ცხოვრობს და კომპანია `მადნეულში~ მუშაობს. რამდენმა ბურმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად ან მიმართა თუ არა საერთოდ, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ ბურების შარშანდელი ვიზიტის შთაბეჭდილებები, რომელიც თხუთმეტგვერდიანი წერილის სახით გამოქვეყნდა.
”ჩვენს ფერმერებს აქვთ საშუალება დაკავდნენ ბიზნესით სხვა კონტინენტზე, გაცილებით უსაფრთხო გარემოში. საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სეგმენტში შევქნათ წარმატებული ფერმერული მეურნეობები. ჩვენ გვაძლევენ საშუალებას საქართველოში ვიყიდოთ 80 ათასი ჰექტარი მიწა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, ქვეყნის ათივე რეგიონშია ხელმისაწვდომი”, - ნათქვამია წერილში.
ბევრი ექსპერტი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე, პროკურატურამ მთელი საქართველოს მასშტაბით, ორ ჰექტარზე მეტი უკვე პრივატიზებული მიწის ფართობების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
არაოფიციალურად ცნობით, უკვე ასზე მეტმა კერძო პირმა, პროკურატურის ზეწოლით, სახელმწიფოს უკან `აჩუქა~ მიწის ფართობი, რომელიც მიწის ლეგალიზაციის კომისიის მიერ დამტკიცებული ჰქონდათ. ამის გამო, საზოგადოების და ექსპერტების გარკვეული ნაწილი ბურების ჩამოსახლებას ეჭვის თვალით უყურებს.
”არავითარი გამოცდილების გადმოტანა მათ არ შეუძლიათ. იმიტომ, რომ ბურებმა არ იციან ქართველ გლეხზე მეტი. უკანასკნელი 20 წელია ქართველ გლეხს არ მივეცით საშუალება, თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. ის, პრაქტიკულად, გაღატაკებული და თითივით გალოკილია. მას არ დავხმარებივართ არაფერში, გარდა იმისა, რომ გადავუგდეთ ერთი ჰექტარი მიწა და ქვეყნის გამოკვების მთელი პასუხისმგებლობა ავკიდეთ. ახლა კი ვაცხადებთ, რომ ქართველი გლეხი უმაქნისია და სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად ბურების ჩამოსახლება და მათი გამოცდილების გადმოტანაა საჭირო. თანამედროვე ტექნოლოგიები ქართველ გლეხსაც რომ მივცეთ, ის ნებისმიერი მაღალი რანგის ევროპელ გლეხზე და ფერმერზე მეტს გააკეთებს. ჩვენ არ ვაძლევთ ქართველ გლეხს არც ინვესტიციას და არც არაფრით ვეხმარებით. ეს კიდევ ერთი კაპრიზია. დავით აღმაშენებლის მიმბაძველობით აკეთებენ ყველაფერს. აკვიატებად აქვთ ქცეული, მაგრამ არ უფიქრდებიან, ეს რას მოუტონს ქვეყანას”, - აცხადებს ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში პაატა კოღუაშვილი.
ქართველი ოპოზიციონერებიც ამტკიცებენ, რომ მოახალშენეებს საუკეთესო მიწებს, ფაქტობრივად, უფასოდ გადასცემენ და ქართველი გლეხი ყველას დაავიწყდება. ის იდეა, რომ ქვეყანას საუკეთესო ფერმერები დატოვებენ, ბევრს არც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ნიდერლანდებიდან სამხრეთ აფრიკაში გადასახლებული ბურები კარგ მეურნეებად ითვლებიან, მაგრამ ამჯერად შავკანიანი მოსახლეობის მიერ შევიწროებული ეს ადამიანები მაინცადამაინც საქართველომ რატომ უნდა შეიფაროს, გაუგებარია. ბურებზე არანაკლები, თუ არა უკეთესი ფერმერები არიან კანადაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში, ბევრგან სხვაგანაც, მათი მოწვევაც შეიძლება. თუმცა, მიზეზი ხომ სხვაა. აგრარული პოლიტიკის არარსებობა - აი, რა არის მთავარი პრობლემა, რასაც ბურების ჩამოსახლება ვერ გადაწყვეტს.
ნინო დარბაისელი