DataLife Engine > საზოგადოება > რეგულაციის გარეშე დარჩენილი ბიზნესი და დაუცველი მომხმარებელი
რეგულაციის გარეშე დარჩენილი ბიზნესი და დაუცველი მომხმარებელი31 ივლისი 2010. : merabi |
|
"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" მთავრობას სიგარეტის ბიზნესის ლობირებაში ამხელს
საქართველოში სიგარეტის ბიზნესი, მათი ლობირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კიდევ ერთხელ ხდება მსჯელობის საგანი. "თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რომელიც ანტინიკოტინური კლინიკის კვლევას ეყრდნობა, ქართულ ბაზარზე, რეალიზაციაში მყოფი თამბაქოს ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობა, თამბაქოს კომპანიების მიერ გაჯერებულია დანამატებით, რომელთა წვის შედეგად ძლიერდება ნიკოტინური ალკალოიდებისა და განსაკუთრებით, ანაბაზინისა და ანატაბინის კონცენტრაცია, რომლის მიზანია თამბაქოს ნაწარმის მიმართ მწეველთა დამოკიდებულების ინტენსივობის ზრდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, საქართველოში რეალიზებული თამბაქოს ნაწარმი გაბინძურებულია და განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაციით შეიცავს კანცეროგენურ ნივთიერებებს, მათ შორის, პოლონიუმ 210, ტყვია 210 და ბისმუტი 210. მისივე მონაცემით, საქართველოში მოღვაწე თამბაქოს კომპანიები არ ერიდებიან თურქეთის ნაგავსაყრელზე გროშებად შეძენილი თამბაქოს ფოთლის საწარმოო ნარჩენების შესყიდვას და ამ გზით წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების საგრძნობ შემცირებას. გიორგი ბახტურიძის აზრით, თურქეთში ნედლეულის თვითღირებულება ძალიან დაბალია, მისგან საქართველოში მიღებული მოგება კი დიდი, ხოლო საბოლოო ჯამში, დაზარალებული რჩება მომხმარებელი. რეგულაციის გარეშე დარჩენილი ბიზნესი მოსახლეობის ჯანმრთელობას პირდაპირ აყენებს დარტყმას. "თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში~ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოდგომიდან ქართველ და უცხოელ უფლებადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ქართულ ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კვლევა და მონიტორინგის განხორციელება დაიწყება. ორგანიზაციის ცნობით, ამის შესაძლებლობას დღემდე ქართული ლაბორატორიები მოკლებულია, ხოლო ბაზრის კვლევა თამბაქოს ხარისხის ერთგვარი ტესტირება იქნება. ორგანიზაციის ინიციატივით, უახლოეს ხანში ოფიციალურად მიემართება საქართველოს ხელისუფლებას, რათა დაუყონებლივ მოხდეს შემდეგი გადამჭრელი ზომების მიღება: შემოღებულ იქნას ნებართვა თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციაზე, სავალდებულო გახდეს თამბაქოს ნაწარმის სერტიფიცირება; ჯანდაცვის სამინისტრომ სავალდებულო წესით გამოითხოვოს თამბაქოს ინდუსტრიიდან ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის შემცველობისა და ქიმიური დანამატების, ასევე გარემოში გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ; თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისროს პასუხისმგებლობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის განზრახ დაზიანებისთვის, რაც გამოიხატება კანცეროგენული და ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური დანამატების დამატებაში და დაეკისროს კომპენსაცია, რომელიც მოხმარდება შესაბამის ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამების განხორციელებას. გიორგი ბახტურიძის თქმით, უნდა დაზუსტდეს, თუ რომელი სამთავრობო უწყება აიღებს პასუხისმგებლობას ქართულ ბაზარზე თამბაქოს ხარისხის კონტროლზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ასეთი ორგანოდ, გიორგი ბახტურიძეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიაჩნია. "თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში" ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქვეყანაში რეგულაციის გარეშეა დატოვებული მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტის თამბაქოს ნაწარმის, როგორც წარმოების, ასევე მზა პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის და მასში არსებული ქიმიური ნივთიერებებისა და დანამატების შემცველობის კონტროლი. "თამბაქოს ინდუსტრიას მძლავრი ლობისტები ჰყავს მთავრობაში, რომელთა საშუალებითაც მოხდა ყველა რეგულაციის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება, რასაც შედეგად მოჰყვება ჩვენი მოსახლეობის სიკვდილიანობისა და დაავადებების მაჩვენებლის ზრდა. ირღვევა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის მე-6 მუხლისა და "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის მე-3 მუხლი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-9, მე-10 და მე-15 მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, მომხმარებელი არაა ინფორმირებული და არ მიუწვდება ხელი, როგორც თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაზე, ასევე მასში დამატებულ ქიმიურ და გარემოში გამოფრქვეულ ნივთიერებებზე, რაც საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს. მაგალითად, ასეთი ინფორმაციის გამოთხოვაზე და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე, თბილისის საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი უარი უთხრა შპს "ოჯთ"-ის მიმართ ერთ-ერთ მოსარჩელე გიული ჩხაიძეს. ამდენად, დღეს სიგარეტის ბიზნესის თვითრეგულაცია იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა მწარმოებელ კომპანიებს ლობირებს. დღემდე არც ერთ უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას ინფორმაცია არ გაუცია თამბაქოს მწარმოებელი ორგანიზაციების საქმიანობაზე – როგორ ამზადებენ სიგარეტს. თუკი ჩვენ დავიწყებთ აქტიურ პროცესს, ამით, შესაძლებელია, ფარდა აეხადოს თამბაქოს მწარმოებელთა კრიმინალურ საქმიანობას. ფაქტია, რომ თავად სახელმწიფო უწყობს ხელს თურქეთიდან უვარგისი ნედლეულის შემოდინებას", – აცხადებს გიორგი ბახტურიძე. საქართველოში ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დაბინძურებული თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად, ეს მაჩვენებელი 80-120 ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას და ქვეყანაში ონკოლოგიური პათოლოგიების ინტენსივობის ზრდის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. არჩილ კაიკაციშვილი |