DataLife Engine > საზოგადოება > "სახელმწიფოს დახმარების გარეშე მცირე მეწარმეობა ვერ განვითარდება"

"სახელმწიფოს დახმარების გარეშე მცირე მეწარმეობა ვერ განვითარდება"


12 აგვისტო 2009. : merabi
`ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკა~


- ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ დღეს ქართულ ეკონომიკაში შექმნილ მდგომარეობას, არის თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და თუ არის, რა წარმოადგენს მის გამომწვევ ძირითად მიზეზებს?

- ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალი იყო და ხელისშემშლელი პირობები რომ არ დამდგარიყო, ალბათ, ზრდის ტემპები გაგრძელდებოდა. დღეისათვის, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არის რეცესია და ამის გამომწვევი მიზეზები ცნობილია. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ამ ორ დიდ მოვლენას, ბუნებრივია, არ შეიძლებოდა დიდი გავლენა არ მოეხდინა, არა თუ საქართველოს, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ამ ორ დიდ დარტყმას ძირითადად გაუძლო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ წინა პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები იყო და შესაბამისად, დადებითი მუხტი არსებობდა, ეს რომ არა, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. რაც შეეხება, მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, მართალია, ჩვენ ისეთივე მჭიდრო კავშირი არ გვაქვს მსოფლიოსთან, როგორც განვითარებულ ქვეყნებს, მაგრამ მსოფლიო გლობალურ პროცესებში მაინც საკმაოდ ღრმად ვართ ჩართული და ამიტომ კრიზისის გამოძახილი არ შეიძლება საქართველოზეც არ ასახულიყო. სწორედ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ უცხოური ინვესტიციებისა თუ გზავნილების შემოდინების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ფინანსური კრიზისის შედეგად ქვეყნის მიერ მიღებული ზარალის ზუსტი დათვლა შეუძლებელია, მაგრამ სახეზე გვაქვს ეკონომიკის რეცესია, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი დანაკარგი.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა დღეს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ამასთან დაკავშირებით აზრი შეიძლება გაიყოს. ეკონომისტთა არც თუ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი. მე ვთვლი, რომ დღეისათვის ქვეყანაში ღრმა სისტემური ეკონომიკური კრიზისი არ არსებობს. სისტემური ეკონომიკური კრიზისი რომ იყოს, სახეზე უნდა გვქონდეს საბანკო, ფინანსური, სავალუტო კრიზისი, ეკონომიკური დაქვეითება და არა რეცესია და ა.შ. მაგრამ ეს ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ არსებული მდგომარეობა არ მოითხოვს გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას. თუ ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენებთ დიდ საზღვარგარეთულ დახმარებას, თავიდან ავიცილებთ საომარ მოქმედებებს და სწორ მიმართულებას მივცემთ ეკონომიკურ რეფორმებს, აუცილებლად გამოვალთ არსებული სიტუაციიდან და იგი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში არ გადაიზრდება.
- გარდა ამ ორი მიზეზისა, სხვა რა უნდა მივიჩნიოთ ამ ვითარების გამომწვევად, შეიძლება თუ არა ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა?
- მიმაჩნია, რომ არსებული ვითარების მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ეს ორი მოვლენა. შექმნილი მდგომარეობის მიზეზები, ასევე უნდა ვეძიოთ ხშირად არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული. უნდა ითქვას, რომ 2004 წლიდან მნიშვნელოვნად აღმოიფხვრა ბევრი ის აშკარა უარყოფითი მოვლენა, რასაც ადგილი ჰქონდა წინა პერიოდში, მაგრამ ნაკლოვანებები მაინც ასევე ბევრი რჩება. საქართველოში ჩამოყალიბებული საბაზრო მექანიზმი ჯერჯერობით სუსტი და დეფორმირებულია. სუსტი იმიტომ, რომ განუვითარებელია საბაზრო ინფრასტრუქტურა (სასაქონლო, საფონდო და შრომის ბირჟები, სადაზღვევო სერვისი, საინვესტიციო ინსტიტუტები, მარკეტინგული, ინჟირინგული, კოლსანტინგური და საინფორმაციო სამსახურები და სხვ.), დეფორმირებული იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტიანი პრივატიზების განხორციელებისა და გარე და შიდა ინვესტიციების არარაციონალური განთავსების შედეგად ჩამოყალიბდა ეკონომიკის არაპროგრესული სტრუქტურა (განსაკუთრებით განუვითარებელია მრეწველობა, ტურიზმი, მცირე ბიზნესი, ფერმერული მეურნეობები სოფლად), ასევე არასრულყოფილი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარების გამო, რიგ შემთხვევებში, დაბალია კონკურენციის დონე, სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური საქმიანობისადმი არასათანადო დამოკიდებულების შედეგად კი დაბალია ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და სხვ..
- როგორ ფიქრობთ, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ფინანსური სტიმულირების პაკეტი რეალურად გამოიყვანს თუ არა ქართულ ეკონომიკას არსებული მძიმე მდგომარეობიდან?
- პაკეტში, რომელიც მთავრობამ შემოგვთავაზა, ბევრი რამ მისაღებია და მიმაჩნია, რომ იგი დახმარებას გაუწევს ეკონომიკას, მაგრამ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანა და მისი განვითარება მოითხოვს ქვეყნის ეკონომიკის რეცესიული მდგომარეობიდან გამოყვანისა და მისი შემდგომი განვითარების უფრო სრულყოფილი, კომპლექსური პროგრამის შემუშავებას. და ამ პროგრამის შემუშავებაში არათუ მონაწილეობას უნდ ღებულობდნენ მეცნიერები, არამედ მათ უნდა იტვირთონ მისი შემუშავების მთელი სიმძიმე. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში მეცნიერული პოტენციალი არ არის გამოყენებული. მთავრობის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ამოცანა ღირსეულად გადაწყდება. მე, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც შესწევს უნარი სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის ნებისმიერი შეკვეთა შეასრულოს.
- როგორ შეაფასებთ, ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებულ პოლიტიკას სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქონების მთლიანად გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელთა შედეგადაც ქონების მფლობელები გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიები ხდებოდნენ?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ როგორც მეცნიერ-კონომისტები, ისე საზოგადოების სხვა, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლები. გამოითქმება მოსაზრებები, რომ ამ პროცესში, მართლაც არის შეცდომები. საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ მომავალში ეს შეცდომები აღარ გამეორდეს. საერთოდ, მე არ მიმაჩნია პრივატიზაციის ჩატარება მიზანშეწონილად, თუ მისი შედეგები წინასწარ არ გვეცოდინება. ის, თუ რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს, რა რაოდენობის ადამიანს დაასაქმებს ახალი მესაკუთრე და ა.შ. თითოეული ობიექტის პრივატიზაციის პროცესი უნდა იყოს შეფასებული ძალიან მკაცრად და მისი დეტალები უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის. როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლად და დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, ამ ხალხისთვის საძოვრებისა თუ ტყეების გაყიდვა, ბუნებრივია, მეტად მტკივნეულად აღიქმება და ძალიან დიდ დაფიქრებას საჭიროებს. ასე რომ, პრივატიზაციის ერთი ხელის დარტყმით განხორციელება არ შეიძლება და იგი ყოველი დეტალის კარგად განჭვრეტას მოითხოვს. განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უშუალოდ ეხება.
- თქვენი აზრით, ხელისუფლებამ ეკონომიკის რომელ დარგებზე უნდა გააკეთოს უფრო მეტად აქცენტი, მისი განვითარებისთვის?
- საერთოდ, აქცენტი უნდა გაკეთდეს კომპლექსურად ყველა დარგზე. მაინცდამაინც ერთი რომელიმე დარგის გამოყოფა და მისი დაწინაურება არ მიმაჩნია სწორად. საერთოდ, აუცილებელია, უპირატესად განვითარდეს რეალური სექტორი, რომ რაც შეიძლება მეტი საქონელი იწარმოებოდეს და სწორედ ეს არის ქვეყნის განვითარების, მისი კეთილდღეობის ამაღლების საწინდარი. თუმცა, მომსახურების სფეროსაც არ უნდა დავაკლოთ ყურადღება, განსაკუთრებით, ტურიზმის განვითარებას. ასევე ის, რომ ქვეყანაში არ არის განვითარებული მცირე მეწარმეობა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს არსებულ ვითარებაზე. მცირე მეწარმეობამ უნდა უზრუნველყოს საშუალო ფენის ჩამოყალიბება, გამოავლინოს საზოგადოების მეწარმეობრივი ნიჭი, ხელი შეუწყოს უმუშევრობის შემცირებას, ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას, და ა.შ. არადა, მცირე ბიზნესი, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის, ხშირად უძლურია საბაზრო ძალებისადმი, და იგი სახელმწიფოს მხრიდან დიდ მხარდაჭერას საჭიროებს. მსოფლიოს განვითარებულ (სადაც მცირე ბიზნესში იწარმოება მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 50% და დასაქმებულია მუშაკთა დაახლოებით იგივე რაოდენობა) და განვითარებად ქვეყნებშიდაც ჩამოყალიბებულია მცირე ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის ფართო ინფრასტრუქტურა, რომლის ფუნქციონირება თანხებს მოითხოვს, მაგრამ უკუგება წარმოუდგენლად უფრო დიდია. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი სფერო თითქმის უყურადღებოდაა მიტოვებული

ესაუბრა შოთა ბუჩუკური