DataLife Engine > საზოგადოება > ქართველ მაღალჩინოსნებს თამბაქოს ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებენ

ქართველ მაღალჩინოსნებს თამბაქოს ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებენ


29 ივლისი 2009. : merabi
გასულ კვირას პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მწვავე დებატები გაიმართა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივან გიორგი ხუროშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელს შორის.
როგორც ცნობილი გახდა, პარლამენტის მიერ 2008 წლის 30 დეკემბერს მიღებულ კანონში "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" მთავრობას ახალი ცვლილებები შეაქვს, რამაც დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები იმ მუხლს ეხება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას გათამაშების, ლატარიის, ლოტოს, მომგებიანი და სხვა სახის აზარტული თამაშის საშუალებით. გიორგი ხუროშვილის განცხადებით, აკრძალვების ნუსხიდან გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს სიგარეტის კოლოფში განთავსებული მომგებიანი ბარათები, რომლითაც შესაძლოა სიგარეტის შემძენმა პირმა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, მათ შორის სანთებელა და სიგარეტი მოიგოს. აქედან გამომდინარე, ბიზნესისთვის ხელშეწყობის მიზნით კარგი იქნებოდა ამ აკრძალვის 2012 წლამდე გადადება. აღნიშნულ განცხადებაზე გიგი წერეთელმა მწვავედ უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არის არამწეველი ადამიანის პირდაპირი სტიმულირება სიგარეტის შესაძენად. მისი თქმით, აღნიშნული გათამაშება, თავის მხრივ, თამბაქოს არაპირდაპირ რეკლამას წარმოადგენს და მთავრობის ამ ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კონკრეტული კერძო ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების "შემოპარება" უწოდა. "თუ ეს პუნქტი ძალაში შევიდა, საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას მიიღებს. წინააღმდეგობის შემთხვევაში, სამოქალაქო მოძრაობას ჩამოვაყალიბებ და ხელმოწერებს თავად შევაგროვებ", _ დასძენს ვიცე-სპიკერი. მის მოსაზრებას კომიტეტის წევრებიც იზიარებენ.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის მტკიცებით, მიღებული კანონი ახალი ტიპის ამკრძალავი რეგულაციაა, რომელიც შემოსავლის დამატებით წყაროს უკეტავს სახელმწიფოს. როგორც მან აღნიშნა: "თამბაქოს რეკლამირების აკრძალვა მთავრობის ლიბერალურ-ეკონომიკურ კურსს ეწინააღმდეგება. მეწარმეებს საშუალება უნდა მივცეთ მოგება ნახონ, რაც ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახება. აკრძალვა არაფრის მომტანია, როგორ შეიძლება სიგარეტის კოლოფში ჩადებულმა მოგებამ გავლენა მოახდინოს მწეველზე და არამწეველი წაახალისოს, აცხადებს ხუროშვილი". მისივე განმარტებით, აღნიშნული პოზიცია მთავრობას, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსაც, ეკუთვნის.
უცნაურია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის ნაცვლად, რატომღაც, ბიზნესის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თამბაქოს ბიზნესის ხელშეწყობაზე ფიქრობს, მათ შორის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლება ბიუჯეტის ჩავარდნის შიშით უკან არაფერზე იხევს და მის შესავსებად ნებისმიერი მსხვერპლის გაღებას თანხმდება, მათ შორის მოსახლეობის ჯანმრთელობასაც.
პარლამენტში გამართულ დებატებს "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" გამოეხმაურა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძე მან
ბიზნესის ლობირებაში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე დაადანაშაულა. გიორგი ბახტურიძის თქმით, სწორედ ხუროშვილი და ფრუიძე ლობირებენ კანონპროექტს "თამბაქოს რეკლამის შესახებ" აღნიშნულიდან გამომდინარე, "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ხუროშვილის და ფრუიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
იმ დროს, როცა ევროკავშირში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვა წლიდან წლამდე მკაცრდება, საქართველოს ხელისუფლება კანონმდებლობას, ამ მხრივ, სულ უფრო არბილებს, რასაც ლიბერალური ეკონომიკით და ბიზნესის ხელშეწყობის სურვილით ხსნის. ამის მაგალითად უნდა გავიხსენოთ 2009 წლის დასაწყისში რეკლამის შესახებ კანონში შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც დასაშვები გახდა სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება ქალაქისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე ტელევიზიის საშუალებით 22 საათიდან და თავად სასმელების გავრცელება კულტურისა და სპორტის ცენტრებიდან 100 მეტრის რადიუსში.
ფაქტი ერთია, ხელისუფლება ბიუჯეტის შევსების მიზნით და საკუთარი ლობირების ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად ყველაფერზე მიდის და ამისთვის არც მოსახლეობის ჯანმრთელობას ზოგავს. ამ ვითომ ლიბერალური პოლიტიკის შედეგი გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება, როდესაც ქვეყნაში მწეველების და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

შოთა ბუჩუკური