DataLife Engine > საზოგადოება > ტელეკომპანია "ივერიას" დახურვის საფრთხე ემუქრება

ტელეკომპანია "ივერიას" დახურვის საფრთხე ემუქრება


21 ნოემბერი 2008. : vale
რელიგია, პოლიტიკა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებაა. რელიგია რწმენაა, ღირებულებათა სისტემა, რომლის გარშემოც ხალხი ერთიანდება. პოლიტიკა ესაა სახელმწიფოს და საზოგადოების მართვის ხელოვნება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ის ბერკეტი, რომლითაც საზოგადოების აზრის მართვაა შესაძლებელი. ამას ჯერ კიდევ კომუნისტები მიხვდნენ და საკმაოდ ეფექტურადაც გამოიყენეს საკუთარი მიზნების პროპაგანდისათვის.
თითქოს, ამ სამს ერთმანეთთან ბევრი არაფერი აკავშირებს, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე აკავშირებს.
პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ საზოგადოების აზრი მართონ. რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელია. იმისთვის, რომ როგორც პოლიტიკოსმა, საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვო, უნდა იყო რელიგიური. ამიტომაც, ჩვენი პოლიტიკოსები არჩევნების წინ სარეკლამო კლიპებში დაუღალავად იწერენ პირჯვარს, დადიან ეკლესიებში, აჩვენებენ, თუ როგორი მორწმუნეები არიან. ამ ყველაფრის საჩვენებლად კი ტელევიზიას და ინფორმაციის სხვა საშუალებებს იყენებენ. ამ დროს კი ქვეყანაში საპატრიარქოს ტელევიზიას საკუთარი სიხშირე არ აქვს და დახურვის საფრთხე ემუქრება.
ტელეკომპანია "ივერია" 2006 წელს შეიქმნა და ეთერში 2007 წლიდან გადის. ის დამოუკიდებელი ტელევიზიაა, რომელსაც პატრონაჟს საპატრიარქო უწევს. რადგან "ივერიას" საკუთარი სიხშირე არ აქვს, ის "ევრიკას" სიხშირით გადაიცემა. ტელეკომპანიის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ანდრიაძის თქმით, "ივერია" ორი წელია სიხშირეთა განაწილების კომპანიისაგან სატელევიზიო სიხშირეს ითხოვს. რეაგირება კი ამ მოთხოვნაზე დღემდე არ ყოფილა. "ივერია" ვერ ახერხებს სიხშირის გადასახადის გადახდას, მას სახელმწიფოს მიმართ უზარმაზარი გადასახადები დაუგროვდა და ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია გათიშოს საპატრიარქოს ტელევიზია.
"ორი წელია ვითხოვთ სიხშირეთა განაწილების კომისიისაგან სატელევიზიო სიხშირეს. რვა წელია არსებობს რადიო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ისიც ითხოვს საკუთარ სიხშირეს და ვერ მივაღწიეთ ვერანაირ შედეგს.
კომისიას ბოლოს 2008 წლს 2 აპრილს მივმართეთ. კომისიას პატრიარქის მდივანმა გაუგზავნა წერილი სიხშირის გამოყოფის შესახებ. რის შემდეგაც საერთოდ შეაჩერეს საკითხის განხილვა. უარიც არ მოუწერიათ, ადმინისტრაციული შეჩერების პროცესი - ასეთი ფორმულირებით შეაჩერეს განხილვა. შემდეგ მივმართეთ პარლამენტს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო მეორე არხი და მისი სიხშირე მოვითხოვეთ. მაგრამ აქ პრეზიდენტმა საერთოდ მოგვიჭრა ყოველივე გზა, ოცნებისაც კი, ვინაიდან მეორე არხი რაღაც მორიგი პოლიტიკური პროგრამების არხად გადააკეთა. რვა ტელევიზია აქვს და კიდევ მეცხრე გახსნა, არ ვიცი რას ითვალისწინებს ეს, ამით საბოლოოდ გვითხრა უარი," - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, საქმის განხილვა არა მხოლოდ "ივერიისთვის", არამედ ყველა იმ მსურველისათვის შეჩერდა, ვისაც სიხშირის მოთხოვნაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი. რადგან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, ტარდება პრიორიტეტების დასადგენი ღონისძიებები. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლითაც დაადგენენ, თუ რა სახის მოთხოვნები აქვს საზოგადოებას, რომ ამის შესაბამისად გასცენ ლიცენზიები. კომისიაში აცხადებენ, რომ კვლევის დასულების შემდეგ ჩვეულებრივ განახლდება სიხშირეების გაცემის პროცესი.
კომისიის წარმომადგენელთა თქმით, "ივერიამ" სიხშირის მოთხოვნაზე განცხადება მას შემდეგ შეიტანა, რაც პრიორიტეტების დასადგენი ღონისძიებები უკვე დაწყებული იყო. ეს ღონისძიებები 2008 წლის 22 მაისს დაიწყო. გიორგი ანდრიაძის თქმით კი, მათ ბოლოს 2008 წლის 2 აპრილს მიმართეს განცხადებით.
ანდრიაძის თქმით, ხელისუფლება არღვევს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას, როდესაც არ ასრულებს მათ მოთხოვნას სიხშირის გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების პირველ და მეორე მუხლში წერია:
1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.
"სიხშირის მოთხოვნა ეფუძნება მაუწყებლის კანონს და ჩვენ სიხშირე გვეკუთვნის კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად, სადაც პირველ და მეორე მუხლში გარკვევით წერია, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს ეკლესიასთან, ეკლესია - სახელმწიფოსთან. შემდეგ მუხლში კი მითითებულია, რომ ეკლესიის მიერ წარმოებული ტელე, კინო, ვიდეო, აუდიო და რადიო პროდუქცია განთავისუფლებულია გადასახადისაგან," - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
საზოგადოების ნაწილში, ძირითადად არამართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობაში, იყო აზრი, რომ თუ საპატრიარქოს ტელევიზიას ჰქონდა უფლება მოეთხოვა სიხშირე, მაშინ ხომ შეეძლოთ სიხშირის მოთხოვნა სხვადასხვა კონფესიებს. ამასთან დაკავშირებით გიორგი ანდრიაძე განმარტავს, რომ კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსთან მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს გაფორმებული, როგორც საქართველოს მთავარ ისტორიულ რელიგიას.
რადგან მოთხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო, ტელეკომპანია "ივერიის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მიმართოს პარლამენტს, რათა კანონში შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები და ტელეკომპანიას გამოეყოს სიხშირე. საკანონმდებლო ინიციატივისთვის საკმარისია 30 000 ხელმოწერა. ბოლო მონაცემებით, "ივერიას" 60 000 ზე მეტი ხელმოწერა აქვს შეგროვებული. ხელმოწერები გრძელდება. ტელევიზიაში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვთ. "ჩვენ გავაკეთეთ ზნეობრივი ტელევიზია, რომელსაც თავისუფლად უყურებს ბავშვიც და არ შეეშინდება მშობელს, რომ ის იქ რაიმე ძალადობის სცენებს ნახავს. ის, ვისაც მოსწონს "ივერია" და უყურებს მას, ნარკოტიკს არასოდეს გაიკეთებს, სტრიპტიზ ბარში არასოდეს წავა.…ამ ცხოვრების წესს ქადაგებს ჩვენი არხი და სხვა ტელევიზიები რასაც ქადაგებენ ამის განსჯა ჩვენი საზოგადოებისათვის მიგვინდია", - აცხადებს "ივერიის" უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე


შორენა ლაშხია