DataLife Engine > საზოგადოება > ამნისტია – ვის ეხება ხელისუფლების კეთილმოწყალება?!
ამნისტია – ვის ეხება ხელისუფლების კეთილმოწყალება?!21 ნოემბერი 2008. : vale |
|
ამნისტია – ვის ეხება ხელისუფლების კეთილმოწყალება?!
ხელისუფლებამ საზოგადოების გულის მოგება კიდევ ერთხელ შეძლო, თუმცაღა ყველაფერი მაინც იმ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუ რეალურად რამდენი ადამიანი იქნება ამ კეთილმოწყალებით კმაყოფილი. საყოველთაო ამნისტიის პროცესმა, რომლის ირგვლივაც ცხარე დებატები მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრავლესობა ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ხელისუფლების განცხადებით, ამნისტიამ შეიძლება საწინაარმდეგო შედეგი მოგვცეს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება დაიძაბოს. ამიტომაც, აუცილებელია ეტაპობრივი მოქმედება და საკითხისადმი პრაგმატული მიდგომა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, "ეს იქნება კომბინირებული სქემა: ამუშავდება ამნისტია, ამუშავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი და შეწყალება." ამნისტია, რომელიც 23 ნოემბერს ამოქმედდება, სამართლებრივი გაგებით, საქართველოს სახელმწიფოს ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, იმ ერთჯერადი ხასიათის დროებით და განსაკუთრებულ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებისთვის საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი, ბრალდებულნი, განსასჯელნი ან მსჯავრდებულები არიან. წლევანდელი ამნისტია, რომელსაც თან შეწყალების პროცესიც ახლავს, 12 ათას ადამიანს შეეხება, 2000 ათასზე მეტი მსჯავრდებული გათავისუფლდება, 2696 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო 4623 –ს პირობით მსჯავრი გაუუქმდებათ. ამიტომაც დიდია საზოგადოების დაინტერესება ამ პროცესებისადმი და გულისწყრომაც იმ ცვალებადი მუხლების მიმართ, რომელიც კანონპროექტში თითქმის ყოველდღიურად იცვლება. იმ დარბაზში, სადაც არც თუ ცოტა ხნის წინ, თავად პრეზიდენტის მოწოდება: "ყველანი ციხეში – ნულოვანი ტოლერანტობა", ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრების საფუძველი გახდა, დეპუტატები ერთსულოვანი აღმოჩნდნენ პრეზიდენტისვე ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენის მხარდასაჭერად. Oოპოზიციური სპექტრი ქვეყანაში რესოციალიზაციის პროცესის დაწყების მომხრეა, მაგრამ ამნისტიის კანონპროექტში შეტანილი მუხლები მათ აფიქრებინებთ, რომ ხელისუფლებას ამნისტია მხოლოდ საკუთარი არადემოკრატიული სახის გადასაფარავად სჭირდება. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი სულ 57 მუხლისაგან შედგება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრესისთვის მოწოდებული 2007 წლის სტატისტიკის მიხედვით, სადღეისოდ, ქართულ ციხეებში სასჯელს 19 მუხლით არც ერთი ადამიანი არ იხდის. ამდენად, თუკი კანონმდებლები ამნისტიის კანონს წარმოდგენილი რედაქციით დაამტკიცებენ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს მხოლოდ 38 მუხლი შეეხებათ, ხოლო დანარჩენი 19 მუხლი კანონში მხოლოდ ფორმალურ ხასიათის ატარებს. (ასეთი მუხლებია: 203-ე, 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 243-ე, 259-ე, 272-ე, 279-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 387-ე, 129-ე 188-ე I ნაწილი, 193-ე, 195-ე და 196-ე) "ბანკები და ფინანსები" ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით იმ ადამიანების მოსაზრებებს გთავაზობთ, ვინც გასულ კვირაში ყველაზე მეტად გამოხატავდა პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ იმ კანონპროექტის რედაქციასაც, რომელიც პარლამენტმა 14 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო. (თანმიმდევრობა შინაარსობრივად დაცულია) გია თორთლაძე, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე: ამნისტია, რომლის ინიციატორებიც ჩვენ ვართ, ხელისუფლების მხრიდან განსასჯელებისადმი გამოვლენილ კეთილ ნებად უნდა მივიჩნიოთ. წლევანდელი ამნისტია, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. შესაძლებელი იყო, რომ ამნისტიის პროექტს რამდენიმე მუხლი დამატებოდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ანტიკრიზისული საბჭოს მიერ განსახილველად დაყენებული 28 მუხლიდან 23 მხედველობაში იქნა მიღებული. წლევანდელი ამნისტია 12 ათასს ადამიანს შეეხება, აქედან 2200 ადამიანი უპირობოდ თავისუფლდება, ხოლო ნაწილს სასჯელი უნახევრდება. რა თქმა უნდა, გვინდოდა მეტი ადამიანი გათავისუფლებულიყო, მაგრამ რა შედეგიც გვაქვს, ამითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ხუთ ადამიანსაც რომ შეხებოდა ამნისტია, მე მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი. შესაძლებელია წარმოდგენილ პროექტში მოხდეს მცირედი ცვლილებებიც, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებს მას ხელისუფლება, მათზეა დამოკიდებული. დღეს აქტუალურია საკითხი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. ჩვენ აქ გავითვალისწინეთ კოდექსის 177 მუხლის I და II ნაწილი და 178-ე მუხლის I ნაწილი, რომელიც ქურდობასა და ძარცვას ეხება. დანარჩენი მუხლები, არასრულწლოვნებს, უბრალოდ, ვერ შეეხებოდა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც, თუმცა ორი ადამიანის გათვალისწინებას მივაღწიეთ. თქვენ იცით, რომ 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული 47 ადამიანიდან 14 ისევ რჩება ციხეში. დღეს ხელისუფლება მათ არ ეძახის პოლიტპატიმრებს და დამნაშავეებად მოიხსენიებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება შეიძლება შეწყალების გზითაც. აგრეთვე, საუბარია ნარკოტიკული დანაშაულების შესახებაც. კოდექსის 273 და 260 მუხლის სამივე ნაწილში მომხმარებელსა და რეალიზატორზეა საუბარი. საერთოდაც ვთვლი, რომ კოდექსის ეს მუხლები შესაცვლელია. კანონმა მკვეთრად უნდა მოახდინოს გამიჯნვა მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის. ანტიკრიზისული საბჭო, ამ კუთხით, თემის აქტუალიზაციას აპირებს. გია არსენიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: ამნისტია ძალიან მნიშვნელოვანი აქტია იმ ადამიანებისათვის, ვინც თავისუფლდება და საკუთარ ოჯახებს უბრუნდება. თავად ამნისტია და ის პროცესი, რომელიც ახლა ჩვენში მიმდინარეობს, არ ასრულებს ლიბერალიზაციის მიმდინარეობას და ქვეყანაში გამოცხადებული დემოკრატიის ახალი ტალღის მიმართ განსაკუთრებით ყურადღებით ვარ. 2008 წლის პირველ ნახევარში 550 ადამიანი გავათავისუფლეთ ციხიდან. ბევრ მათგანს პირობითი სასჯელი დაედო. შემდგომ განხორციელდა შეწყალების პროცესიც, რომელიც 300 ადამიანს შეეხო. ჩვენს მეზობელ რუსეთში, 2007-2008 წლებში, არც ერთი ადამიანი არ შეწყალებულა. მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ამას მიაქციოს ყურადღება. ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაც, ვფიქრობ, რომ ჩვენი ლიბერალიზმის ნიშანია. მინდა ვისურვო, რომ ამნისტიის ავტორებს ეს შრომა დაუფასდეთ. მადლობელი უნდა ვიყოთ პრეზიდენტის, იურიდიული კომიტეტის, დეპუტატების. ვფიქრობ, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე უფრო მეტად უნდა ვიყოთ დაფიქრებულები, რათა საგულისხმო მუხლი არ გამოგვრჩეს და მერე სანანებელი არ გაგვიხდეს. ჩემი კომიტეტის წინადადება იქნება ის, რომ შეიცვალოს ვადები – ამნისტია გავრცელდეს არა 15 ოქტომბრამდე ჩადენილ დანაშაულებებზე, არამედ 1 ნოემბრამდე იქნეს გადაწეული. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდია 2-თვიანი ვადა ამნისტირებულთა საქმეების განსახილველად. ამისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა 1-თვიანი ვადა, მაგრამ ერთია ჩვენი კომიტეტის სურვილი, მაგრამ მეორე სასამართლოების შესაძლებლობა – გადახედონ საქმეებს. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ეს არის ძალიან სპეციფიკური საკითხი. ვფიქრობ, რომ როცა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პოლიტიკა ჩაერევა, იქ ამ უფლების დაცვა დამთავრებულია. ამიტომაც, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ პიროვნებებიდან ამოვდივართ, მათ კი ყოველთვის დავეხმარები, რათა შეწყალების პროცესში შევუწყოთ ხელი. ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: ჩემთვის ცოტათი გაუგებარი იყო ის აჟიოტაჟი, რომელიც შეწყალების კომისიას დაუკავშირდა. მხედველობაში მაქვს პოლიტიზირების საკითხი და თავად ის გარემოება, რომ საერთოდაც შეწყალება მოხდებოდა. შეწყალების კომისია პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრეროგატივაა პრეზიდენტის სახელზე შემოსული განცხადებების განხილვა. შეწყალების კომისიამ უკვე მიმდინარე წელს ექვსი სხდომა გამართა. სექტემბერში, როცა ჩვენ შევიკრიბეთ, მორიგი შეწყალების აქტი მივიღეთ. მაშინ შეწყალება სულ 316 ადამიანს შეეხო, საიდანაც პრეზიდენტმა 200 ადამიანი გამოუშვა ციხიდან. ეს გახლდათ ჩვენი კომისიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ვემზადებოდით დეკემბერში მორიგი სხდომისათვის, ამისთვის ვმუშაობდით ინტენსიურად, მაგრამ რაკიღა ამნისტიასთან ერთად შეწყალებაც გადაწყდა, ამ მხრივ, მუშაობა უფრო გავაორმაგეთ. ამჟამად, დაახლოებით, 160-მდე პატიმრის საქმეა მომზადებული. შეწყალების კომისია არ არის შეზღუდული მუხლებში. კომისიისთვის განხილვის დროს მძიმე და ნაკლებად მძიმე მუხლის არსებობა შემაფერხებელი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილებისას ჩვენ აუცილებლად ყურადღებას ვაქცევთ დანაშაულის სიმძიმეს. სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლების კატეგორია, მაგალითად, გაუპატიურება, ადამიანის გატაცება, ნარკოტიკული დანაშაულობები, ყაჩაღობა თუ რეციდივი, რომელთა მიმართაც ვერ გამოვდგებით რეკომენდატორებად. შეწყალების კომისიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ პოლიტპატიმარია და ვინ ჩვეულებრივი დამნაშავე. შეწყალება არის პრეზიდენტის კეთილი ნება და პატიება დამნაშავეებისადმი, ეს არ არის პოლიტიკური აქტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ასეთად წარმოჩენა არავის უნდა. დღეს ამბობენ პოლიტიკური პატიმრების სიაზეც. მათ ისიც კი არ იციან, რომ ჩვენ სიას კი არ განვიხილავთ, არამედ საქმეებს. აქვე გეტყვით, რომ სახელდება შალვა რამიშვილისა და თამაზ ბაკურიძის გვარები. ჩვენ ამ ადამიანების საქმეები უკვე განვიხილეთ დიდი ხანია და კომისიამ მათზე დადებითი რეკომენდაცია მიაწოდა პრეზიდენტს, თუმცაღა პრეზიდენტმა არ შეიწყალა. კომისიას უფლება არ აქვს ორჯერ განიხილოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ამჟამად ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ – ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ შეწყალების ოქმში განმეორებითი რეკომენდაციის სახით, ამ ადამიანების შესახებ, ხელმეორედ შევახსენოთ პრეზიდენტს. ეკა ბესელია, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, პარტია "ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ცინიკურ ხასიათს ატარებს. ასეთი დასკვნის საფუძველი კანონპროექტში შეტანილი იმ მუხლების მიხედვით შეიძლება გაკეთდეს, რითაც ხელისუფლება საზოგადოებას ისევ დასცინის, როცა ეუბნება, რომ 3000-მდე ადამიანი დატოვებს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შემოთავაზებულ პროექტში არის ისეთი მუხლები, რომლის მიხედვითაც გასამართლებული ადამიანები, ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვყავს. მაგალითად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, სახელმწიფო ჯილდოს შეძენა და უკანონოდ გასაღება, კონკურენციის, როგორც აკრძალვა, ასევე მისი პირობების დარღვევა. ეს საერთოდაც კურიოზული შემთხვევაა, რადგანაც ქვეყანაში, ვინც კონკურენციის პირობები უნდა დაარეგულიროს – ანტიმონოპოლიური სამსახური, საერთოდ არ გვაქვს. ამასთანავე, პროექტში საუბარია სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევაზე, ხე-ბუჩქის გაჩეხვაზე, ბიზნესბარათის ან ჩეკის უკანონოდ გამოყენებაზე, სპორტული შეჯიბრის მონაწილის მოსყიდვაზე და სხვა. მიჩნდება განცდა, რომ ვინც ამ საკითხებზე იმუშავა და კომენტარს გვიკეთებს, უბრალოდ, არაკომპეტენტურია. ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი მუხლი, რომლითაც გასამართლებულია პოლიტიკური პატიმრები. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. მაგალითად, არ არის შემოთავაზებული ხულიგნობის მეორე ნაწილი, იარაღის უკანონოდ ტარება, მასობრივი არეულობების დროს დაპატიმრებულები, სამოხელეო დანაშაული. ცალკე უნდა შევეხოთ ნარკოტიკულ დანაშაულებებსაც. მომხმარებელზე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ განთავისუფლდეს სასჯელისაგან და არა გაუნახევრდეთ. მაგალითისთვის აღვნიშნავ კოდექსის 273-ე მუხლს, რომელიც ეხება პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა, შენახვა-მოხმარებას. აქ პასუხისმგებლობა დგება 1 წლამდე. ამდენად, ამას რა სასჯელის განახევრება სჭირდება? ასევე, საუბარია 260-ე მუხლის შესახებაც, რომელიც ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო პასუხისმგებლობა დგება მუხლის ყველა ნაწილით. ამიტომაც, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, ამნისტიის პროექტში შეტანილ იქნეს არსებითი ცვლილებები, რათა ამნისტიის საბოლოოდ სახე იყოს არადისკრიმინაციული. მიგვაჩნია, რომ ამნისტია უნდა განხორციელდეს შემდეგი მუხლებით გასამართლებული პირების მიმართაც: მასობრივი არეულობა, იარაღის ტარება, ხულიგნობა, მასობრივი არეულობა, შეთქმულება ან ამბოხება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელათ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცრუ მეწარმეობა, გადასახადებისათვის თავის არიდება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება, სამხედრო სამსახურის თვითნებურად მიტოვება თუ სხვა. თუკი ჩვენ არ მივიღებთ რეალურ ამნისტიას, კვლავ იმ დემოკრატიის ფასადთან დავრჩებით, რითაც ხელისუფლება დიდი ხანია სპეკულირებს. ნანა კაკაბაძე, ა/ო "ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე: ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ხდება ფასადურ დონეზე, რადგანაც ამით ხელისუფლება უცხოელ მეგობრებს აჩვენებს, რომ დემოკრატიას უჭერს მხარს. სამწუხაროდ, გარკვეული დროის მანძილზე ამ ფასადმა იმუშავა, მაგრამ როცა ნოემბრის და აგვისტოს მოვლენები მოხდა, ხელისუფლება დემოკრატიის ახალ ტალღაზე ალაპარაკდა, დასავლეთი კი – დააფიქრა. სამწუხაროდ, ხელისუფლება დღესაც ამ ამნისტიით ფასადურ დემოკრატიას გვთავაზობს. ჩვენთვის ცნობილია ის მუხლები, რომლის მიხედვითაც, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ადამიანი არ არის გასამართლებული. დღეს ქალთა კოლონიაში, დაახლოებით 1300-ზე მეტიც ქალი იხდის სასჯელს. ამნისტიის მუხლებით მხოლოდ 2 ქალბატონს ეხება თავისუფლება, მათაც თვეებიღა ჰქონდათ დარჩენილი, ხოლო 4 მათგანს სასჯელი უნახევრდება. ამით, ეს ამნისტია ხომ ფორმალურ სახეს იღებს?! ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება განზრახ აპატიმრებს ნარკომანიაში შემჩნეულ ადამიანებს, რათა შემდგომ ისინი გამოაცხადონ განთავისუფლებულებად, ხოლო საზოგადოებას უთხრან, რომ ბევრი ადამიანი გამოუშვეს ციხიდან. ამიტომაც, ამ ამნისტიის მიმართ ძალიან დიდია უნდობლობა. ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტული ადამიანების სიებს, თუ ვის ეხებათ ამნისტია. როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ვინ უნდა აგოს პასუხი – პატიმრებმა, ვინც ციხეებში სასჯელს იხდის თუ იმ ხელისუფლებამ, რომელმაც "ვარდების რევოლუციამდე" არსებული სასამრთლო დამოუკიდებლობაც ხელყო?! მიგვაჩნია, რომ რეალური ამნისტია უნდა შეეხოთ ისეთ დამნაშავეებს, ვინც სასჯელს იხდის ნარკოტიკებისათვის, იარაღის ჩადებისთვის, ცრუ მოწმეებს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დედებს. უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ცნობილია იმ პოლიტპატიმართა სია, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოფიციალურად გადასცეს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს. დღეს პატიმართა რაოდენობა 25000 ათას აღემატება. შედარებისთვის: სომხეთში 100000 მოსახლეზე დაახლოებით 104 პატიმარი მოდის, აზერბაიჯანში – 202, თურქეთში 12, დანიასა და იტალიაში – 67-67, მოლდოვაში, რუმინეთსა უნგრეთში 150-150. ამას ემატება განსაკუთრებით მძიმე ვითარება ჩვენს საპყრობილეებში. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები შეეხოს რეალურ მუხლებსაც. მათგან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს სასჯელის დარჩენილი ვადა გაუნახევრდეთ და რეალურად ამოქმედდეს ვადამდე-პირობით გათავისუფლების ინსტიტუტი. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა მსხვერპლს მოითხოვს. სახელმწიფომ უნდა აიღოს ამის პასუხისმგებლობა. ამნისტიის მუხლები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა მოცემული მუხლებით სრულად თავისუფლდებიან სასჯელისგან 124-ე; 128-ე; 129-ე; 177 – I; 178 – I; 191-ე; 193-ე; 195-ე; 196-ე; 197 – I; 203-ე; 204-ე პრიმა მუხლი; 207-ე; 211-ე; 213-ე; 216-ე; 219-ე; 243-ე; 246-ე; 259-ე; 272-ე; 279-ე; 284-ე; 301-ე; 303-ე; 304-ე; 305-ე; 344-ე; 344-ე პრიმა მუხლი; 347-ე; 357-ე; 360-ე; 361-ე; 384-ე; 385-ე; 386-ე; 387-ე; 118 –I; 187 – I; 188 – I,II; 192 – I; 200 – I,II; 239 – I; 276 – I,II,III. მოცემული მუხლებით სასჯელი უნახევრდებათ დამნაშავეებს 171 – II; 182 – I; 187-ე; 197—II; 200-ე პირველი პრიმა მუხლი – I; 200-ე მეორე პრიმა მუხლი; 260-ე მუხლის მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარია ნარკოტიკული საშუალების მისი ანალოგიის ან პროკურსორის შეძენა-გადაგზავნაზე; 261 – I, II; 273-ე; 276 – IV,V,VI; 284 – II; 362 – I; 363 – I. არჩილ კაიკაციშვილი |