DataLife Engine > საზოგადოება > სენადალეულები და ფიგაროები

სენადალეულები და ფიგაროები


12 დეკემბერი 2009. : merabi
გუშინ პრემიერ-მინისტრმა გილაურმა განათლების ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარადგინა, ხოლო რაც შეეხება ყოფილ მინისტრს, ნიკა გვარამიას, იგი იმ ყოფილ თანამდებობის პირებს შეუერთდა, რომლებიც მნიშვნელოვან პოსტზე მოღვაწეობის შემდეგ სწავლის გაგრძელების და კვალიფიკაციის ამაღლების მოტივით, უცხოეთში რომ მიემგზავრებიან. განათლების მინისტრი აშშ-ში გამგზავრებას აპირებს და პირველი, რის შესწავლასაც გეგმავს, ინგლისური ენაა.
საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა, რომ მინისტრები ისე ინიშნებიან ახსნა-განმარტების გარეშე, როგორც იხსნებიან. თანამდებობიდან წასვლას კი, უმეტეს შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების სურვილით ხსნიან.
საინტერესოა, ბიუროკრატიული საქმიანობის რომელ ეტაპზე ხვდებიან ქართველი ჩინოვნიკები, რომ მათი ცოდნის დონე არასაკმარისია და დამატებითი განათლების მიღებაა საჭირო. ალბათ, უფრო მაშინ, როცა მათი განათლების დონით უკმაყოფილო პრეზიდენტი ხდება ხოლმე. მაგალითად, ოქრუაშვილი, რომელიც რამდენიმე წელი თავდაცვის მინისტრი იყო, პირველი იყო, ვინც საზღვარგარეთ წასვლა განათლების მიღების სურვილით ახსნა. ეს კი მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნიდან 3 დღეში მოხდა, როცა იგი მიხვდა, რომ მისი ცოდნის დონე ამ სფეროში არ იყო მინისტრისათვის შესაბამისი და მანაც ამ დანაკლისი შესავსებად საფრანგეთს მიაშურა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორც ფრანციიდან ჩამოსულები ამბობენ, ირაკლი თურმე ეკონომიკაზე მეტად იურისპრუდენციამ გაიტაცა და დიდის მონდომებით ეუფლება და იღრმავებს ცოდნას. ის კი არა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, თურმე ხშირად აგზავნის სხვადასხვა სასამართლო პროცესებზე. ირაკლიც კმაყოფილი ყოფილა და მიშასთვის უთქვამს, თუ ვინმეს ჩემსავით გამოუშვებ სასწავლებლად, მე მივხედავო.
ამ მინისტრებს და არამარტო მინისტრებს, რომ აგზავნიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, კარგია, რა სჯობს უცხოეთში განათლებამიღებულ მინისტრს, მაგრამ პრეზიდენტმა ერთ მშვენიერ დღეს მინისტრთა კაბინეტის უხუცესს იულონ გაგოშიძესაც რომ დაუწუნოს განათლების დონე და საზღვარგარეთ გაუშვას სასწავლებლად, მერე რა ვქნათ? ნათქვამია, სწავლა სიბერემდეო, მაგრამ 75 წლის კაცი რომ საზღვარგარეთ წავა სასწავლებლად, ცოტა უხერხულია.
უხერხულზე გამახსენდა - ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის არჩევნებში, რომელიც სულ ახლახანს გაიმართა, ერთ-ერთი წევრი, გინდა დაიჯერეთ და გინდ არა, თბილისის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გეგეჭკორი გახდა. საინტერესოა, მსოფლიოში არის პრეცედენტი, სადაც ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ერთ-ერთი წევრი ქალაქის საპატრულო სამსახურის უფროსია? ალბათ, არა.
გეგეჭკორმა აღმასკომის წევრად არჩევისთანავე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მან ზუსტად იცის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე წევრი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. და ამ მხრივ არა მარტო ნაკრებში, არამედ საერთოდ, ქართულ ფეხბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ნუთუ, მხოლოდ ამის სათქმელად მოვიდა გეგეჭკორი აღმასკომში. ჯერ ერთი, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენი ფეხბურთი ჭაობშია და მეორეც, თუკი ამის თქმა უნდოდა, ამისთვის აღმასკომში შესვლა ნამდვილად არ იყო საჭირო, ეს ისედაც შეეძლო. მითუმეტეს, როგორც ცნობილი გახდა, ეს ფაქტი ფეხბურთის ფედერაციისა და პოლიციისთვისაც დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. გეგეჭკორის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, მაინც უფრო ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასაფარავად გაკეთდა, რომელიც იმ დღეებში გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ თავისი მოღვაწეობისას 56 მილიონ ლარამდე გახარჯა და ამ ორგანოს დღესაც 10 მილიონამდე ვალი აქვს. ამასთან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - გირაოში ვაკეში მდებარე ფედერაციის შენობა და ეროვნული სტადიონის 5%-ია ჩადებული. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. უკეთესი იქნება, თუკი გეგეჭკორი ნარკომანიასთან ერთად ქართულ ფეხბურთში გავრცელებულ მსაჯების ცემა-ტყეპის ფაქტებითაც თუ დაინტერესდება, რომლებშიც გარდა გულშემატკივრებისა, თვით პრეზიდენტის რწმუნებულებიც კი მონაწილეობენ.
მაგრამ თუკი შეიძლება ქალაქის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელი ამავე დროს იყოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, მაშინ რატომ არ შეიძლება პარლამენტის წევრი საკრებულოს წევრიც იყოს.
გასულ კვირას ერთი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც,
პარლამენტის წევრებს თბილისის საკრებულოში მოსახვედრად ბრძოლა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ისე შეეძლებათ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა არ მოუწევთ.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს მიეცა უფლება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე მიიღოს.
აღნიშნულს ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ფარისევლობად აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ განმარტებით ბარათში `გაპარული~ პუნქტი განახლებულ `საარჩევნო კოდექსში~ აუცილებლად მოხვდება.
დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა სამართლებრივი ნონსენსია.
`ამის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება, რადგან პარლამენტის წევრობა და საკრებულოს დეპუტატობა ერთმანეთთან შეუთავსებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობას აღარავინ ჰყავს, ვისაც ამომრჩეველს შესთავაზებს და არჩევნებში გამოსაჩენ ადამიანებს ახლა პარლამანეტში ეძებს~, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ვფიქრობთ, ამით ბევრი არაფერი დაშავდება, გარდა იმისა, რომ ერთიც ვნახოთ და მერის არჩევნები ალასანიამ მოიგოს (მაინც თბილისია), მას თავის ჭკუაზე მოქმედების საშუალება არ მიეცემა. მისი მაკონტროლებელი ხომ ნაციონალი დეპუტატებით დაკომპლექტებული საკრებულო იქნება.

შოთა ბუჩუკური