ქართული სოფელი არაბების ბოსტანი გახდება (ქართველს რად უნდა ბოსტანი?!)რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი სატელევიზიო სპექტაკლი მოგვიწყო. 22 წუთის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა, ძირითადად, სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა, შემდეგ კი ტრაქტორით გაისეირნა.
პრეზიდენტმა ისეთი პათოსით ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე, თითქოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აკეთებდა განცხადებას. ამ 22 წუთის განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ ორჯერ ორი არის ოთხი.
პრეზიდენტი ისე საუბრობდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების ათვისებაზე, შემრცხვა, რომ ხელში ტელევიზორის პულტი მეჭირა და არა თოხი. მაგრამ როდესაც 22 წუთიანი ბურუსიდან გამოვედი, მივხვდი, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები მხოლოდ ჩემი სიზარმაცის ბრალი არ არის და ვერც ვერაფერს შევცვლი.
ძალიან ბევრი საინტერესო რამ თქვა პრეზიდენტმა. მათ შორის მთავარი ისაა, რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს. დასამუშავებელი კი მართლაც ბევრია. ქვეყანაში არსებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების მხოლოდ 20%-მდეა დამუშავებული. პრეზიდენტს მოღვაწეობის მეშვიდე წლისთავზე გაახსენდა, რომ მიწები დაუმუშავებელია.
პრეზიდენტის თქმით, პრობლემის გადასაწყვეტად მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა - ქვეყანაში შემოიტანა იაპონური ტრაქტორები, მორწყვის პრობლემა მოაგვარა და სათანადო საგადასახადო კოდექსი მიიღო.
იაპონურ ტრაქტორებს, სოფლის მოსახლეობა, ისევე როგორც ქალაქის მხოლოდ ტელევიზიით ხედავს, მორწყვის პრობლემის მოგვარება იმით გამოიხატა, რომ ირიგაციის არსებული საშუალებებით სარგებლობა ფასიანი გახდა. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, მთავარი ძაღლის თავი, სწორედ აქ იმალება.
მიწის მფლობელებს გადასახადებს გაუზრდიან. აი ეს არის ის მთავარი რეფორმა, რომელმაც სოფლის მეურნეობა უნდა ააყვავოს. თურმე, ეს ცვლილება ფერმერებს მოტივაციას გაუჩენს, რომ მიწა დაამუშაონ და გაზრდილი გადასახადები გადაიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიწას ჩამოართმევენ.
თუ მიწის დამუშავება დაბალი გადასახადების პირობებშიც კი არ იყო შესაძლებელი, როგორ შეიძლება გახდეს ეს საქმიანობა მომგებიანი, მაღალი გადასახადების არსებობის შემთხვევაში. ხელისუფლების ინტერპრეტაციით, პრობლემა მხოლოდ მოტივაციაა და სოფლის მოსახლეობა მხოლოდ იმიტომ შიმშილობს, რომ მოტივაცია არ აქვს.
ისე როგორ იქნებოდა, რომ პრეზიდენტს რუსეთი ან შევარდნაძე არ ეხსენებინა. მან პროფესიულად ახსნა, როგორ გაჩანაგდა სოფლის მეურნეობა კომუნისტების დროს და როგორ მოიპოვა შევარდნაძემ ყურძნის უხვი მოსავლის გამო შევარდნაძემ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის სტატუსი. მერე ისიც დაამატა, რა გულმოდგინედ მუშაობს, თავად, - „გარდა ამისა, მიწის დამუშავებისთვის აუცილებელია ეკონომიკური გარემო. ბევრი მიწაა დაუმუშავებელი იმიტომ, რომ შევარდნაძის დროს პროკურორებმა, გამგებლებმა, მინისტრის მოადგილეებმა დაირიგეს მიწები, ახლა აზის ამ მიწას და ელოდება, რომ ფასი მოემატოს და იქნებ ვინმე უცხოელს მიყიდოს. ეს არ გამოვა. მიწა დაუმუშავებელი არ უნდა იყოს. ახლა საგადასახადო კოდექსი იძლევა საშუალებას ამ საკითხს მივუტრიალდეთ და მიწა შესანახი არ უნდა იყოს, თუ გადასახადს გადაიხდი და არ დაამუშავებ მაშინ მაზოხისტი უნდა იყო. ან ხელები დაიკაპიწე და იშრომე, ან მიეცი საშუალება იმას ვისაც შრომა უნდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სოფლად შრომა ყველას უნდა. ქართველი გლეხი ზარმაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყანამდე იაპონური ტრაქტორი და სარწყავი წყალი ჯერ უბრალოდ არ მისულა. ეს ტრაქტორები, ისევ იმ ჩინოვნიკების ხელშია ვინც ადგილობრივ თვითმმართველობებში მუშაობენ და ათეულობით ჰექტარ მიწებს ფლობენ. ამიტომ რამდენი ჰექტარი მიწაც არ უნდა ჰქონდეთ ისინი მის ბოლომდე დამუშავებას ფიზიკურად ვერ ახერხებენ.
განვიხილოთ ხორბლის მოყვანის შემთხვევა. იაპონური ტრაქტორის დაქირავება და 1 ჰექტარი მიწის დახვნა გლეხს 100 ლარამდე უჯდება. კულტივაცია, ანუ მარცვლის დასათესად მიწის მომზადება და შემდეგ დათესვა 50-50, სულ 100 ლარი ღირს. ამას ემატება მიწის გადასახადი მინიმუმ 35 ლარი 1 ჰექტარზე და ასევე, სარწყავი წყლის გადასახადი 1 ჰექტარზე 100 ლარამდე. სათესლე ხორბლის ფასი დაახლოებით 500-700 ლარია, დათესილ მარცვალს მინერალური სასუქები და მავნებლებისგან დაცვა სჭირდება, რაც საკმაოდ სოლიდური ფასი ღირს, მოსავლის აღებას და დაბინავებას კიდე სხვა ხარჯი აქვს. საბოლოო ჯამში გლეხს 1 ჰექტარი მიწის დამუშავება და იქ მოსავლის მოყვანა მინიმუმ 1500 ლარამდე უჯდება.
ნორმალური კლიმატური პირობების შემთხვევაში, ერთ ჰექტარზე საშუალოდ 3 ტონა ხორბლის მოყვანაა შესაძლებელი. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ საკმაოდ ხშირად გლეხებს მოსავალს სხვადასხვა სტიქიური მოვლენებიც უფუჭებს, ჩვენს ქვეყანაში კი მოსავლის დაზღვევის სისტემა ჯერჯერობით არ მუშაობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროდუქტის ფასი ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მერყევია და წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, საქართველოში მეხორბლეობა ერთერთი ყველაზე რისკიანი საქმეა, შესაბამისად, გლეხების დიდი ნაწილი ვერ ბედავს ამ საქმის დაწყებას, ვინც ბედავს, ისინი ერიდებიან საქმის დიდი მასშტაბით წამოწყებას, მით უფრო, რომ მათთვის საბანკო პროდუქტებიც პრაქტიკულად მიუწვდომელია.
ამ სიტუაციაში პრეზიდენტს სოფლის მეურნეობაში მთავარი პრობლემა მოტივაციის არჰქონა ჰგონია. მთავრობა კი პრობლემის მოგვარებას გადასახადების ზრდით აპირებს. მომავალი წლიდან 5 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის მფლობელს სოლიდური გადასახადის გადახდა მოუწევს და იძულებული გახდება მიწა თავად დაამუშაოს, არენდით გასცეს ან გაასხვისოს. მთავრობის გეგმის თანახმად, კი შეიქმნება მიწის ბანკი და საინფორმაციო ცენტრი, რათა ინვესტორებმა მარტივად შეძლონ სასურველი მიწის ნაკვეთის შეძენა.
ძალიან საინტერესო რამ იმალება, ამ განცხადების უკან. მთავრობა, რეალურად ახალისებს არა მიწების დამუშავებას, არამედ მის გასხვისებას, უფრო საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება ახალი ინვესტიციების მოზიდვა.
გაზაფხულზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა გენიალური განცხადება გააკეთა, რომ დაუმუშავებელ მიწებს სახელმწიფო დაამუშავებდა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მინისტრს დაავიწყდა, რომ მიწებს სახელმწიფო იმ საბჭოთა კავშირში ამუშავებდა, რომელიც პრეზიდენტმა ქართული სოფლის მეურნეობის მთავარ დამაქცევრად დაასახელა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს განცხადება, მხოლოდ პოპულიზმი იყო და მეტი არაფერი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაიფიქრა პრობლემის ამ გზით გადაწყვეტა და მიწების პრივატიზება არჩია.
ერთი სიტყვით, ტყეების და საძოვრების გასხვისების ინიციატივით გამოსვლის შემდეგ, მთავრობა სახნავ-სათესი მიწების გაყიდვასაც გეგმავს. ამ შემთხვევაში უკვე ინვესტორების თემამაც გაიჟღერა, ვინ არიან საქართველოში ინვესტორები, ვინ უნდა იყიდოს ეს მიწები?! ბუნებრივია, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ქართველი ინვესტორები ადგილობრივ სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ. დარჩა უცხოელი ინვესტორები, არაბები, ჩინელები და თურქები,.. არაბებს უდაბნოს გარდა მიწა პრაქტიკულად არ აქვთ და წესით არ უნდა თქვან უარი საქართველოში ერთგვარი ბოსტანი მოაწყონ, ჩინელებს ქართულ ტყეებში ფულის შოვნის გამოცდილება უკვე აქვთ, რაც შეეხება თურქეთს, უძლიერესი სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანას, არ აწყენდა დამატებით ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიების ხელში ჩაგდება.
დღეს უკვე ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ გლეხებს მიწებს ჩამოართმევენ. ხვალ, იმ კანონსაც გააუქმებენ, რომლითაც უცხოეთის მოქალაქეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სავარგულების შეძენა არ შეუძლია და ყველაფერი კარგად იქნება. სოფლის მეურნეობაც აყვავდება და პრეზიდენტი უფრო თამამად გვაყურებინებს ტელევიზიით, - "ტრაქტორი ხნავს მინდორ-ველებს,.."
ადა ექიზაშვილი