DataLife Engine > საზოგადოება > ინტევიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან
ინტევიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან31 ივლისი 2010. : merabi |
|
"ადვოკატები მივაღწევთ და გავხდებით სასამართლოში ბრალდების თანაბარუფლებიანი მხარე"
- ბატონო ზაზა, რა იყო საქართველოში გერმანელი ადვოკატების ჩამოსვლის მიზეზი და როგორ შეაფასებდით ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას - სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს და პრეზიდენტის განცხადებებს პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის წარმატებულობასთან დაკავშირებით? - თბილისში გერმანელმა და ქართველმა ადვოკატებმა მრგვალი მაგიდა ჩვენს პროფესიაში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით გავმართეთ. საქართველოში ჩამობრძანდნენ გერმანიის ფედერალურ ადვოკატთა პალატის დირექტორი ვოლფგანაგ აიხელე, პალატის ყოფილი თავმჯდომარე ბერჰარდ დომბეკი და ბრიტტა შვარცი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ხელმძღვანელი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში ადვოკატთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და პრობლემებზე. ვისაუბრეთ იმ სოციოლოგიურ კვლევაზეც, რომელიც ჩვენი გერმანელი კოლეგების ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა. საუბარია "იუსაიდის" დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოების 53% ენდობა ქვეყნის სასამართლო სისტემას. ასეთი სიყალბე ხდება იმიტომ, რომ მსგავსმა ორგანიზაციებმა შემდეგში გაათეთრონ საამისოდ გამოყოფილი ფინანსური დანახარჯები, რომელიც თითქოსდა ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პროცესს. ბევრმა არ იცის, რომ იმავე საკითხთან დაკავშირებით "ადვოკატთა ასოციაციას" უკვე დაწყებული აქვს ქვეყნის მასშტაბით ადვოკატების გამოკითხვა. ჩვენ უკვე გვაქვს თბილისსა და ქუთაისში მყოფი ადვოკატთა კორპუსის შედეგი. დაახლოებით 195 ადვოკატი, რომელიც ასოციაციაში შემავალ ადვოკატების 5% წარმოადგენს, ერთხმად მიუთითებს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს, არის მიკერძოებული და განიცდის ხელისუფლების ზეწოლას. იმ გამოკითხვებისგან განსხვავებით, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, მე მოვითხოვე ადვოკატის იდენტიფიცირება, ვინაობის დადასტურება ბლანკზე, ტელეფონის ნომერი, ასევე, გაცემულ პასუხზე ხელწერილით დადასტურება, რადგანაც ყალბი გამოკითხვები, რითაც ეს ქვეყანა ბოლოს 7 წელი იმართება, უნდა დამთავრდეს. თუ შეუძლიათ ასეთი გამოკითხვა ჩემთან ერთად ჩაატარონ, ყველა იდენტიფიცირებით, რათა დაინტერესებულ პირს შეეძლოს აზრის რესპოდენტთან გადამოწმება. მე წინააღმდეგი არ ვარ საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგრამ საქართველოში მათი წარმომადგენლები ძალიან ტენდენციურები არიან.. საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენთვის ერთადერთი ხსნაა, რომ ადვოკატთა კორპუსმა შეძლოს ქვეყნის გარეთ იმ პრობლემების გატანა, რაც ხდება ქვეყანაში, საქართველოში მათი წარმომადგენლები კი თბილ ურთიერთობაში არიან სახელმწიფო სტრუქტურებთან და ასრულებენ დაკვეთებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზღვარგარეთ, მათ ცენტრალურ ოფისებში, ქვემდგომების უნამუსობის შესახებ ხმა მივაწვდინო. გერმანელმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ ჩვენთან ადვოკატის გაჩხრეკვის უფლება არავის აქვსო. ჩვენთან, ციხეში გოგონა თუ შედის, ფიზიკურად ლამაზია, ბოდიში და, მკერდის თავზე ეხებიან და ეუბნებიან, აქ ნარკოტიკი ხომ არ გიდევთო. ეს "ზევიდან" თუ არ არის ნაბრძანები, ამას ვერავის გაბედავს. ასევე, ბოდიში და უკანალზე, როგორც კაცებს, ასევე ქალებს, ნარკოტიკის მოტივით, უსვამენ ხელს. მალე მგონი, ქალიშვილ გოგოებსაც სხვა რამესაც გაუსინჯავენ. ეს არის საშინელება და ტრაგედია, რომელიც წლების მანძილზე ხდება. სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე უნდა იჯდეს ციხეში. მას მინისტრობა მანეკენობა ჰგონია. ინტერვიუს დროს თავი პოდიუმზე ჰგონია და გულისხმობს, რომ ამით დამთავრდა თავისი პასუხისმგებლობა. - რა მიგაჩნიათ შექმნილ ვითარებაში გამოსავლად? საზოგადოება პოლიტიკურმა პროცესმა გადაღალა და იგი ინდიფერენტულია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ - ჩვენს ქვეყანაში, თუკი სამოქალაქო საზოგადოება არ შეიქმნა და მან არ გაუძღვა პროცესს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. როცა საზოგადოება ინერტულია იმის მიმართ, რომ პრეზიდენტმა ომი დაატეხა ქვეყანას თავს, უამრავი ადამიანი გაწირა, შევარდა ტელეკომპანიებში, დაანგრია ეკლესია და სხვა, მაშინ საზოგადოება აიტანს სააკაშვილზე უარეს დიქტატორსაც. ჩვენ ამ ეტაპზე ის კი არ უნდა ვეცადოთ, რომ სააკაშვილი შევცვალოთ, არამედ უნდა ვეცადოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დავაყენოთ ფეხზე, რადგანაც ამ სამოქალაქო საზოგადოებაში, ჩვენ მიხეილ სააკაშვილზე უარეს მივიღებთ. სამართლიანი სასამართლოსა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განმტკიცებისთვის ბრძოლაში, ბევრი მეგობარი მეუბნება, რომ უნდა მეშინოდეს ხელისუფლების. მორწმუნე ადამიანისთვის შიში მხოლოდ ერთი რამის მიმართ უნდა არსებობდეს, რომ ისეთი რამ არ გააკეთო, ქუჩაში შვილებს აფურთხებდნენ. სამოქალაქო საზოგადოებას თუკი ექნება მოთხოვნილება დემოკრატიული პროცესების მიმართ, სააკაშვილზე უარესი, რომ დააყენო პრეზიდენტად, ვერაფერს ვერ გააფუჭებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საბერძნეთის მსგავსი სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე, როცა ასხლეტილი ტყვიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო, შსს მინისტრი გაიქცა და მადლობელი დარჩა, რომ არ დაიჭირეს, ხოლო ჩვენთან, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვანო მერაბიშვილს პირადად ეხებოდა პასუხისმგებლობა. რომელიმე საღი სამოქალაქო საზოგადოება ასეთ რამეს აპატიებდა თავის ხელისუფლებას? ადვოკატებმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო. თუ ჩვენ ეს შევძელით, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას საკმაოდ დიდ საფუძველს ჩავუყრით. - რატომ არ მიგიწვიეს საქართველოში მყოფი აშშ სახელმწიფო მდივანთან, ქ-ნ კლინტონთან შეხვედრაზე. ამბობენ, რომ "ადვოკატთა ასოციაციის" სახელით იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თეა ბურჯალიანი საუბრობდა - საფრანგეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ვთხოვე საქართველოში ამერიკის საელჩოს, მოეხერხებინა ქალბატონ კლინტონთან შეხვედრა და მივუთითე, რომ ვისაუბრებდი დაკავებული ადვოკატებისა და ადვოკატთა წამების ფაქტებზე. საელჩომ და ხელისუფლებამ ერთობლივი დათქმით უარი მითხრეს ამ შეხვედრაზე. ეს მეტ ძალას მმატებს, თურმე ამ ქვეყანაში ხელისუფლებისთვის მიუღებელია "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე და კორპუსიც სწორი კუთხით ვითარდება. მაქვს ინფორმაცია, რომ როცა ქალბატონი კლინტონი ადვოკატის პროფესიის შესახებ საუბრობდა, ქალბატონმა ბურჯალიანმა სიტყვა ითხოვა და "ადვოკატთა ასოციაციის" სახელით გამოვიდა. მე ველოდები აშშ საელჩოდან განმარტებას, თუ რატომ მეთქვა უარი შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ კლინტონთან შეხვედრა ჩაშალეს საელჩომ და მიხეილ სააკაშვილის ფრთამ. სხვა შემთხვევაში, საქართველოში მყოფი ჰილარი კლინტონი, რომელიც ყოფილი ადვოკატია, აუცილებლად შეხვდებოდა "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს. მე აუცილებლად მივწერ ქალბატონ კლინტონსაც და აშშ-ის პრეზიდენტ ობამასაც და ამით გამოვხატავ ჩემ პროტესტს იმაზე, რაც გააკეთა საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ამერიკის ელჩი არ უნდა იყოს სააკაშვილის ნება-სურვილის გამტარებელი. ელჩი უნდა იყოს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების პატივისმცემელი, როგორიცაა ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია. - მიუხედავად თქვენი კრიტიკისა, ხელისუფლება მოცემულ ვითარებაში, თავს კომფორტულად გრძნობს და მეტი დემოკრატიისათვის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც გვთავაზობს - დღეს სააკაშვილი აკეთებს მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შეიძლება ანტიდემოკრატიული რეჟიმის შენარჩუნებისათვის. არ შეიძლება პიარ-აქციებით იმართებოდეს ქვეყანა და ასევე, რასაც მისი მაკრიტიკებლები აკეთებენ, არ შეიძლება პიარ-აქციებით უპასუხო. უნდა დაიდოს რეალური ფაქტები, რა დანაშაულიც ჩაიდინა ამ რეჟიმმა. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მიიტაცა და იგი არ არის საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი. დღევანდელი ვითარება მაგონებს კალიგულას რეჟიმს რომის იმპერიაში. პატარა ბავშვივით იყო კალიგულა. უნდოდა, მთვარე ჰქონოდა და ბოლოს გაგიჟდა. მაგონდება ნერონი, რომელსაც ყველაფერი, რომ ჰქონდა, რომის დაწვის ბრძანება გასცა, ლექსი უნდა დავწეროო. მახსენდება ეკატერინეს რუსეთი, სადაც წოდებრივ-წარმომადგენლობითი მართლმსაჯულება იყო და თუ ბატონს მოკლავდი, 80-ჯერ მეტი ჯარიმა იყო, ვიდრე გლეხი. მაგრამ არც ერთ დიქტატორს არ შერჩენია ის, რაც გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილს მიცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგანაც პრეზიდენტის ციხეში ჩაგდებას შეიძლება ის ხალხი შეეწინააღმდეგოს, ვინც ეს ავადსახსენებელი "ვარდების რევოლუცია" დააფინანსა, მაგრამ თავის ქვეშევრდომებს არავის მისცემს იმის უფლებას, რომ საქართველოდან გაიქცნენ. როცა გიგი უგულავას "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე უჩივის და მასზე მთავარი პროკურატურა არ რეაგირებს, ეს მათი პრობლემაა და კლასიკური დანაშაულის დაფარვა. მოვა დრო, რომ ეს ადამიანები შემდეგ დაიწყებს ნიანგის ცრემლების ღვრას. ჰგონიათ, რომ სააკაშვილის რეჟიმს ყველაფერს რომ "უპრავებენ", შერჩებათ. სააკაშვილის რეჟიმი უკანონო სასამართლოზე დგას. ამიტომ, ვიდრე სისტემა არ დაინგრევა, არ დასრულდება კოტე კუბლაშვილის დედლაინური სასამართლო, ქვეყანას ვერც ახალი კონსტიტუცია უშველის, რომელიც მმართველმა გუნდმა დაწერა და პრემიერის ინსტიტუტის გაძლიერებით, დიქტატორ სააკაშვილს პოზიციებს უმყარებენ. - ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ახალ სისხლის სამართლის კოდექსაც გვთავაზობს. კოდექსი შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს. როგორია თქვენი შეფასება? - ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იმაზე უარესია, ვიდრე მოქმედი. მას ადვოკატი ვერ გამოიყენებს და მთელი აგრესია ადვოკატთა კორპუსზე გადავა. ახალი კოდექსი ადვოკატის დასჯის ინსტიტუტია. შეუძლიათ, ვთქვათ, ადვოკატი, 50-დან 5000 ლარამდე დააჯარიმონ. 5000 ლარი ადვოკატს შემოსავლის სახით, წელიწადში არ გააჩნია. ჩვენი ბრძოლის ახალი ეტაპია, როგორმე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან მიმართებაში ჩამოვყალიბდეთ. ყველაზე უბედურება ის არის, რომ კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო სექტორმა და მასში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს "ადვოკატთა ასოციაციას". ახალი კოდექსით, ადვოკატს უფლება არ აქვს მოსამართლეს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის, ამოღებისა და ფარული მიყურადების თაობაზე. არის მუხლი, რომელიც ზღუდავს სასამართლო დამოუკიდებლობას, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. იგნორირებულია საერთოდ დაზარალებულის ინსტიტუტი. დაზარალებულს შეუძლია საქმე გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან და ის ვეღარ ასაჩივრებს სასამართლოში. ამიტომაც, ასოციაციაში იურიდიული სკოლის 15 კორიფე სწორედ ახალ კოდექსთან დაკავშირებული შენიშვნების პროექტზე მუშაობს, რომელსაც მალე წარმოვადგენთ. ჩემი თავმჯდომარეობის დროს, მოხდება ყველა იმ დანაშაულზე რეაგირება, რომელიც ჩაიდინეს ხელისუფლებაში. გიგი უგულავას მიმართ არჩევნების დროს მოვითხოვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. თბილისის მერმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. მაქვს მტკიცებულება, რომ "ადვოკატთა ასოციაციაში" გაწევრიანება მთხოვა ადამიანმა, რომელმაც ცნობა მომიტანა, რომ მუშაობს "თბილისელის ადვოკატში" და იღებდა ხელფასს. კანონი "ადვოკატთა შესახებ" გვეუბნება, რომ მხოლოდ აღმასრულებელ საბჭოს აქვს უფლება გააწევრიანოს ადვოკატი. უგულავამ შეითავსა აღმასრულებელი საბჭოს ფუნქცია. ეს არის კლასიკურად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ეს საჩივარი დევს მთავარ პროკურატურაში და როდესაც ეს რეჟიმი წავა, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა, თუკი მას ასევე სხვა დანაშაულებები არ დაუმტკიცდა. მხოლოდ სამი ადამიანის - ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო ზარია საჭირო, რომ სასამართლო სისტემა ზეწოლისგან გათავისუფლდეს და აუცილებლად, საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ევროკონვენციის მე-6 მუხლით, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს. - რა მდგომარეობაა ადვოკატთა უფლებების დაცვის კუთხით თქვენი ასოციაციაში ხელმძღვანელად მოსვლის შემდგომ? - რაც თავმჯდომარე გავხდი, ადვოკატების დაპატიმრებები შემცირდა. უბრალოდ, ადვოკატებს იჭერდნენ და ასოციაციას ამაზე არ ჰქონდა პოზიცია. მე დავიწყე ბრძოლა იმ ადვოკატთა უფლებებისათვის, რომლებიც დაკავებულები არიან ასოციაციაში ჩემი ხელმძღვანელად მოსვლამდე. თუკი ადვოკატი დანაშაულს ჩაიდენს, თავისთავად, მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ადვოკატებს შევთავაზეთ კლიენტებთან ურთიერთობის სახელშეკრულებო ფორმა და მოვუწოდეთ, რომ თუკი ამ ხელშეკრულების საფუძველზე არ იქნება მოწესრიგებული კლიენტთან ურთიერთობა, ჩავთვლით, რომ ადვოკატი თაღლითია. თუკი ჩემი "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელობისას რომელიმე ადვოკატს დააკავებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო, ყველას ვპირდები, რომ მთელ ადვოკატთა კორპუსს გამოვიყვან ქუჩაში. თუკი თითოეული დაკავებული ადვოკატის მიმართ არ ჩატარდება ეფექტური გამოძიება, ევროსასამართლოში საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ შევიტან სარჩელს და მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტანციაში, სადაც ძალიან კარგად მიცნობენ, "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის სტატუსით ჯერ სარჩელი არ გამიგზავნია, აი, ახლა კი გავაგზავნი. - თქვენ წინააღმდეგი ხართ იმიტაციების. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. უკვე ფუნქციონირებს პროექტი "სახალხო სასამართლო". ფიქრობთ, რომ ეს რეალური სასამართლოს იდეას აზიანებს? - სახალხო სასამართლო უნიკალური მოვლენაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. აქ გადაწყვეტილება გამოაქვს ყველაზე ცნობილ იურისტს, მინდია უგრეხელიძეს, რომელიც ევროსასამართლოში აღიარებულია, არამარტო როგორც მოსამართლემ, არამედ როგორც ექსპერტი. ამ ადამიანის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია. სასამართლო საქმეს იხილავს ისე, როგორც განიხილება ევროსასამართლოში და სასწაულია, როდესაც საქართველოში საქმისწარმოება ხდება ევროსასამართლოს დონეზე. ეს არის ჩვენება მსოფლიოში იმისა, რომ ქართველ ხალხს მოენატრა სამართლიანი გადაწყვეტილებები. ამით პასუხიც გაეცა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნასაც, თუ რა პროცენტიც არსებობს ქვეყანაში სასამართლოსადმი ნდობა. სახალხო სასამართლო ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი აზროვნების მქონე სამოქალაქო საზოგადოება. - "ბანკები და ფინანსების" გასულ ნომერში საუბარი იყო თქვენს გადაწყვეტილებაზე "ადვოკატთა ასოციაციაში" საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ თქვენი გადაწყვეტილება "ადვოკატთა ასოციაციის" ერთიანობისთვის საფრთხის შემცვლელი იყო, ხოლო განაწყენებულ ადვოკატებს ხელისუფლება გამოიყენებდა. თქვენ რას ფიქრობთ? - წერილში ძალიან კრიტიკული თვალით იყო დანახული "ადვოკატთა ასოციაციაში" მიმდინარე პროცესები და ძალიან ჯანსაღად შეფასებული ის საფრთხეები, რაც შეიძლება ხელისუფლებისგან დაემუქროს "ადვოკატთა ასოციაციას". წერილი იყო ჩემი გადაწყვეტილების სწორი ანალიზი. ნამდვილად, მე არ მაქვს უფლება რაიმე პოპულისტური ნაბიჯი გადავდგა და საფრთხის წინაშე დავაყენო "ადვოკატთა ასოციაცია". საწევრო გადაცილებული ადვოკატების მიმართ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონი პირდაპირ მავალდებულებდა, მაგრამ ასევე კანონის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე, რომ საწევროს გადახდის ვადები გახანგრძლივებულიყო. 3 აგვისტოსთვის ყველანაირი ვადა ამოიწურება, რომელიც კანონით არის ნებადართული. ჩვენთან სტუმრად მყოფ გერმანელ ადვოკატებს ვკითხე, როგორ მოიქცეოდნენ ასეთ დროს და მათ მიპასუხეს, რომ გარიცხვა რა საჭიროა, დამეყადაღებინა დავალიანების მქონე ადვოკატთა ქონება, მაგრამ ეს გერმანულ პრაქტიკაშია. ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამის გამკეთებელი კაცი ვიყო. ჩვენ ადვოკატებს ვაცნობეთ, რომ 3 აგვისტომდე მოემართათ განცხადებებით თანხის გადავადებასთან დაკავშირებით. განცხადებების გატანა მოხდება ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოზე და მე მაქვს სოლიდარული პასუხისმგებლობის იმედი. საწევრო გადაცილებულ ადვოკატთა რიცხვში, მათ შორის ეკა ტყეშელაშვილი და მურთაზ ზოდელავაცაა, მაგრამ არიან ისეთი ადვოკატებიც, რომლებსაც ხელისუფლებამ მარტ-აპრილში დაავალა, რომ უნდა შეექმნათ ალტერნატიული ასოციაცია. მართალია, ჯერ-ჯერობით ფაქტის გახმაურების შემდეგ ხელისუფლება თავშეკავებულია, მაგრამ არ ვიცით, რა აქვს ჩაფიქრებული ასოციაციის წინააღმდეგ. ვაპირებ, რომ საკითხი საწევროებთან დაკავშირებით გავიტანო "ადვოკატთა ასოციაციის" საერთო კრებაზე, რომლის პრეროგატივაა ცვლილებები შეიტანოს წესდებაში. - გმადლობთ! ესაუბრა არჩილ კაიკაციშვილი |