DataLife Engine > საზოგადოება > კერძო დაცვის სამსახურები მთავრობამ ლიკვიდაციისთვის გაწირა
კერძო დაცვის სამსახურები მთავრობამ ლიკვიდაციისთვის გაწირა25 თებერვალი 2009. : tamuna |
|
პრიორიტეტი - დასაქმება, თუ უმუშევრობის მორიგი ტალღა
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან ძალაში შედის კანონი კერძო დაცვის სამსახურების ლიცენზიებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სალიცენზიო მოსაკრებელი 50 000 ლარია, ამავე დროს საბანკო ანგარიშზე მათ დამატებით 200 000 ლარი უნდა ერიცხებოდეთ, რაც თითქოს, მათი კლიენტების უსაფრთხოების მეტი გარანტიისთვისაა საჭირო. დღეს საქართველოში არსებული კერძო დაცვის სამსახურების უმეტესობას, რომლებიც საკმაოდ კარგად ართმევენ თავს თავიანთ საქმიანობას, ამდენი თანხა, რა თქმა უნდა, არ აქვთ, ამიტომაც, სავარაუდოდ, მათ ლიკვიდაცია ემუქრებათ. ამის გამო კი ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები, უმუშევრად დარჩება. თბილისში 300-მდე დაცვის სამსახურია დარეგისტრირებული, თითოეულში კი მინიმუმ 50 ადამიანია დასაქმებული. მაშინ, როცა ხელისუფლების მხრიდან გამუდმებით დასაქმებაზე და მის პრიორიტეტულობაზეა საუბარი, უამრავ ადამიანს ქუჩაში, სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება. როგორც ამბობენ, ისინი არ შეეგუებიან ამ მდგომარეობას და მასობრივ გამოსვლებს დაიწყებენ. უმეტესობა ფიქრობს, რომ აქ ვანო მერაბიშვილის ინტერესებია ჩადებული, რათა სახელმწიფო დაცვის სამსახურს მეტი გასაქანი მიეცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ სფეროში გათვიცნობიერებულ, კომპეტენტურ ადამიანებს ვთხოვეთ კომენტარი. ირმა თოდუა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი: "კერძო დაცვაზე ლიცენზიას შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს, მეპატრონეებმა 200 000 ლარიანი საბანკო გარანტია უნდა წარადგინონ, ლიცენზია კი უვადოდ გაიცემა, ანუ ეს თანხა ერთჯერადია, ფორმას შსს ამტკიცებს. სალიცენზიო მოსაკრებელი 50 000 ლარია. წარსადგენი დოკუმენტაცია ეს არის ლიცენზიის გაცემისა და ნებართვობის კანონით განსაზღვრული მოთხოვნილებები: იურიდიული პირის წესდება, ხელმძღვანელების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, პასპორტის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნასამართლეობის შესახებ, დამფუძნებლების და პარტნიორების სია, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლი და თითოეულის ცნობა ნასამართლეობის შესახებ. თუ იურიდიული პირია რეგისტრაციის დოკუმენტი, თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული იდენტური დოკუმენტაცია, აპოსტილით დამოწმებული, ლიცენზიის მაძიებელი პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ რაიმე დამადასტურებელი. 200 000 ლარიანი გარანტია იმისთვისაა საჭირო, რომ თუ დამკვეთს ზიანი მიადგა, ანაზღაურება შეეძლოთ. დაცვის დეპარტამენტი ამტკიცებს მცველის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებს. ასევე სავალდებულოა ცნობა საგადასახო ორგანოებიდან, ხომ არ აქვთ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და ცნობა ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის შესახებ. ამ თანხების დაწესება კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე გახდა საჭირო. როცა რამდენიმე მილიონად ღირებულ ობიექტს იცავენ, ზიანის შემთხვევაში, ანაზღაურება რომ შეძლონ. იმ მცირე ორგანიზაციებს, რომლებიც თანხის გადახდას ვერ შეძლებენ, ლიკვიდაცია მოუწევთ. ამიტომაც არ იყო დაცვის მაღალი ხარისხი, აქამდე კანონი საერთოდ არ არსებობდა. იქმნებოდა შ.პ.ს.-ები და ყველას ჰქონდა დაცვის სამსახური. სფერო სრულიად დაურეგულირებელი იყო. სამაგიეროდ, ახლა კლიენტებს ეცოდინებათ, რომ მიმართავენ გარკვეულ ფირმებს, რომლებიც გარანტიით უზრუნველყოფილი იქნებიან და შესაბამისად, უფრო მეტად დაცულიც და ხარისხიანიც. მათი მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტია." ზურაბ ფხაკაძე, დაცვის სამსახური "ორბი", დირექტორი და დამფუძნებელი: "პარლამენტისა და შსს-ს გადაწყვეტილება დაცვის სამსახურებთან დაკაშირებით, იმ მოთხოვნით, რომ ლიცენზიისთვის 50 000 ლარი გადავიხადოთ, სრული აბსურდია. არ მიმაჩნია მართებულად, მითუმეტეს, როდესაც მსოფლიოში ფინანსური კრიზისია და ამდენი ადამიანია უმუშევარი. საქართველოს მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით უფრო დაძაბა ეს სიტუაცია. მარტო თბილისში დაახლოებით 300-მდე დაცვის სამსახურია დაფიქსირებული და თითოეულში მინიმუმ 50 კაცია დასაქმებული. ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე ბევრი იძულებული იქნება დახუროს თავისი სამსახური, ან დროებით მაინც შეწყვიტოს ფუნქციონირება, რაც უამრავ დასაქმებულ ადამიანს უმუშევრად დატოვებს. ის სამსახურები კი, რომლებიც შეძლებენ და გადაიხდიან ამ თანხას, იძულებულნი იქნებიან გაზარდონ მომსახურების საფასური და ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის პოლიცია გაცილებით იაფად შესთავაზებს თავის მომსახურებას, რითაც თავისთავად ეს სამსახურებიც ჩაიძირება. ამ კრიზისის დროს ცოტა არ იყოს გასაკვირია და არალოგიკური ამდენი ხალხის უმუშევრად დატოვება. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ უდიდესმა უმუშევრობის ტალღამ შეიძლება ქუჩაში გამოიყვანოს ხალხი და არა მგონია, ეს კარგი იყოს საქართველოსთვის და მითუმეტეს - მთავრობისთვის. ამდენ უმუშევარ და გამოცდილ ადამიანს რომელი `სპეცრაზმი~ და პოლიცია შეაჩერებს? ბოლოსდაბოლოს, თავის დროზე ჩვენნაირი ბიჭები ედგნენ მათ გვერდზე, როდესაც მთავრობაში მოვიდნენ და ახლა კი ასე, ერთი ხელის მოსმით უნდათ ჩვენი მოცილება, რათა სახელმწიფო დაცვის პოლიცია წამოწიონ და უფრო მეტი ფული იშოვონ. სიმართლე რომ ვთქვა, მაგდენი ფული რომ მქონდეს დაცვის სამსახურს საერთოდ არ გავაკეთებდი." გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე: "ფაქტი ერთია, რომ ამ კანონით კერძო დაცვის სამსახურებს სრულიად გაუსაძლის და არაკონკურენტუნარიან გარემოში ვაყენებთ. თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს სამსახურები უნდა გააუქმოს, მაშინ უნდა გამოაცხადოს და თქვას, რომ არ ჭირდებათ და არა ასეთი ფორმით, ეტაპობრივი დანგრევის მიმართულებით. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, იმიტომ, რომ ეს ისეთივე სფეროა, როგორც ყველა სხვა, სადაც კონკურენტუნარიანი გარემო უნდა იყოს, სადაც უნდა იმუშაოს ყველამ, ვისაც შესაბამისი პროფესიონალური თვისებები, ორგანიზაციული სტრუქტურული ჩამოყალიბება აქვს. ამ კანონით მთელ უფლებამოსილებას შსს-ს ვანიჭებთ, ანუ სახელმწიფომ გადაწყვიტა ვანო მერაბიშვილს ყველანაირი საშუალება მისცეს, რომ კიდევ უფრო კარგად აკონტროლოს ყველა და ყველაფერი და თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფოს. მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ორგანიზაციას და დაწესებულებას, შესაძლოა სულაც არ სურდეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები აიყვანოს და კერძოს ანიჭებდეს უპირატესობას. ამ სამსახურების ლიკვიდაციით ხელს ვუწყობთ ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი რაოდენობით უმუშევრების გაჩენას ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს კერძო დაცვის სამსახურში და შესაბამისად, ამ გაუაზრებელი ნაბიჯით, ეს ადამიანები სრულიად უფუნქციოდ დარჩებიან. ეს პირდაპირპროპორციულად შემოუტრიალდება მთავრობას ერთი იმით, რომ ამ სისტემას, ისევე როგორც უამრავ სხვა რამეს ამ ქვეყანაში, სრულიად ვანო მერაბიშვილის ხელში ჩავაგდებთ, მეორე კი - ათასობით ადამიანს დავტოვებთ უმუშევრად, რაც ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება". თამთა დადეშელი |