ნანახია: 856
მიმდინარე რთველის პერიპეტიები
ყოველ წელს რთველის მოახლოება ხმაურს იწვევს. წლევანდელი "რთველი 2010”-იც ხმაურით დაიწყო. მედია საშუალებებმა რთველის მოახლოების შესახებ არაერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს. "კახეთში სპეცოპერაცია რთველი 2010" დაიწყო," - ამ სათაურით გაავრცელა სტატია "ამერიკის ხმამ". კახეთში რთველს წინ უძღვის პოლიციის გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ღვინის ქარხანამ ჩაიბაროს ყურძენი, თუნდაც მისი ბიზნესინტერესების საზარალოდ. სტატიაში რამდენიმე დრამატული მაგალითია მოყვანილი, თუ როგორ ხდებიან რთველის მსხვერპლნი ბიზნესმენები. ღვინის ქარხნების უმრავლესობას კი მათივე თქმით, არც ფული აქვთ და არც სურვილი წლევანდელი მოსავალი ჩაიბარონ, თუმცა, რა განწყობაზე იქნებიან “სპეცოპერაციის” შემდეგ, ჯერჯერობით არავინ იცის. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან კახეთში პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. სამართალდამცავებს სოფლებში პატრულირების გაძლიერება და ღვინის ქარხნებთან 24-საათიანი მორიგეობა დაევალათ, თუმცა რეგიონში პოლიციის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი უარყოფს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ჯერ კიდევ აგვისტოში "რთველი 2010"-ის საკოორდინაციო შტაბი გურჯაანში გახსნა. შტაბს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ტარიელ გაბუნია ხელმძღვანელობს. რთველის პირველ ეტაპზე საფერავის ჯიშის ყურძენი დაიკრიფა, შემდეგ კი რქაწითელი და სხვა ჯიშები. წელს, კახეთში, 85 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან. ეს არის ყურძნის მოსავლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში. შედარებისთვის 2007 წელს, ყურძნის მოსავალმა 227 ათას ტონას გადააჭარბა. წელს ერთი კილოგრამი საფერავის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრი, რქაწითელისა კი - 40 თეთრია. აქედან, გლეხს რქაწითელში 25 თეთრს ღვინის ქარხანა უხდის, ხოლო 15 თეთრს - სახელმწიფო. საფერავში კი 40 თეთრს ქარხანა იხდის, ხოლო 20 თეთრს სახელმწიფო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხა ვაუჩერიზაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს უნდა მოხმარდეს. ვაუჩერი გაიცემა ყველა იმ ქარხანაში, რომელიც გლეხებისგან ყურძნის შეძენას გადაწყვეტს. იმ თანხას კი, რომელსაც ქარხანა გლეხს უხდის, ეს უკანასკნელები მოგვიანებით, მაქსიმუმ 10 დღის ვადაში იღებენ. გაზეთი "ბანკები და ფინანსები” რთველის მიმდინარეობის შესახებ შტაბის ხელმძღვანელს ტარიელ გაბუნიას დაუკავშირდა: "რთველი ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად მიმდინარეობს, ბოლო ორი წელია აღარ არის ის გართულებები, რაც ადრე ახასიათებდა რთველს. ყურძენს ამ ეტაპზე 20-მდე კომპანია იბარებს. ამ ეტაპზე დაახლოებით 13 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, ამასთან, თვითონ კერძო კომპანიებს საკუთარი ყურძენიც აქვთ. საფერავის 95% უკვე დაბინავებულია, რქაწითელის დაბინავებაც უკვე აქტიურ ფაზაშია და ოქტომბრის დასაწყისისთვის რთველი უკვე დასრულდება. ყველა ქარხანაში, რომელიც ყურძენს ამუშავებს სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი იმყოფება და იქ ჩაბარებულ თითოეულ კილო ყურძენზე გლეხებისთვის შესაბამისი ვაუჩერის დანამატი გაიცემა, რომელსაც `ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში ანაღდებენ. წელს რთველის სუბსიდირებისთვის გამოყოფილია 6 მლნ 100 ათასი ლარი.”, - განაცხადა "რთველი 2010"-ის შტაბის ხელმძღვანელმა ტარიელ გაბუნიამ.
ადა ექიზაშვილი
|