DataLife Engine > საზოგადოება > ვინ აკეთებს ფულს ქართველი ავადმყოფების ხარჯზე

ვინ აკეთებს ფულს ქართველი ავადმყოფების ხარჯზე


21 ნოემბერი 2008. : vale
ყველა მედიკამენტი 15-20%-ით გაძვირდა. ხელისუფლება კი ამტკიცებდა, ფასები არ მოიმატებსო

ეროვნული ვალუტის კუსის დაცემამ სამომხმარებლო ფასების მატების ახალი ტალღა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდის ექსპერტებისეულ პროგნოზებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან, სამომხმარებლო საქონელზე ფასები იზრდება და ამას ჩვეულებრივი მომხმარებელი ექსპერტების მითითების გარეშეც ხვდება. ფასები, ბუნებრივია, პირველ რიგში, იმპორტირებულ საქონელზე მოიმატებს, ასეთი საქონელი კი ძირითადად არის სურსათი, ენერგომატარებლები და მედიკამენტები. პროდუქტის ეს სამი კატეგორია პირველადი მოხმარების საგნებად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე ფასების ნებისმიერი პროცენტით მატების შემთხვევაში, მოთხოვნა არ შემცირდება. აქედან გამომდინარე, ინფლაციის ზრდა მოსახლეობის საშუალო და დაბალი ფენების ჯიბეს ყველაზე მტკივნეულად ურტყამს.
ლარის კურსის ვარდნა ყველაზე ოპერატიულად მედიკამენტებზე აისახა. წამლები პრაქტიკულად იმავ წუთს გაიზარდა, როგორც კი სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ვალუტის ვარდნა დაფიქსირდა. ერთი შეხედვით, ფასების მატების ლოგიკა სწორია, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი მედიკამენტების ძირითად ნაწილი იმპორტულია, ანუ დოლარით ან ევროთია შეძენილი, შესაბამისად, ქართულ ბაზარზე მათი ლარში გასაყიდი ფასი უნდა გაიზარდოს. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს. რატომ არ ითვალისწინებს ამ მარტივ ლოგიკას ხელისუფლება, რომელიც იმასაც კი არ აღიარებს, რომ ფასები გაიზრდება. 10 ნოემბერს, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა ლარის კურსის ვარდნის შესახებ კომენტარი გააკეთა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ქართულ ეკონომიკას სჭირდებოდა და ფასები არ გაიზრდებოდა. ამას, შემდგომ დღეებში, დაემატა ქართულ ეკონომიკაში შედარებით წონიანი ფიგურის, კახა ბენდუქიძის კომენტარი, რომელმაც ჩვეულ სტილში გალანძღა ოპონენტები, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას პროგნოზირებდნენ, მათ არაკომპეტენტურები უწოდა და განაცხადა, რომ ფასების შენარჩუნებას თავისუფალი ბაზარი და კონკურენტული გარემო უზრუნველყოფს.
თავისუფალი ბაზარი გვაქვს, კონკურენტული გარემოც ყვავის, რდგან ეკონომიკას ასე დასჭირდა, ლარიც გაუვაუფასურეთ, რაც, ძალიან თეორიული მიდგომით თუ ვიხელმძღვანელებთ, ოდესმე ექსპორტის წახალისების საფუძველი უნდა გახდეს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მედიკამენტები უკვე გაძვირდა. ფასების ზრდა ვერც კონკურენტულმა გარემომ შეაჩერა და ვერც თავისუფალმა ბაზარმა, როგორც ამას ბატონი ბენდუქიძე ამბობდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბენდუქიძისა და ამაღლობელის მოსაზრებების ყველა პუნქტში საკმაოდ წარმატებით შეიძლება ოპონირება. ყველაზე მთავარია მათი მოსაზრება ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით. ეროვნული ვალუტის მყისიერი გაუფასურების შემდეგ განცხადებას, რომ ფასები არ გაიზრდება, არც ერთი თავმოყვარე ეკონომისტი არ გააკეთებდა. ფასები უკვე გაიზარდა და ამ მოსაზრების აბსურდულობას დიდი მტკიცება არ სჭირდება. მეორე მომენტი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში ნამდვილად ვერ დავეთანხმებით, არის ის რომ ფასების შენარჩუნებას საქართველოში არსებული კონკურენტული გარემო და თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს. საქართველოში თავისუფალი ბაზარი უბრალოდ არ არსებობს. ქართველი ექსპერტების უდიდესი უმრავლესობის აზრით, ქართული ბაზრის უკლებლივ ყველა სექტორი მკაცრად მონოპოლიზებულია. დიდ ექსპერტობა და ეკონომიკურ თეორიებში განსწავლულობა არ სჭირდება იმას, რომ უბრალოდ ჩამოიარო დედაქალაქში არსებული აფთიაქების ნაწილი და როგორც მომხმარებელმა, ისე დაინტერესდე მედიკამენტების ფასებით. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ აფთიაქების ძირითად ნაწლში იდენტური ფასებია, გაძვირების ტენდენციებიც საერთო აქვთ და ამ ყველაფრის შესახებ ოფიციალური კომენტარიც.
ნიშანდობლივია, რომ გაძვირდა ყველა წარმომავლობის მედიკამენტი, როგორც ევროპული და დსთ-ს სივრციდან იმპორტირებული, ასევე საქართველოში დამზადებული. თუმცა ყველა სახის წამალი ერთნაირი პროცენტით არ გაძვირებულა, ფასებმა ყველაზე მეტად მოთხოვნად მედიკამენტებზე მოიმატა. დღესდღეობით ყველაზე მოხმარებადი გაციების, ტკივილ-გამაყუჩებლის, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და ნევროლოგიის წამლებია. ასეთ მედიკამენტებზე 70-80 პროცენტიანი გაძვირებაც კი დაფიქსირდა. თუმცა არის მედიკამენტები, რომლებზეც ფასები მხოლოდ 10-20 პროცენტით გაიზარდა. ამ შემთხვევაში, ვერ ვისარგებლებთ მარტივი თეორიით, რომ ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა, იმიტომ, რომ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები არასოდეს გამხდარა დეფიციტური. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სააფთიაქო კომპანიები, ფასებს საკუთარი შეხედულებებისამებრ ადგენენ და არა ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ეს კომპანიები, თვითონ განსაზღვრავენ ბაზრის კონიუნქტურას. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ფასების მედიკამენტებზე ფასების ზრდა არ უნდა ყოფილიყო ასეთი მკვეთრი. იმპორტირებული მზა მედიკამენტებისა და ფარმაცევტული სახის ნედლეულის დიდი ნაწილი ევროპიდან შემოდის. გავიხსენოთ, რომ ლარის კურსის ვარდნას წინ უძღოდა ევროს კურსის გაუფასურება. მაგალითად, ორი თვის წინ ლარისა და ევროს მიმართება 1 – 2-თან იყო, შემდეგ ევრო გაუფასურდა და ერთი ევროს ყიდვა 1,75 ლარადაც შეიძლებოდა, ლარის ვარდნის შემდეგ კი ლარისა და ევროს მიმართება ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. გავიხსენოთ ისიც, რომ ევროს ვარდნის დროს ევროპული მედიკამენტები არ გაიაფებულა, შესაბამისად, არც ახლა უნდა გაძვირებულიყო. მსგავს ლოგიკას, უფრო გრძელვადიან პერიოდში, დოლარში შემოტანილ პროდუქციაზეც უნდა ემოქმედა. დღეს ლარისა და დოლარის მიმართება ნამდვილად არ არის იმაზე უარყოფითი, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ იყო. ლარის გამყარებისა და დოლარის ვარდნის შემდეგ მედიკამენტები არ გაძვირებულა, ახლა კი, როცა ლარისა და დოლარის მიმართება ერთი წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, მედიკამენტები გაძვირდა.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომენტარი ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ, რომელმაც საინტერესოდ ახსნა, რატომ აძლევს სახელმწიფო ფარმაცევტულ კომპანიებს ავადმყოფი ქართველების ხარჯზე ფულის კეთების საშუალებას - " ყველაფერი ხდება იმ ზნეობის პარალლეურად, რასაც ფარმაცევტული კომპანიების მიერ "რუსთავი 2"-ზე "ვანოს შოუს" დაფინანსება ჰქვია. ავადმყოფი ადამიანის მიერ გადახდილი თანხებით, ყველა ის კაპრიზი ფინანსდება, რომლსაც ფარმაცევტულ კომპანიებს, ქვეყანაში იძულების ბერკეტების მქონე ძალები აიძულებენ. ჩემის აზრით, ეს სიმახინჯე საკანონმდებლო დონეზე უნდა მოისპოს. ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორც მწარმოებლებს ასევე დისტრიბუტორებს ყველა ტიპის კულტურულ-გასართობი სახის ღონისძიების დაფინანსება ან სპონსორობა უნდა აეკრძალოთ.
ქართული ვალუტა, როცა ხელოვნურად მყარდებოდა, ამას რატომღაც ფასების შემცირება არ მოჰყოლია. პირიქით, წამლებზე ფასები მაინც იზრდებოდა. ასეთ წყობას ეკონომიკა არ ჰქვია და საბაზრო ეკონომიკის ფორმულით ვერ აღვწერთ. ეს არის ზნედაცემული ბენდუნომიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს და ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს. არავის დაუსვამს კითხვა - რატომ ძვირდება წამალი მაშინ, როცა ადგილობრივი ვალუტა მყარდება? ახლა ადგილობრივი ვალუტა კარგავს თავის ძალას და ყველა შეთანხმდა, რომ წამლებზე ფასი უნდა გაიზარდოს. თუ მაშინ არ ითვალისწინებდნენ საბაზრო ფასებს, ახლა საბაზრო პრინციპის კლასიკურ მოდელზე რატომ გადადიან? ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - გაგრძელდეს წამლებზე უკანონო ფასების ზრდა! თავად ფარმაცევტული კომპანიები, სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული რეკეტის მსხვერპლნი არიან. მერწმუნეთ "ვანოს შოუს" საკუთარი ნებით არცერთი ნორმალური წარმოება არ დააფინანსებს".



ადა ექიზაშვილი