DataLife Engine > საზოგადოება > ქართული კორუფციის ტრანსფორმაცია
ქართული კორუფციის ტრანსფორმაცია22 ოქტომბერი 2009. : merabi |
|
აქვს თუ არა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს, 28 წლის ირაკლი მატკავას შეხება კორუფციულ გადაცდომებთან
ხელისუფლების მიერ, ყველა დროში, წახალისებული ბიზნესის თემა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამაყობს, რომ შევარდნაძისდროინდელი კორუფცია დაძლეულია და ჩვენს ქვეყანაში არაკაონიერი, კორუფციული ხასიათის, გარიგებები აღარ ხდება. სააკაშვილი მართალია, მან დაამარცხა შევარდნაძისდროინდელი კორუფცია, ძირითადად ქვედა დონეებზე, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეული ენერგიით შექმნა ახალი. მის მიერ შექმნილ მრავალ ახალს შორის, ერთერთი ყველაზე წარმატებულია კორუფციის ახალი სახე და მეთოდი. კორუფციის სააკაშვილის პერიოდისეული სახესხვაობა, არსებითად განსხვავდება შევარდნაძისდროული აღებ-მიცემობისგან. მოხდა ამ ფენომენის "მეცნიერულ" დონეზე აყვნა. სააკაშვილისეულ კორუფციას უკვე ვეღარ ვუწოდებთ სახალხო აღებ-მიცემობას, კორუფციამ ელიტარული გარიგებების სახე მიიღო. თუ ადრე ჩვეულებრივი "გაიშნიკის" მიერ უკნონოდ გამოძალულ ორ ლარს კორუფციად თვლიდნენ, და სამართლიანადაც, რადგან "ქვევით" იკრიფებოდა "ზევით" მიდიოდა. დღეს უკვე ორი ლარი ფულად აღარ ითვლება და მხოლოდ ასიათასებზე შეიძლება საუბარი. ასიათასები, მილიონები და რამდენიმე მილიონი დღევნდელ საქართველოში ნამდვილად იშოვება, იშოვება ძალიან ბევრ სფეროში, მაგრამ არა ყველასთვის. ჩვენს რეალობაში დიდი ფულის შოვნა მხოლოდ ხელისუფლებასთან ახლობლობით შეიძლება. ახლობლობა ორმხრივი პროცესია, ორმხრივი ვალდებულებებით და ორმხრივი სიკეთეებით. ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეტი ხდება ცნობილი იმ სასათბურე პირობების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება, სახელმწიფოს სახელით, მასთან დაახლოებულ კომპანიებს უქმნის. შორს აღარ წავალ, აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ სხვადასხვა კომპანიები არსებული საკანონმდებლო ბაზის პირობებში, ბაზარზე, სხვებთან შედარებით, რბილად რომ ვთქვათ, უპირატეს მდგომარეობაშია. ხელისუფლებასთან დაახლოებული საქმოსნების მადა იმ დონემდე ავიდა, რომ ფულს პირდაპირ ბიუჯეტიდან "ტეხავენ". ამ თემის განვითარება, სამწუხაროდ, უამრავი მაგალითით შეიძლება, თუმცა, ამ ეტაპზე, ერთი კონკრეტული ისტორიით შემოვიფარგლოთ. 12 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად ირაკლი მატკავა დაინიშნა. ბატონი მატკავა 1981 წლის 18 იანვარს დაიბადა. 28 წლის მატკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელმაც ცოდნა აშშ-ში გაიღრმავა და საკმაო სამუშაო სტაჟიც გააჩნია. მატკავა BCG (Business Consulting Group)-ის კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერი, TDG holding-ის აღმასრულებელი დირექტორი და თბილისი Open Air-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი გახლდათ. ეს კომპნიები საქართველოში მოღვაწეობენ და ყველა მათგანი (ბისიჯის გარდა) "ვარდების რევოლუციის" შემდეგ არის დაფუძნებული. BCG კვლევების ბაზარზე მუშაობს. TDG holding მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფიარტექნოლოგიების სფეროში ტრენინგების და ბიზნესკონფერენციების მოწყობით არის დაკავებული. თბილისი Open Air-ი კი საზოგადოებისთვის უკეთ არის ცნობილი, სწორედ ამ კომპანიამ ითავა მაისში "ევროვიზიის" ალტერნატიული პროექტის "ალტერვიზიის" თბილისში ჩატარება. საინტერესოა, რომ იმ კომპანიებს, სადაც ირაკლი მატკავა წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, საკმაოდ ახლო ურთიერთობები ჰქონდა და აქვს ხელისუფლებასთან. თავისთავად ამაში ცუდი არაფერია, გარეგნულად თითქოს ყველაფერი კარგადაა და სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ურთიერთობების კლასიკურ ჩარჩოებში ჯდება. მაგრამ სიღრმეში თუნდაც მცირე ჩასვლის შემდეგ ნათლად იკვეთება გარკვეული გადაცდომები, თუ გადაცდომა შეიძლება ეწოდოს ისეთ ფაქტს, როგორიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არასწორად განკარგვა. დავიწყოთ კომპანია BCG-ით. ამ კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელი და ფაქტობრივი მმართველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მეუღლე ანა თარხნიშვილია. BჩG დაკავშირებულია `ფიფლმეტრების~ სკანდალთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გასული მასალის შემდეგ აგორდა. საუბარია კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში, დიმიტრი ქიტოშვილის თავმჯდომარეობისას, გამოცხადებულ ტენდერზე, რომლის საფუძველზეც BCG -მ 2 მილიონი ლარი მიიღო 500 "ფიფლმეტრის" შესაძენად. "კვირის პალიტრის" მასალაში დაიბეჭდა ინტერვიუ BCG-ის კონკურენტი ფირმის წარმომადგენელთან, რომელმაც განმარტა, რომ ამ იმავე რაოდენობის პროდუქციის შეძენა 1 მილიონ ლარად ანუ BCG-ისთვის გამოყოფილი თანხის ნახევრად შეიძლებოდა. თუმცა, თანხების გადახარჯვა ამ ისტორიაში მთავარი არ არის. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო სახსრებით მოხდა იმ ტექნოლოგიების შეძენა, რომელიც შემდეგ კერძო კომპანიას გადაეცა, თან ისე, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მხოლოდ "ფიფლმეტრების" შეძენა ევალებოდა. საყურადღებოა, რომ ტენდერში, რომელშიც ასეთი მარტივი პირობა იყო წარმოდგენილი, მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. და რაც ყველაზე მთავარია, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რეალურად, ეს "ფიფლმეტრები" არც სჭირდებოდა. ის კვლევები, რისთვისაც "ფიფლმეტრები" გამოიყენება, პირველ ყოვლისა, კერძო კომპანიებს სჭირდებათ, რატომ უნდა გამოედო თავი სახელმწიფოს კერძო კომპანიების საჭიროებებისთვის და ისევ კერძო კომპანიისთვის ეჩუქებინა ტექნიკა, ლოგიკურად ძნელად ასახსნელია. რაც შეეხება TDG holding-ს, საინტერესოა მისი ურთიერთობა ცენტრალურ საარჩევნო კოომისიასთან. კომპანიას, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ირაკლი მატკავა გახლდათ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზება დაუკვეთა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტრუქტურაა, აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა, რომელიც 50000 ლარზე მეტი ღირებულებისაა ტენდერის საფუძველზე უნდა მოხდეს. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შევიტყვეთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ტრენინგების ორგანიზების საკმაოდ ძვირი პროექტის შესახებ ტენდერი არ გამოუცხადებია. მე პირადად არ მჯერა, ისეთი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ადამიანმა, როგორიც ლევან თარხნიშვილია, როგორ დაარღვია კანონი. ეს, ალბათ, სამართალდამცავ სტრუქტურებსაც არ სჯერათ, თორემ ლევან თარხნიშვილმა, რატომ დაუკვეთა უტენდეროდ პროექტი თავისი მეუღლის თანამშრომელს და საქმიან პარტნიორს, ეს ადვილი ასახსნელია. მესამე ისტორიას ირაკლი მატკავას მესამე სამუშაო ადგილიდან მოვიტან. როგორც უკვე ვთქვით, იგი თბილისი Open Air-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი გახლდათ. როგორც ცნობილია, ამ კომპანიამ მაისში თბილისში"ევროვიზიის" ალტერნატიული პროექტის "ალტერვიზიის" ორგანიზების მოწყობა ითავა. ეს პროექტი დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდა. თანხა კულტურის სამინისტრომ გამოყო. სხვა საკითხია, რამდენად აუცილებელი იყო ზოგიერთი უგემოვნო მაღალჩინოსანის ახირების დაკმაყოფილება და გამძვინვარებული კრიზისის პერიოდში და ამხელა თანხის დახარჯვა ნაკლებადცნობილი აღმოსავლეთევროპელი მუსიკოსების მოსაწვევად. მთავარი ისაა, რომ ამ ფესტივალის ორგანიზებაც ტენდერის გამოცხადების გარეშე მოხდა. აქვე უნდა გავიხსენოთ, ისიც, რომ თუ საქმე ეხება საბიუჯეტო სახსრებიდან 1 მილიონ ლარხე მეტის განკარგვას, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი. კულტურის სამინისტროს ამაზე არც უფიქრია, სახელდახელოდ შეირჩა ხელისუფლებასთან დაახლოებული და საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც მმართველად დაუნიშნეს სახელისუფლებო პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაში გამოცდილი ბატონი მატკავა, მისცეს მათ 2 მილიონ ლარზე მეტი და მეოწყო "ალტერვიზია". როგორ დაიხარჯა ფესტივალისთვის გამოყოფილი ფული, ეს კიდევ უფრო საინტერესო საკითხია, თუმცა ამაზე ყურადღება სამომავლოდ გადავიტანოთ. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებამ პირდაპირ მისცა ირაკლი მატკავას და მის გუნდს ორი მილიონი, რითაც, უბრალოდ კანონი დაარღვია. ასე კეთდება საქმე ჩვენს ქვეყანაში. ახლობლობ ხელისუფლებასთან, მოემსახურები მას და ისიც მოგცემს ფულის კეთების საშუალებას. თუ სახელისუფლებო გარიგებებში კარგად გამოიწვრთნები და უკვე ისეთი მასშტაბური პროექტების გაძღოლას შეძლებ, როგორიც ალტერვიზიაა, ამ შემთხვევაში, შეიძლება უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი გახდე. ჩვენ აღნიშნული ფაქტების კომენტირება ირაკლი მატკავას ვთხოვეთ. მან ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა, მაგრამ შემდეგ ჩვენს კითხვებს უპასუხა. ის მეტისმეტად თავდაჯერებული და ხალისიანი იყო პასუხების გაცემისას. ის წრე, რომელსაც ბატონი მატკავა ეკუთვნის, დღეს მძლეთამძლეა და ასეთ ფაქტებს აინუშიც კი არ აგდებს. არც ესაა გასაკვირი. თუმცა, მე პირადად, მადლიერი ვარ მისი, რამდენადაც კითხვებს უპასუხა და თავი არ აარიდა. გთავაზობთ, მის პასუხებს დაფიქსირებულ, ჩვენი აზრით, სერიოზულ გადაცდომებთან დაკავშირებით. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ თავად გააკეთოთ დასკვნები. - რამდენიმე თვის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია 2007 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ, რომლის თანახმადაც, სარეიტინგო კომპანია BCG-მ 500 "ფიფელმეტრის" შესაძენად 2 მილიონამდე ლარი მიიღო. ანალიტიკოსები აფიქსირებენ რამდენიმე დარღვევას, პირველი - 500 "ფიფლმეტრის" შეძენა გაცილებით ნაკლებ თანხად შეიძლებოდა; მეორე – კერძო კომპანიისთვის ტექნოლოგიების შეძენაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები არ უნდა იხარჯებოდეს და ამ შემთხვევაში, არც რაიმე აუცილებელი საჭიროება არსებობდა ამ აპარატურის შესაძენად, იმიტომ რომ ბაზარზე იმ დროს უკვე არსებობდა კომპანია, რომელსაც აღნიშნული აპარატურა გააჩნდა. ბატონო ირაკლი, რას იტყვით ამ დარღვევებზე, როგორც ვიცით, თქვენ იმ დროს BCG-ში ერთერთი წამყვანი თანამდებობა გეკავათ. - თვითონ ტენდერს რაც შეეხება, ჩვენ ვიყავით კომპანია რომელმაც უკვე გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მიონაწილეობა, შესაბამისად, რატომ გამოცხადდა ეს ტენდერი ჩვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არაა. რაც შეეხება "ფიფელმეტრებს", ჯერ ერთი, რატომ ფიქრობენ ეს ანალიტიკოსები, რომ უფრო იაფად შეიძლებოდა მათი შეძენა?! აქ ორი რამ არის მთავარი. პირველი, კონტრაქტი, რომლის თანახმად ჩვენ შევიძინეთ ეს საქონელი. ამ შემთხვევაში, ვისარგებლეთ განვითარებადი ქვეყნებისთვის სპეციალური ფასდაკლებით, ანუ მაქსიმალური თანხაც კი არაა გადახდილი ამაში. ეს ფასდაკლება ეხებოდა მომსახურებას, გარანტიებს, რემონტს და ა. შ. მეორე, სახლემწიფოს არ შეუძენია ტექნოლოგიები კერძო კომპანიისთვის. ამ ტენდერის პირობების თანახმად, ეს აპარატურა, რაც შეძენილი იყო, ეკუთვნის სახელმწიფოს, უბრალოდ, ამ პანელს ტექნიკურად მართავს კომპანია "ბისიჯი". (ხაზგასმა ჩემია, ა.ე. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ფაქტობრივად ლევან თარხნიშვილის მეუღლე ფლობს). ქონება არის სახელწიფოს და როგორც კი კომისიასა და "ბისიჯის" შორის კონტრაქტს ვადა დასრულდება, ეს ქონება გადაეცემა სახელმწიფოს. "ბისიჯი" უბრალოდ ტექნიკურად მართავს მას. - ესე იგი იყენებს მოგების მისაღებად. ახლა მეორე კითხვა, - თქვენ ბრძანდებოდით თბილისიოპენაირ-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი. როგორც ცნობილია, ამ კომპანიამ დედაქალაქში "ალტერვიზიის" ორგანიზების უფლება ტენდერის გარეშე მიიღო, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და თვლით თუ არა, რომ კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალური ფესტივალისთვის გამოყოფილი 2 მილიონ ლარზე მეტის ტენდერის (საერთაშორისო ტენდერის) გარეშე განკარგვა კანონდარღვევაა? - როგორც თქვენ თქვით, მე ვიყავი ამ პროექტის მარკეტინგისა და პიარის დირექტორი. შესაბამისად, მე არ ვიცი, ფინანსური საკითხები ტენდერით იყო დარეგულირებული თუ უტენდეროდ, თუ როგორ იყო. მე ეს არ ვიცი და ვერც კომენტარით დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მე შეფასებას ვერ გავუკეთებ კულტურის სამინისტროს ამა თუ იმ ქმედებას, რაც არ უნდა იყოს ეს. მით უმეტეს იმაზე, რომ ეს არის თუ არა კანონდარღვევა. იმიტომ, რომ არის კომპეტენტური ორგანოები, რომელებიც ამ ტიპის შეფასებებს აკეთებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის კულტურის სამინისტროს საქმე და კომენტარიც მათი გასაკეთებელია, ჩემი მოვალეობა იყო, რომ მიმეხედა ფესტივალის მარკეტინგისთვის და პიარისთვის და მე დანარჩენი საკითხები არ ვიცი. მე სახელმწიფო მოხელე რომ ვარ, პრინციპულად არ შემიძლია ასეთი კომენტარის გაკეთება, რაღაც არის თუ არა კანონდარღვევა. თუ სახელმწიფო მოხელის კუთხიდან შევხედავ, მე არ ვმუშაობ არც სასმართლოში არც პროკურატურაში, არც იუსტიციის სამინისტროში, მე საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გახლავართ და მე კომენტარს ვერ გავაკეთებ სხვა უწყების მიერ განხორციელებული ქმედების კანონონზომიერებაზე. - თქვენ ასევე ბრძანდებოდით TDG holding-ის აღმასრულებელი დირექტორი, რა ურთიერთობა აქვს ამ კომპანიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომელსაც თქვენი ყოფილი თანამშრომლის ანა თარხნიშვილის მეუღლე ლევან თარხნიშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენი ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უტენდეროდ დაუკვეთა TDG holding-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზება. - დიახ, "თი დი ჯი ჰოლდინგსა" და საარჩევნო კომისიას შორის არსებობს სწორედ ეს ურთიერთობა, ჩვენ მათ ტრენინგები გავუკეთეთ. რაც შეეხება ტენდერის საკითხებს, ეს იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული ტრენინგები, - "იუენდიპის" ტრენინგები, შესაბამისად, მე არ ვიცი, რა ტენდერი უნდა ჩაეტარებინათ მათ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ "იუენდიპიში" საკმაოდ მკაცრი წესებია, იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კომპანიას მისცემს კონტრაქტს. ჩვენ ყველა ეს პროცედურა, როგორც "თიდიჯი ჰოლდინგმა", დავიცავით, კონკურენციის პირობებში. არ ვიცი ზუსტად, ტენდერი იყო, თუ ინტერესთა გამოხატვა იყო, არ ვიცი ეს "იუენდიპის" მხრიდან რა ფორმა იყო. სხვა კომპანიებთან ერთად, ჩვენც გავიარეთ ყველა პროცედურა და "იუენდიპიმ" მიიღო გადაწყვეტილება შეთავაზებული ფასის და ხარისხის მიხედვით. რაც შეეხება იმას, რომ ლევან თარხნიშვილი ჩემი მეგობარია და მე ანი თარხნიშვილს ვიცნობ, თბილისში ყველა ვიღაცის ქმარი, ცოლი და მეგობარია. ჩვენ შეგნებულად ავუარეთ გვერდი ნებისმიერი ხასიათის შეფასებებს, რადგან ვაპირებთ შემდეგ ნომრებში თითოეულ თემაზე სრულყოფილი გამოძიება შემოგთავაზოთ. დავუბრუნდებით, თბილისი ოფენ ეარ-ის საკითხსაც, რადგან ეს ფესტიალი უკვე მეორედ ტარდება. უბრალოდ პატრონი შეიცვალა და ახლა მას თბილისის მერია შეფობს. როგორც დავადგინეთ თბილისის ბიუჯეტში ამ ფესტივალისთვის 2009 წლის ბიუჯეტში თანხები არ არის გამოყოფილი. რა და როგორ ფინანსდება ამ კითხვებზე შემდეგ ნომერში გავცემთ პასუხს. მანმადე კი გვსურს, ერთ რამეში დავეთანხმოთ ბატონ ირაკლი მატკავას, სახელმწიფოში არსებობს კომპეტენტური ორგანოები, რომელიც ასეთი ტიპის საკითხებზე შეფასებებს უნდა აკეთებდნენ. ადა ექიზაშვილი ლევან მარტაძე |