მესიჯი მსოფლიოს - "აქ იყო ომი, დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (126)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ტურიზმი : მესიჯი მსოფლიოს - "აქ იყო ომი, დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ"
ნანახია: 2453

"საქართველოს ეკონომიკას ტურიზმის განვითარების გარეშე, პერსპექტივა არ აქვს"


ძნელია ტურიზმის სამომავლო განვითარებაზე რამის თქმა, როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სურათია. ქვეყნის ისტორია, კულტურა და ბუნებრივი რესურსები კი იმის იმედს იძლევა, რომ მშვიდ გარემოში ტურიზმის განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონი, განვითარების სწორად განსაზღვრული სტრატეგია, პროფესიონალიზმი და მთავრობის რეალური მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ განვითარებულ ტურისტულ ქვეყნებს შორის ოდესმე ჩვენც მოვხვდეთ.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივის შესახებ გვესაუბრება ექსპერტი ტურიზმის საკითხებში, დოქტორი, პროფესორი მარინა მეტრეველი.
- როგორ ვითარდებოდა საქართველოში ტურიზმი აგვისტოს მოვლენებამდე?
- შეიძლება ითქვას, რომ ქაოტურად. აგვისტოს მოვლენებამდე და დღესაც, ქვეყანაში ტურიზმი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და განვითარების ეროვნული კონცეფციის გარეშე "ვითარდება" მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმის დარგის განვითარება ჰქონდა გამოცხადებული, ყოვლად დაუშვებელი იყო და არის არსებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე ქვეყანაში ტურიზმის პოლიტიკის გატარება. "ტურიზმის და კურორტების შესახებ" საქართველოს კანონის მიღების დროს (1997წ.) ქვეყანაში სულ სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება იყო. ტურიზმი კი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც სწრაფად განვითარებადი დარგი. ცხადია, ამ განვითარებას ბევრი ცვლილება მოსდევს, რომლებიც თანხვედრაში უნდა იყოს ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განვითარებასთან. ამჟამად ვმუშაობთ ტურიზმის ახალ კანონზე, რომელიც იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საქმეში.
- მაინც რამდენად მაღალი იყო ტურისტთა აქტივობა იმ პერიოდში?
- რაც შეეხება აქტივობას, ქვეყანაში შემომსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობდა. სტატისტიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის მასალებზე დაყრდნობით, 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, ქვეყანაში უცხოელ ტურისტთა შემოსვლების დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. 2004 წელს - 368 312 ათასი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში; 2005 წელს - 560 021; 2006 წელს - 983 114, ხოლო 2007 წელს ტურისტთა რაოდენობამ 1 300 000 ტურისტს გადააჭარბა.
ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, მაგრამ, ჩემი აზრით, მოცემული ციფრები მოკლებულია რეალობას, რადგან არ არის შემუშავებული ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობისა და ბიუჯეტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დათვლის მეთოდიკა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სურათი მაინც მიგვანიშნებს აგვისტოს ომამდე ქვეყანაში ტურისტთა შემოსვლების ზრდის დინამიკაზე.
- როგორ ვითარდებოდა ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რა გაკეთდა ამ მხრივ?
- ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი _ ტურისტული ინფრასტრუქტურა, ვითარდებოდა და ჯერ კიდევ ვითარდება დაუგეგმავად და ქაოტურად, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება სასტუმროებისა და ატრაქციონების კონცენტრაციით ცენტრალურ ქალაქებსა და, ასე განსაჯეთ, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტის კმაყოფილების ხარისხი იზომება არა მარტო კარგი საკვებით, მზიანი ამინდითა და სასტუმროს კომფორტული ნომრით. ტურისტი მიღებულ შთაბეჭდილებას აფასებს, როგორც ტურიზმის ერთიან პროდუქტს, რომელიც წარმოადგენს მატერიალური და არამატერიალური ფაქტორების ერთობლიობას. ამდენად, უნდა დაიგეგმოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორის განვითარება მოთხოვნის ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოს ტურისტის მაქსიმალურად დაკმაყოფილება.
მაგალითისათვის მოვიყვანოთ 2007 წელს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს და SW Associates მიერ შემუშავებული "ტურიზმის განვითარების და ინვესტირების გეგმა და სტრატეგია". ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებთან დაკავშირებით (კონკრეტულად სიღნაღის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ) დოკუმენტში ნათქვამია: "არ არის არანაირი ტურისტული მომსახურება, როგორიცაა მაღაზიები, რესტორნები, კაფეები და საზოგადოებრივი დანიშნულების ტუალეტები. იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრი გვთავაზობს უმშვენიერესი შენობების ფასადებს, ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის ფასადების გარდა. არის მხოლოდ 18 საწოლიანი ერთი სასტუმრო". ან - "ყვარელს გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის (ღვინის ქარხნები, ყურძნის უნიკალური ჯიშების მრავალფეროვნება, მაღალხარისხიანი ღვინოები, გვირაბი, რომელიც ღრმად არის გამოთხრილი მთაში, ღვინის შესანახად და დასაძველებლად), მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად კვლავ არსებობს დაბალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და მომსახურება. ქალაქს ესაჭიროება ბევრი სასტუმრო, რესტორანი, კაფეები, ღვინის სადეგუსტაციო ადგილები და საცალო ვაჭრობის მაღაზიები და ასევე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი". აღნიშნული მაგალითი ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება დაუგეგმავად, კონცეპტუალური მიდგომის გარეშე, როგორც მთელი ქვეყნის, ისე რეგიონების მასშტაბით. ამავე დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართულ ტურისტულ ბაზარზე "ამინდს" უნდა ქმნიდეს თურქი ტურისტების რაოდენობის ზრდა. ვთვლი, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ხშირად თურქი ტურისტების უმეტესობა (დოკუმენტის ავტორები, ალბათ, თურქ მძღოლებს გულისხმობდნენ) არ სარგებლობენ ჩვენი სასტუმროებით და კვების ობიექტებით (ანუ ქვეყნის ეკონომიკაში არ შემოაქვთ შემოსავალი); შემოსავლების ათვლის დროს, ასეთ ტურისტებზე აქცენტი არ უნდა გაკეთდეს. ამასთან ერთად, ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს ტურისტული ბაზარი, თურქი ტურისტების იმედზე როგორ უნდა იყოს დამოკიდებული, როდესაც თვითონ თურქეთში ტურისტებს სთავაზობენ უფრო მაღალხარისხიან ტურისტულ პროდუქტს დაბალ ფასად, ეკოლოგიურად სუფთა ზღვის სანაპიროსა და მრავალფეროვან ატრაქციონებს.
- ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ტურისტები საქართველოში და რა სახის ტურები აინტერესებთ?
- სტუმრები ძირითადად შემოდიან უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან. მათი ინტერესების სფეროს წარმოადგენს კულტურული, რელიგიური, ღვინის, სამთო, ეკო და საქმიანი ტურები.
- როგორია ტურიზმის სფეროში დასაქმებული მომსახურე პერსონალის მომსახურების ხარისხი? რამდენად შეესაბამებიან ქართველი გიდები საერთაშორისო სტანდარტებს და ზოგადად, რა მდგომარეობაა ტურიზმის განათლების სისტემაში?
- ამ საკითხებში ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს. მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი ტურიზმის განვითარების ერთ – ერთი ძირითადი ფაქტორია. გიდის პროფესია კი განსაკუთრებულია ტურისტულ პროფესიათა შორის, რადგან ის აცნობს ქვეყანას მოგზაურს და მასზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რა შთაბეჭდილებით დატოვებს ტურისტი ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს მის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, მორალურ მზაობას ემსახუროს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს.
სამწუხაროდ, ქვეყანა აშკარად განიცდის ტურიზმის პროფესიული კადრების დიდ დეფიციტს, ცოტაა პროფესიული სკოლები. დღეს ყველა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან ტურიმზს, მაგრამ, სამწუხაროდ, სტუდენტები თითქმის ვერც ერთი სასწავლებლიდან ვერ ღებულობენ სათანადო ცოდნას იმის გამო, რომ უდიდესი პრობლემაა მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ტურიზმის შესახებ ქართულენოვანი სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურა (მცირე გამონაკლისის გარდა); ტურიზმის სპეციალობა სულ ახლახან შევიდა უმაღლესი განათლების სპეციალობათა კლასიფიკატორში და სრულყოფილად არ არის გააზრებული ტურიზმის სწავლების აკადემიური კუთვნილება.
- ხდება თუ არა ქვეყნის რეკლამირება ტურისტული კუთხით?
- ძალიან სუსტად. ქვეყნის მთავრობა ამ ღონისძიებაზე არასაკმარის თანხებს ხარჯავდა და ხარჯავს, შედეგიც შესაბამისია.
- რა პერსპექტივა აქვს ტურიზმის განვითარებას აგვისტოს მოვლენების შემდეგ?
- ძალიან რთული იქნება სიტუაციიდან გამოსვლა, რადგან ტურისტული კომპანიები დღეს თითქმის სტაგნაციის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი ერთი წლით ადრე ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში შემოსასვლელ ტურისტთა რაოდენობის შესახებ. ამჯერად თითქმის ყველა ჯავშანი გაუქმებულია. ტურისტულ კომპანიებს უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან სერიოზული მუშაობა მოუწევთ ტურისტთა ახალი ნაკადების მოსაზიდად. შესაბამისად, დიდი ზარალი განიცადეს სხვა ტურისტულმა საწარმოებმაც: სასტუმროებმა, კვების, გართობის ობიექტებმა და ა.შ. ასევე შეფერხებულია ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობები და ინვესტირება. ომის შედეგად, უდაოდ დიდი დარტყმა მიიღო ქვეყნის ტურიზმმა განვითარების ამ საწყის ეტაპზე.
- როგორია სამომავლო პროგნოზი?
- მაშინ, როდესაც მასმედიაში ყოველდღიურად საუბარია რუსეთის ახალ შეტევაზე, დამეთანხმებით, რომ ასეთ პერიოდში ტურისტისთვის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბარი ზედმეტია. რასაკვირველია, შეიძლება შემოვიდეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნიდან დიპლომატიური მისიით მოვლინებული "ტურისტები", რომლებიც ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნებაში უნდა დაეხმარონ, მაგრამ გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით სხვა მოტივაციის ტურისტთა შემოსვლების გააქტიურება, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, მოსალოდნელი არ იქნება.
- რა არის გამოსავალი, რამ შეიძლება გამოგვიყვანოს სიტუაციიდან?
- ომის შემდგომ პერიოდში ტურიზმის სფეროში კრიზისის დაძლევის საკითხებზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, რეკომენდაციები შეიმუშავა. მინდა დავეთანხმო მიღებულ დოკუმენტს და გითხრათ, რომ კრიზისიდან გამოსვლის სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ პერიოდისათვის იქნება მოახლოებული ზამთრის პერიოდი, განსაკუთრებით ორი მნიშვნელოვანი სათხილამურო კურორტისათვის: ბაკურიანისა და გუდაურისათვის. ორივე კურორტი ხასიათდება საკმაოდ ძლიერი შიდა ტურიზმით და ყოველ სეზონზე ჩამოსული ერთი და იგივე დამსვენებლებით საზღვარგარეთიდან. ერთ-ერთი ღონისძიება, რაც ამ მიმართულებით შეიძლება დაიგეგმოს, არის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ამ ორი კურორტის შესახებ ინფორმაციის გამრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა.
ზაფხულის, გაზაფხულის და შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით, უნდა გატარდეს ტურისტული პროდუქტის წინ წაწევის ღონისძიებები (ე.წ. პრომოუშენი) ტურიზმის ისეთ მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა - კულტურული, ღვინისა და სამკურნალო ტურიზმი. ჩამოთვლილი მიმართულებები განხილულ უნდა იქნეს, როგორც შემომყვანი, ასევე შიდა ტურიზმის მიმართებაში.
აუცილებელია კავშირები დამყარდეს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში არის უსაფრთხო მოგზაურობა. ამისათვის აუცილებელი იქნება აქტიური თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, განსაკუთრებით საელჩოებთან. ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის საქმეში დიდი როლი უნდა შეასრულოს ე.წ. პრესტურებმაც. მოწვეულმა ჟურნალისტებმა თავიანთი ქვეყნის მასმედიის მეშვეობით შესაძლებელია ახალი იმიჯი შეუქმნას ქვეყანას.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ ყურადღება და ქვეყნის ცნობადობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის შესახებ უარყოფითი ინფორმაციის გაფანტვა-გაბათილება. ყველა ამ და სხვა ღონისძიების მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ქვეყანაში რეალურად დასტაბილურდეს მდგომარეობა, ჩაცხრეს პოლიტიკური ვნებათა ღელვა. მსოფლიომ უნდა დაიჯეროს ჩვენი მესიჯი – "აქ იყო ომი, დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ!". სხვაგვარად ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკას ტურიზმის განვითარების გარეშე პერსპექტივა არა აქვს.



ესაუბრა თინათინ ჟღენტი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48