DataLife Engine > ტურიზმი > ქართული ტურიზმის რეალობა
ქართული ტურიზმის რეალობა24 იანვარი 2009. : vale |
|
მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ბიზნესსექტორი დააზარალა. კომპანიები თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებენ, ბანკები კრედიტებს აღარ გასცემენ, რამდენიმე საწარმო დაიხურა კიდეც.
მსოფლიოში განვითარებულმა გლობალურმა მოვლენებმა ტურიზმის ბიზნესზე განსაკუთრებით იმოქმედა. ამას დაემატა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. შექმნილი სიტუაციის ფონზე, როგორი მდგომარეობაა ტურისტულ კომპანიებში და რის გაკეთებას გეგმავენ ისინი სამომავლოდ, ამის გასარკვევად საქართველოს ტურისტულ ასოციაციას მივმართეთ. ხალხის ის კატეგორია, რომელთაც ფინანსური კრიზისის დიდად "არ ეშინიათ", თავს უფლებას აძლევენ დაისვევონ და თუნდაც ახალი წელი რომელიმე ტურისტული სააგენტოს დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაატარონ." საქართველოში მრავლადაა ტურისტული კომპანიები - "მოგზაურთა კლუბი" "ჯეო ტური", "ფრეშ თრეველი", "ენ ტური", "ინტერ ტური" და სხვა. და არც დასასვენებელი ადგილების სიმცირეს შევუწუხებივართ ამდენ ხანს. საქართველოს ტურისტულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ "ისევე როგორც მთლიანი საქართველოსთვის, აგვისტოს სეზონი ტურისტული კომპანიებისთვისაც "ცხელი სეზონი" იყო. დღეს კი სახელმწიფოს მსგავსად ტურისტულ კომპანიებსაც რთული პერიოდი აქვთ. საქართველოს ცნობადობა გასულ წლებთან შედარებით ძალზე გაიზარდა. ჯორჯია, რომელიც აქამდე მხოლოდ ამერიკასთან ასოცირდებოდა, როგორც შტატი, ახლა თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანამ იცის ჯორჯია, როგორც ქვეყანა და ეს საქართველოა. ტურიზმის ასოციაციამ სახელმწიფოსთან ერთად უნდა მიაღწიოს ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას." საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში 23 კომპანიაა გაერთიანებული. ასოციაციას მხოლოდ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შეუძლია მიაღწიოს იმას, რომ მსოფლიოს დაანახოს საქართველო ომის გარეშე; ამისთვის საჭიროა სხვადასხვა ქვეყნებში ინფო-ტურების და სხვა მრავალი ისეთი ღონისძიების გატარება, რომ შეიქმნას რეალური სახე იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს რეგიონები, სადაც არ არის დაძაბული მდგომარეობა და შეიძლება ტურისტების მოზიდვა, რომელთაც შეუძლიათ თავი მშვიდად და დაცულად იგრძნონ". რაც შეეხება იმას, თუ როგორია მაჩვენებელი ტურისტთა შემოდინების მხრივ, საიდან შემოდის ტურისტთა ძირითადი ნაკადი, რა მოთხოვნები აქვთ მათ, ან რა ღონისძიებების გატარებით შეუძლია სახელმწიფოს ამ თემებთან დაკავშირებით რამდენიმე ტურისტულ კომპანიას ვესაუბრეთ. "ფრეშ თრეველი", - "აგვისტოს მოვლენების შემდეგ მდგომარეობა, სამწუხაროდ, უარესობისკენ შეიცვალა. ტურისტების შემოდინება საგრძნობლად ნაკლებია. ზამთრის სეზონი გასულ წლებშიც ნაკლებად აქტუალური იყო, მაგრამ დღეს მუშაობა ძირითადად შიდა ტურებზე მიმდინარეობს. ჩვენი სააგენტო ძირითადად ებრაელი ტურისტების ჩამოყვანაზე მუშაობს. ისევე როგორც სხვა უცხოელებისთვის, ებრაელებისთვისაც, ასე ვთქვათ, მოდაშია საქართველო. აქ მოხდა ომი და ხალხი მოდის დასათვალიერებლად. 2009 წლის აპრილიდან იგეგმება აქტიური მუშაობა, მეტი სიძლიერით და მეტი დატვირთვით, ხოლო იმისათვის, რომ გაზაფხულიდან ტურისტებმა თავი მშვიდად იგრძნონ, სახელმწიფომ, ალბათ ეს ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ აუცილებელია დაცულობის მომენტი შექმნას. ტურისტების უმრავლესობა 2009 წელსაც საქართველოში ჩამოსვლაზე ყოყმანობენ და ჯერ კიდევ ფიქრობენ, შეიძლება თუ არა აქ დასვენება." "მოგზაურთა კლუბი": "2008 წელს, ომის შემდეგ, შეიცვალა ტურისტული სააგენტოების მდგომარეობა. ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები დაიცალა, ფასებმაც დაიკლო, ჩვენმა მომსახურებამაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც დაიკლო, ჩვენთან ტურისტების დიდი ნაკადი ჩამოდიოდა უკრაინიდან, რუსეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ახლა კი, რა თქმა უნდა, რუსეთიდან აღარავინ ჩამოდის და ძირითადი ნაკადი ისევ უკრაინიდან ჩამოდის. სახელმწიფომ კი ტურისტული ფირმები სხვადასხვა ქვეყნებში უნდა გაუშვას, რომ რეკლამა გაუკეთოს, როგორც კომპანიას, ასევე ქვეყანას, რათა მოიზიდონ ტურისტები. ძირითადი საკითხი და პრობლემა კი ის არის, რომ იყოს მშვიდობა." "გეო ტური": "სექტემბერში გაყიდვებმა დაიკლო. უცხოელებს ეშინიათ, ფიქრობენ, რომ აქ ჩამოსვლა არ ღირს. ტურისტების ნაკადი შემოდის უკრაინიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან. მათი უმრავლესობა დაბალ ფასებს ელის, თუმცა ჩვენთან არც თუ ისე დაბალი ფასებია, თუნდაც თბილისის სასტუმროებში. ხელისუფლებისგან კი ის უნდა გაკეთდეს, რომ არავინ იფიქროს რთული და დაძაბული სიტუაციის არსებობაზე. არ ვიცი საქართველოში ეს ზუსტად როგორ მოხერხდება, მაგრამ ეს აუცილებელია ტურიზმის განვითარებისათვის." სოფო დიდებაშვილი |