DataLife Engine > საზოგადოება > საკონსტიტუციო მირაჟები – პატიმრების ხელშეუხებლობა
საკონსტიტუციო მირაჟები – პატიმრების ხელშეუხებლობა26 აგვისტო 2010. : merabi |
|
საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერში ხელისუფლება "ხვრელებს” ისევ ტოვებს
რამდენიმე დღის წინ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გავიდა ფრიად საინტერესო ინფორმაცია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახალხო განხილვის დაწყების შესახებ. უფრო საინტერესო ისაა, რომ ეს განხილვა ეხება კონსტიტუციის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად საკამათო ჩანაწერს კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურად ცნობის შესახებ. ახალ საკონსტიტიციო პროექტში ქვეყნის მოწყობის მოდელი დიდწილად იცვლება, თუმცა, ამ საკითხის შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიას არავინ იწყებს და სახელისუფლო ინტერესებს ფეხაწყობილი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იწყებს განხილვას, არის თუ არა ორჯერ ორი ოთხი. მესმის ამ არხის ხელმძღვანელების, რაღაცის შესახებ მაინც ხომ უნდა მოაწყონ საზოგადოებრივი დისკუსია და ხომ უნდა დაამტკიცოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მილიონ ლარს ფუჭად არ იღებს. ძალიან კარგი, აწყობს და მოაწყოს. თუმცა, ისიც საკამათოა, რომ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, უფრო მყარ პოზიციას გულისხმობს, ვიდრე ძველი. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ ინიცირებულ სახალხო განხილვაში "ბანკები და ფინანსებიც" ერთვება და აღნიშნული თემის შესახებ გთავაზობთ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის პოზიციას. "საკუთრების დაცვის შესახებ 21-ე მუხლმა სერიოზული ცვლილებები განიცადა. ცვლილებები ამ მუხლის სამივე პუნქტში შევიდა. პირველ პუნქტში პირველი წინადადება უცვლელი დარჩა, სადაც აღნიშნულია, რომ საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ცვლილება შევიდა მეორე წინადადებაში, აქ მითითებული იყო, რომ დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის გასხვისების ან მემკვიდრეობის ნებართვის საყოველთაო უფლების გაუქმება. ახალი კონსტიტუციის შემოთავაზებული რედაქციაში გასხვისების, შეძენისა და მემკვიდრეობის მიღების შესახებ გარანტიები ამოღებულია და უბრალოდ ჩაიწერა, რომ დაუშვებელია საკუთრების საყოველთაო უფლების ხელყოფა. ერთი შეხედვით, ეს საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში შეიძლება, ამან სერიოზული პრობლემები შექმნას. დღეს მოქმედი კონსტიტუცია იცავს არამარტო იმას, რომ მაგალითად მე საკუთრება მაქვს, არამედ იმასაც, რომ ეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიც მაქვს და შემიძლია ეს საკუთრება თავისუფლად განვკარგო, გავასხვისო ან მემკვიდრეობით გადავცე. ახალ პროექტში კი შეძენის ან გასხვისების და მემკვიდრეობის შესახებ სიტყვები საერთოდ გაქრა და უბრალოდ წერია ზოგადი ფრაზა, რომ დაუშვებელია საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამან შეიძლება პრობლემა შექმნას, რადგან მაგალითად შეიძლება მიღებული იქნას კანონი, სადაც მითითებული იყოს, რომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მიუხედავად, შენ არ შეგიძლია ამ საკუთრების გასხვისება. მე, როგორც იურისტი, ამაში ვხედავ პრობლემას. რაც შეეხება მეორე პუნქტს, ვფიქრობ, რომ უკეთესი ცვლილებაა შესული და საკუთრება უკეთ არის დაცული, ვიდრე ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია გულისხმობს. თუმცა, პირველ პუნქტში არსებულ პრობლემას ჩვენ აუცილებლად დავაფიქსირებთ პარლამენტში. სამოქალაქო კოდექსში საკუთრების უფლება ნიშნავს, რომ შეგიძლია თავისუფლად განკარგო ქონება. მაგრამ თუ შევა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები და თუ პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, სადაც მითითებული იქნება, რომ ცალკეული ტიპის გასხვისება აკრძალულია, მაშინ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად უფრო მეტად ახლად მიღებულ კანონს აქვს უპირატესი ძალა. კონსტიტუციაშიც თუ აღარ იქნება ეს გარანტია, საკუთრების უფლება გასხვისების, შეძენის ან მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. მეორე პუნქტს ასევე დაემატა ის, რომ კონსტიტუცია საკუთრების უფლებას, სახელმწიფოს უხეში ჩარევისგან იცავს, ანუ იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია საკუთრების უფლება შეიზღუდოს, ამისათვის აუცილებელია ეს საზოგადოების საჭიროებისთვის კანონდადგენის წესის მიხედვით მოხდეს, რათა საკუთრების უფლებამ ცნება არ დაკარგოს. ეს კონკრეტიკა ძალიან კარგია და ამ ცვლილებას მივესალმებით. მაგრამ მესამე პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნა, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ხდება ანაზღაურება, მაგრამ ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით სათანადო ანაზღაურების ნაცვლად ჩაიწერა, რომ შეიძლება მოხდეს სამართლიანი ანაზღაურება. ეს კი შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი იყოს, რადგან სიტყვა სამართლიანი ძალიან სუბიექტურია, შეიძლება სახელმწიფოსთვის ანაზღაურება ძალიან სამართლიანი იყოს ან უსამართლო და ამის შეფასება ძალიან ძნელია, რა არის სამართლიანი და რა უსამართლო. `სათანადო~ უფრო მეტად ობიექტური ტერმინია და უფრო მეტ გარანტიას იძლევა, როგორც დღეს მოქმედ კონსტიტუციაშია. ამასთანავე ერთი კარგი პუნქტი დაემატა - ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისაგან და გადასახადისგან. კარგია, რომ ეს კონსტიტუციურ დონეზეა. დღეს მოქმედ კონსტიტუციაში არ იგულისხმება, რომ როცა საკუთრებას ჩამოგართმევენ და შემდეგ ფინანსურ კომპენსაციას გაძლევენ, გადასახადისგან და მოსაკრებლისგან გათავისუფლებული უნდა იყო. დღეს ეს კონსტიტუციაში ჩადებულია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ახალ კონსტიტუციაში საკუთრების დაცვის საკითხში არის ზოგიერთი ცვლილება, რაც მისასალმებელია და არის ზოგი საკითხი, რაც სახიფათოა", - აცხადებს თამარ ხიდაშელი. აქვე მინდა დავამატო, რომ ერთი საკითხია რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში და მეორეა, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება, რომ თავად კონსტიტუცია იყოს ხელშეუხებელი. ვგულისხმობ, საკითხს, თუ რამდენად არის მზად ხელისუფლება დაიცვას თუნდაც ის კანონი, რასაც დღეს საკუთარი ინტერესების შესაბამისად აწესებს. ერთ ფაქტს გავიხსენებ, რამდენიმე კვირის წინ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუნგრიეს, ის სახლი სადაც ოჯახი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა. ადა ექიზაშვილი |