ნანახია: 1188
"დაცულ ტერიტორიაზე ინვესტორს ნებისმიერი პროექტის განხორციელება შეუძლია, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს"
დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემას იწყებს. ტერიტორიების გაცემა აუქციონის წესით მოხდება. აუქციონზე გამოსატანი ტერიტორიების ნუსხა ასე გამოიყურება: კოლხეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, მტირალას ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ტერიტორია, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორია. აუქციონი ამ კვირის ბოლოს გაიმართება. რა პირობებით სთავაზობს ინვესტორებს სახელმწიფო ტყე-პარკებს და რა ვალდებულებებს აკისრებს მათ, ამის შესახებ გაზეთი `ბანკები და ფინანსები~ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი შონვაძეს ესაუბრა.
- რატომ გადაწყდა დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემა და რომელი ტერიტორიების გაცემა იგეგმება?
- დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების დაცვას და მონიტორინგს ახორციელებს, რაც თავის მხრივ, ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და ჩამოყალიბებაა. სახელმწიფომ ინვესტიციები გარკვეული მიმართულებით განახორციელა. ესაა ძირითადად სასტუმროები, საგამოფენო დარბაზები, ტურისტული სერვისების შექმნა და ა. შ. ეს ყველაფერი ცხრა ეროვნულ პარკში არის შექმნილი. რეფორმა, რომელიც ეროვნულ პარკში მიმდინარეობს, მიზნად ისახავს იქვე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რაც ნიშნავს მოსახლეობის სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულობას, როგორიც არის ცხენების გაქირავება, საოჯახო სასტუმროების გაქირავება და ა.შ. ჩვენ გვაქვს 9 დაცული ტერიტორია: კოლხეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ტერიტორია, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. ინვესტორისთვის აქ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის გადაცემა იჯარით მოხდება.
- დაცულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, აქვს თუ არა ინვესტორს უფლება, სურვილისამებრ, ააშენოს სხვა ნაგებობები?
- იჯარის პირობების მიხედვით, ინვესტორისთვის ნაკრძალში არსებული ქონების მართვის გადაცემა იგულისხმება, სადაც მეიჯარეს შეუძლია განავითაროს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ნაკრძალების გადაცემის ძირითადი პირობები ინვესტორისთვის სასტუმრო სერვისის მომსახურების შექმნა, კვებით მომსახურეობა, სუვენირების მაღაზიების ქსელის შექმნა, ასევე, დამატებითი ტურისტული პროდუქტების შექმნაა. გასართობი საშუალებები, რაც შეიძლება იყოს ბილიარდის სახით და სხვა. დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემა 10 წლით ხდება, ფასი კი დაახლოებით წელიწადში 200 ათას ლარამდეა. ადრე დაცული ტერიტორიებით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება იყო, ამჟამად მათგან, ჯერ-ჯერობით, დაინტერესება არ არის. დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემის აუქციონი კვირის ბოლომდე გამოცხადდება. აუქციონში გამარჯვების შემდეგ, ინვესტორის მხრიდან ბიზნესგეგმის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ინვესტორს შეუძლია არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს. ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია მოგვმართოს, თავისი ბიზნესგეგმით სხვა მშენებლობასთან დაკავშირებითაც. დაცულ ტერიტორიებზე ინვესტორებს მშენებლობის განხორციელება, ძირითადად ეროვნული პარკების ადმინისტრაციული შენობებში შეუძლიათ. ინვესტორებს, ასევე, შეუძლიათ ნებისმიერი პროექტის განხორციელება, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს და რომელიც ჩვენთან იქნება შეთანხმებული.
- როგორია მსოფლიოში ნაკრძალების იჯარით გაცემის პრაქტიკა, იჯარით გაცემის შემთხვევაში, ვინ გაუწევს მონიტორინგს ნაკრძალების დაცვას?
- ეროვნული პარკების იჯარით გაცემის პრაქტიკა ამერიკიდან მოდის. ეს არის ეკოტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, რაც პრაქტიკაში დანერგილია და გამოიყენება პარკების ძირითადი შემოსავლებისთვის. იჯარით გაცემისას ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც გაიცემა, მოიჯარეს თავის ვალდებულებებს აკისრებს. რა მდგომარეობაშიც ჩაიბარებს ინვესტორი დაცული ტერიტორიის ინფრასტუქტურას, ეს ქონება იმავე მდგომარეობაში უნდა დააბრუნოს. დაცული ტერიტორიების სააგენტო მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს, რათა არ დაირღვას ხელშეკრულების პირობები. ვალდებულებები თავიდან ბოლომდე გაწერილი იქნება იმ ხელშეკრულებით, რომელიც მეიჯარესა და მოიჯარეს შორის დაიდება. ვინ იღებს აუქციონში მონაწილეობას, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ეს ამ კვირის ბოლოს გაირკვევა.
ესაუბრა ადა ექიზაშვილი
|