DataLife Engine > საზოგადოება > ფეხბურთის ფედერაცია 90-იან წლებში დაბრუნდა

ფეხბურთის ფედერაცია 90-იან წლებში დაბრუნდა


24 დეკემბერი 2009. : merabi
ვალებში ჩაფლულ ფედერაციას ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება


ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა ვალების გამო ფაქტობრივად პარალიზებულია. ფედერაციის ოფისს გათიშული აქვს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, არ ფუნქციონირებს სატელეფონო კავშირი, გათიშულია ინტერნეტი.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ბანკების და სახელფასო ფონდის 10 მილიონი ვალი აქვს. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დახურული სხდომის, დასკვნის მიხედვით, ფედერაციაში 2005-2009 წლებში 56 მილიონამდეა ჩარიცხული. აქედან ფედერაციას ყოველ წელს "უეფა" 250 ათას დოლლარს ურიცხავდა. დანარჩენ თანხას კი ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა, ასევე გაირკვა, რომ ფედერაციის შენობა “საქართველოს ბანკში” ორ მილიონ დოლარადაა ჩადებული. გარდა ამისა, ფედერაციას სხვადასხვა კომერციული თუ საფინანსო სტრუქტურის ვალი აქვს, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი კრედიტორი მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბანკი "UBS”-ია, რომლის მიმართ დავალიანება 900 ათას ევროს შეადგენს. 7-8 დეკემბერს შვეიცარიაში ფეხბურთის ფედერაციისა და "UBS”-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
საინტერესოა, დაინტერესდება თუ არა პროკურატურა ფედერაციის საქმიანობით და გამოიძიებს თუ არა იმას რაში დაიხარჯა 56 მილიონი, (აქედან 16 მილიონი ბიუჯეტიდან) ახალკაცის პრეზიდენტობის პერიოდში. რატომ არ დგება ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკთხი, მითუმეტეს, ცნობილია, რომ აუდიტორული დასკვნაში აღნიშნულია, რომ თანხების ხარჯვაში მნიშვნელოვანი დარღვევებია.
არსებული ინფორმაციით, სამართლებრივი მოკვლევა უკვე ჩატარებულია. თუმცა, ამ ინფორმაციას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კატეგორიულად უარყოფენ. საქართველოს იუსტიციის სამიანისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა იოსავას ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრზიდენტის ნოდარ ახალკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალკაცის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული მასალები ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს არსებობდა. კულუარული ინფორმაციით, ნოდარ ახალკაცს სწორედ ეს მასალები დაუდეს და ფედერაციის პრეზიდენტობიდან ნებაყოფლობით გადადგომა შესთავაზეს. ახალკაცი ნებაყოფლობით გადადგა და საქმე ხმაურიანი საქმეებისთვის განკუთვნილ თაროზე შემოიდო. მისი გადადგომის მოტივად კი საქართველოს ნაკრების წარუმატებელი თამაშები დასახელდა.
რამდენიმე დღის წინ საქართველო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე შვეიცარიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და შეხვედრა `უეფას” პრეზიდენტთან მიშელ პლატინისთან გამართეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ პლატინი საქრათველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა.
ამასთან, ფედერაციის მაღალჩინოსნებმა შეხვედრა გამართეს კომპანია "ირფრონტის” წარმომადგენლებთან, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სარეკლამო და სატელევიზიო უფლებებს ფლობს. ფედერაციის დავალიანება ამ კომპანიისადმი ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს.
უცნაურია, მაგრამ სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის დავით ნამგალაურის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის ფინანსების შესახებ ინფორმაცია მისთვის დახურული იყო. მისი თქმით, იყო მცდელობა გაერკვიათ რა ფინანსური უზრუნველყოფა ჰქონდა პროექტებს, რასაც ფედერაცია ახორციელებდა და რა შემოსავალი ჰქონდა იმის გარდა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა. თუმცა პასუხად იღებდნენ, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურაა და ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის, ასევე გარკვეული კონფიდენციალობის უფლება. საინტერესოა, ამას აქამდე რატომ არ აპროტესტებდა ბატონი დავითი და საერთოდ თუკი აქამდე არსებობდა ინფორმაცია დარღვევების შესახებ რატომ არ დაინტერესდა შესაბამისი ორგანოები ამის გამოძიებით.

სერგი ბოჭოიძე