ნანახია: 1202
ტურისტული საზაფხულო სეზონი დამთავრდა, საქართველოს მთავრობა ამაყობს, რომ წელს ნახევარმილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. ტურისტების ბუმი წელს განსაკუთრებით აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე იგრძნობოდა. ბათუმის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით უცხოელ ტურისტებს. მათი გარჩევა ადგილობრივებისა და ქართველი ტურისტებისგან ძალიან ადვილია: ზურგჩანთებით, ახლის ძიებაში ინტერესით მოციმციმე თვალები, კომფორტულად ჩაცმულნი თუნდაც ულამაზოდ და რაც მთავარია, უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ყველასთვის ადვილად გასარჩევია ადგილობრივი მოსახლეობისაგან. აჭარაში ჩამოსული ტურისტები ხშირად სტუმრობენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც 1300 ჰექტარზეა გაშენებული. ვინც წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდა აუცილებლად შეამჩნევდა, რომ უცხოელი ტურისტებისა და ქართველებისთვის ბაღში შესასვლელი ბილეთის ფასი განსხვავებულია. ქართველებისთვის შესვლა 2 ლარი ღირს, უცხოელი ტურისტებისთვის კი 6 ლარი. ამ უცნაურ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთი "ბანკები და ფინანსები” ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორს ეთერ მაჭუტაძეს დაუკავშირდა. "საქართველოს მოქალაქეებისთვის ბარში შესვლა 2 ლარი ღირს, გვაქვს შეღავათებიც. მაგალითად, პედაგოგებისთვის ბაღში შესვლა 1 ლარია, ლტოლვილებისთვის, პენსიონერებისა და ხუთ კლასამდე მოსწავლეებისთვის უფასო, უცხოელი ტურისტებისთვის კი 6 ლარი. გიდის მომსახურება 15 ლარი ღირს". განაცხადა ეთერ მაჭუტაძემ ჩვენთან საუბარში. თუ ვინ დაადგინა განსხვავებული ფასი უცხოელებისთვის ბოტანიოკური ბაღის დირექტორმა გვითხრა, რომ ეს ბაღის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა და რადგან, საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებთან შედარებით ცუდად ცხოვრობენ, ქართველებისთვის შეღავათები დააწესა. ახდენს თუ არა ბათუმის ბოტანიკური ბაღი უცხოელი ტურისტების დისკრიმინაციას ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ბ&ფ" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს გიორგი გოცირიძეს ესაუბრა: "ყველა შემთხვევაში ეს ფაქტი დისკრიმინაციაა. განსხვავებული მოპყრობა, არის თუ არა ის საქართველოს მოპქალაქე დისკრიმინაციად ითვლება. კონსტიტუციაში არის 14 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად რასის, კანის ფერის, რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნების და ა.შ ეს ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია გვთავაზობს ამომწურავი არ არის. გარდა ამისა არსებობს სამოქალაქო კოდექსი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ადამიანები თანაბრად მონაწილეობენ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მიუხედავად მათი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეობრივი კუითვნილებისა. ტურისტებისთვის განსხვავებული პირობების შეთავაზება, ეს არის ცალსახა დისკრიმინაცია და ეწინაააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე სამოქალაქო კოდექსს, რომელიც სუბიექტების თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, როცა კანის ფერის და განსხვავებული ლინგვისტური ნიშნის გამო მომსახურების სხვა პირობებს სთავაზობ ადამიანს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ნორმა, ეს არის მასობრივი დისკრიმინაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება, რომ სწორებ რასობრივი ნიშნის მიხედვით ხდება ადამიანის დისკრიმინაცია, ანუ აქვს განსხვავებული გარეგნობა და საუბრობს განსხვავებულ ენაზე. ეს არის დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსისი 142 პრიმა მუხლის გათვალისწინებით და თითოეულ ასეთ შემთხვევაში შეუძლია ტორისტს პოლიციას მიმართოს. ამ, შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ის ადამიანი ვინც განსხვავებულ პირობებში აყენებს უცხოელ ტურისტებს".
ადა ექიზაშვილი
|