
გლეხებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ - გაიზრდება თუ არა მიწის გადასახადი მომავალი წლიდან. მათი განცხადებით დღეს არსებული მიწის გადასახადის გადახდაც კი უჭირთ და გაზრდილი ტარიფი, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. "მოხდება ისე, რომ იძულებულები ვიქნებით საკუთრებაში არსებული მიწები გავასხვისოთ, რადგან ჩვენ მიწის დამუშავების საშუალება და გადასახადის გადახდის რესურსი არ გვაქვს", - აცხადებენ გლეხები.
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით სასოფლო - სამეურნეო მიწის გადასახადი მიწის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება და მთელს საქართველოში ჰექტარზე 8 ლარიდან 57 ლარამდე მიწის ხარისხის კატეგორიის მიხედვით იზრდება. მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის მისი ხარისხისა და ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას კი ადგილობრივი თვითმმართველობები იღებენ, წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ განაკვეთების ოდენობა არ შეიძლება იყოს საბაზისო განაკვეთის არაუმცირეს 50%-ისა და არაუმეტეს 150%-ისა.
სახნავი მიწები დაყოფილია ორ კატეგორიად - კარგ და მწირ მიწებად. ყოველი ერთი ჰექტარი კარგი ხარისხის მიწისთვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი მაქსიმალური ფასი 57 ლარს შეადგენს, ხოლო მინიმალური ოდენობა - 13 ლარს. ყოველი ერთი ჰექტარი მწირი მიწისთვის წელიწადში მაქსიმალური გადასახადი 31 ლარი, ხოლო მინიმალური - 8 ლარი.
სათიბები და საძოვრებიც ორ კატეგორიად იყოფა - ბუნებრივი სათიბები და საძოვრები და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები. ბუნებრივი სათიბებისთვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადი ჰექტარზე მაქსიმუმ 6 ლარს, ხოლო მინიმალური - 2,5 ლარს შეადგენს. გაკულტურებული სათიბებისთვის მაქსიმალური გადასახადი 8 ლარი, ხოლო მინიმალური - 4 ლარია. ბუნებრივი საძოვრებისთვის გადასახადის მაქსიმალური განაკვეთი ერთ ჰექტარზე 3 ლარს, ხოლო მინიმალური - 1,5 ლარს შეადგენს. გაკულტურებული საძოვრებისთვის კი მაქსიმალური განაკვეთია 4 ლარი, ხოლო მინიმალური – 2 ლარი.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, კოდექსის 204-ე მუხლის მიხედვით სათიბებსა და საძოვრებზე 1,5 - 20 ლარამდე ტარიფს აწესებს, სხვა მიწებზე კი 50 - 100 ლარამდე. გარდა ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია ეს თანხა 50-დან 150 ლარამდე გაზარდოს. ახალი ტარიფი მიწის მოსავლიანობის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, გაურკვეველია, რა მექანიზმით დადგინდება, როგორ მოსავალს იძლევა ესა თუ ის ნაკვეთი.
გამოდის, რომ მომავალი წლიდან გლეხებს გადასახადი გაუძვირდებათ, თუ მიწის მინიმალური გადასახადი 50 ლარი იქნება, რადგან დღეს არსებული კანონმდებლობით მიწის გადასახადი ხარისხის მიხედვით ზოგიერთ რეგიონში 8 ლარია. რეგიონებში დღეს არსებული მძიმე მდგომარეობის მიხედვით გლეხების დიდი ნაწილი მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს, ან მცირე რაოდენობით ამუშავებს. გამომდინარე იქიდან, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მთლიანად დამოკიდებულია კლიმატის ცვლილებებზე, რის გამოც შესაძლოა მიწის დამუშავების შემთხვევაში, მოსავალი მცირე რაოდენობით მოვიდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაჯანსაღების მიზნით არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ ხორციელდება. იგეგმება თუ არა მიწების ხარისხის გამოკვლევა და ახალი ბაზის შექმნა, მოხდება თუ არა მიწის გადასახადის განსაზღვრა მოსავლის მიღების მიხედვით ამ კითხვაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.