ნანახია: 1448
მეხორბლეობის დარგი პრაქტიკულად განადგურებულია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი არანაირი ღონისძიებების გატარებას არ აპირებს
ნებისმიერ ქვეყანაში წარმოების განვითარება სახელმწიფო პოლიტიკაზე არის დამყარებული. ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და შემდეგ მისი ექსპორტის ხელშეწყობაზე საქართველოში მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე რეალურად ამ კუთხით ჯერ არ გაკეთებულა და უარყოფითი შედეგებიც სახეზე გვაქვს. უფრო კონკრეტულად კი საქმე სოფლის მეურნეობას და კერძოდ, მეხორბლეობას ეხება. გადაუღებელი წვიმების გამო, კახეთში ხორბლის ნათესები მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგან ყანებს დაავადება "ჟანგა" გაუჩნდა. კახელიGგლეხები იმედის თვალით შესცქერიან ცას და ელოდებიან, როდის გამოიდარებს, რომ იქნებ როგორმე გადარჩეს საღი მარცვალი და მცირე მოსავალი მაინც მოვიდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი არანაირი ღონისძიებების გატარებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო შესაძლებელია წელს ხორბლის საკუთარი მარაგის გარეშე დარჩეს. იმედგაცრუებული გლეხი, რომელიც წლიდან წლამდე წაგებაშია, გაისად, ალბათ, აღარც დათესავს ხორბალს და მომავალში ქართველ მოსახლეობას, სავარაუდოდ, მხოლოდ იმპორტირებული ხორბლის ფქვილით გამომცხვარ პურის მირთმევა მოუწევს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი წარმოება სულ უფრო და უფრო მცირდება და სამაგიეროდ, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხორბლის წილი იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელსაც დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო ხორბლის ნათესებთან დაკავშირებით. ოღონდ შარშან ჯერ გვალვამ, ხოლო შემდეგ ავდარმა 6-7- ჰექტარი ანუ ნათესების 80% გაანადგურა. აქედან გამომდინარე, მოსავალიც ძალიან ცოტა იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მაშინდელი კომენტარი გახლდათ ის, რომ უამინდობას ვერაფერს უზამ და სასურველ ამინდს კი ძალით ვერ მოიყვანო. არადა, სასწაულის მოხდენას სამინისტროს არც არავინ სთხოვს. მაგრამ მათ ნამდვილად შეუძლიათ და ვალდებულებიც არიან, რომ ადგილობრივი მეხორბლეობის ხელშესაწყობად უფრო ქმედითი ზომები გაატარონ და ასე უყურადღებოდ არ მიატოვონ საქართველოში მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთი დარგი, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და კერძოდ, მეხორბლეობა. დაახლოებით 5-10 წლის წინ ჩვენთან ხორბალი ასობით ჰექტარზე ითესებოდა, რაც დღეს 10-ჯერ არის შემცირებული. უნდა ითქვას, რომ მაშინაც მაღალი იყო რისკები, რომ ნათესებს წვიმა ან გვალვა გააფუჭებდა და არც ეფექტური სადაზღვევო სისტემა იცავდა აღნიშნულ დარგს ზარალისგან, მაგრამ ქართული ხორბლის მოსავლის ასეთი სიმცირე მაშინ ნამდვილად არ ყოფილა. თუ არ შეიცვლება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებთან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით, სულ მალე მართლაც დადგება ქვეყანა გარდაუვალი, სახელმწიფოსთვის არასახარბიელო ფაქტის წინაშე, როცა საქართველოში საერთოდ აღარ იქნება ადგილობრივი წარმოებები და მეურნეობები. აღარ გვექნება საკუთარი ხორბალი და მხოლოდ იმპორტის იმედად დავრჩებით, მაშინ, როდესაც როგორც არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, საქართველო ფქვილს სხვაგან არ უნდა ყიდულობდეს, რადგან მას საამისოდ ადგილობრივი რესურსი საკმარისად გააჩნია.
ქეთი სიხუაშვილი
|