ნანახია: 1305
ინტერვიუ ტურიზმის განვითარებისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მაია სიდამონიძესთან
1. ქალბატონო მაია, მართალია წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თუ შეიძლება, რომ მაინც შეაფასოთ 2010 წელი საქართველო ტურიზმის განვითარების მხრივ. როგორი იყო 2010 წელი ქართული ტურისტული ინდუსტრიისთვის, რამდენად დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს წელი საქართველოში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით და რა იგეგმება 2011 წელს? 2010 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 8 თვის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში შემოვიდა 1298590 უცხოელი მოგზაური, რაც 38%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აჭარის რეგიონში შიდა და უცხოელი ტურისტების რაოდენობამ უკვე 800 000-ს გადააჭარბა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს მრავალმა ტურისტმა იმოგზაურა საქართველოს მაღალმთიანეთში (თუშეთი, სვანეთი, ყაზბეგი, ხევსურეთი). 2011 წელს ძირითადი პრიორიტეტები იქნება საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის საგრძნობი ზრდა, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
2. როგორც ცნობილია, 2010 წელს საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ გასული წლის მაჩვენებელს 36%-ით გადააჭარბა. პირველად ისტორიაში, წლის განმავლობაში საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა მილიონს აღემატება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა მიმიდინარე წელს ტურისტთა რაოდენობის ასეთი ზრდა? 2010 წელს უცხოელი ვიზიტორების ასეთი მკვეთრი ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები; • საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება საერთაშორისო ბაზრებზე; • პირდაპირი ჩარტერული რეისების დანიშვნა; • მრავალი კულტურული ღონისძიების (ფესტივალები, კონცერტები და ა.შ.) ორგანიზება.
3. რა იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების მხრივ, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების განათლების არასათანადო დონე და საქართველო, როგორც ტურისტებისთვის საშიში ქვეყანა? აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ამოცანაა. დაიწყო საგზაო-ტურისტული ნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს საქართველოს ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებამდე (ეკლესია-მონასტრები, კურორტები და ა.შ.) საინფორმაციო მანიშნებლების დამონტაჟებას, ახლო მომავალში საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მოეწყობა დასვენებისა და გართობის ცენტრები, ეტაპობრივად მოხდება საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. რაც შეეხება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რამდენიმე მიმართულებით წარიმართება მუშაობა: • საქართველოს კურორტებზე და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში მოკლევადიანი ტრენინგების ჩატარება; • პროფესიული სასწავლებლების შექმნა რეგიონებში, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან მომსახურების ქვედა და საშუალო საფეხურის პერსონალის მომზადება-გადამზადებაზე, როგორიცაა მიმტანი, მზარეული, ბარმენი და სხვა.
4. 2009-2010 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში. ამასთან, მისივე ორგანიზებით მოეწყო მსოფლიოს მრავალი წამყვანი ჟურნალისტისთვის გაცნობითი პრეს-ტური. ამ მიმართულებით რას გეგმავს ტურიზმის დეპარტამენტი მომავალში? ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობა და პრეს-ტურების ორგანიზება ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული საშუალებაა საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისათვის.
5. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აფერხებს საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარებას და ტურისტების რაოდენობის ზრდას, არის სასტუმროების საკმაოდ მაღალი ფასები, რასაც მათი მფლობელები ქვეყანაში არსებული მაღალი გადასახადებით ხსნიან. 2009 წლის შემოდგომაზე იყო საუბარი, რომ სასტუმროების მფლობელთათვის მათი მომსახურების ფასების შემცირების მიზნით დაწესებულიყო გარკვეული საგადასახადო შეღავათები. იგეგმება თუ არა სასტუმროების მფლობელთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და რა სტადიაზეა ეს პროცესი? ფასებს დაარეგულირებს ბაზარი და კონკურენცია.
6. როგორც ცნობილია 1 ოქტომბრიდან ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ სააგენტოდ ჩამოყალიბდება და კომერციული საქმიანობის უფლება ექნება. იქნებ აუხსნათ მკითხველს, რა მიზნით ხდება ამ ცვლილების განხორციელება და რას ნიშნავს კომერციული საქმიანობის უფლება? ტურიზმის ეროვნული სააგენტო ტურისტული კომპანიების კონკურენტი ხომ არ იქნება? რა თქმა უნდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო არ იქნება კერძო სექტორის კონკურენტი, ეს აბსურდია. პირიქით, ჩვენი საქმიანობა მიმართულია კერძო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობისაკენ. რაც შეეხება ორგანიზაციის იურიდიულ მხარეს, აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფრო მოქნილი იქნება.
ესაუბრა ნინო თამაზაშვილი
|