საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შეფასებას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. ამ სფეროში მოსახლეობის 60%-ია დასაქმებული და ამ სფეროზე მოდის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%.
როგორც ჩანს, აღნიშნული სტატისტიკით სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პირადად მინისტრი იმდენად არის შეშფოთებული, რომ დანა პირს არ უხსნის და "ბ&ფ" მიერ დასმულ კითხვებს, სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, არ პასუხობს. რამდენიმე კვირის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა საქმეზე, მომავალში გასაკეთებელ საქმეზე. სოფლის მეურნეობის მინისტრი იმდენად იყო აღტაცებული პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი ღირსების ორდენის წეროვანში გამომზეურებით, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ათასი სისულელე წამოროშა. ჯერ იყო და სოფლის მეურნეობაში დარგობრივი ასოციაციების დაფუძნების აუცილებლობაზე ისაუბრა და არც კი გახსენებია, რომ ასეთი ასოციაციები უკვე დიდი ხანია არსებობს, მერე ამაყად განაცხადა, რომ დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს სახელმწიფო დაამუშავებს.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები კარს არის მომდგარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ეტყობა გაზაფხული ჯერ არ დამდგარა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები კი არა, ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაც ეზარებათ.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა განგვიცხადა, ის პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან პასუხები გასცეს ჩვენს კითხვებს და ჩვენთან ითანამშრომლონ, შვებულებაში ან რეგიონებში არიან გასულნი. რას აკეთებდა ამ დროს თავად გიორგი ჩადუნელი, ჩვენთვის ესეც გაუგებარი დარჩა. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ სამინისტროში, რომლის ბიუჯეტის 60% ხელფასებზე იხარჯება და მხოლოდ 23% სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისთვის, არავინაა ისეთი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე თუ არ იზრუნებს, ილაპარაკებს მაინც.
"ბ&ფ"-ს პასუხის მიღება შემდეგ საკითხებზე უნდოდა:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციით, როდის დგება გაზაფხული?
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციით, წლის რომელ პერიოდში უნდა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყება?
3. სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, როდის დაიწყებს სახელმწიფო ამ განცხადების სისრულეში მოყვანას?
4. სად უნდა დაბინავდეს სახელმწიფოს მიერ დამუშავებულ სავარგულებზე მიღებული მოსავალი?
5. აშენდება თუ არა დიდი საერთო ბეღელი და რომელი უცხოური გრანტის დახმარებით მოხერხდება ეს?
6. როგორ ჩაიარა წინა წელს (წინა წელს 2009 წელი იყო) სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის გაწეულმა პირდაპირმა დახმარებამ და რატომ აღარ გრძელდება იგივე პროგრამები 2010 წელს?
7. ხომ არ დაავიწყდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ წელს არჩევნებია და თუ არა, რატომ შეწყდა"მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქებით უზრუნველყოფის ღონისძიებები?"
8. იცის თუ არა ბატონმა კვეზერელმა, რას ნიშნავს ასოციაცია და რომ ასოციაცია არ შეიძლება შექმნას სახელმწიფომ?
9. მაინც რაში ხედავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგობრივი ასოციაციების მთავარ ფუნქციას?
10. სად ინახება ის ტექნიკა, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ჩანს ჩვენს ტელევიზიებში და აცხადებენ, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" საჩუქარი ხალხს?
თუ ამ კითხვებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში პასუხები არ აქვთ, მაშინ გავაუქმოთ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მას ხომ მშვენიერი შენობა აქვს, რომელიც სარფიანად გაიყიდება.
ლევან ცენტერაძე