DataLife Engine > საზოგადოება > მაუწყებელთა ქცევის კოდექსი - მედიაზე თავდასხმა თუ მედიისგან თავდაცვა?!

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი - მედიაზე თავდასხმა თუ მედიისგან თავდაცვა?!


31 მარტი 2009. : tamuna
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით 6 წლიანი ვადითაა დანიშნული და 5 წევრისგან შედგება, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიიღო. ეს დოკუმენტი, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახის მაუწყებელს ავალდებულებს, დაიცვას თანასწორობის, მრავალფეროვნების და შემწყნარებლობის პრინციპები. აგრეთვე, დაიცვან არასრულწლოვანთა აუდიტორია მავნე ზეგავლენისგან და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ხელშეუხებლობა.
როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, ამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა და მისი შემუშავების პროცესში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გარდა, აქტიურად მუშაობდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები და შემდეგი ტელეკომპანიები: "რუსთავი 2", "იმედი", საზოგადოებრივი მაუწყებელი, "კავკასია", "მზე". ასევე საზოგადოების წარმომადგენლები - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თავისუფლების ინსტიტუტი, პედაგოგთა კავშირი, კავშირი "იბერიანა", მედია საბჭო, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და მოქალაქე გიორგი ყიფიანი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, საქართველოში მოქმედ მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე, ქცევის კოდექსის შემუშავება დაევალა. როგორც მასში ვკითხულობთ: `იგი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს. ეს რეკომენდაციები დაეხმარება მაუწყებლებს, საქართველოში ყველა ლიცენზირებული მაუწყებლის მომსახურების წესების, პირობების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში. სახელმძღვანელო რეკომენდაციები ასევე ეხმარება ჟურნალისტებს, რედაქტორებს და მაუწყებელს სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად~.
ამ დოკუმენტმა სამართლებრივი ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტროში გაიარა და მისი შესრულება ყველა ტელევიზიისთვის სავალდებულოა.
მარეგულირებელის მიერ მიღებულ ქცევის კოდექსს უარყოფითად შეხვდნენ ოპოზიციაში. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ტექსტში იოლი აღმოსაჩენია მედიაზე ცენზურის განხორციელების სურვილი.
"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი დოკუმენტს ამაზრზენს უწოდებს. მისი აზრით, ეს დოკუმენტი იმის დადასტურებაა, რომ ხელისუფლება შეშინებულია ოპოზიციის მოსალოდნელი საპროტესტო აქციების გამო და სწორედ ამიტომ დაუწესა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელევიზიებს შეზღუდვა. "სააკაშვილს ეშინია, ეთერში მისი მიერ დარბეული ხალხის შემზარავი კადრები არ მოხვდეს,"-აცხადებს ოპოზიციონერი დავითაშვილი.
კოდექსი განსაზღვრულ შეზღუდვებს უწესებს ტელევიზიებს. მაგალითად, ასეთია მისი ერთ-ერთი პუნქტი: "თუ ძალადობა ან არეულობა ზედმეტად გამომსახველობით ფორმებს მიიღებს, მაუწყებელმა უნდა შეწყვიტოს მოვლენების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება და ჩაწერილი მასალა შემდგომში დამონტაჟებული სახით გადასცეს".
საინტერესოა, რა იგულისხმება "ზედმეტად გამომსახველობით ფორმებში". ესაა უბრალო სიტყვიერი ჩხუბი, აქციის დარბევა თუ სიკვდილით დასჯა?!
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება ამ კოდექსის შემოღება 9 აპრილს, მით მეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უკვე აქვს 7 ნოემბრის გამოცდილება, როცა ტელევიზიამ შეძლო საზოგადოებრივი აზრის გარკვეულწილად ფორმირება; ხომ არ იზღვევს ხელისუფლება წინასწარ თავს?!
დამოუკიდებელი ტელევიზიების მფლობელები შიშობენ, რომ ამ კოდექსით ხელისუფლება მათზე ზეწოლას შეძლებს.
ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელი მამუკა ღლონტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ მაუწყებელთა ქცევის კოდექსს საშინელს უწოდებს და თვლის, რომ დღეს უკვე პატარა ბავშვებიც კი კარგად ხედავენ, თუ როგორ ზღუდავს სააკაშვილი თავისუფალ მედიას.
"ხელისუფლებას, რომელსაც თვითონ არ აქვს არანაირი ქცევის კოდექსი, ვერანაირ ნორმალურ ქცევის კოდექსს ვერ მიიღებს. კოდექსში არის ერთი-ორი ისეთი სასაცილო პუნქტი, რომელზეც კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. მაგალითად ის, რომ პოლიტიკურ გადაცემაში მაყურებელთა ზარებიდან ერთი უნდა იყოს, უხეშად რომ ვთქვათ, პოზიციის მომხრე, მეორე ოპოზიციის მომხრე. ასეთ სიტუაციაში ბალანსის დაცვა აბსურდად მიმაჩნია. მეორე - როდესაც პირდაპირ ეთერში ნაჩვენები ძალადობის ამსახველი კადრები რაღაც ზღვარს გადააბიჯებს, პირდაპირი ტრანსლიაცია უნდა შეწყდეს. ვინ დაადგინა ეს ზღვარი, გაურკვეველია. სააკაშვილს უნდა ისევ დუმილის დამყარება საქართველოში, რაც არ გამოუვა!
ამას წინათ პირდაპირ ეთერში იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნეული კომისიის იურისტი ბატონი კახი ყურაშვილი, რომელსაც მე პირდაპირ ეთერში დავურეკე და ვუთხარი, რომ 9 აპრილს ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სინდისის მიხედვით და არანაირ კოდექსებს ყურადღებას არ მივაქცევთ. ამას ახლაც ვიმეორებ. მე არ მეშინია კიდე ერთხელ დახურვის!"- აცხადებს მამუკა ღლონტი.
ფაქტია, რომ პრობლემები, რომლებიც დღეს ტელევიზიებს აქვთ, ქართული პოლიტიკური რეალობის ადეკვატურია და ვიდრე ტელევიზიები (როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან) პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქნება აღქმული და არა მასობრივ საინფორმაციო საშუალებად, ეს პრობლემები მუდამ იარსებებს.

თაკო მათეშვილი