DataLife Engine > საზოგადოება > ვინც წარსულს ქვას ესვრის, მომავლისგან ქვემეხებს მიიღებს
ვინც წარსულს ქვას ესვრის, მომავლისგან ქვემეხებს მიიღებს23 დეკემბერი 2009. : merabi |
|
აურზაური ქუთაისში "დიდების მემორიალის” დანგრევის გამო გრძელდება. ამ ერთ, ჩვეულებრივ აქტს, ესოდენ დამახასიათებელს ქვეყნს განვითარების მიმდინარე ეტაპისთვის, რატომღაც განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა. საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ შეიგნო, რომ არაფერი არაჩვეულებრივი არ მომხდარა. 1985 წლიდან დღემდე ასეთი რამ თითქმის ყოველდღიურად ხდება. ხდებოდა პატიაშვილის დროსაც, გამსახურდიას, შევარდნაძის დროს, ხდება ახლაც. ზოგჯერ ძეგლებს ანგრევდნენ, ზოგან შენობებს, სხვა დროს გადატრიალებებს აწყობდნენ, ადამიანებს კლავდნენ, უსამართლოდ იჭერდნენ, ხაზინას ძარცვავდნენ, ქვეყანას მესიად ევლინებოდნენ და ტყუოდნენ, ცრუობდნენ, ტაკიმასხრობდნენ. ასე გრძელდება დღესაც. ახლა მავანმა აიკვიატა, რომ საბჭოთა პერიოდის შენობები და ძეგლები მოძველდა, არ ვარგა და უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა.
შედეგად მივიღეთ, დიღმის შემოსასვლელში უშნოდ გაჩხერილი დავითი, აღმაშენებელი და მწვანე ფიქალით ნაგები უმშვენიერესი "ივერიის” მაგივრად, თურქული თუ ჩინური უღიმღამო მუქი კარკასით შემინული მართკუთხა პარალელეპიპედი, უშნოდ რომ გასჩრია სივრცეს. სამაგიეროდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე ახალი ტაძრის მშენებლობას ვაპირებთ, ისტორიული ძეგლი ნაკლებად იქნება, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი კი. ახლა ამაზე მსჯელობის დრო არ არის. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ამიტომ, მივიჩნევ, რომ "დიდების მემორიალის” დანგრევით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ტრაგიკულმა მომენტმა გადაფარა საკითხის არსებითი მხარე. რა თქმა უნდა, აფეთქება ტექნიკური თვალსაზრისით, დანაშაულებრივი შეცდომებით შესრულდა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. თუმცა, ამით არ უნდა მოხდეს პრობლემის რეალური არსის გადაფარვა. "დიდების მემორიალი” ფაშიზმთან ბრძოლაში დაცემული ქართველების უკვდავსაყოფად აიგო. იმ ომში ფაშიზმს, საბჭოთა კავშირთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებიც, დიდი ბრიტანეთიც, საფრანგეთიც და კიდევ ბევრი ქვეყანა, ბევრი ქვეყნის პატრიოტული ძალები ებრძოდნენ. ბევრგან, მიუხედავად საბჭოთა სისტემისადმი, კომუნისტური იდეალებისადმი დიდი სიძულვილის და ანტიპატიისა, ფაშიზმზე ერთობლივი გამარჯვების აღმნიშვნელ ძეგლებს ხელი არ ახლეს. ჩვენ ძეგლებთან ომით, წარსულთან ომით ოთხმოციან წლებში დავიწყეთ. ამიტომ გვსჯის მომავალი და დღემდე ზარბაზნებს გვიშენს. ვიღაცა ამბობს, მავანს მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება, მის მიერ დადგმული ძეგლები არ მოსწონსო. კაცია და გუნება. გემოვნებაზე არ დაობენ. მაგრამ იქნებ ნუგზარ წიკლაურს თავისუფლების მოედანზე დადგმული "წმინდა გიორგი" მოსწონს? სხვებს იგი დიდ სვეტზე შემოდგმულ "ბიჟუტერიას" აგონებს, სხვას "ურჩხულთან მებრძოლ ჭაბუკს". რატომ იმას არ დაანგრევენ? თუ ეს ხელისუფლება რომ წავა, მერე უნდა მივდგეთ და დავანგრიოთ? იქნებ საუკუნოდ გავაგრძელოთ ძეგლების აქეთ-იქეთ ტარება? ან კი პრომეთე-ამირანის ჯერ დადგმა რა იყო "ჩელუსკინელების" ხიდთან და მერე მისი ბორჯომში გადატანა, ან ილიას ძეგლის ბათუმში თეატრის წინა მოედნიდან უკან გადადგმა? ვიღაცამ თალიბების მიერ ბუდას ქანდაკებისადმი დაშენილ ზარბაზნებთან გაავლო პარალელი. სხვა სიბრტყეა. სხვა სივრცეა. სხვა რაკურსი, თუმცა, თუ ასე გავაგრძელეთ, თალიბებსაც უკან მოვიტოვებთ. ეს დეტალები არ არის. ეს არსებითია. ხელი არ ახლოთ ძეგლებს! მოვუაროთ ილიას მონუმენტს და კომპლექსს წიწამურში, რეკონსტრუქცია ესაჭიროება "ამარჯვების პარკის" არქიტექტურულ ანსამბლს, შესაძლოა, დახვეწაც და ამაზე არქიტექტორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა უნდა იმსჯელონ, მერე კი ხალხმა უნდა გამოთქვას თავისი აზრი. ხალხნო! ადამიანებო! მერაბ ბერძენიშვილის "მედეა" აფხაზეთში დღესაც დგას. აფხაზებმა არ დაანგრიეს ბერძენიშვილის მიერ დადგმული ძეგლი და დანარჩენ საქართველოში მის მიერ შექმნილ მონუმენტებს თქვენ ანგრევთ? ყოჩაღ! ძეგლი არც უნდა იდგმებოდეს, არც უნდა იდგმებოდეს და არც გადაადგილდებოდეს ხალხთან მოთათბირების გარეშე, რამეთი იგი ერთი და ორი ადამიანის თვალსასეიროდ არ იქმნება, ან ტურისტებისთვის მოსანახულებელ თვალსაჩინოებად. ნებისმიერი მონუმენტი მთელი ხალხის, მთელი ერის საკუთრებაა. რაც შეეხება ფაშიზმზე გამარჯვების აღმნიშვნელ მონუმენტებს, მათი დანგრევა დაუშვებელია. ის ჩემი წინაპრების, ჩემი ომში დაღუპული ბიძების, პაპის ძმების გმირობის და ტრაგედიის გახსენებაა, მათი უკვდავების ნიშაა. ამიტომ, ხელები შორს მათგან! გერმანელები საქართველოში დაკრძალული თანამოძმეების საფლავებს ეძებენ, უვლიან, მათ უკვდავებაზე ზრუნავენ, მათ უკვდავებაზე, ვინც ფაშისტური გერმანიის არმიის რიგებში იბრძოდა. თქვენ კი, თქვე კაიდედმამიშვილებო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველების ხსოვნას შეურაცხყოფთ. იმიტომ, რომ ისინი საბჭოთა არმიის რიგებში აღმოჩნდნენ ისტორიული ძნელბედობის გამო და ასე ებრძოდნენ ფაშისტურ უკეთურებას? გონს მოდით, უგუნურნო! ლევან მზიანიშვილი |