DataLife Engine > საზოგადოება > "დავების განხილვის სისტემა საქართველოში არ არსებობს"

"დავების განხილვის სისტემა საქართველოში არ არსებობს"


27 აგვისტო 2010. : merabi
"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც თუ მეწარმემ სახელმწიფოს მოუგო რაიმე დავა, სამართალს იგი ვერასოდეს აღასრულებს. რა თანხაც არ უნდა მოუგო სახელმწიფოს მისგან თეთრსაც ვერ მიიღებ"

ინტერვიუ ადვოკატ ზურაბ ვანიშვილთან

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. გარდა საგადასახადოს მიერ დაჯარიმებულ მეწარმეთა დიდი რაოდენობისა, ბიზნესკომპანიების უდიდესი ნაწილისთვის დავების საბჭოში საჩივრის შეტანაც უშედეგოდ სრულდება. ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წლის პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ 658 საჩივრიდან 53% არ დააკმაყოფილა, ხოლო 13% საერთოდ არ განიხილა, ეს კი დუმილით უარს ნიშნავს. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურამდე, მეწარმეს შეუძლია პირდაპირ სასამართლოს მიმართოს და სამართალი შედარებით ადვილად მოიპოვოს, თუმცა ამ მხრივ მას მთელი რიგი წინააღმდეგობები ხვდება. სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე, მეწარმისთვის დაჯარიმების შემდეგ გასავლელ ეტაპებზე, მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე `ბ&ფ~-ს ადვოკატი ზურაბ ვანიშვილს ესაუბრა.

- ბ-ნო ზურაბ, თქვენი ინფორმაციით, საგადასახადო ინსპექციის მიერ დაჯარიმებულ მეწარმეს, დაჯარიმების შემდეგ, რა პროცედურების გავლა უწევს? შეუძლია თუ არა მას დავების საბჭომდე სასამართლოს მიმართოს და ამ შემთხვევაში, რამდენად უფრო მეტი შანსი აქვს სარჩელი დაუკმაყოფილდეს?
- ზოგადად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მეწარმეს გადასახადი დაარიცხოს. მას შემდეგ, რაც დაარიცხავს გადასახადს, გამოიწერება საგადასახადო მოთხოვნა, სადაც დაიწერება, რომ სახელმწიფო ედავება ამ მეწარმეს გარკვეულ თანხას. ანუ მეწარმეს, საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულ მისამართზე ფოსტით გაეგზავნება საგადასახადო მოთხოვნა და მისი ჩაბარებიდან აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა ოც კალენდარულ დღეს შეადგენს. მეწარმეს შეუძლია აირჩიოს დავის განხილვის ორი გზა. ერთი - დავების განხილვა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რაც მოიცავს ორ ეტაპს, პირველი - შემოსავლების სამსახური, მეორე - დავების განხილვის საბჭო, რომელიც შედგება, თუ არ ვცდები, 14 წევრისგან. შემდეგ თუ დავების განხილვის საბჭოშიც არ დაუკმაყოფილდა მეწარმეს საჩივარი, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში. მაგრამ არსებობს უფრო მოკლე გზა, მეწარმეს შეუძლია პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს საგადასახადოს გადაწყვეტილება. მაგრამ, დავების უმეტესობა, დაახლოებით 95% და შესაძლოა მეტიც, დავების განხილვას ფინანსთა სამინისტროში ირჩევს და არა იმიტომ, რომ მას დიდი ნდობა აქვს ამ ორგანოების მიმართ, არამედ მთავარი აქ ფისკალური ელემენტია. მეწარმეს, საქართველოს სასამართლოებში გადასახდელი ბაჟის მაღალი ოდენობა აიძულებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ამ ორგანოებს მიმართოს. მაგალითად, ფიზიკური პირისთვის რაიონულ სასამართლოში ზღვარი 3000 ლარია, იურიდიული პირისთვის 5000, სააპელაციო სასამართლოში კი 8000 ლარი. მეწარმეს არ უნდა ამ თანხის გადახდა, ამიტომ მიდის დავების განხილვის საბჭოში. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია.
მაგალითად, სემეკშიც ხდება დავების განხილვის პროცედურები. იქ შესაძლებელია ორ მხარეს გააჩნდეს დავა და სემეკის გადაწყვეტილების გასაჩივრება ორივე მხარეს შეუძლია სასამართლოში. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სისტემაში კი, სახელმწიფოს არ შეუძლია გასაჩივრება. ანუ, თუ შემოსავლების სამსახური ჩათვლის, რომ მეწარმე მართალია, საგადასახადო ორგანოს არ შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ასევე დავების განხილვის საბჭოში. ეს, ერთი შეხედვით, ვითომ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, იმას მიუთითებს, რომ ეს დავების განხილვა ხდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფოს მიერ. ასე ვთქვათ, თავად სახელმწიფო ორგანო იღებს თავის თავზე იმის გადაწყვეტილების მიღების უფლებას, თვითონ არის მართალი თუ მეწარმე, ანუ ფაქტიურად გამოდის ისე, რომ შემოსავლების სამსახური და დავების განხილვის საბჭო მხარედ გვევლინება დავების განხილვისას, იმიტომ, რომ ის სახელმწიფოს წარმოადგენს. მაგრამ თუ დადგინდა, რომ საგადასახადომ მეწარმე უკანონოდ დააჯარიმა, საგადასახადოს გასაჩივრების უფლება არ ექნება. და უფრო მეტიც, შემდეგ, როცა მეწარმეს სარჩელი სასამართლოში შეაქვს, მოსამართლეს აქვს გარკვეული ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან. როგორი? მასთან მიდის ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება, რომ მეწარმის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და ეს დასაბუთება გაწერილია ხუთ ფურცელზე. ამ შემთხვევაში, რა მდგომარეობაში უნდა იგრძნოს თავი მეწარმემ? სახელმწიფოს ფაქტიურად გამზადებული აქვს თავისი პოზიცია და სასამართლოში მეწარმე წამგებიანი პოზიციით მიდის. ეს არის ის უარყოფითი ელემენტი, რაც არის ჩადებული დავების განხილვის საბჭოში.
ამას გარდა, თავად ის სისტემა, რომ დავას იხილავს არა სასამართლო ორგანო, არამედ კლანი სასამართლო ორგანო, მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მაგალითად, ჩვენი სახელმწიფო აგებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, არის საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. რატომ არის ამერიკა ყველაზე ძლიერი ქვეყანა? იმიტომ, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპია იქ გაბატონებული. შეუძლებელია იქ მოსამართლე ჩაერიოს კონგრესის საქმიანობაში და პირიქით. ჩვენთან დაკანონებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ითავსებს სასამართლო ხელისუფლებას. დაახლოებით ეს იგივეა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მივცეთ უფლება კანონები გამოსცეს შაბათ-კვირას და ა.შ. არათანმიმდევრული გადაწყვეტილებაა სახელმწიფოს დონეზე, როდესაც სამი ხელისუფლება გაქვს და ამ დროს აღმასრულებელი ხელისუფლება ითავსებს სასამართლოს ფუნქციას.
მეორე საკითხი კი ისაა, მგონი საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც თუ მეწარმემ სახელმწიფოს მოუგო რაიმე დავა, სამართალს იგი ვერასოდეს ვერ აღასრულებს. რადგან კანონში არ წერია, თუ რა პერიოდში უნდა იყოს აღსრულებული სასამართლოს მიმართ იძულებითი აღსრულება. რა თანხაც არ უნდა მოუგო სახელმწიფოს, მისგან თეთრსაც კი ვერ მიიღებ, ანუ სახელმწიფო მონსტრის როლშია.
- როგორც ვიცით, მეწარმემ დაჯარიმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეიტანოს სარჩელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა თუ სასამართლოში, ორივე შემთხვევაში კანონით თუ არის განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ვადა?
- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, დავების საბჭოსა და სასამართლოს გარდა, ახალი რამ შემოვიდა, საგადასახადო შეთანხმება, რომელიც საპროცესო შეთანხმების მსგავსია. მაგალითად, მეწარმეს შეუძლია მოითხოვოს, რომ 50 000 ლარის ჯარიმის ნაცვლად გადაიხადოს 30 000 ლარი და საგადასახადომ თავი დაანებოს. ასევე, კანონში შევიდა ცვლილება, რომ საგადასახადომ თუ საჭიროდ ჩათვალა, შეუძლია მეწარმე ჯარიმის გადახდისგან მთლიანად გაათავისუფლოს. მაგრამ, მეწარმე, რომელიც ყოველდღიურადაა ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, შემოსავლების სამსახურსა თუ დავების საბჭოში ყოველთვის აწყდება უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალიზმს სახელმწიფოს მხრიდან, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ რას მოითხოვს საგადასახადო კოდექსი და გადაწყვეტილების მიღებისას გულში მაინც იცის, ვინაა მტყუანი და ვინ მართალი. გარდა ამისა, ძალიან დაბალია, როგორც მეწარმეთა გათვიცნობიერება კანონმდებლობის შესახებ, ასევე მათი შესაძლებლობა დაუპირისპირდეს დავების განხილვის სისტემის პროფესიონალებს. ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ მეწარმეებმა კონსულტაციები მიიღონ, თუმცა არა ისეთი, როგორიც ახლა არის, რომ 10 000 ლარის გადახდის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური შეგიმოწმებს საქმიანობას. თუ კომპანიას 10 000 ლარის გადახდის საშუალება აქვს, ის უკეთეს რჩევას მიიღებს ვინმე სხვისგან, ვიდრე შემოსავლების სამსახურისგან.
რაც შეეხება ჯარიმის გადახდის ვადას, ეს მიმართულება დასჯადია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან თუ სასამართლოში მიდიხარ, უნდა წარადგინო საბანკო გარანტია დარიცხული თანხის ოდენობით, თორემ სახელმწიფოს შეუძლია აუქციონზე გაყიდოს მეწარმის ქონება. ანუ სახელმწიფო მეწარმეს სტიმულს არ აძლევს სარჩელი პირდაპირ სასამართლოში შეიტანოს. ეუბნება, მოდი ჩემთან, შემოყავი თავი, აქ შემოდი და სანამ დავების საბჭო გამოიტანს გადაწყვეტილებას, მანამდე არავინ არ შეგეხება. გარდა ამისა, ვთქვათ, მეწარმეს 800 000 ლარზე დაუწერეს საგადასახადო მოთხოვნა, ამ თანხაზე მხოლოდ საბანკო გარანტიის აღება შეუძლია მას, ხოლო არცერთი სადაზღვევო კომპანია საქართველოში ფინანსური დაზღვევის პოლისს არ იძლევა, მეწარმის რისკებს არ აზღვევს. ეს ნიშნავს, რომ მეწარმეობა არის უკიდურესად შავ დღეში ჩაგდებული. სახელმწიფო კი მეწარმეს, ვითომ სტიმულს აძლევს დავების განხილვის საბჭოს სახით. ალბათ, სახელმწიფო მესვეურებს ეს სჭირდებათ სტატისტიკისთვის, რომ დონორებთან ჰქონდეთ სასაუბრო თემა, აი, რა კარგი ქვეყანა ვარ, რომ ჩემთან მეწარმეების ამდენი და ამდენი პროცენტი იგებს დავას, მაგრამ იმას კი არ ეუბნება, რატომ აღარ მიდის მეწარმე სასამართლოში. ეს ყველაფერი პოლიტიკასთანაა კავშირში.
- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და დავების განხილვის საბჭოში საჩივრის შეტანიდან, დროის რა მონაკვეთში ხდება მისი განხილვა?
- საჩივრის მიღებიდან 20 დღის კალენდარულ ვადაში განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჩივარს. თუ 20 დღის განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, ხომ კარგი, თუ არა და დუმილით უარია ეს და ითვლება, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თუ 20 დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში საჩივარი არ განიხილეს, მეწარმემ უნდა მიმართოს დავების საბჭოს და აქაც, სარჩელის განხილვა 20 დღის კალენდარული ვადით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, დავების განხილვის საბჭოს შეუძლია შეაჩეროს დავის განხილვა, იმის გამო, რომ საქმე არაა კარგად გამოკვლეული და საქმე საგადასახადო ინსპექციას დაუბრუნოს. დავების საბჭოს ამის გაკეთება ორჯერ შეუძლია. პირველად არაუმეტეს 25, მეორედ კი არაუმეტეს 15 დღისა. მაგრამ თუ კვორუმი არ შედგა, მესამედ, კიდევ ერთი თვით შეუძლია შეაჩეროს განხილვა. მაგალითად, თუ დავების საბჭოში 14 წევრია, კვორუმის დროს უნდა იყოს 8 წევრი. ზოგჯერ არის ხოლმე გამონაკლისი, როდესაც კვორუმი ვერ იკრიბება, ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის გათვალისწინებით, განხილვის გადადების შესახებ წერილი ეგზავნებათ მეწარმეებს.
მეწარმე თუ დავების განხილვის საბჭოში მოიგებს სარჩელს, დამთავრდება ყველაფერი, მაგრამ თუ წააგებს, მიდის სასამართლოში. თუმცა, როგორც წესი, ყველა მეწარმე უარს აცხადებს სასამართლოში ჩივილზე, ჯერ არ მინახავს, ვინმე პირდაპირ სასამართლოში წასულიყოს. სასამართლოში წასვლით მეწარმე ძალიან დიდ პრობლემებს აწყდება, ამიტომ მას ურჩევნია უფრო იოლი გზა გაიაროს და მიმართოს ფინანსთა სამინისტროს.
უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ძალიან გაასწრო წინა ორ შტოს თავისი განვითარებით. გიგანტური ნაბიჯი გააკეთა კუბლაშვილის ხელში სასამართლო ხელისუფლებამ. მე აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ. როდესაც რაიმე პრობლემა აქვს ჩემს კლიენტს, მე გამიჩნდა იმის განცდა, რომ მართალია სიმართლეს სახელმწიფო ორგანოში ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უზენაეს სასამართლოში მივაღწევთ, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოში ზის მუდმივმოქმედი კომისია, რომელმაც რეკომენდაციები შეიმუშავა და კონკრეტული კლიენტის მიმართ აქვს კონკრეტული რეკომენდაციები მოსამართლეებისთვის. ეს ჩემთვის დიდი შველაა. მე რომ ვიცი, რომ უზენაეს სასამართლოს თავისი შეხედულება აქვს ამ სახელმწიფოზე და მის კანონებზე, რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როგორც არ უნდა დაჩაგროს მეწარმე, მთავარია იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზეწოლაა საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოზე, როგორღაც გაიაროს ეს ეტაპები, გადაიხადოს ეს დიდი ბაჟი, მიაღწიოს უზენაეს სასამართლომდე, რომლის მიმართ იმედი უკვე დიდია. მაგრამ იმის გამო, რომ ბაჟის გადახდა უჭირს ადამიანს, უზენაესამდე ვერ აღწევს საქმე. ამ სახელმწიფოში სასიკეთო ძვრებიც ხდება ბევრ ცუდთან ერთად, მაგრამ სასიკეთოს უფრო ებღაუჭები ადამიანი.
საგადასახადო კოდექსში, დავების განხილვის თავებში, ურთიერთგამომრიცხავი რამეები წერია, იმისთვის, რომ მას ღრმად ჩაწვდე, მარტო იურისტობა არ კმარა, გამოცდილება უნდა გქონდეს, ალბათ, ათწლიანი მუშაობის მაინც, რამე რომ გაიგო. თავად დავების საბჭო მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. მათ ზუსტად იციან, რას გულისხმობს კოდექსი, ამიტომ ზოგჯერ ჩემს კლიენტებს უჭირთ მათ დონეზე მსჯელობა, ეს კარგია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ თვითონ ეს სისტემაა შესაცვლელი. მაგალითად, ჯერ არ მინახავს ერთი მეწარმეც კი, რომელსაც საგადასახადო ინსპექციის არ ეშინოდეს. არის შემთხვევები, როდესაც ჩემს კლიენტს რაღაცას ვეუბნები და იგი ამაზე არ მეთანხმება, რადგან სახელმწიფო ორგანოსი ეშინია. რატომ უნდა ეშინოდეს? გამოდის, რომ შინაგანად მას ბოლომდე არ აქვს იმის შეგრძნება, რომ სახელმწიფო კანონიერად მოეპყრობა და თუ ძალინ დაუპირისპირდება და თავის კანონიერ ინტერესებს აიყვანს, ასე ვთქვათ, აპოგეამდე, სახელმწიფომ მის მიმართ შესაძლოა ხელების გადაგრეხვის პოზიცია დაიკავოს. სამწუხაროდ, ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავ და მიუხედავად იმისა, რომ დავების განხილვის საბჭო ამჟამად გვევლინება უაღრესად ლმობიერ, ჰუმანურ ორგანოდ, შემდეგ მაინც გვიწევს სასამართლოში ბრძოლა. მოდით, ასე ვთქვათ - დავების განხილვის სისტემა საქართველოში არ არსებობს, ეს დავების სახელმწიფოს სასარგებლოდ მოგვარების სისტემაა, ამიტომ ჩემთვის თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მიუღებელია ასეთი სისტემის არსებობა. დავების განხილვის საბჭოს ბაზაზე უნდა შეიქმნას საგადასახადო-სასამართლო, რომლის გადაწყვეტილება პირდაპირ გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში.
- მაგალითად, საგადასახადოს მიერ დაჯარიმებული მეწარმე სასამართლომ გაამართლა, თუ იქნება რაიმე სანქცია ამოქმედებული საგადასახადოს იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც ბიზნესმენი უსამართლოდ დააჯარიმა?
- ისეთი რამ, რომ საგადასახადოს თანამშრომლისადმი ამ მხრივ რაიმე სანქცია ამოქმედებულიყო, მე არ მსმენია, თუმცა ასეთი რამ ზოგადად შესაძლებელია.
- თქვენი ინფორმაციით, საზღვარგარეთ რა ტენდენციაა ბიზნესისა და სახელმწიფოს დავებთან დაკავშირებით და პროცენტულად რა წილი უჭირავს მომჩივანი ბიზნესმენის გამართლებას?
- ჩვენი საგადასახადო კოდექსის დავების განხილვის თავი დაწერილია არა საქართველოს პარლამენტის კედლებში, ქართველი პარლამენტარების მიერ, არამედ ეს არის ერთგვარი კლიშე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა შექმნილი დაახლოებით 10-15 წლის წინ და გამოიყენება ჩვენნაირ, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. იქ დავების განხილვის 95% მოცემულია ისეთი ფორმებით, როგორც ჩვენს საგადასახადო კოდექსში. როგორც აღვნიშნე, გარდამავალ ქვეყნებში საგადასახადო კოდექსების პროექტის დაწერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ხდება, ამიტომ მე თუ მაქვს პრეტენზიები დავების განხილვის მექანიზმთან, მე მაქვს პრეტენზია არა საქართველოს პარლამენტთან, არამედ ვაშინგტონში სავალუტო ფონდთან. ძალიან დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას კოდექსის შეცვალოს თავისი ვარიანტით, შესაძლებელია თავი გაიგიჟოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომ მის სისტემას ცვლი. ქვეყანასაც, ამ შემთხვევაში, დიდი დონორის გაბრაზება არ უნდა. ჩემი აზრით, შემდეგი ნაბიჯი საქართველოს განვითარებაში, ახლა იქნება თუ ასი წლის შემდეგ, ჩვენ ამ საერთაშორისო ფონდის მიერ შექმნილ მოდელზე ვიტყვით უარს. ეს გარდაუვალია, რადგან თუ პრეტენზია გაქვს დემოკრატიული საზოგადოების შენებისა, ის ასეთ კოჭლ იდეებზე არ უნდა იყო აგებული. ეს მეწარმის უფლებებს ზიანს აყენებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფოს უფლებებს. თუ მეწარმეობა ვერ ვითარდება და იჩაგრება, ეს სახელმწიფოს აზარალებს, რადგან სახელმწიფოს სიძლიერე, მეწარმის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს, მეწარმეს უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ.


ესაუბრა თეონა ჭიტაძე