DataLife Engine > საზოგადოება > სახიფათო თამაში
სახიფათო თამაში26 აგვისტო 2010. : merabi |
|
გია ყარყარაშვილს რომ არ ვიცნობდე როგორც ვაჟკაცს, მეომარს და პატრიოტს, პროვოკატორად მივიჩნევდი
დიდი ხანი არ არის, რაც საზოგადოებამ გაერთიანება "ვეტერანთა ლეგიონის” შექმნის თაობაზე შეიტყო. ტელეეთერით თავიანთ მიზნებზე საუბრისას ვერაფრით დავადგინე, რა იყო ეს. არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, პროფესიული გაერთიანება თუ გენერლების კლუბი. ასეთი გაერთიანებების შექმნა სახიფათოა, განსაკუთრებით, ისეთი სუსტი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც დემოკრატია ავტორიტარიზმის ნიშნებს ატარებს. გენერლების გაერთიანების საბრთხობელებად გამოყენების დიდი ალბათობა არსებობს. იყო კიდეც უახლოეს წარსულში ასეთი ფაქტები. როგორც ჟურნალისტი, ვურჩევ ბ-ნ გია ყარყარაშვილს დაშალოს ეს ორგანიზაცია, თუ არა, ვითარების ნებისმიერი დაძაბვის შემთხვევაში ისინი "პუტჩისტებად” გამოცხადდებიან და ტელედაჭერების სერიალსაც ვნახავთ. გია ყარყარაშვილს რომ არ ვიცნობდე როგორც ვაჟკაცს, მეომარს და პატრიოტს, ვიფიქრებდი პროვოკატორია, მეთქი. ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ისე როგორც ყველა მოქალაქეს უფლება აქვს იყოს პოლიტიკაში, სამოქალაქო სექტორში ბიზნესში და ასე შემდეგ, მაგრამ დემოკრატიის დეფიციტის პირობებში, მათი პროფესიული ნიშნით დაჯგუფება მიზანშეწონილი არ არის, თანაც საკმაოდ ბუნდოვანი მიზნებით გია ყარყარაშვილმა ჩემთან საუბარი არ ისურვა. ამიტომ, ჩემს მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე – რეალურად მოსალოდნელია თუ არა მოვლენათა ასეთი განვითარება და რაღაც მომენტში მათი მეამბოხეებად გამოცხადება. რამდენიმე კითხვას ბატონმა თოფურიამ უპასუხა. "ვეტერანთა ლეგიონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მალხაზ თოფურია: - ბ-ნო მალხაზ, რას წარმოადგენს თქვენს მიერ დაფუძნებული გაერთიანება "საქართველოს ლეგიონი”, რა არის ეს - არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, პროფესიული გაერთიანება თუ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა კლუბი? - არასამთავრობო ორგანიზაციაა, პოლიტიკური ორგანიზაცია ნამდვილად არაა და ყოფილი სამხედროებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ შეზღუდულები არ ვართ, პირიქით ძალიან მშვიდობიანი დისკუსიები გვაქვს. მომღერლები და მხატვრები არიან ძალიან ბევრი. - რა მიზნები აქვს თქვენს ორგანიზაციას, როგორია მისი სტრუქტურა, ცნობილი მოღვაწეებიდან ვინაა მასში გაერთიანებული? - არიან გენერლები, ~ვეტერანთა ლეგიონი” ჰქვია და უპირველეს ყოვლისა ვეტერანი სამხედრო მოსამსახურეები არიან მასში გაერთიანებულნი, როგორც პროფესიონალი სამხედროები, ისე არაპროფესიონალი მოხალისეები. ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, თუმცა სხვათა დასახელება უხერხულია ჩემი მხრიდან, ამიტომ, თავს შევიკავებ. ხოლო, რაც შეეხება მიზნებს, ერთ-ერთი მიზანია სოციალური უფლებები. სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა ბევრი ჩვენთაგანი, გვინდა მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ თავდაცვის სფეროში, წარმოვადგინოთ ახალი გეგმები, ახალი კონცეფციები. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი კონცეფციები უნდა შეიქმნას და ამაში გვინდა ჩვენ ჩვენი წარმოვადგინოთ და თუ გაიზიარებენ, ძალიან გაგვიხარდება. რაღაც-რაღაცეებს თუ გაიზიარებენ და გაითვალისწინებენ ძალიან კარგი, რადგან პრეტენზია გვაქვს, საკმაოდ კარგი პროექტები შევთავაზოთ სამხედრო თემატიკაზე. - როგორია თქვენი ხედვა, როგორი უნდა იყოს დღევანდელი საქართველოს ჯარი, რა ამოცანების გადასაწყვეტად უნდა მომზადდეს იგი, უნდა დარჩეს თუ არა სავალდებულო გაწვევა, საქართველომ უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში ავღანეთში? - ქართული ჯარი აუცილებლად უნდა მომზადდეს იმ საომარი ოპერაციების გადასაწყვეტად, რაც მოდის გარესაფრთხეებისგან, რაღაც ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს. ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს არ ვაპირებთ. რაც შეეხება სამხედრო გაწვევას, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამას დადებითად არ ვაფასებ. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, ამხელა ჯარის შენახვის არც საშუალება გააჩნია და არც საჭიროება. ცალსახად ვიტყვი, რომ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობა, თქვენ თუ ავღანეთს გულისხმობთ ამ მომენტისთვის, ძალიან კარგია, ბიჭები პროფესიონალიზმს იმაღლებენ. შედარებით გადაჭარბებული იქნება, ვთქვათ, რომ საბრძოლველად მიდიან, უფრო სამშვიდობო ფუნქციები ეძლევათ ჩვენს ბიჭებს, ვინც ერაყში იყვნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამოცდილების მეტს არაფერს იღებენ იქ და დიდი გამოცდილებით ჩამოდიან. ასე რომ, ამ შემთხვევას დადებითად ვუყურებ. - რამდენად პროფესიული კადრებით არის დაკომპლექტებული დღეს შეიარაღებული ძალები? - მეტ-ნაკლებად კარგად. მაგალითად, ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო და რეკომენდაცია იყო საზღვარგარეთიდან, სამწუხაროდ აღარ მუშაობს. ახლა არ მინდა, ვთქვა, თითქოს იქ დილეტანტები და უცოდინარები დარჩნენ, არ არის ასე, იქაც საკმაოდ კარგი დონის ახალგაზრდები დარჩნენ და ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, ხელი შევუწყოთ და მაქსიმალურად, თუ რამეში შეგვიძლია გვერდით დადგომა, მიუღებლები კი ვართ ერთი შეხედვით, მაგრამ მზად ვართ, კეთილი სურვილებით, ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩემს თავს არ ვგულისხმობ, მთლიანად ~ლეგიონის” პოზიციას გამოვხატავ, ძალიან გვინდა წარმატებული იყვნენ ქართული სამხედრო შენაერთები. თეონა ჭიტაძე |