DataLife Engine > საზოგადოება > ჰოსპიტალური სექტორის დაწყევლილი რეფორმა

ჰოსპიტალური სექტორის დაწყევლილი რეფორმა


5 აგვისტო 2009. : merabi
ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობს

"კაცმა ჭირი მალაო, ჭირმა თავი არ დამალაო", - სწორედ ასეა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს ამბავი. სამინისტროსა და სხვადასხვა კომპანიების 3 წლიანი "წვალების" შემდეგ, როგორც იქნა, გასულ კვირას, მინისტრმა კვიტაშვილმა აღიარა, რომ ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი და საჭიროა მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა.
სანდრო კვიტაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობს და გეგმა მზად სექტემბრისთვის იქნება. მისივე განმარტებით, მთავრობა ამის შემდეგ განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება ეს პროგრამა. "განიხილება რამდენიმე ვარიანტი _ შესაძლებელია მთავრობა პროგრამაში მონაწილე ინვესტორებს თანხების მოზიდვაში დაეხმაროს და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან გარანტად დაუდგეს, ან სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით მოხდეს თბილისში არსებული მრავალსაწოლიანი საავადმყოფოების რეკონსტრუქცია, რომელიც შემდეგ სხვა საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს რაიმე სახით გადაეცემა. პროექტის განხორციელებისას, მთავრობამ შეცდომა, ჯერ კიდევ, პრივატიზაციის მიმდინარეობისას დაუშვა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამაში არა ჯანდაცვაზე ორიენტირებული, არამედ უძრავი ქონების ბიზნესით დაინტერესებული კომპანიები ჩართო".
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს დაწყებული რეფორმა 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებდა. პროგრამის მიზანი თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს, პირდაპირი მიყიდვის წესით, კერძო მფლობელობაში გადაცემა იყო. 2011 წლისთვის 100 ახალ საავადმყოფოში 7800 საწოლი უნდა ყოფილიყო, რომელთაგან 4400 თბილისზე მოდიოდა.
გარდა იმისა, რომ რეფორმა თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი, მის განხორციელებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აფერხებდა, მათ შორის არჩევნები, მინისტრების ხშირი ცვლილება, აგვისტოს საომარი მდგომარეობა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიზეზით, ბანკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან შექმნილი პრობლემები.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მიხვდა, რომ 2011 წლამდე დაპირებულ 100 ახალ საავადმყოფოს ვერ ააშენებდა, გადაწყვიტა გეგმა შეეცვალა და საავადმყოფოების აშენებაში, უშუალოდ თვითონ ჩარეულიყო.
დღეისათვის ხელშეკრულებები გაფორმებულია 30 საავადმყოფოს მშენებლობაზე. აქედან 6 საავადმყოფო შენდება თბილისში, რაც პროექტით დაგეგმილი საწოლების რაოდენობის 23%-ს შეადგენს. ტენდერებზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების შედეგად საავადმყოფოები 1000 დოლარად ისეთი კერძო კომპანიების მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელთა დიდი ნაწილიც არაპროფილურ კომპანიებს წარმოადგენდა და პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხებიც არ აღმოაჩნდა. ამასთან, პრივატიზაციის შედეგად, სახელმწიფო საავადმყოფოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას" საკუთრებაში აღმოჩნდა. მის ხელთ არსებული საავადმყოფოების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ნაწილმა, მათ შორის, "ავერს"-მა, "პსპ"-მ და "ევორდ კაპიტალ"-მა უარი განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობაზე.
მინისტრ კვიტაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე საავადმყოფოების კერძო მფლობელობაში გადაცემა არა უძრავი ქონების, არამედ ჯანდაცვის სექტორზე ორიენტირებულ კომპანიებზე უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ, ქართულ-ჩეხურ კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას" ეხება, რომლის მფლობელადაც ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი მოიაზრება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთელის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიებისთვის საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას ან შერბილებას არ აპირებს და თითოეული კომპანია სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის საბანკო გარანტიის ჩამორთმევით დაისჯება.

შოთა ბუჩუკური