"ტურიზმი მაშინაა მომგებიანი, თუ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებადაა დამოკიდებული და თავს ადგილობრივი წარმოებით ირჩენს"პრეზიდენტის დავალებით წელს საქართველომ 3 მილიონ ტურისტს უნდა უმასპინძლოს. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენთან ფასები მატულობს, ხოლო მეზობელ აზერბაიჯანში, პირიქით, მიზანმიმართულად მცირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დღევანდელ პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის ამდენი ტურისტის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია. ტურისტულ კომპანიებშიც ტურისტების რაოდენობის მატებაზე საუბარს არარეალურს უწოდებენ.
"ზაფხულის სეზონისთვის ტურისტების საკმაოდ დიდ რაოდენობას ველოდებით და ამის საფუძველიც არსებობს. სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩამოვიდა 679 409 ადამიანი, რაც 43%-ით მეტია 2010 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებთან შედარებით”, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
უკვე ცნობილია, რომ ზაფხულისთვის ფასების გაზრდას, შავი ზღვისპირეთში მოქმედი თითქმის ყველა სასტუმრო აპირებს. ძნელად სავარაუდოა, ჩამოვლენ თუ არა უცხოელები საქართველოში მაშინ, როცა ტურიზმის სფერო აქ კიდევ უფრო ძვირდება.
ტურისტული კომპანია "ფრეშ-თრეველში” ამბობენ, რომ მომსახურების გაძვირება ტურისტების რაოდენობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. თუ სასტუმროებმა მომსახურება გააძვირეს, შესაძლოა გააუქმონ ჯავშანი და ევროპაში წავიდნენ.
"როდესაც დასვენება ესპანეთში ორჯერ უფრო იაფი გიჯდება, რატომ ჩამოხვალთ საქართველოში და რატომ დაისვენებთ აქ? საქართველო ტურიზმის სფეროში არსებული სიძვირით განთქმულია და ახლა თუ ფასმა კიდევ მოიმატა, აქ ჩამოსვლის სურვილი ბევრს დაეკარგება”, - აცხადებენ ტურისტულ კომპანია "ლევონ თრეველში”. მათი თქმით, სასტუმროების მომსახურების გაძვირებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება და ტურისტების რაოდენობაც არა თუ გაიზრდება, პირიქით, შემცირდება.
როგორც უკრაინის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ლიევმა აღნიშნა, ყირიმის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრო სპეციალურ პროექტს ამზადებს, რომლითაც მოსალოდნელია საცხოვრებელი ფასების თვითღირებულებამდე დასწიონ, რაც სეზონზე უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას შეუწყობს ხელს. უკრაინის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, იმ 5,7 მილიონ ტურისტს შორის, რომლებიც გასულ წელს ყირიმის ნახევარკუნძულს სტუმრობდნენ, 1,4 მილიონი რუსი ტურისტი იყო. წელს რუსი ტურისტების 50%-იან ნაკადს ელიან. გასაკვირია, რის საფუძველზე ვარაუდობს საქართველოს პრეზიდენტი 3 მილიონი ტურისტების შემოსვლას მაშინ, როცა ჩვენთან ტურიზმის სფერო რეკორდულად ძვირდება, ამასთან, არ გვაქვს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
როგორ უნდა უმასპინძლოს საქართველომ ტურისტების ასეთ დიდ ნაკადს, მაშინ, როცა ერთ-ერთი ტურისტულ ცენტრში, სადაც ტურისტების 25%-იან ზრდას ელოდებიან, ინფრასტრუქტურა გაუმართავია. კახეთის სასტუმროებში არასახარბიელო მდგომარეობაა. "რჩეულის” სასტუმროების ქსელის მმართველი აღიარებს, რომ კახეთის რეგიონში დღეს ინფრასტრუქტურის დეფიციტია. შავლა ალავერდაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა ტურისტების მხრიდან გაიზარდა, რასაც კახეთი ვერ პასუხობს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 2011 წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტი ჩამოვა. 2012 წელს საქართველო 4 მილიონ, ხოლო 2013-ში 5 მილიონ ტურისტს უმასპინძლებს. მისივე პროგნოზით, თუ მთავრობა კარგად იმუშავებს და ხელისშემშლელი ფაქტორი არ იარსებებს, საქართველო მომავალ წელს ეკონომიკური განვითარების ორნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტურისტების დათვლის მეთოდიკა არ არსებობს და ამიტომ გვიჩვენებს მთავრობა არარეალურ ციფრებს.
"ტურისტული ინფრასტრუქტურის ასე დაუგეგმავად მშენებლობა და მხოლოდ რაოდენობრივ ზრდაზე გათვლა შეცდომაა”,- მიაჩნიათ ექსპერტებს.
2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, წელს 41%-ით მეტი ტურისტი ეწვია საქართველოს, ვიდრე გასულ წელს.
"ქვეყანა წელს 3 მილიონ ტურისტს ელოდება",- პრეზიდენტის სიტყვებს იმეორებს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მაია სიდამონიძე და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამ არარეალური ციფრების ჭეშმარიტებაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელვანი კვლევის (ტურიზმის კონკურენტუნარიანობა ქვეყნების მიხედვით) შეფასებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დონით საქართველოს 133 ქვეყნიდან მხოლოდ 115 ადგილი უკავია. საერთაშორისო ტურიზმის ექსპერტთა დასკვნით კი, მიუხედავად უამრავი ღირშესანიშნაობისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ,,ძალიან ბევრი ძეგლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მოვლილი, რათა შეჩერდეს მათი განადგურება და ისინი წარსდგნენ სრულმნიშვნელოვანი სახით დამთვალიერებლების წინაშე”. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ხარისხიანი თოვლის და შავი ზღვისპირა სანაპიროებით ფონს ვერ გავალთ.
მართალია, ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უპირველესი გაცხადებული პრიორიტეტია და ეკონომიკისთვის მის უდიდეს სარგებელზე ბევრს საუბრობენ. თუმცა, სექტორი, რომელსაც უდიდესი შემოსავლების მოტანა შეუძლია, საკუთარი პოტენციური შესაძლებლობების მინიმალური დოზით არის ათვისებული და მისი გათვლა, მხოლოდ რაოდენობრივ ზრდაზე ხდება.
და მაინც, რატომაა ტურიზმი ასეთი სასარგებლო ეკონომიკისთვის? ეკონომისტთა უმრავლესობა აღიარებს, რომ ტურიზმი მაშინაა მომგებიანი თუ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებადაა დამოკიდებული და თავს ადგილობრივი წარმოებით ირჩენს. საქართველოში კი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5000 ლარია და მსოფლიოში მშპ მიხედვით მხოლოდ 109 ადგილზე ვართ.
მარიამ ბიბილაშვილი