DataLife Engine > ტურიზმი > ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ


8 მაი 2010. : merabi
როგორ შეიძლება განვითარდეს ქართული ტურიზმი მომსახურების დაბალი ხარისხის და მაღალი ფასების ფონზე - ინტერვიუ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვახტანგ ასათაშვილთან


საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას უამრავი პრობლემა აქვს, ეს ახალი არ არის. მაღალი ფასები, რომელიც ამ სფეროში არსებობს, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მისი განვითარებისთვის. თუ რა სტრატეგია და მიდგომები აქვს ტურისტული სექტორისადმი ხელისუფლებას, როდისთვის უნდა ველოდოთ ფასების შემცირებას, ამ საკითხებზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვახტანგ ასათაშვილს ვესაუბრეთ.

- რამდენია ტურიზმის დეპარტამენტის 2010 წლის ბიუჯეტი და რა არის დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტები?
_ 2010 წლის ბიუჯეტი არის 2. 4 მილიონი ლარი. 2009 წლის დასასრულშივე ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ 2010 წელი იქნებოდა სერვისის მხრივ ხარისხის ზრდის წელი. ამისათვის 2009 წელსვე დავიწყეთ და 2010 წელსაც ვაგრძელებთ ტრენინგებს სხვადასხვა რეგიონებში და სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ტრენინგები მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებისთვის, ასევე მენეჯმენტში _ უცხო ენა, ტურისტთან მოპყრობა, სამზარეულო, კვება და ა.შ. ეს ტრენინგები ვრცელდება მაღალმთიან რაიონებზეც. ამჟამად ტრენინგი პარალელურად მიმდინარეობს სამ რეგიონში: თუშეთში, ყაზბეგსა და სვანეთში.

- ტურისტული ბიზნესის წახალისების მიზნით, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ინიციატივა, რომ ტურისტულ სასტუმროებში გადასახადი შეემცირებინათ. ამის მერე გავიდა ზამთარი, ზაფხული კარს მოგვადგა, როცა ტურისტული სეზონი აქტიურია, ეს ინიციატივა კი ინიციატივად დარჩა, რატომ?
- მეტსაც გეტყვით - ორი წლის წინ დაიწყო ამ საკითხებზე ფიქრი და გაკეთდა დაპირებები. მიდიოდა კონსულტაციები, იყო შეხვედრები. ჩვენმა წინამორბედებმა საკმაოდ დიდი ინფორმაცია დაგვიტოვეს ამის შესახებ. ეს არის ძალიან კომპლექსური თემა, ჩვენ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებთ. გვინდა ყურადღება მივაქციოთ კერძო სექტორის ინტერესებს, არა მხოლოდ სასტუმროებს, არამედ მაგალითად ტურ-ოპერატორების ინტერესებს. მათთან დღემდე მიმდინარეობს აქტიური კონსულტაცია, თუ რა ფორმით შეიძლება ეს შეღავათები დაწესდეს და სამწუხაროა, რომ პროცესი იწელება. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ერთი ხელის მოსმით გადასაჭრელი პრობლემა. ის ძალიან ბევრ გარემოებასთან არის დაკავშირებული.

- როდისთვის უნდა ველოდოთ ამ ინიციატივის განხორციელებად და კონკრეტულ შედეგს?
- ვერ გეტყვით, კონკრეტულ რეზულტატს როდის მივიღებთ. თუმცა ამ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე არ უნდა ველოდოთ ამ ინიციატივის ძალაში შესვლას. სავარაუდოდ, კონკრეტული ცვლილება სეზონის ბოლოს გვექნება. აქვე დავამატებ, რომ თუ ჩვენ რაიმე შეღავათებს დავაწესებთ სეზონის დასაწყისში, ეს არანაირად არ აისახება ამ სეზონში სასტუმროების მიერ შეთავაზებულ ფასზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო _ აბსოლიტურად ყველა ტურისტული პაკეტი და ძირითადი ტურები უკვე გაყიდულია. ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნების გაკეთება იწყება ნოემბერში და მთავრდება აპრილის ბოლოს. ამიტომაც რომც იყოს რაიმე სახის შეღავათი ამ მომენტისთვის, ეს ვერანაირად ვერ აისახება ამ სეზონის ფასებზე.

- ქართული ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაღალი ფასებია. ტურისტული სასტუმროები არის მაღალი კლასის, მაგრამ ძალიან ძვირი. როგორ აპირებთ ამ საკითხის დარეგულირებას?
- 2004 წლიდან სასტუმროებში და მთელი სერვისის სექტორში ყოველწლიურად შეინიშნებოდა ფასების ზრდა. 2008 წლიდან, ფაქტობრივად, ფასების ზრდა აღარ შეინიშნება იმ მიზეზის გამო, რომ იყო ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ტურისტების ნაკადმა იკლო. აქედან გამომდინარე, სერვისის მომწოდებელმა არც ერთმა სასტუმრომ ფასებს არ მოუმატა და ქვეყანამ ტურისტულ ბაზარზე სტაბილური ფასების მიწოდების იმიჯი შეინარჩუნა. ეს ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის განპირობებული ტურიზმის დეპარტამენტის მოთხოვნით, ან რაიმე ქმედებების გატარებით, ეს მოხდა გარემოებების გამო _ ტურისტული სასტუმროები მიხვდნენ, რომ ფასების აწევა არ შეიძლება. მეორე თემაა სერვისის ხარისხის გაზრდა _ მაშინ როდესაც ფასი არის მაღალი და არ არის სერვისის ადეკვატური, ეს უკვე პრობლემაა. მაგრამ თუ ფასი შეესაბამება მოწოდებულ სერვისს, მაშინ უკვე პრეტენზიაც ნაკლებია და ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი არ ილახება.

- ანუ, თქვენი აზრით, ადეკვატური სერვისის შემთხვევაში, ფასი არ არის პრობლემა. ამ მხრივ ჩვენს შემთხვევაში რა ვითარებაა?
- დღესდღეობით ეს ბალანსი დარღვეულია. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ბალანსის აღდგენაა, მაგრამ არა ფასის ვარდნით, არამედ სერვისის აწევით. ფასის ვარდნა არავის აწყობს - არც კერძო სექტორს და არც სახელმწიფოს. ძალიან ხშირად კითხულობენ სასტუმროების კლასიფიკაციაზე და ერთგვარი სტანდარტის შექმნაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამ თემაზე საპროექტო წინადადება მზად არის, რომელიც მომზადდა 2007 წლის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტში. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დავიწყებთ თუ არა ამ თემაზე ფიქრს და თუ იქნება ეს სტანდარტიზაცია სავალდებულო ყველა სასტუმროსთვის, ავტომატურად რაღაც ლიმიტებს ვაწესებთ დღესდღეობით არსებულ ლიბერალურ მიდგომაზე, ლიბერალურ ბაზარზე ტურისტულ ინდუსტრიაში. უპირველეს ყოვლისა, ეს ბიზნესს მოკლავს. დღეს საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა სასტუმროს მოვთხოვოთ მსოფლიო სტანდარტების დონის სერვისები. მეორეს მხრივ, ეს იქნება მიზეზი აგრესიისა კერძო სექტორისგან, რაც საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის იქნება დამღუპველი.
სტანდარტიზაცია არ უნდა იყოს სავალდებულო, ის ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მას შემდეგ, რაც სერვისის მომწოდებელი თავად გაითავისებს, რომ საჭიროა სტანდარტის აწევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათი თანამონაწილეობით გაკეთდეს ერთგვარი სტანდარტი.

- საქართველოში არ არსებობს პროფესიული სასწავლებლები, სადაც ტურიზმის სფეროში შესაძლებელი იქნებოდა განათლების მიღება. მართალია, უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს ფაკულტეტები ამ მიმართულებით, მაგრამ იქ ისწავლება ტურიზმის მენეჯმენტი და არა სერვისი. რა სტრატეგია და მიდგომა აქვს ამ სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს?
- საქართველოში ტურიზმის სამი სკოლა არსებობს. ერთი არის ქართულ-ბერძნული სკოლა "იკარუსი", რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ფართო მასებისთვის არ არის ცნობილი. მეორე, "ემ კოლეჯი", რომელიც შედარებით უფრო პასიურად მუშაობს, მაგრამ მაინც მოქმედი სკოლაა. არის ასევე ქობულეთში ტურიზმის სკოლა, რომელსაც ტექნიკურ-მატერიალური ბაზა არ აქვს და მხარდაჭერა სჭირდება. ამ ტურიზმის სკოლებში არ ისწავლება მენეჯმენტი, აქ შეიძლება ბარმენის, მზარეულის, დამლაგებლის და ა.შ. პროფესიების დაუფლება.
თქვენს მიერ დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ავსტრიელ კოლეგებთან, ასევე, გვაქვს მოლაპარაკება ფრანგებთან და ესპანელებთან.

- არსებობს თუ არა ცალკე სერვისი, რომელიც ტურისტების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული?
- არა. ტურისტების მოზიდვაზე ვზრუნავთ ჩვენ, ანუ ჩვენი მთავარი მისია და მიზანი არის ქვეყნის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. წლის განმავლობაში დაახლოებით 15-20 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ვიღებთ მონაწილეობას, ამ გამოფენებზე ასევე მონაწილეობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, სასტუმროები. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა გამოფენაზე საერთო ბიუჯეტის 70 პროცენტს ვიხდით ჩვენ და დანარჩენ 30 პროცენტს კომპანიები რომლებიც ინაწილებენ ამ 30 პროცენტს.

- ქართული ტურისტული ინდუსტრიის კიდევ ერთ პრობლემას შევეხოთ. ბევრი ექსპერტისა და ანალიტიკოსის აზრით, ჩვენთან ტურიზმის განვითარებას სჭირდება ძლიერი სოფლის მეურნეობა. რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას და იმ პირობებში, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები არის ძალიან ძვირი, შესაძლებელია თუ არა ტურიზმის განვითარება?
- სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი, ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს, ტრანსპორტი, კვება და ა.შ. რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც სოფლის მეურნეობა განვითარებულია და ქვეყანაში მოხმარება ადგილობრივი პროდუქცია და ფული ქვეყნის გარეთ არ გადის. სოფლის მეურნეობა პირდაპირ კავშირშია ტურიზმთან. ეს იმდენად მასშტაბური ინდუსტრიაა, რომ ცალ-ცალკე სეგმენტების ამოღება და დამოუკიდებლად საუბარი ცოტა რთულია.
ვფიქრობ, რეგიონებში ამის პრობლემა არ გვაქვს, რადგან იქ ჩვენ ძირითადად მაინც დამოკიდებული ვართ მცირე საოჯახო სასტუმროებზე, რომლებიც საკუთარი მეურნეობით ავსებენ თავიანთ სერვისებს. ცენტრებში ჩვენი მონიტორინგი არც ისე ძლიერია. მე ვერ გეტყვით, "მარიოტი", "რედისონი" რა პროდუქტებს მოიხმარს, რა წილია მათ მიერ მოხმარებულ პროდუქციაში იმპორტირებულისა და რა ადგილობრივი პროდუქციის. აქედან გამომდინარე, ქალაქებში ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი.

- კონკრეტულად, რა საკითხებთან მიმართებაში თანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან?
- ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად ღვინის ტურიზმის განვითარების კონცეფციის ფარგლებში. ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი. ასევე, კვების პროდუქტების ექსპოებზე, გამოფენებზე და ღვინის გამოფენებზე. ერთ-ერთი მათგანი მაისში იქნება ლონდონში. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით 20-27 ივნისს საქართველოში ღვინის კონგრესი ჩატარდება და აქაც თანაორგანიზატორები ვართ.

ესაუბრა დაკო შონია