DataLife Engine > საზოგადოება > ვინ არის "ჩვენი მეგობარი" ალექსანდრე ლუკაშენკო

ვინ არის "ჩვენი მეგობარი" ალექსანდრე ლუკაშენკო


8 აგვისტო 2010. : merabi
ევროპის უკანასკნელი დიქტატორი თუ ბელორუსული დემოკრატიის არქიტექტორი

ბოლო დროს რუსულ მედიაში ბელორუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ აქტიური კამპანია მიმდინარეობს. რუსულ ტელეარხებზე ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ფილმი გავიდა. HTV-ს ეთერში ნაჩვენები იყო ფილმები - "ნათლიმამა" და "ნათლიმამა 2". ფილმების ანოტაციაში ნათქვამია, რომ ეს არის "საგანგებო მოვლენები, გამოძიება", - სარწმუნო წყაროზე დაფუძნებული ექსკლუზიური ინფორმაცია, დოკუმენტური გამოძიება, რომელიც ყველაზე აქტუალურ თემებს: ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციას, ეკონომიკურ დანაშაულს და ტერორიზმს ეხება. ტელეფილმში ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სხვადასხვა ბრალდებები აქვს წაყენებული - ოპონენტების თავიდან მოშორებით დაწყებული, რუსეთსა და ბელორუსს შორის მოკავშირე სახელმწიფოს მშენებლობის პროფანაციით დამთავრებული. ფილმში საქართველოს პრეზიდენტიც მოხვდა.
ეს ფილები ერთი წლის წინ უნდა გამოსულიყო ეკრანებზე, მაგრამ გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ ფილმებზე მუშაობდა, ბელორუსული სპეცსამსახურების მიერ იქნა დაკავებული და ქვეყნიდან გაძევებული, გადაღებული მასალა ჩამორთმეული. გადამღები ჯგუფი ფიქრობდა, რომ მასალა დაკარგული იყო, მაგრამ მინსკში მოიძებნენ ადამიანები, რომლებმაც გადაღებულ მასალას ბელორუსში, კერძოდ მინსკში, სუკ-ის სეიფში" მიაკვლიეს და გადამღებ ჯგუფს დაუბრუნეს.
ეს ბელორუსიის პრეზიდენტზე რუსული ვერსიაა. ამის გათვალისწინება ამ მძიმე ისტორიის გაცნობისას აუცილებელია. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ფაქტები ჯიუტია.

ბელორუსის პრეზიდენტის ვნებები და ბრწყინვალება
ან
მილიარდერი მაჩო თუ ხალხოსანი პრეზიდენტი


ევროპაში ლუკაშენკო პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ბელორუსის პრეზიდენტს, რომ ავსტრიის სამთო კურორტზე სიამოვნებით ისრიალოს თხილამურებით, სადაც ის ბელორუსის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის სტატუსით იმყოფება ხოლმე. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის ვოიაჟებს ერთ-ერთი იქაური კაზინოს მფლობელ? აფინანსებს. მართ?ლია, ლუკაშენკოს პატრიოტს უწოდებენ, მაგრამ დასვენება მას სამშობლოსგან შორს ურჩევნია. ლუკაშენკოსთან მეგობრობა არცთუ იაფი სიამოვნებაა და ამას ბელორუსის პრეზიდენტი არც მალავს. `ჩავესმა და ჩემმა კეთილმა მეგობრებმა განაცხადეს - არ ინერვიულოთ, რამდენიც გინდათ, იმდენ კრედიტს მოგცემთ, თანაც არაკომერციული პროცენტით", - ეს ლუკაშენკოს ერთ-ერთი გამოსვლიდანაა.
ლუკაშენკოს პირადი ქონებრივი მდგ?მარეობის შესახებ ლეგენდები დადის. ის პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, 12 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ეს არის შემოსავლები იარაღის ბიზნესიდან, რუსული ნავთობის გაყიდვისგან, ევროპული საქონლის რუსეთში ექსპორტისგან. რეალური შემოსავლების სქემები კი მხოლოდ ლუკაშენკოს ვიწრო გარემოცვისთვისაა ცნობილი. როგორია ეს შემოსავლები, რამდენია და სად მიდის, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა.
1996 წელს, ორი წლის შემდეგ, რაც ბელორუსში პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო აირჩიეს, ხელით იქნა მოქსოვილი გობელენი, რომელსაც საუკუნის გობელენი უწოდეს. კომპოზიციის ცენტში ქრისტეს გამოსახულებაა, გარშემო კი რომის პაპის, ჩერჩილის, ჰემინგუეის და მეოცე საუკუნის 80-მდე სხვადასვა დიდი ადამიანის ფიგურა, მათ შორისაა ალექსანდრე ლუკაშენკოც. ლუკაშენკო ამ გობელენზე მოხვედრის გამო კმაყოფილი დარჩა. "აი, ეს არის ცხოვრება, ეს არის ნამდვილი ხელოვნება", - ასე შეაფასა ლუკაშენკომ ნამუშევარი. გობელენს პირველი კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ხელოვნების ამ "ნიმუშის" ავტორი კი სახელმწიფო პრემიით იქნა დაჯილდოებული.
ბოლო დროს ბელორუსის პრეზიდენტი ძალიან ბევრ დროს ატარებს თავის უმცროს შვილთან. ყოველ შემთხვევაში, კამერების წინ ძალიან ხშირად ჩნდება მასთან ერთად. ეს იქნება აღლუმები, სამხედრო სწავლებები, არჩევნები, საუკუნის მორიგი მშენებლობის მონახულება თუ რომის პაპთან ისტორიული შეხვედრა. პატარა ლუკაშენკოს, კოლია? დედა - ირინა აბელსკაია თავდაპირველად ლუკაშენკოს პირადი ექიმი იყო, შემდეგ მისი საყვარელი გახდა და პრეზიდენტმა ის პრეზ?დენტის სამედიცინო კლინიკის მთავარ ექიმად დანიშნა, ხოლო ირინას დედა, არც მეტი არც ნაკლები, ბელორუსის ჯანდ?ცვის მინისტრად. მაგრამ სიყვარული მალე გაქარწყლდა და კოლიას დედაც თანამდებობას დაემშვიდობა. კოლია პრეზიდენტმა თავისთან დაიტოვა. ლუკაშენკოს სასიყვარული რომანების შესახებ ლეგენდები დადის. თავის კანონიერ ცოლთან, გალინასთან, ის დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან. ლუკაშენკოს სამი ვაჟი ჰყავს. უფროსი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოში მუშაობს, შუათანა პრეზიდენტის სპორტულ კლუბს ხელმძღვანელობს, პატარას კი ლუკ?შენკო თავის მომავალ შემცვლელს უწოდებს. პატარა კოლიას როლის განსაზღვრა დიდ პოლიტიკაში რთული არ არის. მისი მეშვეობით ბელორუსის პრეზიდენტი იქმნის დადებით იმიჯს საზოგადოებაში, რომელიც ასე რიგად არ ჰყოფნის მას.

სტალინი და ჰიტლერი - "განათლებული" პრეზიდენტის კუმირები


არც ისე დიდი ხნის წინ ლუკაშენკოს დასავლეთის პრესაში ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდეს. თვითონ ლუკაშენკოს საკუთარი თავის შედარება ხან ჰიტლერისთვის, ხანაც სტალინისთვის უყვარს და თავს ბელორუსი ხალხის ნათლიმამას უწოდებს. ხალხი კი მას უბრალოდ მამას ეძახის.
როგორც კი გახდა პრეზიდენტი, ყველა არასასურველი ადამიანი ჩამოიშორა. შეუძლებელი გახადა ნებისმიერი უკმაყოფილების გამოხატვა, დაავალა საწარმოებს, ყველა მათგანი კი ბელორუსში სახელმწიფო ?აკუთრებაა, გაეფორმებინათ თანამშრომლებთან ერთწლიანი სამუშაო კონტრაქტი. ეს კი მას ტოტალური კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს - ნებისმიერი მუშაკის გათავისუფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მათ შორის პოლიტიკური მოტივების საფუძველზე. ყველა მსხვილ საწარმოში შექმნილია იდეოლოგიური სამსახური – მშრომელები ნებაყოფლ?ბით გაერთიანებულნი არიან პროფკავშირებში, სადაც ყოველთვიურად ხელფასიდან იხდი?ნ გადასახადს, პროფკავშირები გაერთიანებულნი არიან ერთიან ფედერაციაში, რომელიც ხელისუფლების სრულ კონტროლს ექვემდებარება. დროდადრო ლუკაშენკო მსხვილი საწარმოს თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების საჩვენებელ აქციას აწყობს. უმატებს არც ისე ბევრს, მაგრამ საჭირო დროს, რათა ხალხს ახსოვდეს, ვის მისცეს ხმა. თანაც გარკვევით არის ხოლმე ხაზგასმული, რომ მატება პრეზიდენტის პირადი ფონდიდან ხდება.
ბელორუსის პრეზიდენტს ორი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული – ისტორიკოსის და ეკონომისტის. ის ხშირად ამბობს მედიის წარმომადგენლებთან, რომ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში კარგად სწავლობდა და დროდადრო აკვირდებდა გარშემო მყოფებს თავისი გონიერებით. ბელორუსი რეჟისორის იური ხაშივაცკის მიერ გადაღებულ ფილმში, ის ამბობს: "რისი გვრცხვენია, ჩვენ ხომ იმ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. სკარინა მხოლოდ ბელორუსში არ ცხოვრობდა, ის პიტერშიც მოღვაწეობდა და იქ ქმნიდა თავის შემოქმედებას. ეს ჩვენი სკარინაა. რუსები სიამაყით ლაპარაკობენ მის შესახებ". ცნობისათვის, ბელორუსი განმანათლებელი ფრანცისკო სკარინა პიტერის დაარსებიდან 150 წლით ადრე გარდაიცვალა. მაგრამ ეს მხოლოდ დეტალია. მთავარია, პრეზიდენტმა დამაჯერებლად ილაპარაკოს. აი, კიდევ ერთი ფრაგმენტი კიდევ ერთი სატელევიზიო გადაცემიდან. გადაცემაში პრეზიდენტი ამბობს, რომ ის სკოლაში სწავლობდა ვასილი ბიკოვის ლექსებსა და მოთხრობებს და წამყვანის შენიშვნაზე, რომ ბიკოვი ლექსებს არ წერდა, ის ენერგიულად და დამაჯერებლად პასუხობს: "თქვენ მასწავლით მე ბიკოვს? მე სკოლაში ვსწავლობდი მის ლექსებს და არც ისე ცუდად". რას სწავლობდა ლუკაშენკო სკოლაში, უცნობია, რადგან ბიკოვი ლექსებს მართლაც არ წერდა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი ცხოვრების განმავლობაში მოუხდა ისტორიის მასწავლებლად მუშაობა, კომკავშირის მდივნობაც და მეურნეობის დირექტორობაც. მდიდარმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და კარგმა ჯანმრთელობამ ის ბელორუსის პოლიტიკურ ოლიმპზე მოახვედრა. "მთავარია ჯანმრთელობა. მაგრამ გაუნათლებელი ჯანმრთელი ადამიანი უბრალოდ ჯანმრთელი სულელია. ჯანმრთელი სულელი კი სახიფათოა საზოგადოებისთვის", - ეს სიტყვები ლუკაშენკოს ერთ-ერთი გამოსვლიდანაა. ლუკაშენკო საკუთარ თავს საზოგადოებას, როგორც კარგ მეურნეს, ისე სთავაზობს, რომელთანაც უმჯობესია, რომ არ იკამათონ. კიდევ ერთი ფრაგმენტი ლუკაშენკოს საჯარო გამოსვლიდან, სადაც ის მოსახლეობას ხვდება, - "სად წახვალთ, ვის სჭირდებით.. როცა მე ვლაპარაკობ, მომისმინეთ და ნუ ხმაურობთ.. თუ არ მომისმენთ, ჩავჯდები მანქანაში და წავალ ჩემს გზაზე"..
ლუკაშენკო ხშირად ამბობდა, რომ მისი მთავარი პრობლემა მიმნდობი ხასიათია. "არ შეიძლება ასეთი მიმნდობი რომ ვიყო, მოქნილობაა საჭირო", - ამბობს პრეზიდენტი და მართლაც მან ეს პრობლემა გადაჭრა – ის უფრო ფხიზელი გახდა. ნაწყვეტი ბელორუსის რადიოში ლუკაშენკოს გამოსვლიდან: "ჰიტლერმა შექმნა ძლიერი გერმანია ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის წყალობით. გერმანული წესრიგი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. იგი შეესაბამება ჩვენს წარმოდგენას საპრეზიდენტო რესპუბლიკის შესახებ". ასეთი გულახდილი განცხადების შემდეგ, დასავლეთის პრესამ, განსაკუთრებით გერმანულმა, დიდი ხმაური ატეხა. ლუკაშენკო იძულებული გახდა, რომ შეესწორებინა თავისი გამონათქვამები, "მე ვილაპარაკე ჰიტლერის შესახებ. ნამდვილი ფაშისტი იყო ხელისუფლებაში, ნამდვილი იდიოტი იყო ხელისუფლებაში, რომელმაც ამდენი ხალხი გაანადგურა, მაგრამ გააერთიანა ნაცია, გააერთიანა მკაცრი მმართველობით და ნუ მსაყვედურ?ბთ მე, რომ ბელორუსში მინდა მკაცრი, სერიოზული ხელისუფლება". მოგვიანებით, ლუკაშენკოს მოუხდა, რომ უარი ეთქვა ჰიტლერთან პარალელების გავლებაზე და ამ სიტყვების უკან წაღებაც მოუხდა. "თითქოს სადღაც, ოდესღაც ლუკაშენკომ შეაქო ჰიტლერი. ეს აბსოლუტური სისულელეა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მე დიდი ხანია აღარ ვიქნებოდი ბელორუსის პრეზიდენტი. ეს ჩვეულებრივი ფალსიფიკაციაა, რომელიც პოლონეთშია დამზადებული ჩვენი ოპოზიციისა და CIА –ის თანამშრომლობით. მე კი ამან, ყველაზე ცოტა, მხარდ?მჭერთა 10% მომიმატა", - განაცხადა მოგვიანებით ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს გამონათქვამები შეიძლებოდა ხუმრობა?აც კი ჩათვლილიყო, რომ არა ერთი გარემოება: ამას ამბობს ადამიანი, რომელზედაც დამოკიდებულია მილიონობით ადამიანის ბედი. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კი ადასტურებენ, რომ ეს აბსოლუტურად სერიოზულად იყო ნათქვამი.


უცნაურად გამქრალი ოპოზიციონერები


1999 წელს ბელორუსში მთელი რიგი უცნაური მოვლენების კასკადი განვითარდა – მკვლელობები და იმ ადამიანთა უგზო-უკვლოდ გაქრობა, რომლებიც ლუკაშენკოს ოპონენტები იყვნენ.
უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი გენადი კარპენკო ლუკაშენკოს მთავარ კონკურ?ნტად იყო მიჩნეული საპრეზიდენტო არჩევნებზე. 1999 წლის მარტში კარპენკო არასანქცირებული მსვლელობის ორგანიზატორობის გამო დააკავეს, მილიციაში რამდენიმესაათიანი ყოფნის შემდეგ, კარპენკო რეანიმაცია?ი მოხვდა, სადაც მალე გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურო ვერსია – გულის უკმარისობა. ზუსტად ერთი თვის შემდე?, 7 მაისს, გაქრა ყოფილი შსს-ს მინისტრი იური ზახარენკო, რომელიც თავისი სახლის ახლომახლო ტერიტორიიდან იქნა აყვანილი. `ის ღამით სახლში არ მოვიდა. ეს არასოდეს ხდებოდა, მით უფრო, რომ მან დამირეკა საღამოთი და მითხრა, - ოლგა, გამიცხელე ვახშამი, ხუთ წუთში სახლში ვიქნები", - ამბობს ზახარენკოს მეუღლე. მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანები ნიღბებში გენერალ-მაიორს დახვდნენ სადარბაზოსთან, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. 90-იანი წლებში ზახარენკო ლუკაშენკოს უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, თუმცა მოგვიანებით მათი შეხედულებები გაიყო. "შენ უნდა შეასრულო ჩემი ნებისმიერი ბრძანება. მე მას ვეუბნები, - ალექსანდრ გრიგოლის ძევ, მე ხალხს არ დავხვრიტავ! მე არ დავარღვევ კონსტიტუციას! თუ შენ არ შეასრულებ ჩემს ნებისმიერ ბრძანებას, მე შენ ხელბორკილს დაგადებ!. - ეს დაშინებაა?~ - ფრაგმენტი ზახარენკოს მონათხრობიდან, სადაც ის ასევე ამბობს, - "ეს არის პრეზიდენტის ძალა – უფრო სუსტებს გატეხენ, ძლიერებს კი ანადგურებენ. იქმნება მორჩილი სახელმწიფო მანქანა, რომელიც დაუფიქრებლად თელავს ყველაფერს ?ველებური ჩექმის ქუსლებით. ეს საშინელებაა. ეს ფაშიზმზე უფო საშიშია".
გატაცებამდე რამდენიმე თვით ადრე, ზახარენკო ოფიცერთა კავშირის შექმნით იყო დაკავებული. სახელმწიფოს კონტროლის გარეშე მოქმედ ამ კავშირს თავის რიგებში უნდა გაეერთიანებინა მილიციისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჩინები. ზახარენკოს გაუჩინარების შემდეგ, ეს კავშირი დაიშალა.
"ჩემი მეუღლე ხელისუფლების მიერ, სახელდობრ, ლუკაშენკოს მიერ არის გატაცებული. მე ამაში ეჭვიც კი არ მეპარება", - ამბობს ზახარენკოს მეუღლე.
ღამით, 16 სექტემბერს, დაიკარგა ბელორუსის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ გონჩარი. გატაცების ადგილას დარჩა სისხლის კვალი და მინის ნამსხვრევები. თვითმხილველები, რომლებმაც უკანასკნელად ნახეს გონჩარი თავის მანქანით, ამბობენ, რომ უცნობმა პირებმა ალყა შემოარტყეს გონჩარის მანქანას, ის ძალით გადმოათრიეს მანქანიდან, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. `თქვენ თვითონაც კარგად ხვდებით, ვისი ხელი შეიძლება ერიოს ამაში. 50 წლის შემდეგ, როცა გაიხსენება КГБ-ს არქივი, შესაძლებელია, რომ გაიგოთ სიმართლე. ეს სიტყვები გატაცებიდან მეორე დღეს მითხრეს", - ამბობს გონჩარის მეუღლე ზინაიდა.
1996 წელს გონჩარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა. ეს იყო ლუკაშენკოსთვის ყველაზე არასახარბიელო მომენტი. 1996 წლის ნოემბერში ბელორუსიაში უნდა ჩატარებულიყო საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომელზედაც ბელორუსის მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის პრეზიდენტისთვის უვადოდ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის უფლების საკითხი. გონჩარმა განაცხადა, რომ არავითარ გაყალბებასა და ფალსიფიკაციას არ დაუშვებდა. "თუ იმ უკანონობას, რაც ამჟამად სუფევს ქვეყანაში, რეფერენდუმის გაყალბებული შედეგებითაც ოფიციალურად გავამყარებთ, ღმერთმანი, ეს უკვე კომენტარს აღარ ექვემდებარება", - ამბობდა გონჩარი რეფერენდუმის ჩატარებამდე. რეფერენდუმამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა გონჩარი ძალით გამოიყვანეს თავისი სამსახურეობრივი კაბინეტიდან. 1999 წელს გონჩარმა დაიწყო დოკუმენტების შეგროვება ლუკაშენკოს იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ. ორ? დღით ადრე, სანამ გონჩარი თავის მოხსენებას წარმოადგენდა, ის გაუჩინარდა.
2000 წლის 7 ივლისს მინსკის აეროპორტიდან გაქრა Oღთ-ს ბელორუსის განყოფილების ოპ?რ?ტორი დიმიტრი ზავაცკი. მისი მანქანა აეროპორტის მოსაცდელი დარბაზიდან 50 მეტრში იპოვეს. თვითონ დიმიტრის კვალი კი დღემდე უცნობია. ახალგაზრდა ოპერატორის გაუჩინარებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ბელორუსის პრეზიდენტი იძულებული გახდა, ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებზე და დაერწმუნებინა ისინი, რომ მიიღებდა ზომებს, - "ეს აქცია არ გავა, დიმიტრის ჩვენ, სულერთია, მაინც ვიპოვით. დამნაშავეს კი თავს წავაცლით".
90-იანი წლების დასაწყისში დიმიტრი ლუკაშენკოს პირადი ოპერატორი იყო. მოგვიანებით, ის რუსეთის ტელეკომპანიაში გადავიდა სამუშაოდ და რედაქციის დავალებით ხშირად იღებდა ოპოზიციურ მსვლელობებსა და დემონსტრაციებს. რატომ, რისი მიზეზით და ვის შეიძლებოდა გაეტაცა ოპერატორი, რომელიც მხოლოდ რედაქციის დავალებას ასრულებს და არავითარ დამოუკიდებელ გამოძიებას არ აწარმოებს. რა ასეთი საიდუმლოებები იცოდა დიმიტრიმ ბელორუსი პოლიტიკოსების, რომელიც შეიძლებოდა, რომ მისი გაუჩინარების მიზეზი გამხდარიყო?..
დღეისათვის ბელორუს ოპოზიციონერთა რიგებში, პრაქტიკულად, არ დარჩენილა არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც გისოსებს მიღმა არ მოხვედრილ?. "დღევანდელი ოპოზიციის ცხოვრება, განსაკუთრებით იმათი, ვინც სათავეშია და თავი დიდ დემოკრატებად მოაქვთ, ხანგრძლივი არ არის. მათ მხოლოდ რამდენიმე წელი, ან სულაც თვე დარჩათ, შემდეგ კი გაქრებიან ჩვენი მეხსიე?ებიდან", - ესეც ლუკაშენკოს ერთ-ერთი საჯარო გამოსვლიდანაა.
ალექსანდრე კ?ზულინს ბელორუსის მთავარ პოლიტპატიმარს უწოდებენ. აკადემიკოსი, ბელორუსის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტობის კანდიდატი – ეს კ?ზულინის რეგალიებია. პრეზიდენტი ის ვერ გახდა, თუმცა ვადა მართლაც საპრეზიდენტო მიიღო – ხუთწელიწადნახევარი ის არეულობის მოწყობის ბრალდებით ციხეში ჩასვეს. ორწელიწადნახევრის გასვლის შემდეგ, გერმანიის ელჩის ჩარევით, ლუკაშენკო იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა კ?ზულინი, თუმცა სანაცვლოდ მან გერმანული ინვესტიცია და ევროკავშირისგან კრედიტი მოითხოვა.

რუსეთთან გაჩაღებული მრავალწლიანი რომანის პერიპეტიები და ევროპასთან დაწყებული ფლირტი

ლუკაშენკოს ხშირად უყვარდა ერთი ფრაზის გამეორება: "ბელორუსი ყოველთვის იქნება რუსეთის მოქალაქეების საიმედო და ნაცადი მხარდამჭერი". სწორედ რუსეთთან თანამშრომლობა მატებდა მას საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტ?კურ წონას და სტაბილურობას ქვეყნის შიგნით~. ასეთ მოკავშირეობას რუსეთი შემდეგნაირად პასუხობდა – 52 მილიარდი დოლარი 15 წლის განმავლობაში – ასეთია ექსპერტთა გათვლები. შედარებისთვის, ბელორუსის ბიუჯეტი 17 მილ?არდ დოლარამდეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ლუკაშენკო რუსეთთან უზადო ერთგულების შესახებ ლაპარაკობდა. "მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, რომ აქ რუსეთის მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული", - ამბობდა ლუკაშენკო.
დოტაციაზე მყოფი სახელმწიფო დაწესებულებები, კოლმეურნეობების სისტემა, გეგმური ეკონომიკა – საბჭოთა პერიოდის შემდეგ აქ ცოტა რამ თუ შეიცვალა. რუსული სუბსიდიები ბელორუსში ყოველწლიურად მილიონობით შედის. სწორედ ეს არის ბელორუსული ეკონომიკის "საოცრების" მიზეზი. ქვეყნის `ეკონომიკურ საოცრებას" და ეკონომიკურ სტაბილურობას ლუკაშენკო თავის პირად დამსახურებად მიიჩნევს. რუსეთის შესვლა ბელორუსის ეკონომიკაში, ეს ლუკაშენკოს მხრიდან აღიქმება, როგორც თავისთავადი, ბუნებრივი რამ და ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მხრიდან მიიღოს ბელორუსიდან გაზის საფასური, შეფასებულია, როგორც უფროსი ძმის აგრესია უმცროსის მიმართ.
ძალიან დიდ ხნის განმავლობაში რუსეთი ბელორუსიდან არ?ფერს მოითხოვდა. თუმცა ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა. ლუკაშენკომ, როგორც რუსეთის მოკავშირემ, გაამართლა რუსეთის მოქმედებები სამხრეთ ოსეთში და ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთა, - "ყველაფერი შესანიშნავად იყო გაკეთებული, ძალიან წყნარად, ბრძნულად და ლამაზად. ეს იყო მშვიდი, წყნარი რეაქცია, რომელმაც რეგიონში მშვიდობა დაამყარა. ვფიქრობ, დიდი ხნით". თუმცა, შემდგომში ლუკაშენკო მიხვდა, რომ ამ საკითხით შეიძლებოდა ევაჭრა და ფული ეშოვნა – რუსეთისგან თუ არა, ევროპისგან ნამდვილად.
2009 წლის მაისში ბელორუსი მიღებული იქნა ევროპულ პროგრამაში "აღმოსვლური პარტნიორობა". ივლისში ბელორუსმ? აუკრძალა თავის მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გასვლა – ამის გაკეთება მათ ამჟამად მხოლოდ საქართველოს გავლით შეუძლიათ. ლუკაშენკოს ახალი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი გაუჩნდა.
ევროპული ინვესტიციების მოლოდინში ლუკაშენკო ცდილობს, რომ სულ უფრო და უფრო მოაწონოს თავი ევროპას. თუმცა, მას ევროპა არასდროს მოსწონდა. შესაძლებელია, რომ მოაწონოს კიდეც, თუნდაც ეს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებად დაუჯდეს, ოღონდაც კი შეინარჩუნოს ხელისუფლება, რომლისკენაც ის ყოველთვის პათოლოგიურად მიისწაფვის. როგორც დსთ ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინე ზატულინი ამბობს, ევროპა რატომ?აც გაჩუმებულია იმ მოვლენების გამო, რომელზედაც, სულ ცოტა ხნის წინ, ლუკაშენკოს ყველა მაღალი ტრიბუნიდან უკიჟინებდა - გამქრალი ადამიანების, ოპოზიციონერების, ადამიანის დარღვეული უფლებების და სხვათა და სხვათა გამო.

ვერსიები გამქრალი ადამიანების შესახებ

უცნაურად გამქრალი ოპოზიციონერების საიდუმლოებებს ფარადა 2001 წლის ზაფხულში მინსკის @#1 სპეციალური ზონის ხელმძღვანელის, ოლეგ ალკაევის სენსაციური განცხადებების შემდეგ აეხადა. სპ?ციალურ ზონაში არის პისტოლეტი, რომ?ლიც განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. პისტოლეტი ყოველთვის ალკაევთან ინახებოდა. გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ალკაევი მას შსს მინისტრის, სივაკოვის ბრძანებით, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფის ხელმძღვანელზე, დიმიტრი პავლიჩენკოზე გასცემდა. როგორც ალკაევი ამბობს, პისტოლეტის გაცემის თარიღი ემთხვევა გამქრალი ოპოზიციონერების - ზახარენკოს, გონჩარის, კრასოვსკის გაუჩინარების თარიღებს. ალკაევი კიდევ ერთ ფაქტზე მიუთითებს: ყველა ამ საქმეში ფიგურირებს წითელი ფერის ავტომობილი "ბმვ". ასეთი ავტომობილი კი სწორედ პავლიჩენკოს ჰყავდა, რომელიც იშვიათობა იყო ქალაქში და პავლიჩენკო ამაყობდა "ბმვ"-ს ამ მოდელითა და ფერით. ყველა ეს ინფორმაცია ალკაევმა პროკურატურას გადასცა. მალე პავლიჩენკო დააკავეს. გენერალური პროკურორი ოლეგ ბაჟელკო და КГБ-ს ხელმძღვანელი ვლადიმირ მაცკევიჩი პრეზიდენტს შეხვდნენ, რათა მიეღოთ უფლება, რომ დაეკავებინათ უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი შეიმანი და ყოფილი შსს-ს მინისტრი სივაკოვი, როგორც მკვლელობებსა და გატაცებებში ეჭვმიტანილები. ლუკაშენკოს საქციელმა სახტად დატოვა ისინი – პრეზიდენტმა ბაჟელკო და მაცკევიჩი თანამდებობებიდან გაათავისუფლა, პავლიჩენკო გამოუშვა და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ვიქტორ შეიმანი გენერალურ პროკურორად დანიშნა.
მალევე ორი გამომძიებელი, რომლებიც ამ მკვლელობებს იძიებდნენ, ერთი პროკუტრატურიდან და მეორე КГБ-დან, აგრეთვე, მოწმე - ოფიცერი მინსკის ომონიდან, მოულოდნელად, გულის უკმარისობის დიაგნოზით გარდაიცვალნენ. პროკურატურის ორი სხვა გამომძიებელი კი, დიმიტრი პეტრუშკევიჩი და ოლეგ სლუჩიკი, სა?ღვარგარეთ წავიდნენ, საიდანაც გამოგზავნეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ყვებიან იმ დაჯგუფების შესახებ, რომლებიც ამ მკვლელობებს უკვეთავდა და ახორციელებდა, - "1996 წლის რეფერენდუმის შემდეგ შეიმანს და სივაკოვს დაევალათ, რომ შეექმნათ დაჯგუფება, რომელიც შეძლებდა ყოველგვარი ბრძანების შესრულებას. სივაკოვი დაუკავშირდა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პავლიჩენკოს, რომელიც სწრაფი რე?გირების დანაყოფს ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფს დაევალა დაემუშავებინა ადამიანთა გატაცების, მკვლელობისა და გვამების გაქრობის სქემა". როგორც ამ საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ამ ჯგუფში გამოყენებული იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები.
ყოველწლიურად დაკარგული ადამიანების ცოლები, შვილები და ახლობ?ები მშვიდობიან პიკეტირებას აწყობენ, ხელისუფლების რეაქცია მათ მიმართ ყოველთვის ერთი და იგივეა - უხეშად უსწორდება და არბევს.

ხელი ხელს ჰბანს – ემანუელ ზელცერი, ბერეზოვსკი და ლუკაშენკო

2 წლის წინ მინსკის აეროპორტში დააკავეს ამერიკელი ადვოკატი ემანუილ ზელცერი. თავდაპირველად მას ბრალდებად ნარკოტიკების შენახვა წაუყენეს, ზელცერს დაავიწყდა დეკლარაციაში წამლის შეტანა, შემდეგ ყალბ დოკუმენტაციას ედავებოდნენ, შემდეგ კომერციულ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. მას სამი წელი მიუსაჯეს. ამ ისტორიაში ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ზელცერი განსვენებული მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავის ინტერესებს წარმოადგენდა, რომელსაც ბელორუსში საკუთრება გააჩნდა. ცნობილია, რომ პატარკაციშვილის ქონების ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდა ბორის ბერეზოვსკიც. გისოსებს მიღმა აღმოჩენის შემდეგ ზელცერმა განაცხადა, რომ ის ლუკაშენკომ დააპატიმრა ბერეზოვსკის თხოვნით, რომელთანაც მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს. ბერეზოვსკი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის იმყოფებოდა ბელორუსში და შეხვდა ლუკაშენკოს, მეტიც, ესწრებოდა ზელცერის სასამართლო პროცესს. ცნობილია ისიც, რომ ბერეზოვსკიზე ძებნაა გამოცხადებული. ამიტომ, ლუკაშენკო ვალდებული იყო, რომ ის რუსეთის სამართალდამცველი ორგანოებისთვის გადაეცა, თუმცა მან ეს, რატომღაც, არ გააკეთა. ბერეზოვსკიმ ლუკაშენკოს დახმარებით თავისი პრობლემა მოაგვარა, ლუკაშენკომ კი თავისი. ლუკაშენკომ ზელცერის შეწყალებას ხელი ამერიკაში კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ მოაწერა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ტყვეებით ვაჭრობას, ბიზნესს, რომელიც კარგადაა ცნობილი ბერეზოვსკისთვის.
ახლა, როცა ლუკაშენკო 2011 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ასე მიისწრაფვის ევროპისკენ, გამქრალი ოპოზიციონერების და სხვა საკითხების შესახებ მას მოუწევს პასუხის გაცემა და შესაძლებელია, მან ისეთი პასუხი მოძებნოს, რომელიც მას აწყობს. არ არის გამორიცხული, რომ მორიგი არჩევნების წინ დამნაშავეებს უბრალოდ დანიშნავენ.
ასეთია რუსული მედიის და სპეცსამსახურების მიერ დახატული ბელორუსის პრეზიდენტის პოლიტიკური პორტრეტი. ჩვენთვის ლუკაშენკო აქტუალური მხოლოდ მაშინ გახდა, როცა ის, სხვადასხვა ინფორმაციით, აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას აპირებდა. დღეს ლუკაშეკო საინტერესოა იმდენად, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტი მასთან ალიანსს კრავს რუსეთის წინააღმდეგ.
ყველა შემთხვევაში ქართული საზოგადოება უნდა იცნობდეს ლუკაშენკოს რეჟიმის როგორც რუსულ, ისე ბელორუსულ და საერთოდაც, რეალურ სახეს. თუმცა ბელორუსი თავად არ ჩქარობს რუსულ ფილმებზე პასუხის გაცემას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის გამართლებას.

მოამზადა ციცო კაიკაციშვილმა