DataLife Engine > საზოგადოება > "ანზორ ქოქოლაძე უკანონო პატიმარია"
"ანზორ ქოქოლაძე უკანონო პატიმარია"13 აგვისტო 2010. : merabi |
|
"ხელისუფლებამ ბიზნესები ვერ დათრგუნა და მისი განადგურება გადაწყვიტა"
"ხელისუფლების შეცვლა ხალხმა უნდა განახორციელოს და არა ოპოზიციის ათმა ლიდერმა" ზაფხულის ხვატში გატრუნული პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური სპექტრი აქტიური პოლიტიკური შემოდგომისთვის ემზადება, ეკა ბესელიას მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ცდილობს საზოგადოების ყურადღება არ მოადუნოს. "ბ&ფ" -მა ბოლოდროინდელი ცხელი თემების შესახებ, ახალი პოლიტიკური სეზონის პერსპექტივებსა და საზოგადოებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ მოსაზრება ეკა ბესელიას სთხოვა. - ქალბატონო ეკა, თქვენ გამოეხმაურეთ ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის დაკავებას და ეს ფაქტი შეადარეთ, როგორც ბიზნესის ტერორიზების პრაქტიკის გაგრძელება. რამდენად კანონიერია ბიზნესმენ ქოქოლაძის დაკავება? - ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას ანზორ ქოქოლაძის მიმართ, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ანგარიშსწორების მკაფიო მაგალითი იმ ბიზნესმენის მიმართ, რომელიც ხელისუფლებამ ვერ მოაქცია საკუთარი გავლენის ქვეშ და ვერ დაამსგავსა იმათ, რომლებიც ამ ხელისუფლებისთვის ჯიბის ყულაბად იქცნენ. ხელისუფლების ქართული ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება კარგად ჩანს, რაც გაუკეთეს ქიბარ ხალვაშს, ცნობილი "ჭრელი აბანოების" საქმე, როცა საკუთრება ჩამოართვეს გია ხიზანეიშვილს, როგორ მოექცნენ ზურა საკაიას, რიყეზე რესტორნების ქსელის მფლობელს. ხელისუფლების ამოცანაა აკონტროლებდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი სეგმენტს – ბიზნესს, ფინანსებს და ეს მათ მოახერხეს კიდეც, ვინაიდან ბოლო პერიოდში, ხელისუფლებას, პრაქტიკულად წინააღმდეგობას არავინ უწევდა და იშვიათი გამონაკლისები მხოლოდ ქიბარ ხალვაშის, დღეს კი ანზორ ქოქოლაძის საქმეა. საზოგადოება, ალბათ, აკვირდებოდა, თუ როგორ იბრძოდა ანზორ ქოქოლაძე საკუთარი უფლებების დასაცავად, სასამართლო გზით. მე მას არც კარგად ვიცნობ და არც პიროვნული ურთიერთობა გამაჩნია, მხოლოდ ეპიზოდურად, საქმიან გარემოში და სასამართლოს შენობაში შევხვედრივარ, მაგრამ ვხედავდი, როგორ ცდილობდა იგი, ყველა სამართლებრივი გზა გამოეყენებინა და არ დამსგავსებოდა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ხელისუფლების ყულაბად გადაიქცნენ, ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ძალიან პრინციპული დამოკიდებულება გააჩნდა ამ საკითხისადმი. პირველად ვამბობ და ჩემი შინაგანი რწმენისთვის ყოველთვის მახსოვს ერთი ფაქტი, რასაც თავად შევესწარი და მაშინ არც კი ვიცოდი, ვინ იყო ბატონი ქოქოლაძე. 3-4 წლის წინ, ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე, ხელისუფლების მაღალი წრის წარმომადგენელი ქოქოლაძეს ეუბნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს თხოვნა გაეთვალისწინებინა და რაღაც პროექტები დაეფინანსებინა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფინანსური პოლიცია ბიზნესმენს უკვე ედავებოდა. როგორც ჩანს, ქოქოლაძესთან ფინანსური პოლიციის შესვლას წინ უსწრებდა მისდამი ხელისუფლების რაღაცა ტიპის შეთავაზება. მახსოვს, ანზორ ქოქოლაძის პასუხი ხელისუფლებისათვის, "მე თუ მიმაჩნია, თუ რამე გასაკეთებელია, თვითონ გავაკეთებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება მომთხოვსო." მაშინ, იმ ადამიანმა, რომელიც მას ესაუბრებოდა, უთხრა, რომ მოუწევდა უფრო მეტის გადახდა, რაზეც ქოქოლაძემ უპასუხა, რომ ერჩივნა დავა სასამართლოში ჰქონოდა და თუნდაც მეტის გადახდა დაკისრებოდა, ვიდრე ვინმესთვის იძულებითი ხარკი გადაეხადა. ანზორ ქოქოლაძეს თავიდანვე ჰქონდა პრინციპი - როცა ხელისუფლება რეკეტს იწყებს, მიუღებლად ჩაეთვალა. დავინახე, რომ ანზორ ქოქოლაძე არ იყო ადამიანი, ვისაც ხელისუფლება საკუთარი ხელის ბიჭად გადააქცევდა. ცხადია, ასეთი პრინციპულობა მას არ აპატიეს. ხელისუფლებამ მიმართა იმ ხერხს, როცა ვერ გააჩერეს, მისი იზოლაცია გადაწყდა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა კრიმინალთან, არამედ შურისძიებასთან, ხელისუფლებამ კი ამას სისხლის სამართლის კოდექსით თაღლითობა დაარქვა, რაც კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც ადამიანს ძალით ვერ იმორჩილებ და რეპრესიულ მანქანას იყენებ. ანზორ ქოქოლაძე უკანონო პატიმარია. საზოგადოებას და უპირველესად, ბიზნესმენთა ფედერაციას მოვუწოდებ, რომ საჯაროდ გამოხატონ პროტესტი ამ ფაქტის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ანზორ ქოქოლაძის შემთხვევა არ იქნება უკანასკნელი, ხელისუფლება ბიზნესმენებს ისევ გამოიყენებს, ლიმონივით გამოწურავს და ეს მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. ბიზნესმენებს ან გააბანკროტებენ ან ციხეში ჩასვამენ. საკუთარი ბიზნესის დაცვა თუ ვინმეს უნდა, პირველ რიგში უნდა დაიწყოს სამართლიანობის განცდით და კოლეგა დაიცვან. თუკი ანზორ ქოქოლაძეს მხარს არ დაუჭერენ, მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან იქნება ძალიან უღირსი საქციელი. ჩემი ორგანიზაცია მზადაა ქოქოლაძეს სამართლებრივად დაეხმაროს, რადგანაც ჩემთვის ძალიან ღირებულია ერთი ადამიანიც, ვისაც ყოფნის გამბედაობა, იბრძოლოს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. - საზოგადოებას სულ ახლახანს მიეწოდა თქვენი მოძრაობის მიერ პენიტენციალურ სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. მიუთითებდით, რომ სისტემაში მდგომარეობა არის კრიტიკული. საზოგადოება პრობლემების გამოსასწორებლად უფრო მეტს მოითხოვს. გვაინტერესებს, რა რეაგირებას მიმართავს ხელისუფლების მისამართით თუნდაც ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც დასკვნებს აცნობთ? - დღეს პენიტენციალურ სისტემაში მონიტორინგის პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები აღნიშნულის განხორციელებას, პრაქტიკულად, უკვე მოკლებულები არიან და სისტემა ღია რჩება მხოლოდ ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისთვის. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებში" ჩემი საქმიანობა ქვეყანაში ყველაზე მტკივნეული პრობლემის მოგვარებისთვის დამეთმო, რასაც ჰქვია უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები. თქვენ იცით, რომ ჩვენი მოძრაობა არ არის რომელიმე გრანტით დაფინანსებული, მთლიანად ენთუზიაზმზე არსებობს და ერთი დონორი არ არსებობს, რომელიც რაიმეთი შეეშველებოდა ამ ორგანიზაციას, თუმცა რასაც ვაკეთებ, ჩემგან ქველმოქმედებაა პატიმრებისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რა მდგომარეობაა ციხეებში. მონიტორინგს ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ბოლო მონიტორინგი განხორციელდა ბათუმის საპყრობილეში, რუსთავის #2, #1 კოლონიებში, რუსთავის #6-ე საპყრობილეში, გეგუთის #8-ე კოლონიაში და გლდანის #6-ე საპყრობილეში. შედეგად 7 პრობლემური საკითხი გამოიკვეთა: საპატიმრო ადგილების გადატვირთვა, პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ცემის ფაქტები, პატიმართა სიკვდილიანობის რიცხვის ზრდა, არასათანადო სამედიცინო დახმარება, ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების უფლების მქონე პრივილეგირებული პატიმრები, ავადმყოფი პატიმრების მიმართ სასჯელის გადავადების უფლების გამოუყენებლობა და მსჯავრდებულთა გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში ოჯახისათვის ინფორმაციის გაცნობისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ჩვენ ვაქვეყნებთ იმ ალტერნატიულ, ობიექტურ რეალობას, რასაც ოფიციოზი გვთავაზობს. პირველწყაროდან მიღებული შედეგები არის ზუსტი და მთლიანად ცვლის არსებულ ოფიციალურ მონაცემს. სისტემაში სურათი არის განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ ვუყურებთ ტელევიზიით, როდესაც ყოველდღე იხსნება სამედიცინო პუნქტი, შრომითი მოწყობის ადგილი, ხან თონეს გვიხსნის მინისტრი კალმახელიძე, ხან სამკერვალო ფაბრიკას და ბიბლიოთეკას, მაგრამ როცა საპატიმროებში შევდივარ, ვერ ვხვდები, სად ქრება ეს სატელევიზიო სიუჟეტებში აღწერილი შოუები. ეს, ალბათ, ისეთივე ბუტაფორიაა, როგორც ახალი ციხის გახსნა რუსთავში, სადაც 3 კვირის მანძილზე ადვოკატები იმის გამო ვერ შედიოდნენ, რომ ოთახები არ ჰქონდათ. ჩვენი მონიტორინგი შესაძლებლობას იძლევა ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ფილტრაცია გაუკეთოს. ბოლო პერიოდში, ძალიან გახშირდა პატიმრების წერილები. გლდანის საპატიმროს ხელმძღვანელი მელაძე, რომლის საპყრობილის მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს, უნდა ვთქვა, რომ ხელს არ უშლის წერილების მოწოდებას და მას ამას ვერ დავუკარგავ. არის სატელეფონო ზარები საპყრობილეებიდან. მნიშვნელოვანია, რომ პატიმარს კომუნიკაციის საშუალება აქვს. ვცდილობთ, თითოეულ მათგანზე რეაგირება მოვახერხოთ. ბევრი პატიმარი ითხოვს მათთან ადვოკატის შესვლას და ჩვენმა მოძრაობამ "საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან" მიაღწია შეთანხმებას, რომ ამ პროცესში დაგვეხმარებიან, თუმცა სისტემიდან განსაკუთრებით გართულდა ინფორმაციის გამოტანა, რომლის ერთადერთი წყარო პატიმრის ოჯახი და ადვოკატებია. რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს, მას ჩვენ ვაცნობთ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ფრანკფურტში, სტრასბურგში, პარიზში, ბრიუსელში. შედეგები ეგზავნება საქართევლოში საელჩოებს. მონაცემებს ვაწვდით NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობას. ყველა მათგანიდან დაინტერესება და გამოხმაურება დიდია. საბოლოო ჯამში, შედეგები აისახება იმ დოკუმენტებსა და ანგარიშებში, სადაც საქართველოს შესახებაა საუბარი. - თქვენ სოლიდარული აღმოჩნდით საზოგადოებრივი ინიციატივის მიმართ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ნავარაუდევია, რომ იმპიჩმენტის საკითხი შემოდგომაზე, სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე დადგება. ფიქრობთ, რომ არსებული კანონის და წესის გვერდის ავლით, ხალხს დღეს შეუძლია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა? - ქვეყანაში სახალხო კრებას შეუძლია პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალოს. ამიტომაც მას ბევრი მტერი ჰყავს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ოპოზიციის სახელით მოლაპარაკეებს ვურჩევდი, რომ ხელს ნუ შეშლიან კრების იდეას. ეს ინიციატივა არის უნივერსალური, რაც გულისხმობს, ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი. როდესაც ვლაპარაკობთ იმპიჩმენტის პროცედურაზე, უნდა ვთქვათ ისიც, რომ მოქმედი თუ ამჟამად შემოთავაზებული კონსტიტუციური დებულებებით, პრეზიდენტის გადადგომის მექანიზმი, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ბუნებრივია, მოსაფიქრებელია მექანიზმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ამ ინსტიტუტს აამოქმედებდა. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, რომელიც თავის ძალაუფლებას სხვადასხვა არჩევითო ორგანოების საშუალებით ახორციელებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი არჩევითი ორგანოა კრებაც. ამიტომაცაა, კრების იდეა ასე შემაშფოთებელი ხელისუფლებისთვის, რომლის მიმართაც ფარულ შიშს ავლენს და ცდილობს მის კომპრომიტირებასა და გაუფასურებას. მათ იციან, რომ კრებას ექნება არამარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობა. ეს არ იქნება "კრება დარჩა მხიარული." ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და თუნდაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, როდესაც ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მოქმედ პრეზიდენტს უნდობლობას გამოუცხადებს. იმპიჩმენტის დოკუმენტი, რომელიც ახლა მზადდება, არის სერიოზული და მასში დასაბუთებულია, თუ რატომ შეიძლება მოხდეს იმპიჩმენტი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დღევანდელი პარლამენტი არ ასრულებს თავის რეალურ ფუნქციას და ხალხის მოთხოვნას. ხალხს აქვს უფლება, ვისაც აძლევს მანდატს, მასვე წაართვას. ხალხის ხმა მხოლოდ არჩევნებზე არ ითვლება. ხალხს ყოველთვის აქვს უფლება საკუთარი პროტესტი გამოხატოს. ხელისუფლებას მოუწევს დაემორჩილოს საზოგადოების ნებას, რადგანაც ძალაუფლების წყარო არა მიხეილ სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობაა," არამედ ხალხი. სახალხო კრება უზარმაზარი ბერკეტია იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ამიტომაც იდეას სჭირდება გაფრთხილება, კრებას კი სწორად მომზადება. დღეს ამაზე მიდის კონსულტაციები. მთავარია ერთი რამეც, რომ კრებაში არც ერთი პოლიტიკოსის პოლიტიკური ინტერესი არ უნდა ჩაიდოს. სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს იგი რეალიზებული. - როგორ შეაფასებდით მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკურ პოზიციებს. ექსპერტულ წრეებში კეთდება შეფასება, რომ ოპოზიცია იმაზე სუსტია, ვიდრე არჩევნებამდე. მაგალითისთვის, მან ვერ შეძლო კონკრეტული წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართაც. რა შანსები რჩება იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიციას ნდობა აღუდგეს. - ვფიქრობ, ხალხმა ოპოზიციას ზე-ამოცანის შესრულება დააკისრა, ახლა კი, როდესაც ადამიანები ამბობენ, სად არის ოპოზიცია, რატომ ვერ შეცვალა მან სააკაშვილი, ეს ოპოზიციის სისუსტედ ითვლება. არ ვთვლი, რომ ასეთი მიდგომა ჭეშმარიტია. მიმაჩნია, რომ ბევრი საფუძველი მაქვს, არ ვიყო იდენტიფიცირებული ოპოზიციურ სპექტრთან და მაქვს პრეტენზია, რომ არ მეკუთვნის ის საყვედური, რაც ოპოზიციის მიმართ გაისმის, რადგანაც რაც ერთ ადამიანს უნდა გაეკეთებინა, ყველაზე მაღალი გადასახედიდან, გავაკეთე და საპასუხოდ მივიღე ყველაზე დიდი დარტყმა, რაც არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს არ მიუღია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ იმ შედეგში, რაც დღეს გვაქვს, დამნაშავე ჩვენი საზოგადოებაცაა. მთლიანობაში, ქართული საზოგადოება, მცირე გამონაკლისის გარდა, ავადაა. ხალხს ჰგონია, რომ ოპოზიციამ უნდა მოაწყოს ქვეყანაში რევოლუცია. ამისთვის ოპოზიციური პარტიები არ იქმნებიან. იმას, რასაც ჰქვია აჯანყება, რეჟიმის შეცვლა, ყველგან აკეთებს ხალხი და წინააღმდეგობის უნარის მქონე საზოგადოება, რომელსაც გათვიცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. რატომ აქვს ჩვენს ხალხს იმის განცდა, რომ ქუჩაში აუცილებლად 9 აპრილს უნდა გამოვიდეს ან 2 ნოემბერს და რაღაც საკრალური თარიღები უნდა არსებობდეს. შემდეგ იწყება იმის თვლა, ვინ რამდენჯერ გამოვიდა ქუჩაში. ეს არასწორი, არაჯანსაღი პოზიციაა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. თუ ოპოზიციური პარტია, ვინმეს ჰგონია, რომ არის მეამბოხეთა რაზმი, მას არ ესმის, რა არის ოპოზიციის რეალური ფუნქცია. ოპოზიციის ვალდებულებაა ხელისუფლება აკრიტიკოს და თუკი ხალხს სჯერა მისი, მოჰყავს ხელისუფლებაში. ის, რომ დაავალო 10 ლიდერს, შეცვალე სააკაშვილი და თუ ამას არ გააკეთებ, არ ვარგიხარ, გაუგებარია. თუკი ეს ამოცანა დაეკისრა ოპოზიციას და ეს იყო ხალხის დაკვეთა, მცდარი ყოფილა. ამ პროცესში ლიდერებს აქვთ მხოლოდ მართვის ფუნქცია და ბუნებრივია, პოლიტიკური ლიდერი ვერ იქნება რევოლუციის მომწყობი. ოპოზიციაში შეცდომები იყო, ამაზე არ ვსაუბრობ. ის, რომ დღეს სააკაშვილი იძულებულია, რასაც აკეთებს და კარგს უთვლიან, ეს ამ პროცესების შედეგია. თუკი საზოგადოება ქუჩაში დათვლის პრინციპით გამოდის, ნიშნავს, რომ მას არ აქვს საკმარისი ძალა წინ აღუდგეს რეჟიმს. 116-დღიანი აქციების დღის მიწურულს, რუსთაველზე, მილიონიან დედაქალაქში, 1000 კაცი უნდა ყოფილიყო. ხელისუფლება ყოველდღიურად 100-200 ათასიან მიტინგს ვერ გაუძლებდა, მაგრამ სააკაშვილმა იცის ჩვენი ხალხის ზარმაცი ბუნება. როდესაც იცი, რომ ხელისუფლება ასეთი უპასუხისმგებლოა და სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც დამანგრეველი და ბოროტი ძალა, მას ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცე. - ზოგიერთი ექსპერტი და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ნაწილი მოისყიდა. საზოგადოებას იმედები ვერ გაუმართლა ვერც ირაკლი ალასანიამ. როგორ ფიქრობთ, ახალ პოლიტიკურ რეალობაში რომელი პარტია ან პოლიტიკოსი გესახებათ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების, ხალხის ნამდვილ, ჭეშმარიტ წინამძღვრად? - არ ვიცი, ვინ მოისყიდა და როგორ მოისყიდა ხელისუფლებამ, მაგრამ ერთია: ოპოზიციაში იყო შეცდომები. სტრატეგიულ შეცდომად მიმაჩნია ადგილობრივი არჩევნებში შედეგების მიმართ მასში მონაწილე მთავარი ოპოზიციური პარტიების განცხადება, რომ არჩევნები შედგა. ვერავინ დამაჯერებს, რომ სააკაშვილი როდესმე რომელიმე არჩევნებს თუნდაც მინიმალური სტანდარტების დაცვით ჩაატარებს. არჩევნები, რომელიც რაღაცა პროცენტით ყალბდება, ის შორს დგას დემოკრატიული არჩევნებისგან. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე მეტად იმით კი არ მოიგო, რომ საკრებულოებში `ნაციონალები” დაწინაურდნენ, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმა მაისის არჩევნები დადებითად შეუფასეს და პრეზიდენტის დამსხვრეული, არადემოკრატის იმიჯი, რომელიც ჩვენი 3-წლიანი ბრძოლის შედეგად მთელ მსოფლიოში გახდა შესამჩნევი, რეაბილიტაცია მოახდინეს. ეს არ ეპატიება არც ერთ იმ ლიდერს, ვინც ეს გააკეთა და ვთვლი ყველაზე დიდ შეცდომად, ვიდრე ამ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება ახალ ლიდერს. საინტერესოა, რომ ამ 3-წლიანი ბრძოლის შედეგად, ლიდერი არ გამოჩნდა. თითქოს ირაკლი ალასანიას ჰქონდა ეს ტრამპლინი, მაგრამ მან ეს ნიშნული ვერ დაიკავა. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. როგორც ჩვენს ისტორიაში ხდებოდა ხოლმე, სასურველ დროს სასურველი გმირი იღებდა ერისკაცის ფუნქციას, გავიხსენოთ გრიგოლ ხანცთელი თუ ილია, მჯერა, დღევანდელობაში, ახალი ტიპის ასეთი ლიდერი გამოჩნდება. არიან ადამიანები, რომლებიც შინაგანად ლიდერის თვისების მატარებლები არიან. სიტუაცია განაპირობებს, რომ ახალი ლიდერი კი არ დაიბადება, არამედ გამოჩნდება. პროცესები გააცოცხლებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ლიდერს სჭირდება. როგორც ჩანს, ჩვენს ვართ ერი, რომელსაც ეს სჭირდება. ვნახოთ, როგორი იქნება შემოდგომა. მაქვს განცდა, რომ ახლა თანამედროვე დონ კიხოტების, იდიალისტებისა და თავდადებულების დიდი ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც ქვეყნისთვის მძიმე და საპასუხისმგებლო მისიას იტვირთავს. - როგორ უყურებთ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივებს? - თუკი ხალხი წარმომადგენლობით კრებაზე ჩათვლის, რომ მიღებულ უნდა იქნას კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, არ გამოვრიცხავ ქვეყანაში მოხდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ კიდევ უნდა იყოს 30 წელი საქართველოს პოლიტიკის წარმართველი, მაგრამ საქართველოში პროცესები ლოგიკურად არ განვითარდება, პროცესები განვითარდება ალოგიკურად, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის მიერ განსაზღვრული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, აუცილებლად ამოვარდება კალაპოტიდან, რადგან ის არასწორად, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. - ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ხელისუფლების შეცვლის ახალი გეგმა. როგორ ფიქრობთ, რა რესურსი გააჩნია ირაკლი ოქრუაშვილს, რომ ქართულ პოლიტიკაში საზოგადოების ნდობა ისევ მოიპოვოს და დაბრუნდეს ხელისუფლებაში? - ირაკლი ოქრუაშვილზე აუგის თქმა არ მინდა და კრიტიკას ყოველთვის ვერიდები. რაც შეეხება მის რესურსსა და შესაძლებლობებს, მე მას კარგად ვიცნობ და შემიძლია ზუსტად განვსაზღვრო, რას და როგორ შეძლებს, რომ გააკეთოს. რაც შეხება გეგმას, ასეთ საკითხებს სკეპტიკურად ვეკიდები ხოლმე. დღეს ბევრი ექსპერტი და ჭკუის დამრიგებელია ქართულ პოლიტიკაში და ცოტა საქმის გამკეთებელი. გეგმის შესახებ ვირწმუნებ მაშინ, როდესაც დავინახავ კონკრეტული საქმის კეთებას. ირაკლი ოქრუაშვილმა ნდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა და ერთ-ერთ შეცდომად, თუნდაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხს მივიჩნევ. არ მიმაჩნია, რომ ის იყო სწორი, რაც მოხდა. ბუნებრივია, საზოგადოებაში ეს მის ნდობას არ ამაღლებს, თუმცა ადამიანს ყოველთვის აქვს შეცდომის გამოსწორების შანსი და თუკი მას ეს გულწრფელად სურს, შეუძლებელი არაფერია. - ქალბატონიო ეკა, აპირებთ თუ არა, რომ შემოდგომაზე პოლიტიკურ სარბიელს დაუბრუნდეთ. თქვენ ამბობდით, რომ გქონდათ პარტიის ჩამოყალიბების სურვილი. - ამ საკითხებზე ბევრს ვფიქრობ და შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ჩემს ჯგუფში გასაერთიანებლად ვეძებ დონ კიხოტებს, თუმცა დღეს გამიჭირდება ზუსტი პასუხის გაცემა. ალბათ, შემოდგომაზე გახდება ცნობილი ბევრი დეტალი და პარტიის შექმნის მზაობაც. ვფიქრობ ფორმებზეც, რადგანაც არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში მხოლოდ პარტიაა ერთადერთი ინსტრუმენტი, რომ იბრძოლო. არსებობს რაღაც საკითხი, რომელზედაც ახლა სერიოზულად ვმუშაობ და როცა მას დავასრულებ, გადაწყვეტილებაც პარტიასთან მიმართებით, დადებითს თუ უარყოფითს, აუცილებლად გავაცხადებ. დღეს გამორიცხვით არ გამოვრიცხავ და დადასტურებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. - რა ეტაპზეა თქვენი ოჯახის წევრების – შვილისა და ძმის სასამართლო პროცესი? - ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზი, როდესაც ოჯახში შემომივარდა და ახლა უფრო ვხდები, თუ რა იყო ამ შურისძიების მიზანი - უნდა გავჩერებულიყავი. შემოგვთავაზეს, რომ ჩემს ბიჭებს ბრალი ეღიარებინათ და გაათავისუფლებდნენ. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი - არ დავმარცხდით ამ მძიმე გამოცდის დროს. არ წავედით კომპრომისზე, რომელიც იყო მძიმე არჩევანი, რის გამოც ჩემი ძმა დარჩა ციხეში, როგორც მძევალი და შვილი როგორც პოლიტიკური დევნილია. საქმე მალე გადაინაცვლებს ევროსასამართლოში. პარალელურად, შვილის გამო პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, უკვე მივმართე საფრანგეთის მთავრობას. ჩემზე ზეწოლა წინააღმდეგობას ნიშნავს, რადგანაც ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ყველას გაჩერება არ შეუძლია. მათ ეშინიათ არა მხოლოდ ადამიანების, ვინც აკრიტიკებს, არამედ იმათი, ვისაც რაღაცის შექმნა შეუძლია. ესაა სწორედ ხელისუფლებისთვის უპირველესი საფრთხე. - გმადლობთ! ესაუბრა არჩილ კაიკაციშვილი |