DataLife Engine > საზოგადოება > დიდი რბევა

დიდი რბევა


18 აგვისტო 2010. : merabi
თბილისში გრძელდება დევნილთა გამოსახლების პროცესი და გარევაჭრობის აკრძალვის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუჩებიდან მოვაჭრეების აყრა. ეს პროცესი თავისი ვანდალიზმით შეუძლებელია მთავრობას ნორმალურ და ცივილიზებულ ქმედებებად ჩავუთვალოთ. ხელისუფლებამ გატეხა წინასაარჩევნო დაპირება და არ დაუკანონა დევნილებს ის საცხოვრებელი ფართი, რომელსაც ისინი ბოლო წლებში ფლობდნენ. ადრე არსად არ თქმულა, რომ ეს დაპირება არ ეხებოდა ყველა დევნილს, მათ მიერ მოცემული ფართების დაკავების დროის მიუხედავად.
წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში, ენგურჰესის მშენებელ მუშათა ყოფილ ბარაკებსა და გარემონტებულ მეფრინველეობის ფაბრიკაში შესახლებას დევნილთა მცირე ნაწილი თუ დათანხმდება. გარე სამყაროსგან მოწყვეტილ ფოცხოში როგორ უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა, არავინ ამბობს. ერთ დროს პოპულარული მინისტრი სუბელიანი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არავინ იცის. პრეზიდენტ სააკაშვილს თბილისში მანამდე ვერ ვნახავთ, ვიდრე ეს შავი და უმადური საქმე არ მორჩება და თვალცრემლიან დევნილებს და მოვაჭრეებს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში არ შეტენიან. გიგი უგულავას ალოგიკური განცხადებები მალე გააქრობს მის 4%-იან უპირატესობას რეიტინგში, მიხეილ სააკაშვილთან შედარებით. ოთხი ათასი გარე მოვაჭრე, ეს ოთხი ათასი ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი ოჯახია, ოცი ათასამდე სულში ჩაფურთხებული და მოტყუებული ოჯახის წევრებით. ათასამდე კიდევ ერთხელ აკლებული და დაწიოკებული დევნილი - ორასი ათასამდე შეგინებული და შეურაცხყოფლი იძულებით ადგილნაცვალი პირია. ვინც ამას უგუნურად სჩადის, ჭკუა ან საკუთარი უნდა ჰქონდეს, ან მრჩევლებს მოუსმინოს. სულ სინგაპურული სამოთხე რომ შექმნან მავანმა სუბიექტებმა, ფეშენებელური ჯიპებით მოგრიალე ნაციონალურ ელიტას ხალხის რისხვის უნდა ეშინოდეს.
პრეზიდენტი ობამა, რომელიც ჩვენს ნაციონალებს მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ, ყველა თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ცდილობს. ეს იქ, ცივილიზებულ და დემოკრატიულ დასავლეთში ნორმაა. ერთადერთი, რაც ობამას გაუჭირდება, წინასაარჩევნო დაპირებებიდან, ეს ოტომანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებაა. თუმცა ამის საკომპენსაციოდ, როგორც კი დრო მოაწევს, ობამა და მისი გუნდი ამიერკავკასიაში კონფლიქტების დარეგულირებას და რეგიონის ეკონომიკის აყვავებას შეეცდება.
ამათ კი ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ.
ვფიქრობ, დროა შეწყდეს დევნილების და გარემოვაჭრეების რბევა, სხვათაშორის, მათი უმეტესობა ასევე დევნილია და იმ არაადამიანურ ექსპერიმენტში, რასაც საქართველოს სინგაპურიზაცია ჰქვია, ქართველი ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, გათვალისწინებულ იქნას საზოგადოების პოზიცია და ინტერესები.

ლევან ლიქოკელი