DataLife Engine > საზოგადოება > ვინ დანიშნა თსუ-ს რექტორად ნუგზარ სურგულაძე
ვინ დანიშნა თსუ-ს რექტორად ნუგზარ სურგულაძე18 აგვისტო 2010. : merabi |
|
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ირანისტი, ისტორიკოსი ნუგზარ სურგულაძე დაინიშნა. ფორმალურად ის აკადემიურმა საბჭომ აირჩია, მაგრამ ფაქტობრივად ავტონომიადაკარგულ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ბუნებრივია, აკადემიურ საბჭოს არავინ ეკითხება, ვის დანიშნავენ რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლადაც კი. ამბობენ, რომ ბატონი სურგულაძე კარგი სპეციალისტია, კარგი კაცია, აქვს ხუთამდე სამეცნიერო პუბლიკაცია, მაგრამ განა ერთობ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენილი ქვეყნის უპირველესი უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოდ ეს კმარა?
ბატონ სურგულაძეს საერთოდ არ აქვს ხელმძღვანელობის გამოცდილება. ის წელს გამხდარა თსუ-ს "ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკის და ჩვეულებითი სამართლის ინსტიტუტის" დირექტორი. ეს არის და ეს. მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები მისი ბიოგრაფიული ცნობების ერთ ასპექტს იმეორებდნენ გულმოდგინედ - ბატონი სურგულაძე იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ყოლია. მაგრამ ჩქმალავდნენ იმ არსებით გარემოებას, რომ ნუგზარ სურგულაძე ისტორიკოსია. ახალ დროებაში იურისტობა ხომ უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ისტორიკოსობა. თუ უნივერსიტეტს არ დაუბრუნდა ავტონომია, არ აღუდგა პრესტიჟი და არ შეჩერდა მისი მიზანმიმართული ნგრევა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მისი მომავალი რექტორი - უცხოეთში მოღვაწე დვალი, შევარდნაძისა და სააკაშვილის წინაშე კონსტიტუციების თხზვით დამსახურებული დემეტრაშვილი, ქართული ცნობიერების დასამარება-აღორძინების მებაირახტრე გიგი თევზაძე თუ თავად სურგულაძე, აწ უკვე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. და ბოლოს, ყველაზე მთავარი. საიდან აღმოჩნდა ბატონი სურგულაძე რექტორის სავარძელში. ეს ძნელი მისახვედრი არ იქნება თუ ბატონ სურგულაძის CV-ს ჩავხედავთ. 1976 წლიდან 2006 წლამდე ნუგზარ სურგულაძე ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც იმავე პერიოდში მოღვაწეობდა ქალბატონი გიული ალასანია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა. ქალბატონ გიულისთან დიდი ხნის ნაცნობობა, ბუნებრივია შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ დანიშვნაში. სხვა მხრივ ფართო საზოგადოებისთვის და, შეიძლება ითქვას, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისთვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების აღზევება "ნაციონალი კომისრების" ეპოქისთვისაც კი უცნაურია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ბოლოს და ბოლოს, რომელსაც ღვაწლმოსილი პროფესორი, სხვათაშორის, ისტორიკოსი გივი ჟორდანია "ქართველი ერის თეთრ სახლს" უწოდებდა. ეს ის თსუ-ა, რომელმაც თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი ნეგატივის მიუხედავად, გადაარჩინა საქართველო და დღემდე მოიტანა. თუმცა საქართველო ვიღას აინტერესებს. ლევან მზიანიშვილი |