DataLife Engine > საზოგადოება > ცვლილებების დროა, ეკონომიკაში ინოვაციები უნდა დაინერგოს

ცვლილებების დროა, ეკონომიკაში ინოვაციები უნდა დაინერგოს


30 იანვარი 2009. : tamuna
ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის არჩევამ მთელ მსოფლიოში აქამდე არნახული მოლოდინები წარმოშვა. ქართველები ამ მხრივაც გამოვირჩევით. ვგულისხმობთ სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების, განსაკუთრებით კი 2003წ. ნოემბრის შემდგომ მოლოდინებს. აშშ-ში მცხოვრები ხალხი, ჩვენგან განსხვავებით, კანონმორჩილი - სამართლიანობის აღმსრულებელი და თანამემამულეთა გონებრივი და ფიზიკური შრომის დამფასებელი ერია, რომლის უმრავლესობისთვის ეროვნულობის უმთავრესი მსაზღვრელი არა კანის ფერი ან ეთნიკური წარმომავლობა, არამედ ამერიკის სახელმწიფოს კონსტიტუციაში "დამფუძნებელი მამების" მიერ ჩადებული, ანტიკური ცივილიზაციის ღირებულებებისა და ფასეულობების მიმართ დამოკიდებულება, მათ (ლიბრალურ-დემოკრატიულ ღირებულებათა) პრაქტიკაში რეალიზება-განხორციელების კონკრეტული და ამიტომაც ეფექტური მექანიზმებია. ის, რომ ქართველები ისტორიულადაც და ტერიტორიულადაც ახლოს ვიყავით ამ ფასეულობებთან, სადღეისოდ შინაარსისაგან დაცლილია, თუნდაც იმიტომ, რომ ანტიკური ცივილიზაციის აკვანმა - საბერძნეთმა, მე-20 საუკუნეში "შავი პოლკოვნიკების" მმართველობა "აჩუქა" საკუთარ ხალხს. ცოტა უფრო ადრე კი ამავე ცივილიზაციის მემკვიდრეებმა იტალიამ და გერმანიამ - მუსოლინი და ჰიტლერი.
ამერიკელ საზოგადოებას თუ ცვლილებების დრო დაუდგა, ჩვენ ამასთან რა ხელი გვაქვს? რა გვესაქმება? ამერიკის კონტინენტიდან ათასობით მილით დაშორებული, ევროპასა და აზიას შორის ჩაკარგული, ისტორიულ ქარტეხილებს გამოვლილი პატარა ერი, რომელიც ხსენებულ ფასეულობათა არათუ პრაქტიკაში განმხორციელებელი, არამედ ამ ფასეულობებზე ფიქრის საშუალებაც არ ჰქონდა ურთულეს რეგიონში მტრულად განწყობილ, თუნდაც ერთმორწმუნე სახელმწიფოთა მხრიდან, ამ ცვლილებებისაგან რას მოველით? რა გვესაქმება? ისევ და ისევ თანამედროვე ქართველებისთვის დამახასიათებელი, ყველაფერში მოწინავე ერების მიმბაძველობის სინდრომი? ამით ფულის კეთება? ციდამტკაველური (სულხან-საბა) ფსიქოლოგიის სახელმწიფო დიდმოხელეთა საყვარელი და მათი მიბაძვით მთელი ქვეყნის მოსახლეობაში ჩანერგილი, უმაღლესი პილოტაჟის რანგში აყვანილი, უცხოური დაფინანსება-კრედიტების არამიზნობრივი ხარჯვის ვაი საქმიანობა, საქართველოს პეზიდენტთა (ადგილობრივ თუ უცხოელი) მრჩევლების განცვიფრების და ქილიკის საგანი რომ გამხდარა?
დიხაც, რომ გვესაქმება და აი რატომ:
პოსტსაბჭოთა საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის წინაშე მდგარ პრობლემათა სიღრმისეულ გაცნობიერების და მათი ეტაპობრივი მოგვარება-გადაწყვეტის ერთადერთი გონივრული გზა, საერთო აზრით, ქვეყანაში არსებული სამეცნიერო-ჰუმანიტარული და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენებაში მდგომარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში საზოგადოებრივი აზრი ერთიანია, 21-ე საუკუნის დასაწყისში ხელისუფლებაში მოსულმა ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, საერთო მოლოდინების უგულველყოფით, განვითარების სხვა გზა აირჩია. თუ რატომ? _ ამ კითხვაზე კვალიფიციურ პასუხებს პოლიტოლოგთა, სოციოლოგთა, გლობალიზებული მსოფლიოს სტრატეგთა და ა.შ., საერთოდ სახელმწიფო მშენებლობასა და უსაფთხოების საკითხებში მოქმედ გარე ფაქტორთა კომპეტენციის მქონე სპეციალისტებისაგან მოველით. ჩვენ კი შიდა ფაქტორებიდან მხოლოდ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ასპექტებზე გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას.
"განათლების უმთავრესი მიზანია არა ცოდნა, არამედ მოქმედება" - ინგლისელი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის, პოზიტივიზმის მამამთავარის, ჰერბერტ სპენსერის ((Herbert Spencer 1820 -1903) ეს შეგონება, ქართულ გნოსეოლოგიურ სივრცეში ახლადშემოსულია და ამიტომაც არათუ საზოგადოების ფართო ფენებისათვის, საქართველოს სამეცნიერო წრეებისათვისაც სრული სიღრმით დღემდე გაუცნობიერებელია (გნოსეოლოგია-მეცნიერება, რომლის შესასწავლი საგანი ადამიანთა აზროვნებაა).


მეცნიერ-ადმინისტრატორთა საბჭოურ აზროვნებაში გაწაფული, ახლა უკვე დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბატალიებში ჩართული ნაწილი (დირექტორები, მათი მოადგილეები, განყოფილებათა და ლაბორატორიათა ხელმძღვანელები და ა.შ.), ჩარჩა სამეცნიერო-კვლევითი მატერიალური ბაზის განახლების გარეშე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ,,რეორგანიზებულ~ მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ ინსტიტუტებში, რომელთა საშტატო სტრუქტურებში საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევების პრაქტიკაში მიღებულ სტანდარტთა უგულველყოფით ჩატარებულმა ,,სამეცნიერო რეფორმამ~, ინოვაციურ სტრუქტურულ ერთეულთა (საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო, საპატენტო სამსახურები, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობასთან ურთიერთობის სამსახურები) ნასახიც კი არ დატოვა.
სამეცნიერო-ტექნოლოგიური სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქმედ კანონთა უგულველყოფით და შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების რეორგანიზაციის კონკრეტული კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში, მასშტაბურ, მრავალჯერად შემცირებაში (უკანა რიცხვით დაწერილ და ელემენტარული დასაბუთების გარეშე ნაუცბათევად შედგენილ ,,ადმინსტრაციული აქტებით~), ასეულობით ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, ყოველგვარი წინასწარი საგნობრივი გასაუბრებისა და ზრდასრულთა პროფესიული გადამზადების თაობაზე წინადადებათა წარდგენის გარეშე დაითხოვა _ ფაქტიურად ქუჩაში გაყარა. სოლჟენიცინის კალმის თანაფარდია ამ პირობებში არსებული რეალობანი, როდესაც 60 ლარიანი თვიური სარგოს მქონე ინჟინერ-მკვლევარები, შემცირების თაობაზე ბანკომატებიდან (ბუღალტერია ტექნიკურ სიძნელეებს ასახელებს) ან სულ მცირე ერთვიანი დაგვიანებით იღებდნენ (სასამართლო ინსტანციაში მიმართვის ზღვრული ვადა).

ცივილურ სამყაროში ამ პროცესს საზოგადოების/ერის თაობათა შორის ცოდნა-გამოცდილების გადაცემაში წყვეტა ეწოდება, რომლის სავალალო/ნეგატიურ შედეგები მხოლოდ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში ვლინდება. ასე დაემართა უზარმაზარ რუსეთს რევოლუციურ (1917წ.) გატაცებათა უზომოდ გაჭიანურებულ ეიფორიაში: რუსული ეროვნული სულისა და ფასეულობების და იმავდროულად ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა მატარებელი ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა პროფესიულ-სულიერების მქონე ანალოგებს იაპონიაში დღემდე "ეროვნულ სიმდიდრედ და ღირსებად"მოიხსენიებენ და ამ ტიტულის მატარებელი პიროვნებების მიმართ ყველა (აზნაური თუ უაზნო) ქედმოდრეკილია, სამშობლოდან გარიყულ იქნა _ წავიდა ემიგრაციაში ან რევოლუციის ბორბალმა მოსრა. მნიშვნელოვანწილად ამიტომაა სადღეისოდ ხანგძრლივ პერსპექტივაში გადატანილი რუსეთის ფედერაციის ბინადართა შორის ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება.
მცირერიცხოვანი ერებისთვის ამგვარი პროცესების თვითდინებაზე (ყბადაღებულ საბაზრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა იმედზე) მიშვება გაცილებით მეტი სამომავლო რისკების შემცველია.
დასანანია, რომ ინდივიდუალურობით (და არა საზოგადოებრივ ღირებულებათა ერთგულებით) გამორჩეულ თანამემამულეებთან 21-ე საუკუნის დასაწყისში ამ თემატიკაზე და არა ნოოსფეროში ქართველთა წვლილზე გვიხდება საუბარი. (ნოოს – ბერძ. - გონება. ნოოსფერო - ბიოსფეროს ისეთი მდგომარეობა, რომელშიაც ადამიანის გონიერი ქმედებები განვითარების მთავარი ფაქტორი ხდება). ეს ნატვრის დონეზე, ახლა კი დღევანდელ სინამდვილეს დავუბრუნდეთ:
შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის გზავნილი მსოფლიოსადმი, ლაკონურია: "ცვლილებების დროა". ასეთი რამ კი, როგორც ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით ფერფლიდან აღდგენილი საქართველოს მოქალაქეებს კარგად მოგვეხსენება, ადრეც და განსაკუთრებით კი თანამედროვე გლობალიზებულ ეპოქაში, მხოლოდ განათლებითა და მეცნიერების იმ დარგების (კონკრეტულ მიმართულებათა) განვითარებითაა შესაძლებელი, რომლებიც უშუალო კავშირშია ექსპორტუნარიანი (კონკურენტუნარიანი) სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან. კონკრეტულობისათვის აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ტოლფარდი მოსახლეობისა და ნაკლები სამრეწველო - ბუნებრივი რესურსების მქონე დანია, ბოლო დრომდე აწარმოებდა ცხოველური წარმოების ინსულინის მსოფლიო მოხმარების ნახევარს. პატარა ირლანდია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს თანამედროვე ელექტრონულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში. ფინეთი არამარტო თანამედროვე სამრეწველო პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტიორიც ხდება. შვედეთის წარმატებათა კასკადს მანქანათმშენებლობაში, ბოლო არ უჩანს. ხრიოკ მიწაზე, მტრებითა და უდაბნოებით გარშემორტყმული, ისრაელის სახელმწიფო, პირველსაც იგერიებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლურობის მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. თუ როგორ? ამგვარ კითხვებზე პასუხები საგაზეთო წერილების ამ ციკლში გვაქვს ჩაფიქრებული. ისტორიულად შრომისმოყვარე ქართველ მეურნე-მწარმოებელს, მამულიშვილ პოლიტიკოსს, საქმიან და მომჭირნე ადმინისტრატორს, რეალურად დამოუკიდებელ მოსამართლეს, სამშობლო ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დამცველ პროკურორს და საერთოდაც, ჰუმანიტარული დარგების წარმომადგენლებს, დღემდე რომ ამოვსებული აქვთ სახელისუფლო სტრუქტურები _ სამრეწველო ელექტროენერგიის გენერეციის, შიგაწვის ძრავას და თანამედროვე კომპიუტერთა მოქმედების პრინციპთა ცოდნის და კარგი სახელმწიფო მმართველობის პრინციპთა ცოდნის გარეშე, ისინი (პასუხები) ნამდვილად გამოადგება. ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს მომავალ თაობათა მყარ სახელმწიფოებრივ ორიენტირთა ჩამოყალიბებაში კი - მოკრძალებულ წვლილს შეიტანს. პირდაპირ საქმეზე გადავდივართ:
ცნება "ინოვაცია"
ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში დაგეგმილი თუ განხორციელებული ცვლილებები თანამედროვე მსოფლიოს განვითარებაში დაწინაურებული ქვეყნების ხალხთა ენაზე `ინოვაციის~ ცნებით აღინიშნება. ამ უცხოური წარმოშობის სიტყვას ლათინური ძირი აქვს: ინნოვატიო – სიახლე, გონებიდან მომდინარე (გონებისმიერი) ცვლილება (ახალი რამ). სიტყვის ძირი – ნოვატიო – ქართული ,,ნოვატორის~ საწყისი ცნებაა. გვაქს ქართული სინონიმიც - "გამომგონებელი" ("გამოგონება"- დან ნაწარმოები), რომლის ქართული წარმომავლობა, ჩვენი აზრით, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რაც საერთოდაც და ჩვენთვის საინტერესო მნიშვნელობით, ენათმეცნიერთა კომპეტენციის საგანია.
სამეცნიერო ინოვაცია
საქართველოს განათლებულ საზოგადოებას ჩვენ ვერ ვაკადრებთ იმის განმარტებას, რომ მეცნიერება ყოველგვარი კარდინალური ინოვაციის პირველწყაროა. ვერ გავბედეთ გვეთქვა `თავანკარა წყაროა~, რადგან მკითხველს ჩვენს დაუხმარებლადაც კარგად მოეხსენება, რომ კაცობრიობის ისტორიაში ბოლო ორი მსოფლიო ომებსა და შემდგომ სისხლიან კონფლიქტებში, მეცნიერები ჰუმანიზმის კატეგორიებით ყოველთვის არ ხელმძღვანელობდნენ. საკმარისია ატომური, ქიმიური და ბაქტერიოლოგური იარაღის შექმნისა და გამოცდების ისტორიულ პერიპეტიათა გახსენებაც. ამ, ადამიანური ბუნების ნაკლოვანებებით განპირობებულ უმნიშვნელოვანეს საკითხს, იმედია, მეცნიერებაში ჩვენზე მეტი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე მამულიშვილები გააშუქებენ.

სოციალური ინოვაცია
სოციოლოგიური მნიშვნელობით ინოვაცია შრომის ორგანიზაციის ახალი ფორმების პრაქტიკაში დანერგვას გულისხმობს. იგი საზოგადოების შრომითი საქმიანობის სტიმულირებაზე, შრომის მოტივაციის ახალ ფორმათა გამოგონებაზე, შრომის რაციონალურ დანაწილებაზე, მმართველობის ორგანიზაციასა და სიახლის დანერგვის მეთოდოლოგიურ გააზრებაზე კონცენტრირდება. სოციოლოგიური ლექსიკონების განმარტებით, ყოველი სოციალურ-ეკონომიკური სიახლე შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციად მისი რამდენადმე ფართო (სერიულ) ათვისებამდე. ძველი საგნებისა თუ წარმოების ხერხის გამოყენება, ახალი ფუნქციური დანიშნულებით, აგრეთვე შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციად. ინოვაციათა ეს კატეგორია, ჩვენი აზრით, ცხოვრებისეული (სოციალურ-პრაქტიკული) ფაქტორებით უფრო მეტადაა განპირობებული, ვიდრე სამეცნიერო. თუმცა ამ უკანასკნელის, როგორც პირველადი (ირიბად მოქმედი) ფაქტორის როლი, აქაც გადამწყვეტია. ამ საკითხზე შემდგომ, კომპეტენტურ მსჯელობათა ინიცირების მიზნით, მოგვყავს ორი, ჩვენი აზრით სახასიათო ისტორია.
მაჯის საათის ისტორია:
ამ ნოვაციისათვის გონებრივი იმპულსი ავიაციის პიონერთა მხრიდან არ გაჩენილა _ ისინი მოკლე მანძილებზე დაფრინავდნენ დროის უმნიშვნელო მონაკვეთებში. ძმები რაიტების პირველმა აპარატმა მხოლოდ 59 წამის განმავლობაში იფრინა. დროის გაზომვის აუცილებლობა ავიატორებში მხოლოდ საშუალო და დიდ მანძილებზე გადაფრენისას გაჩნდა, საფრენი აპარატის ძალური აგრეგატის _ შიგაწვის ძრავას საწვავის გაკონტროლების აუცილებლობიდან გამომდინარე და მოთხოვნილებაც მარტივად იქნა დაკმაყოფილებული: ჯიბის საათებს ხელზე კანაფით ან ლენტით იმაგრებდნენ. ზედმეტად მიგვაჩნია იმის შეხსენება, თუ რა მოცულობის თანხები ტრიალებს ამჟამად მაჯის საათის თუ სამაჯურთა დამზადების ბიზნესში.
რევოლუცია და რესტორანი:
საფრანგეთის ბურჟუაზიულმა და მომდევნო რევოლუციებმა ათასობოთ არისტოკრატის სიცოცხლე შეიწირა გილიოტინაზე თუ უამისოდ, ისევე, როგორც მათი ოჯახების წევრთა კეთილდღეობა (,,რევოლუცია საჩუქარი არ არის~ – ემილ ჰოროვიცი, შოპენის ქმნილებათა უბადლო შემსრულებელი). უსაქმოდ და უბინაოდ დარჩენილი მათი მზარეულების ინტელექტუალური ნაწილი სასოწარკვეთას არ მისცემია: მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ხალხმრავალ ადგილებში მოწყობილ მაგიდებზე ფართო საზოგადოებას უცხო და უგემრიელესი კერძები შესთავაზა. Bბიზნესს, შემდგომი წარმატებისათვის საჭირო ინტიმური გარემოს შესაქმნელად, დაემატა მუსიკა და ინტერიერი (Bურტ ჭულფ-ის სატელევიზიო-შემეცნებითი სერიალების ინიცირებით. ბრიტანეთის ენციკლოპედია გვაწვდის პარალელურ ვერსიას, რომელიც არ ეწინააღმდეგება ზემოთქმულს).

გიორგი ბერუჩაშვილი