DataLife Engine > საზოგადოება > სტიპენდიები ფულის გარეშე

სტიპენდიები ფულის გარეშე


25 ოქტომბერი 2008. : tamuna
სტიპენდიები ფულის გარეშე

სტუდენტობა რომ უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, ამას ჯერ კიდევ ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების გმირი ზურიკელა, ხელმოკლე ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი აღიარებს, რომელმაც იცის შავი პურის გემოც და აღდგენილი სტიპენდიით განცდილი სიხარულიც. "როგორი საქმეა ყოველ ზაფხულს საშემოდგომო გამოცდა, ბებიაჩემთან ჩატანილ მატრიკულში ყველა სამების ხუთიანებად გადაკეთება, მერე იმ ხუთების ამოშლა და ისევ სამებად გადაკეთება" - ენაკვიმატობს გურული სტუდენტი. დღეს ცოტა ძნელია უნივერსიტეტის კომპიუტერული ბაზიდან ნიშნების ამოშლა - ჩაწერა, მაგრამ სტუდენტისთვის სტიპენდიით განცდილი სიხარული ისევ ისეთივეა, როგორც წლების წინ, თან თუ სტიპენდიის რაოდენობა 150 ლარია.
15 ოქტომბრამდე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტებს "წარჩინებულ სტუდენტთა ფინანსური წახალისების" პროგრამაში მონაწილეობისათვის შეუძლიათ საბუთების შეტანა. ეს პროგრამა უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრიდან მოქმედებს. წინა წლების მსგავსად, წარჩინებულად ითვლება სტუდენტი, რომელსაც სრულად აქვს დაფარული 2007-2008 წლის გაზაფხულის სემესტრი, დაგროვებული აქვს 30 კრედიტი და თითოეულ დისციპლინაში მიღებული აქვს 80-100 ქულა.
სტიპენდიას 600 სტუდენტი მოიპოვებს. ფაკულტეტებზე სტიპენდიანტთა რაოდენობა სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად გადანაწილდება. მათ საბუთებს სპეციალური კომისია 100-ქულიანი კრიტერიუმით შეაფასებს, რომელშიც 50 ქულა აკადემიური მოსწრებისაა, ხოლო 50 პუბლიკაციებისა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის.
სტიპენდიის თვიური რაოდენობა 150 ლარია და ის სტუდენტებს 1 სემესტრის (4 თვის განმავლობაში) ენიშნებათ. მომდევნო სემესტრში კი მათ თავიდან უნდა მიიღონ ამ პროგრამით გათვალისწინებულ კონკურსში მონაწილეობა. ყოფილი სტიპენდიანტის ლანა ჩხეტიანის თქმით, ეს ძალიან კარგი სტიმულია სტუდენტებისთვის. - "ცდილობ სემესტრიდან სემესტრამდე ყურადღება არ მოადუნო, რომ მოპოვებული სტიპენდია არ დაკარგო. თან ბრძოლად ნამდვილად ღირს. 150 ლარი სტუდენტისთვის არც ისე ცოტა თანხაა".
წინა სემესტრისგან განსხვავებით, ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ მაგისტრანტებს. თსუ-ს საფინანასო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის მანონი ჯოჯუას განმარტებით, `შარშან სტიპენდიები მხოლოდ მეორე სემესტრის მაგისტრანტებს ჰქონდათ, რადგან მათზე არ ვრცელდებოდა ის 10 პროცენტიანი გადასახადი, რომელიც უნივერსიტეტმა დააწესა მათთვის. როგორც იცით, მაგისტრანტთა 10 პროცენტი სწავლის საფასურს არ იხდის, ხოლო წელს ეს გრანტი მაგისტრანტთა ყველა სემესტრის სტუდენტს შეეხო . "რადგან მათ უნივერსიტეტი აფინანსებს, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა `წარჩინებულ სტუდენტთა ფინანსური წახალისების" პროგრამა მაგისტრანტებისთვის გაეუქმებინა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში ამ პროგრამისთვის 360000 ლარი უნდა გამოიყოს, თუმცა, როგორც მანონი ჯოჯუამ გვითხრა, უნივერსიტეტს ამ თანხის სრული რაოდენობა არ გააჩნია, - "განცხადება უნდა დავწეროთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელზე, რომ თანხა დაგვიმატოს." რა იქნება იმ შემთხვევებში, თუ თანხას სამინისტრო არ გამოყოფს, ქალბატონმა მანონიმ არ იცის, - "დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ არ მოხდება და ბატონი გიორგი ნოდია თანხას დაგვიმატებს. ეს ხომ მაინც საპრეზიდენტო სტიპენდიაა."
სალომე ცეცხლაძე